ბავშვი და მისი პირადი სივრცე

გააზიარე:

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბავშვი, რომელიც ოდესღაც სულ უკან დაგყვებოდათ, მოულოდნელად ოთახის კარს გიკეტავთ:

— შემოსვლამდე დააკაკუნე!

— არ მინდა, ნახო, რას ვაკეთებ!

ზოგიერთი მშობლისთვის ეს უარყოფის ტოლფასია: თითქოს ბავშვმა გალავანი შემოავლო ტერიტორიას, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის და სადაც ჩვენი ადგილი აღარ არის.

პირადი სივრცის მოთხოვნილება არ ნიშნავს, რომ ბავშვი გშორდებათ — ის უბრალოდ იზრდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ის კი არ არის საკითხავი, უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს პირადი სივრცე, არამედ ის, რამდენი პირადი სივრცე სჭირდება ამა თუ იმ ასაკში და სად გადის ზღვარი პირად სივრცესა და ჩაკეტილობას შორის.

როდის იწყებს ბავშვი პირადი სივრცის მოთხოვნას

სულ პატარებიც კი აცნობიერებენ, რომ მათი სხეული და მათი ნივთები მათ ეკუთვნით. სკოლამდელი ასაკის ბავშვმა შესაძლოა განაცხადოს, რომ თავად გადაწყვეტს, ვინ დაეხმარება ჩაცმაში, ხოლო სასკოლო ასაკისამ აბაზანის კარი ჩაკეტოს ან იქონიოს ნივთების პატარა ყუთი, რომელსაც სხვები არ შეეხებიან.

თინეიჯერობის წინა პერიოდში პირადი სივრცე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბავშვი იწყებს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას, უჩნდება მშობლებისგან დამოუკიდებელი მოსაზრებები და უკეთ აცნობიერებს, რისი გაზიარება სურს და რისი — არა. ეს ჯანსაღი განვითარების ნაწილია.

10 წლის ბავშვს არ სურს, მეგობართან შეხვედრის ყველა დეტალს მოგიყვეთ. არ არის აუცილებელი, რაღაც სერიოზულს გიმალავდეთ – მან უბრალოდ აღმოაჩინა, რომ შეუძლია, ჰქონდეს აზრები, ემოციები და ურთიერთობები, რომლებიც მთლიანად დედის კონტროლის ქვეშ არ იქნება.

რამდენია საკმარისი

არ არსებობს ჯადოსნური ასაკი, როცა ბავშვს უცბად გადაეცემა სრული მოცულობის პირადი სივრცე. ის თანდათან უნდა გაფართოვდეს ბავშვის ასაკის, განვითარებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის პირადი სივრცის მოფრთხილება შესაძლოა ნიშნავდეს მის ოთახში შესვლამდე კარზე დაკაკუნებას, როცა იცვამს — ოთახიდან გასვლას, მისი პირადი ნივთების პატივისცემას, როცა მეგობრებს ესაუბრება — მიყურადებაზე უარის თქმას.

თინეიჯერობის წინა პერიოდში ბავშვს შესაძლოა უფრო მეტად სჭირდებოდეს განმარტოება, პირადი სივრცე და საუბრებისა თუ მეგობრული ურთიერთობების ხელშეუხებლობა. შესაძლოა, დაიწყოს დღიურის წერა, პირადი მიმოწერის წარმოება ან ისეთი ინტერესები და გატაცებები გაუჩნდეს, რომელთა მშობლებისთვის გაზიარებასაც არ ისურვებდა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი სრულიად გამოდის თამაშიდან.

ბავშვებს კვლავ სჭირდებათ ზედამხედველობა და მიმართულების მიცემა, ოღონდ ისე, რომ მუდმივი კონტროლი თანდათან ასაკის შესაბამისმა ნდობამ და თავისუფლებამ ჩაანაცვლოს.

მით უფრო იზრდება პირადი სივრცე, რაც უფრო იზრდება ბავშვის მიერ უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

პირადი სივრცე და საიდუმლო ერთი და იგივე არ არის.

შესაძლოა, ამ განსხვავების ცოდნამ მშობლებს თავიდან აარიდოს ზედმეტი ნერვიულობა.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ პირადი ფიქრებისა და გამოცდილების სხვისი თვალისთვის მორიდება ნორმალურია, მაგრამ საშიში საიდუმლოს დამალვა არ შეიძლება.

არ არის აუცილებელი, მშობელმა შვილის სოციალური ცხოვრების ყველა დეტალი იცოდეს, მაგრამ ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ არის სიტუაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუზიაროს სანდო უფროსს.

ასეთია ბულინგი, მუქარა, იძულება, სექსუალური შინაარსის ქცევა, საშიში საიდუმლოს შენახვა...

ნუ ეტყვით: “ყველაფერს დაწვრილებით უნდა მომიყვე!”. უმჯობესია უთხრათ: "არ არის აუცილებელი, ყველაფერს დაწვრილებით მომიყვე, მაგრამ თუ ვინმე გაშინებს, გემუქრება, საშიში საიდუმლოს შენახვას გაიძულებს ან სხვა რამით გიქმნის დისკომფორტს, ყოველთვის შეგიძლია, მოხვიდე ჩემთან”.

ამ გზით ბავშვი პირად სივრცესაც მიიღებს და უსაფრთხოების განცდასაც.

ტელეფონი პირადი სივრცის ნაწილია

არ არსებობს უნივერსალური ასაკი, როცა მშობელმა ბავშვის ტელეფონის შემოწმებას თავი უნდა დაანებოს. ექვსი წლის, ათი წლის და თხუთმეტი წლის ბავშვებს ერთმანეთისგან განსხვავებული საჭიროებები და გამოწვევები აქვთ.

მცირე ასაკში მშობელს შესაძლოა გაცილებით მეტი კონტროლი და ზედამხედველობა დასჭირდეს, მაგრამ რაც უფრო იზრდება ბავშვი, რაც უფრო ეზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ზედამხედველობაც უფრო და უფრო ნაკლებინტერვენციული უნდა გახდეს.

მთავარი კითხვა "მაქვს თუ არა შემოწმების უფლება?" კი არ არის, არამედ — "რატომ ვამოწმებ?"

ერთია ტელეფონის შემოწმება, როცა ბავშვის უსაფრთხოება გაეჭვებთ და მეორეა, როცა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო კითხულობთ მის მიმოწერას.

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თქვენ პატივს სცემთ მის პირად სივრცეს, მაგრამ იმავდროულად პასუხისმგებელი ხართ მის უსაფრთხოებაზე.

მაგალითად: "არ არის აუცილებელი, შენი ყველა მიმოწერა წავიკითხო. მაგრამ თუ მექნება საფუძველი ვიფიქრო, რომ რამე გემუქრება, შესაძლოა, შენი ტელეფონის შემოწმება დამჭირდეს. როცა შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ წინასწარ გეტყვი”.

შევუმოწმოთ თუ არა ტელეფონი ფარულად?

რა თქმა უნდა, გამჭვირვალე მიდგომა სჯობია ფარულ კონტროლს.

თუ ბავშვმა აღმოაჩინა, რომ მშობელი მალულად კითხულობდა მის პირად მიმოწერას, დიდი ზიანი მიადგება ნდობას.

ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა არასდროს იმოქმედოს ბავშვის თანხმობის გარეშე — როცა არსებობს სერიოზული და მყისიერი საფრთხე, ბავშვის დაცვა პირველ ადგილზე დგას.

თუმცა ჩვეულებრივ ვითარებაში ბავშვისთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, რა დონეზე აკონტროლებენ მშობლები მის ონლაინ ცხოვრებას.

პირად სივრცეს სარგებლობა მოაქვს მაშინ, როცა მასზე ღიად საუბრობენ და არა მაშინ, როცა ის "აკრძალულ ტერიტორიად" იქცევა.

ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ პირადი სივრცის საჭიროებას

თუ შვილის მიერ დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ეჭვით შეხვდებით, მან შესაძლოა იფიქროს, რომ პირადი სივრცის ქონების სურვილი თავისთავად საეჭვოა და ნაცვლად იმისა, რომ უფრო გულახდილი გახდეს, უფრო უკეთ დაგიმალავთ ჩვეულებრივ ამბებს.

გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა ინტერესის გამოხატვა ზედმეტი ჩარევის გარეშე. დაუსვით კითხვები, მოუსმინეთ, დააკვირდით და გახსოვდეთ: აუცილებელი არ არის, ბავშვი ყველაფერს მოგიყვეთ. ერთია ისეთი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც საიდუმლო არ გააჩნია, რადგან მის პირად სივრცეს მთლიანად აკონტროლებს მშობელი და მეორეა, როცა ბავშვი ხედავს განსხვავებას პირად სივრცესა და საფრთხეს შორის, ესმის, რა უნდა გაუზიაროს უფროსს და ენდობა იმდენად, რომ პრობლემის შემთხვევაში დახმარება სთხოვოს.

ბავშვებს საკუთარი ოთახი სჭირდებათ. ამავე დროს, მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლის ოთახის კარი მათთვის მუდამ ღიაა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: