როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ქურდობას

გააზიარე:

ბავშვები ხშირად ისაკუთრებენ სხვის ნივთებს. ზოგჯერ – მალვით, ზოგჯერ – ჯიქურ და აგრესიულად. განსაზღვრულ დრომდე ეს ნორმალურია. სამ წლამდე ბავშვებს, უბრალოდ, არ ესმით, რას ნიშნავს “ჩემი” და “სხვისი”; მათთვის სამყარო ერთი მთლიანობაა, უფროსების ზნეობრივი სტანდარტები კი – გაუგებარი. ბავშვის განვითარების სტადიებზე დაკვირვებისას სპეციალისტები მიუთითებენ, რომ სამი წლიდან ადამიანში მორალურ განწყობათა ფორმირება იწყება და ბავშვები მოდელირებით – გარშემო მყოფ უფროსებზე დაკვირვებით, მათი მიბაძვით – სწავლობენ ზნეობრივ ქცევას. ზნეობრივი რეაქციის უნარიც სწორედ ამ პერიოდში იწყებს ჩამოყალიბებას. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ეკისრება უფროსების ადეკვატურ პასუხს.

გთავაზობთ ამის თაობაზე ფსიქოლოგთა რეკომენდაციებს.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ შევიტყვეთ, რომ ბავშვმა იქურდა? როგორ აღვკვეთოთ არასასურველი ქცევა ისე, რომ თავად ბავშვი არ დავაზარალოთ?

თავდაპირველად შევთანხმდეთ, რომ სამ წლამდე ბავშვი ვერ აცნობიერებს თავისი საქციელის ზნეობრივ მხარეს და სასურველი ნივთის მისაკუთრება მისთვის ქურდობას არ ნიშნავს. ის ჯერ ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან “საკუთარს” და “სხვისას”.

მოდი, განვიხილოთ სიტუაციები, როდესაც ბავშვს შეიძლება სხვისი ნივთის მისაკუთრების სურვილი გაუჩნდეს.

 

რატომ იღებენ ბავშვები სხვის ნივთებს?

ერთი მხრივ, პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ მოსწონთ და უნდათ, თავადაც ჰქონდეთ. ალბათ თავადაც ხშირად შესწრებიხართ სიტუაციას, როდესაც სტუმრად მყოფ ბავშვს წამოსვლისას უჭირს იმ ნივთთან განშორება, რომელიც განსაკუთრებით მოეწონა. არავითარი შეგონება არ ჭრის, ბავშვი ტირილს იწყებს. მშობლებს ისღა დარჩენიათ, გამოართვან ბავშვს სათამაშო და ისტერიკის შეტევას გაუძლონ.

თუმცა, ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, მთლად ასეც არ არის საქმე – ქურდობა შესაძლოა მატრავმირებელ სიტუაციაზე ერთგვარი რეაქციაც იყოს.

პატარა “ქურდების” ოჯახის წევრებს ერთმანეთისადმი ხშირად ცივი, მტრული დამოკიდებულება აქვთ. ასეთ ოჯახებში მცხოვრებ პატარებს აკლიათ თავდაჯერება და ქურდობა მათთვის თვითდამკვიდრების ან, უბრალოდ, მშობლების ყურადღების მიპყრობის გზაა. ასეთ ბავშვებს, უწინარეს ყოვლისა, სითბო და ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ.

ზოგჯერ ქურდობა უნებისყოფობის ბრალია. ბავშვი ხვდება, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ მიმზიდველი ნივთის დაუფლების სურვილს ვერ ერევა.

ხდება ისეც, რომ პატარა თავს დაჩაგრულად გრძნობს და საყვარელი ნივთის მოპარვით სამაგიეროს უხდის მჩაგვრელს.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ხელში უცხო ნივთი დავუნახეთ?

უწინარეს ყოვლისა, ვკითხოთ, საიდან აქვს ახალი ნივთი. მაგალითად, სხვა სათამაშოში ხომ არ გაუცვალა თანატოლს. ამ გზით ცილისწამებას თავიდან ავიცილებთ. მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ მოიქცა პატარა შინ დაბრუნებისას – დაგიმალათ სათამაშო თუ თვითონვე გახარათ ეს ამბავი. ასეა თუ ისე, ბავშვთან საუბარი გარდაუვალია. აქ აუცილებელია ტონის სწორად შერჩევა, ბავშვის ნდობის მოპოვება და მერე – ამ ნდობის გამართლება. პატარა ჩიხში არ უნდა შევიყვანოთ. მას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ცუდად მოიქცა და მივცეთ დრო საკუთარ საქციელზე დასაფიქრებლად, მაგრამ, იმავდროულად, მივახვედროთ, რომ გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს.

