რა უნდა ვიცოდეთ ფერიმჭამელების შესახებ

გააზიარე:

ფერიმჭამელები, შავი წერტილები, მოზარდ თუ ზრდასრულ ასაკში კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ესთეტიკურ დისკომფორტს ნამდვილად იწვევს და ხშირად კანის არასწორი მოვლის მიზეზადაც იქცევა.

რა აჩენს ფერიმჭამელებს და როგორ ვებრძოლოთ მათ? — ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში იპოვით.

რა არის და რატომ ჩნდება

ფერიმჭამელები, მედიცინის ენაზე — ღია კომედონები, აკნეს ერთ-ერთი მსუბუქი ფორმაა.

ჩვენს სხეულზე თმის უამრავი ფოლიკულია, რომლებიც კანის ზედაპირზე მცირე ხვრელებით — ფორებით იხსნება. თითოეულ ფორას უერთდება ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარი, რომლის მეშვეობითაც კანის ზედაპირზე სებუმი (კანის ცხიმი) გამოიყოფა. სებუმის მთავარი ფუნქცია კანის დატენიანება და გარემო ფაქტორებისგან დაცვაა. ფერიმჭამელების ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო პირობები მაშინ იქმნება, როდესაც ირღვევა ამ ბუნებრივი პროცესის ბალანსი.

ფერიმჭამელების წარმოქმნა რამდენიმე ეტაპად ხდება:

* ჭარბი ცხიმის გამოყოფა — სხვადასხვა ფაქტორის გავლენით ცხიმოვანი ჯირკვლები იმაზე მეტ სებუმს გამოიმუშავებს, ვიდრე კანს სჭირდება.

* ფორების დახშობა — პარალელურად კანის ზედაპირზე გროვდება მკვდარი უჯრედები, რომლებიც დროულად არ ჩამოიფცქვნება. ისინი სებუმს ერევიან და ფორაში ერთგვარ საცობს წარმოქმნიან.

* ჰაერთან კონტაქტი — როცა ფორები დახურულია, ყალიბდება დახურული კომედონები (თეთრი წერტილები ან კანქვეშა გამონაყარი); როცა ღიაა, მათში არსებული მასა კონტაქტში შედის ჰაერთან, იჟანგება და მუქდება.

რა იწვევს ფერიმჭამელების გამრავლებას

ფერიმჭამელების გამრავლებას ის შინაგანი და გარეგანი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობის მატებას, ფორების დახშობას ან ორივეს ერთად.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰორმონული ცვლილებებია. ანდროგენები ჰორმონებია, რომლებიც როგორც მამაკაცის, ისე ქალის ორგანიზმში გამომუშავდება, ასტიმულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს და ზრდის სებუმის გამომუშავებას. შავი წერტილები ხშირად ჩნდება პუბერტატის პერიოდში, როდესაც ანდროგენების დონე იმატებს. მატება შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონთა წარმოქმნის მექანიზმის ცვლილებებმა მენსტრუალური ციკლის განსაზღვრულ ფაზაში, ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში, ხოლო ჰორმონულ დისბალანსთან დაკავშირებული ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეების სინდრომი (Polyendocrine Metabolic Ovarian Syndrome (PMOS)), — იგივე პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PჩOშ), — აკნესა და კომედონების წარმოქმნის ტენდენცია შესაძლოა უფრო აშკარა იყოს.

ცხიმიანი და შერეული კანისთვის დამახასიათებელია ცხიმოვანი ჯირკვლების მაღალი ბუნებრივი აქტივობა. შედეგად სებუმი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც ფორების დახშობისა და ფერიმჭამელების წარმოქმნის რისკსაც ზრდის. ცხიმოვანი ჯირკვლები განსაკუთრებით აქტიურია T-ზონაში — შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ამიტომ აქ ყველაზე ხშირად ჩნდება შავი წერტილები.

ფორების დახშობას არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებებიც იწვევს. განსაკუთრებით მკვრივი ან ზეთოვანი ტექსტურის მქონე პროდუქტებმა შესაძლოა ფოლიკულებში ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებას შეუწყოს ხელი და კომედონების წარმოქმნის ალბათობა გაზარდოს.

მდგომარეობა შესაძლოა არასწორმა მოვლამაც გააუარესოს. მაგალითად, ხშირი ბანა, უხეში სკრაბი და სპირტის შემცველი პროდუქტები აზიანებს კანის დამცავ ბარიერს, რამაც შესაძლოა ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურება გამოიწვიოს.

ფერიმჭამელების გაჩენას მაღალი ტემპერატურა და ტენიანი გარემოც უწყობს ხელს. სიცხეში სხეული გაგრილებას ცდილობს, რაც ოფლისა და კანის ცხიმის გაძლიერებული გამოყოფით გამოიხატება. სიცხეში სებუმი უფრო თხევადი ხდება, ადვილად ვრცელდება კანის ზედაპირზე, ერევა ოფლსა და მტვერს და ფორებს ახშობს.

სტრესის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც ააქტიურებს ცხიმოვან ჯირკვლებს. შედეგად იმატებს ფერიმჭამელების წარმოქმნის რისკი.

კომედონების გაჩენის ალბათობას ზოგიერთი მედიკამენტიც ზრდის. მათ შორის — კორტიკოსტეროიდები (ხანგრძლივი გამოყენებისას) და ლითიუმის პრეპარატები.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. თუ ოჯახის სხვა წევრებს ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვთ, ფერიმჭამელების განვითარების ალბათობაც უფრო მაღალია.

კვებასა და ფერიმჭამელების წარმოქმნას შორის კავშირი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების, მაგალითად, შაქრის, თეთრი პურისა და ტკბილეულის ხშირი მიღება და რძის ზოგიერთი პროდუქტის მოხმარება ზოგიერთ ადამიანში ფერიმჭამელების წარმოქმნას, აკნეს განვითარებასა და გამწვავებას უწყობს ხელს, თუმცა ამ ფაქტორების გავლენა ინდივიდუალურია და ისინი ფერიმჭამელების წარმოქმნის დამოუკიდებელ და ძირითად მიზეზებად არ განიხილება.

როგორ მოვუაროთ

ერთჯერადი პროცედურით ფერიმჭამელების მოცილება შეუძლებელია. შედეგისთვის აუცილებელია რეგულარული მოვლა და სწორად შერჩეული საშუალებები, რომელთა მიზანია ცხიმის გამომუშავების კონტროლი, უჯრედების განახლების რეგულირება და კანის სწორი ჰიგიენა.

ამ მიზნის მისაღწევად თანამედროვე დერმატოლოგია კანის მოვლის 4 ნაბიჯისგან შემდეგარ რუტინას გვთავაზობს:

1. ორეტაპიანი ნაზი წმენდა

ყოველ დილა-საღამოს

სახის გაწმენდა დღეში ორჯერ — დილით და საღამოს — კანის მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია. შეარჩიეთ გამწმენდი საშუალება ალკოჰოლისა და არომატიზატორების გარეშე, რომელიც კანს ზედმეტად არ გამოაშრობს და არ გააღიზიანებს. საღამოობით, განსაკუთრებით — მაკიაჟის ან მზისგან დამცავი წყალგამძლე საშუალების გამოყენების შემდეგ, უმჯობესია ორეტაპიანი წმენდა: თავდაპირველად მაკიაჟი და ცხიმოვანი ნარჩენები მოიშორეთ ჰიდროფილური ზეთით ან მიცელოვანი წყლით, მერე კი პირი დაიბანეთ რბილი გამწმენდი გელით ან ქაფით.

2. ექსფოლიაცია სალიცილის მჟავათი (BHA)

კვირაში ორ-სამჯერ

ფერიმჭამელების შემცირებისა და ახალი კომედონების წარმოქმნის პრევენციისთვის ეფექტურია სალიცილის მჟავა (BHA) — ცხიმში ხსნადი ექსფოლიანტი, რომელიც ღრმად აღწევს ფორებში და ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმისა და მკვდარი უჯრედების მოცილებას. დასაწყისისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ 0.5%-დან 2%-მდე სალიცილის მჟავას შემცველი საშუალებები კანის მდგომარეობისა და პროდუქტის ინსტრუქციის გათვალისწინებით.

ფერიმჭამელების დროს ქიმიური ექსფოლიაცია უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე სკრაბით მექანიკური წმენდა. ეს უკანასკნელი ხეხავს კანს და შესაძლოა, უფრო მეტად გააღიზიანოს.

3.რეტინოიდები

მხოლოდ საღამოობით

რეტინოიდები არეგულირებს კანის უჯრედების განახლების პროცესს, ხელს უშლის ფორების დახშობას და ახალი ფერიმჭამელების წარმოქმნას. საღამოს მოვლის რუტინაში, საჭიროებისამებრ, შეიძლება ჩართოთ რეტინოლის, რეტინალის ან ადაპალენის შემცველი საშუალებები. თავდაპირველად ისინი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ, მერე კი, თუ კანმა კარგად აიტანა, გამოყენების სიხშირე თანდათან გაზარდეთ. რეტინოიდებმა თავდაპირველად შესაძლოა სიმშრალე, სიწითლე ან აქერცვლა გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა ნაზი დამატენიანებლის გამოყენებაც, დღის განმავლობაში კი აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

4.მსუბუქი დატენიანება

ყოველდღე

გავრცელებული წარმოდგენა, რომ ცხიმიანი კანი დატენიანებას არ ითხოვს, მცდარია. ცხიმიან კანსაც სჭირდება დატენიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამწმენდი ან აქტიური ინგრედიენტების შემცველი საშუალებები კანს აშრობს და აღიზიანებს. შეარჩიეთ მსუბუქი, არაკომედოგენური (Non-comedogenic) და გელისებრი ან ლოსიონის მსგავსი ტექსტურის დამატენიანებელი, რომელიც კანს კომფორტულად ატენიანებს და არ ტოვებს ზედმეტი ცხიმიანობის შეგრძნებას.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ რეგულარული მოვლის პირობებში ფერიმჭამელების რაოდენობამ 6-10 კვირაში არ იკლო ან მდგომარეობა უფრო მეტად გამწვავდა, მაგალითად, დაერთო ანთებითი აკნე, სასურველია დერმატოლოგის კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სახის პროფესიული წმენდა ან გამოგიწეროთ შესაბამისი სამკურნალო საშუალებები კანის მდგომარეობისა და პრობლემის სიმძიმის მიხედვით.

მითები და რეალობა

მითი: ფერიმჭამელები არასათანადო ჰიგიენის შედეგია.

სინამდვილეში: შავი ფერი ჭუჭყი არ არის. კომედონი ფოლიკულში ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად წარმოიქმნება, ხოლო მისი მუქი ფერი, როგორც უკვე ვთქვით, ჟანგვის პროცესებთან არის დაკავშირებული.

მითი: მზე შავ წერტილებს ამცირებს.

სინამდვილეში: მზის სხივები ფერიმჭამელებს არ კურნავს. მზეზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა, პირიქით, კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მითი: რაც უფრო ძლიერად გავიხეხავთ კანს, მით უკეთესი იქნება შედეგი.

სინამდვილეში: კანის აგრესიული ხეხვა ფერიმჭამელებს ვერ გააქრობს. პირიქით, ხშირმა და უხეშმა მექანიკურმა ზემოქმედებამ შესაძლოა კანი გააღიზიანოს, გამოაშროს და დააზიანოს მისი დამცავი ბარიერი.

მითი: ფორების მთლიანად დახურვა შესაძლებელია.

სინამდვილეში: ფორები კანის ბუნებრივი სტრუქტურის ნაწილია, ამიტომ მათი მთლიანად დახურვა შეუძლებელია, სწორი მოვლა კი ხელს უწყობს მათ დავიწროებას და ამცირებს დახშობის რისკს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: