თვალების მოდელირება
გააზიარე:
გაკვეთილი 3
თვალების სწორი მოდელირება მაკიაჟის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მათი მიმზიდველი შტრიხები რომ არ დავკარგოთ – პირიქით, წარმოვაჩინოთ, გარკვეული წესების ცოდნაა საჭირო.
როგორ გამოვკვეთოთ თვალის კონტური, გავაფართოოთ ან დავავიწროოთ ჭრილი, ხაზი გავუსვათ ფერს, კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი, ვიზაჟის პედაგოგი და ტრენერი მარინა საფრონოვა გვასწავლის.
რა გვჭირდება
თვალის პროფესიული მოდელირებისთვის უნდა მოიმარაგოთ:
* ჩრდილების წასასმელი ფუნჯი – ბრტყელი, უმჯობესია, პატარა, ნეკისოდენა;
* ჩრდილების გადასაყვანი ფუნჯი – ფუმფულა, მომრგვალებული თავით, ესეც მცირე ზომისა;
* თვალის ჩრდილების პალიტრა სასურველი ფერებით;
* ლაინერი ან ფანქარი;
* ტუში;
* წარბის ფანქარი, პუდრი ან კრემი;
* წარბის ფიქსატორი.
თვალების ფორმა და განლაგება
უპირველეს ყოვლისა, ვაზუსტებთ თვალების განლაგებას და ფორმას.
თვალების დაშორება გუგებს შორის მანძილით განისაზღვრება. მამაკაცებისთვის ნორმად მიიჩნევა 65 მმ, ხოლო ქალებისთვის – 62. თუ დაშორება 55 მმ-მდეა, ესე იგი თვალები ახლო-ახლოს არის განლაგებული, თუ 75 მმ-მდე – შორიშორს.
უფრო მარტივი მეთოდია, დააკვირდეთ მანძილს თვალებს შორის. თუ შუალედში თავისუფლად "ჩაეტევა" ერთი თვალი, ესე იგი თვალები ნორმალურად არის განლაგებული. თუ დაშორება უფრო დიდია, ხოლო საფეთქლებზე თმის ძირებიდან თვალების გარეთა კუთხემდე ცოტა ადგილია, ესე იგი თვალები ერთმანეთისგან შორიშორს ზის და პირიქით.
იმის დასადგენად, როგორი თვალის ჭრილი გაქვთ, გაავლეთ წარმოსახვითი ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ორივე გუგას გადაკვეთს.
თვალი შესაძლოა იყოს:
* ნუშის ფორმის – ამ შემთხვევაში თვალის კუთხეები ჰორიზონტალურ ხაზზეა განლაგებული. სწორედ ეს ფორმა ითვლება იდეალურად და ყოველგვარ მაკიაჟს იხდენს. ამ ფორმის თვალები აქვთ, მაგალითად, მეგან ფოქსს, კეტრინ-ზეტა ჯონსს, ნაომი კემპბელს.
* აწეული – გარეთა კუთხე ჰორიზონტალური ხაზის ზემოთაა. ამის კარგი მაგალითია ანჯელინა ჯოლი.
* დახრილი – გარეთა კუთხე ჰორიზონტალური ხაზის ქვემოთაა. მაგალითად, ისე, როგორც აქვთ კეტი ჰოლმსს და მერილინ მონროს.
* მრგვალი – თვალის ჭრილი ფართოა და ირისი თითქმის მთლიანად ჩანს. ამ ფორმის თვალები აქვთ პენელოპა კრუზს და კეტი პერის.
* უძრავი ქუთუთოს ქვეშ ჩამალული – მოძრავი ქუთუთო თითქმის არ ჩანს. როცა თვალი გახელილია, მას მთლიანად უძრავი ქუთუთო ფარავს. ასეთი თვალები აქვთ კლაუდია შიფერს და ჯენიფერ ლოურენსს.
* ღრმად ჩამჯდარი – თუ შეგიძლიათ, საჩვენებელი თითი წარბსა და ლოყის ძვალზე ვერტიკალურად მიიდოთ და ამ მდგომარეობაში თვალის დახამხამება მოახერხოთ, ესე იგი ღრმად ჩამსხდარი თვალები გაქვთ, ისეთი, როგორიც, მაგალითად, კირა ნაითლის ან ტეილორ სვიფტს.
თუ სახის იდეალურ ფორმად ოვალი მიიჩნევა და კონტურირების მიზანიც მასთან მიახლოებაა, თვალების შემთხვევაში იდეალურად მიიჩნევენ სწორ ხაზზე განლაგებულ თვალებს და მოდელირების მიზანიც ისაა, ნებისმიერი ფორმის თვალები მათ დავამსგავსოთ.
მოდელირების ეტაპები
– თვალების მოდელირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- წარბების კორექცია;
- ჩრდილების დატანა;
- ლაინერით ან ფანქრით კონტურის გამოკვეთა;
- წამწამების დაფიქსირება.
მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
წარბები
– წარბები მხოლოდ თვალებს კი არ გამოკვეთს, არამედ მთელ სახეს ანიჭებს ჰარმონიულ სიმეტრიას, ამიტომ მაკიაჟის დაწყებამდე პინცეტით უნდა შეისწოროთ წარბები. ორიენტაცია სახის ფორმაზე აიღეთ. მაგალითად, მრგვალ სახეს ყველაზე მეტად უხდება წარბები ღრმა კუთხით, კუთხოვანს – მომრგვალებული რკალით, მოგრძოს – სწორი, გულის ფორმისას – მომრგვალებული, ოვალური კი თითქმის ყოველგვარი ფორმისას იხდენს. წარბების გარშემო კანიც კარგად გაასუფთავეთ ბუსუსებისგან.
მეჩხერი წარბების "შესავსებად" და ფორმის კორექტირებისთვის ფანქარი, პუდრი და პომადა დაგჭირდებათ, ხოლო ფიქსაციისთვის – ფიქსატორი.
რაც შეეხება შემავსებლის ფერს: თუ გარდამავალი შავი ფერის თმა გაქვთ, თბილი ტონები გამოიყენეთ – ისეთი, როგორიცაა "ესპრესო", "შოკოლადი" ან თბილი ყავისფერი; თუ მუქი ყავისფერი ან მუქი შავი – მაშინ ყავისფერი ნაცრისფერი ელფერით ან მუქი ნაცრისფერი. ღია ყავისფერ და ქერა თმას ბაცი ნაცრისფერი და ყავისფერი მოუხდება.
შევსება შუა წერტილიდან დაიწყეთ და ბოლოსკენ გაამუქეთ. წინა მხარეს წარბი უფრო ხშირია, ამიტომ შესაძლოა, ზედმეტად გაგიმუქდეთ და არაბუნებრივი შესახედაობა მიიღოს.
დროდადრო წარბი ნაზად აივარცხნეთ ზევით, რათა საღებავი კარგად განაწილდეს და კონტურები გაბაცდეს.
ბოლოს ფიქსატორი გადაისვით.
წარბები გავლენას ახდენს თვალების განლაგების აღქმაზეც. მაგალითად, თუ ისინი მეტისმეტად ახლოსაა ერთმანეთთან, თვალებიც უფრო ახლო-ახლოს განლაგებული გამოჩნდება, თუ შორს – პირიქით.
ჩრდილები
ჩრდილი გემოვნებისამებრ შეარჩიეთ. უმჯობესია, ის თვალის ან თმის ფერს, ტანსაცმელს ან აქსესუარს, მაგალითად, ყელსახვევს ან ჩანთას შეუხამოთ.
ახალგაზრდებს თამამად შეუძლიათ, მოსინჯონ არასტანდარტული ფერები, ერთმანეთს შეუხამონ მუქი და ბაცი, ბზინვარე და მქრქალი, თბილი და გრილი, ასაკოვანმა ქალებმა კი უნდა იცოდნენ, რომ მბზინავი და მოციმციმე ელემენტები უფრო მეტად გამოკვეთს ნაოჭებს, ხოლო მეტისმეტად მუქი ტონები ასაკს მატებს.
ისევე როგორც სახის კონტურირებისას, აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ ბაც ფერს ჩავარდნილი ადგილები სიღრმიდან ამოაქვს და უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს, ხოლო მუქი ფერი ნაკვთებს უკან სწევს და ნაკლებად თვალშისაცემს ხდის.
ვისვამთ ჩრდილებს
– ფუნჯმა თავისუფლად რომ ისრიალოს მოძრავ ქუთუთოზე, ჯერ კანისფერი, ბეჟი ან ბაცი ვარდისფერი ჩრდილი ან პუდრი გადაისვით.
ეგრეთ წოდებული 3D ეფექტის მისაღებად მოძრავ ქუთუთოს სამ გარდამავალ ფერად ღებავენ. ეს თვალის შეღებვის კლასიკური ვარიანტია. თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთამდე ჩრდილი ნელ-ნელა უნდა გამუქდეს, უნდა იგრძნობოდეს გრადაცია.
ფერადი ჩრდილები ძირითადად მოძრავ ქუთუთოზე ისმება, უძრავ ქუთუთოს კი ბაცი ჩრდილით (ბეჟი, კანისფერი, თეთრი, ატმისფერი) იღებავენ ან ჰაილაითერს ისვამენ. მთავარია ჩრდილების ერთმანეთში ისე გადაყვანა, რომ მკვეთრი შტრიხები არ იგრძნობოდეს. ფუნჯი რამდენჯერმე ზიგზაგისებურად გადაატარეთ მხოლოდ ფერების შეერთების ხაზს. თუ ხაზიდან შორს გადახვალთ, შესაძლოა, ბაცი ფერი გაგიმუქდეთ და პირიქით. იდეალური შედეგის მისაღებად შესაძლოა რამდენჯერმე მოგიწიოთ ფერის გადასმა. მაგალითად, თუ ბაცი ჩრდილი ცოტა გაგიმუქდათ, კიდევ გადაისვით, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
ახლო–ახლოს მსხდარი თვალების დაშორების ეფექტის შესაქმნელად შიგნითა კუთხეებთან აუცილებლად ბაცი ჩრდილები დაიდეთ, მაგალითად, თეთრი, ატმისფერი, ოქროსფერი, ბაცი ვარდისფერი, ბაცი ნაცრისფერი. შეიძლება ბზინავიც. ხშირად ჰაილაითრსაც ისვამენ. დაშორების ეფექტი რომ გააძლიეროთ, მუქი ჩრდილი ბოლოში ცოტა წააგრძელეთ.
შორიშორს მსხდარი თვალების შიდა კუთხეებთან დაიდეთ შედარებით მუქი ჩრდილები, მაგალითად, ნაცრისფერი, ყავისფერი, ლურჯი, იისფერი. შეიძლება შავიც, თუმცა მასთან სიფრთხილეა საჭირო – თვალმა ვულგარული შესახედაობა რომ არ მიიღოს, შავი ჩრდილი ყოველთვის გაბლარეთ სპეციალური ფუნჯით. ეცადეთ, გარეთა კუთხეს ძალიან არ გასცდეთ.
ნორმალურად განლაგებული თვალების შიგნითა კუთხეებთან შეიძლება როგორც მუქი, ისე ბაცი ჩრდილების წასმა, თუმცა ყველაზე მეტად ამ ადგილებს ბაცი მბზინავი ჩრდილები უხდება.
აწეული თვალების გარეთა კუთხესთან ჩრდილი ზედმეტად არ წააგრძელოთ.
დახრილი თვალების გარეთა კუთხესთან ჩრდილი ზომიერად წააგრძელეთ წარბის მიმართულებით, დაახლოებით 30-40 გრადუსიანი კუთხით.
ღრმად ჩამჯდარი თვალები, უმჯობესია, არა სამი, არამედ ორი ფერის ჩრდილებით შეღებოთ: პირველ ნახევარზე ბაცი დაიდოთ, ხოლო მეორე ნახევარზე – მუქი. ზედმეტმა სიმუქემ თვალი შესაძლოა კიდევ უფრო ჩავარდნილი გამოაჩინოს, ამიტომ მუქი ჩრდილი ნელ-ნელა დაამატეთ. ასეთ თვალებს ძალიან უხდება ბზინავი პიგმენტები. რაც უფრო წვრილი და ნაზია, მით უფრო ბუნებრივად გამოიყურება.
თუ თვალები წინ არის წამოწეული, ორი ფერით დაამუშავეთ.
თვალის ოპტიკურად გასადიდებლად უძრავ ქუთუთოზე ჩრდილი ბანანის მსგავსი ფორმით გადაისვით თვალის ჭრილის გასწვრივ. თუ ქვედა ქუთუთოზეც წაისვამთ, ეს თვალს კიდევ უფრო გაადიდებს. მხოლოდ მუქი ჩრდილები გამოიყენეთ, რადგან ბაცი უფრო მეტად ამოსწევს ისედაც ამოწეულ უძრავ ქუთუთოს.
ლაინერი და ფანქარი
მაკიაჟმა დასრულებული სახე რომ მიიღოს, აუცილებელია ლაინერით კონტურის გამოკვეთაც. ლაინერი მოძრავ ქუთუთოზე, წამწამების ხაზის გასწვრივ ისმება, თვალის შიგნითა კუთხისკენ წვრილდება, ხოლო გარეთასკენ ნელ-ნელა სქელდება. უკეთ გამოგივათ, თუ ლაინერს ოდნავ გახელილ თვალზე წაისვამთ.
ლაინერი სხვადასხვა კონსისტენციისაა: თხევადი, ფლომასტერისმაგვარი, გელისებრი. ამ უკანასკნელს წასასმელად ფუნჯი სჭირდება. გელ-ლაინერი ყველაზე მოხერხებულია, რადგან მალე შრება, კარგად ფიქსირდება და დიდხანს ძლებს.
კონტურის გამოსაკვეთად შეგიძლიათ ფანქარიც გამოიყენოთ, ოღონდ კარგად წათლილი. საზოგადოდ, ფანქარი უკეთესია დღის და მსუბუქი მაკიაჟისთვის. მეტი ბუნებრიობისთვის ის ზუსტად წამწამების ხაზზე გადაისვით. დღეს ხშირად იყენებენ ფერად ფანქრებს. განსაკუთრებით ტრენდულია წითელი. მათი გამოყენებისას ეცადეთ, ზომიერებამ არ გიღალატოთ, თორემ მაკიაჟი ხელოვნურ ელფერს მიიღებს.
ახლო–ახლოს განლაგებულ თვალებზე ლაინერი არა შიდა კუთხიდან, არამედ ქუთუთოს შუა წერტილიდან გარე კუთხისკენ უნდა გაავლოთ. დაიწყეთ წვრილი ხაზით და ბოლოსკენ გაასქელეთ.
შორიშორს განლაგებული თვალების ერთმანეთთან ვიზუალურად დასაახლოებლად კი ხაზის გავლება შიდა კუთხიდან დაიწყეთ. ეცადეთ, არ გასცდეთ გარეთა კუთხეს.
დახრილი თვალები გარე კუთხესთან შეძლებისდაგვარად აიპრიხეთ.
აწეული თვალის კონტურს მიჰყევით და კუთხესთან შეჩერდით.
მრგვალ თვალზე უმჯობესია ლაინერი ძალიან წვრილად წაისვათ წამწამების ხაზზე და ბოლო მესამედი ოდნავ გაასქელოთ, ანუ თვალის ჭრილს ოპტიკურად ნუშის ფორმა მისცეთ. ამასთან, თუ მოძრავი ქუთუთოს სველ ხაზზე შავ ფანქარს გადაისვამთ, თვალი ვიზუალურად დავიწროვდება. თუ წვრილი ჭრილი გაქვთ, "გასაფართოებლად" შეგიძლიათ ფანქარი ქვედა ქუთუთოზე, წამწამების ქვეშ წაისვათ.
უძრავ ქუთუთოთოში ჩამალული თვალის შემთხვევაში ფანქარი ზუსტად წამწამების მთელ ხაზზე წაისვით.
ღრმად ჩამჯდარი თვალების შეღებვისას ერიდეთ მეტისმეტად მუქ და სქელ შტრიხებს.
ტუში
– ტუში სრულყოფილებას ანიჭებს თვალებს, ოღონდ ზომიერებაა საჭირო, რომ თვალები ბუნებრივად გამოიყურებოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ტუშის ფერსაც. მაგალითად, ყავისფერი ბუნებრივად გამოიყურება დღის ან მსუბუქ მაკიაჟში, შავი კი უფრო მეტად გამოკვეთს თვალს. ეგრეთ წოდებული კრეატიული მაკიაჟისთვის არსებობს ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი ტუში.
თუ წამწამების შესამჩნევად აპრეხა გინდათ, ტუში რამდენჯერმე გადაისვით, ოღონდ ყოველი წასმის შემდეგ აცადეთ გაშრობა.
თვალის ფორმა ამ დროსაც გასათვალისწინებელია. მაგალითად, თუ მრგვალი ან დახრილი თვალი გაქვთ, წამწამების მხოლოდ ბოლო მესამედი აიპრიხეთ. თუ ჭრილის გაფართოება გინდათ, პირიქით, შუა ნაწილზე მეტად დასვით აქცენტი. სხვა შემთხვევაში მსუბუქად აიპრიხეთ წამწამების მთელი ხაზი. საღებავი კარგად რომ განაწილდეს, ფუნჯი ზიგზაგისებურად წაუსვით წამწამებს.
ჯილდა გაჩეჩილაძე