სასურველია, საუბრისას ყურადღება გავამახვილოთ ნივთის მფლობელის (დამკარგველის) გრძნობებზე: “რას იგრძნობდი, შენთვის რომ წაერთმიათ საყვარელი სათამაშო? მოგეწონებოდა, შენი ნივთი უჩუმრად რომ აეღოთ? როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ის, ვინც ეს სათამაშო დაკარგა?” – ასეთი კითხვები ბავშვს ნივთის მფლობელის მიმართ ემპათიას (სხვისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარს) აღუძრავს. თუ ამჩნევთ, რომ პატარა ნანობს თავის საქციელს, მისი გამოსწორების საშუალება მიეცით. მიახვედრეთ, რომ ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი უნებართვოდ მისაკუთრებულის დაბრუნება და ბოდიშის მოხდაა. დაეხმარეთ ნივთის პატრონისთვის დაბრუნებაშიც.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სიტუაცია?

სპეციალისტები გვირჩევენ, პატარ-პატარა ამბების მეშვეობით ბავშვებს სწორი მორალური ორიენტირები ჩამოვუყალიბოთ. მოიძიეთ საბავშვო ნაწარმოებები, სადაც ეს თემაა დამუშავებული. ასაკის შესაბამისი, გასაგები ენით მოუყევით ბავშვებს ამ ამბებს, მათთან ერთად იმსჯელეთ სიტუაციაზე. შეიძლება, მსგავს სიუჟეტზე როლური თამაში ან თოჯინების “მინისპექტაკლიც” ავაგოთ.

ჩხუბი, ყვირილი და ცემა არამც და არამც არ შეიძლება – ეს არათუ დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, არამედ შესაძლოა შეუქცევადი ზიანიც მიაყენოს პატარას.

დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ეპითეტების – “ქურდბაცაცას”, “მატყუარას” და მისთანათა – გამოყენება. გასაგები ენით მიუთითეთ ბავშვს მისი საქციელის ნეგატიურ ასპექტზე, პიროვნულ შეურაცხყოფას კი ერიდეთ.

ნუ დააშინებთ პატარას არარეალური მუქარით: “პატრული წაგიყვანს”, “გუდიანი კაცი მოგიტაცებს”, “შენი დედა აღარ ვიქნები”... შიშსა და მუქარაზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი გამუდმებით სტრესს განიცდის და ხშირად ვერც კი ხვდება, რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო – არა.

ასევე დაუშვებელია დაცინვა, სხვების თანდასწრებით საყვედური, შერცხვენა... ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია და ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ბავშვს.

თუნდაც პატარამ დანაშაული არ აღიაროს, მაინც ნუ დაემუქრებით – ეს უარეს დღეში ჩააგდებს. დანაშაულის აღიარება საკმაოდ ძნელია და უფროსებსაც უჭირთ. ადროვეთ მისი გააზრება და გამოსწორება.

წაახალისეთ დადებითი ქცევა. სპეციალისტების ენაზე ამას დადებითი განმტკიცება ეწოდება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბავშვების ცუდ საქციელს მყისივე ვამჩნევთ და საყვედურებით ვავსებთ, კარგი საქციელი ბუნებრივად მიგვაჩნია. ნუ დაიშურებთ ქებას, თუ ბავშვი აწესრიგებს თავის სათამაშოებს, უყოფს ნუგბარს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს...

დაბოლოს, ეცადეთ, თავად მისცეთ შვილებს დადებითი მაგალითი. ბავშვებსაც და მოზარდებსაც ბაძვა, უფროსების ქცევის გადმოღება ახასიათებთ. რამდენიც არ უნდა ვესაუბროთ ბავშვს პატიოსნებაზე, ტყუილისა თუ ქურდობის მიუღებლობაზე და, საზოგადოდ, ადამიანურ ღირებულებებზე, როცა ის საპირისპიროს ხედავს ან განიცდის, ამ ღირებულებათა გათავისება გაუჭირდება.

 

როდის ჯობს საქმეში სპეციალისტების ჩართვა?

თუ ბავშვი, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქურდობას ვერ გადააჩვიეთ, თუ კვლავაც ხელს სტაცებს ყველაფერს, რაც მოსწონს, ხშირად არ ახსოვს, სად და როდის აიღო ესა თუ ის ნივთი, ითვისებს სათამაშოს, რომელიც საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ მაშინვე აგდებს ან კარგავს, ერთი სიტყვით, ქურდობს იმიტომ, რომ არ შეუძლია არ იქურდოს, დახმარებისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. აღმზრდელობითი ზემოქმედება ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება.

არსებობს განსაკუთრებით საგანგაშო და საყურადღებო სიტუაციებიც. მაგალითად, როცა ბავშვი ტყუილით ცდილობს თავის მართლებას, შინ თუ გარეთ,  უფროსებსა თუ თანატოლებთან, სისტემატურად ცრუობს, მიუხედავად შეგონებებისა, ითვისებს სხვის ნივთებს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს, არ აღიარებს აშკარა ქურდობის ფაქტს – ეს საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ საქმეში სპეციალისტები ჩაერთონ.

მანამდე კი მეტად დავუფიქრდეთ საკუთარ საქციელს, უცხო თვალით შევხედოთ ოჯახში არსებულ ატმოსფეროს; გვახსოვდეს, რომ ბავშვის მიუღებელი ქცევა, მათ შორის – ქურდობაც, ხშირად უფროსების მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია.

 ნინო ლომიძე

 

 

გააზიარე: