ხელოვნური ინტელექტი როგორც ფსიქოთერაპევტი
გააზიარე:
Harvard Business Review-ს მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, თერაპიული მიზნით და "სამეგობროდ“ მიმართავენ.
თერაპიისთვის AI-ს გამოყენებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ პროფესიონალურ ფსიქოთერაპიას, რომელსაც შესაბამისი განათლების მქონე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ატარებს - ყველამ, ვინც ხელოვნური ინტელექტით სარგებლობს, მშვენივრად იცის, რომ ნამდვილ ადამიანს არ ესაუბრება. იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა თერაპიულ პროცესში მონაწილეობად აღიქმება, თუმცაღა მომხმარებლებმა ცნობიერად იციან, რომ ასე არ არის.
რატომ მივმართავთ თერაპიულ დიალოგებს ხელოვნურ ინტელექტთან? ჩვენ გვჭირდება განცდა, რომ გვისმენენ და მხარს გვიჭერენ. გვჭირდება ემოციური კავშირის შეგრძნება. მომხმარებლები ხშირად უზიარებენ AI-ს თავიანთ ფიქრებს, შიშებს, ყოველდღიურ პრობლემებს და ამის არ რცხვენიათ, რადგან დანამდვილებით იციან, რომ არ განისჯებიან. მეტიც - იღებენ ნუგეშის მომგვრელ და გამამხნევებელ პასუხებს, რადგან ხელოვნური ინტელექტის ყველა ხელსაწყო ისეა აწყობილი, რომ თანამოსაუბრემ სასურველი, სასიამოვნო უკუკავშირი მიიღოს, ამით მოტივირებულმა, იყიდოს აპლიკაციის ფასიანი ვერსია და შემდგომაც განაგრძოს საუბარი და ფულის გადახდა.
ნამდვილი თერაპიის დროს ასე არ ხდება - აქ ადამიანი იძულებულია, გაუმკლავდეს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო განცდებს, მხარდაჭერაც იგრძნოს და მოტივაციაც, თავად გაართვას თავი უსიამოვნო ემოციებს, საბოლოოდ კი დაასრულოს ან გააგრძელოს თერაპია, ოღონდ საჭიროებისამებრ და არა იმიტომ, რომ თერაპია სიამოვნებაა, რომელიც შეგვიძლია ვიყიდოთ.
ზოგჯერ ამ მოვლენას ემოციურ ან აფექტურ გამოყენებასაც უწოდებენ, თუმცა ეს ტერმინები სრულყოფილად ვერ აღწერს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც შეიძლება ადამიანსა და AI-ს შორის ჩამოყალიბდეს. ბევრი მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ანიჭებს მრჩევლის, ავტორიტეტის, თერაპევტის როლს.
პარათერაპია
ზოგიერთი ფსიქოლოგი ამ პროცესის აღსაწერად ტერმინ "პარათერაპიის" შემოღებას გვთავაზობს. ეს ტერმინი აღწერს ურთიერთობას, როდესაც ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ემოციური მხარდაჭერის წყაროდ აღიქვამს და მასთან კომუნიკაციას თერაპიულ გამოცდილებად განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს პროცესი პროფესიული თერაპიული ჩარჩოს მიღმა მიმდინარეობს.
პარათერაპიას ნამდვილად შეუძლია შედეგის მოცემა. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი განწყობის ამაღლებას, შფოთვის შემცირებას და ემოციების უკეთ გააზრებას უწყობს ხელს.
თუმცა ზოგადი დანიშნულების ჩატბოტებისა და AI-სთან ურთიერთობისთვის შექმნილი ვირტუალური თანამგზავრების თავდაპირველი მიზანი ფსიქოთერაპიის ჩატარება არ ყოფილა. ერთსა და იმავე ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებლისთვის მრავალი როლის შესრულება შეუძლია. დღეს ის შეიძლება ემოციური მხარდაჭერის წყარო იყოს, რამდენიმე წუთის შემდეგ ტექსტის რედაქტორად იქცეს, მოგვიანებით კი ტექნიკური დახმარების გაწევა იტვირთოს. ზოგიერთი მას პარტნიორის ან ახლო მეგობრის მსგავს როლსაც კი ანიჭებს. ეს მრავალფუნქციურობა მოწმობს, რომ აქ არ არსებობს ის მკაფიო და სტაბილური თერაპიული ჩარჩო, რომელიც პროფესიულ ფსიქოთერაპიას ახასიათებს.
შესაბამისად, პარათერაპია და ფსიქოთერაპია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ფსიქოთერაპია გულისხმობს პროფესიულ ეთიკას, მკაფიო საზღვრებს, ინფორმირებულ თანხმობას, პასუხისმგებლობას და უსაფრთხოების მექანიზმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კლინიკური პრაქტიკის ნაწილია, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში ეს სტრუქტურა არ არსებობს. მე ასე ვიტყოდი: თერაპია უფრო უსაფრთხოა, თერაპია უფრო სასარგებლოა მაშინ კი არა, როდესაც ყველაფერი რიგზეა და უბრალოდ მხარდაჭერა და გამხნევება გვჭირდება, არამედ მაშინ, როდესაც არაფერია კარგად და ჩვენ ვრჩებით ჩვენი უნიკალური, ხანდახან სახიფათო განცდების პირისპირ, რომლებსაც სათუთი, ინდივიდს მორგებული მოპყრობა სჭირდება, ამას კი ხელოვნური ინტელექტი ვერ უზრუნველყოფს.
ამიტომ ის კი არ არის მთავარი კითხვა, შეუძლია თუ არა AI-ს ადამიანის განწყობაზე დადებითი გავლენის მოხდენა, რადგან პასუხი ხშირად დადებითია; უფრო მნიშვნელოვანი ის არის, მართებულია თუ არა ასეთი დახმარების ფსიქოთერაპიასთან გაიგივება და მზად ვართ თუ არა, წავშალოთ ზღვარი პროფესიულ თერაპიასა და მის მსგავს, მაგრამ განსხვავებულ გამოცდილებას შორის.
ყველასგან მალულად
ემოციური მხარდაჭერისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ რჩევების მისაღებად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ასეთი ადამიანების თითქმის ორი მესამედი ამას მალავს. ხელოვნურ ინტელექტთან ემოციური კავშირი ხშირად პირად და ფარულ გამოცდილებად რჩება.
რასაკვირველია, ანონიმურობა მრავალი უსიამოვნებისგან გვიცავს. რამდენად სასარგებლოა ასეთი დაცვა? მყავს არაერთი კლიენტი, რომელთა ოჯახებმაც არ იციან, რომ მათი ოჯახის წევრი თერაპიაზე დადის. როდესაც თერაპიის შესახებ სტიგმა ბოლომდე დაძლეული არ არის, მის შესახებ საუბრისაც კი რცხვენიათ. არ ვამბობ, რომ აუცილებელია თერაპიაზე სიარულის გამოაშკარავება - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს სხვადასხვანაირად წყდება, მაგრამ როცა ჩვენი გარემო უსაფრთხოა და ვპოულობთ ძალას, ვაღიაროთ, რომ დახმარებისთვის სპეციალისტს მივმართეთ, ამით გვემატება თვითრწმენა, სიამაყე, განცდა იმისა, რომ საკუთარ თავში გასარკვევად ძალისხმევა გავწიეთ, სხვის აზრზე მაღლა საკუთარი დავაყენეთ და ის, რაც დასამალი არ იყო, გამოვააშკარავეთ. პარათერაპია გვიჭრის ამ თვითმიღების, თერაპიაზე სიარულის ღირებულების აღიარების, სირცხვილთან გამკლავების გზას და ჩვენი პრობლემაც ჩვეულებრივ მოვლენად კი არა, საშიშ საიდუმლოდ აღიქმება.
თუმცა ფარული პარათერაპიის მთავარი ნაკლი ეს არ არის. მთავარი ნაკლია ის, რომ შესაძლოა, გამოსავლის ძიების ნაცვლად ხელოვნურ ინტელექტს არაჯანსაღი მეთოდების შესახებ გავუბათ საუბარი, რისი მაგალითებიც უკვე ყოფილა. თუ კლიენტს დეპრესია დაუმძიმდა, თერაპევტი აუცილებლად სთხოვს მას ფსიქიატრის მონახულებას, ხოლო თუ კლიენტი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, თერაპევტი აღარ იცავს შეთანხმებას, რომ მისი და კლიენტის დიალოგი საიდუმლოდ დარჩეს - ის მისდევს იმ პრინციპს, რომ კლიენტის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება AI-ს, აღირიცხა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა მხარი დაუჭირა მოზარდის სურვილს, არ გაენდო საკუთარი პრობლემები მშობლებისთვის და სუიციდის დაგეგმვაშიც დაეხმარა. ეს "თერაპია" მოზარდის სიკვდილით დასრულდა.
შესაბამისად, აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რატომ ურჩევნია ადამიანს, პრობლემების არსებობაც კი დამალოს, არამედ ის, რატომ ურჩევნია, საიდუმლოდ, ყველასგან მალულად, მარტომ სცადოს ყველაფრის მოგვარება; რა უშლის ხელს, გული გადაუშალოს თავის ოჯახსა და მეგობრებს, რომლებიც ამ პრობლემებს სისუსტედ არ აღიქვამენ და მზად არიან, მხარში ამოუდგნენ.
მოლოდინები
საინტერესოა, რომ თუ წინათ ადამიანები თერაპიის თაობაზე უკვე ჩამოყალიბებული წარმოდგენებით მიმართავდნენ ხელოვნურ ინტელექტს, დღეს ეს უკანასკნელი თავად აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას იმაზე, როგორი უნდა იყოს თერაპია, რას უნდა ელოდეს ადამიანი თერაპევტისგან და საერთოდ, რას ვუწოდებთ თერაპიულ ურთიერთობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვისაც აქამდე პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.
მოლოდინი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აჩენს, არარეალისტურია და ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი რეალურ სამყაროსთან კომუნიკაციისთვის შეამზადოს, მას ემოციურ სათბურში ამყოფებს. ნამდვილი ურთიერთობები, მათ შორის თერაპიულიც, ამ სათბურთან შედარებით უხეშად აღიქმება. AI-ს შეუძლია, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს და გარკვეულწილად კომუნიკაციის იმიტაციაც მოახდინოს, მაგრამ თავიდან გვარიდებს რეალურ ადამიანებთან ურთიერთობაში არსებულ სირთულეებს, გაუგებრობებს, იმედგაცრუებას, კონფლიქტს, შემდგომ შერიგებასა და კონფლიქტის ემოციურ გადამუშავებას, არადა ეს განცდები და მოვლენები ხშირად თავადვე იქცევა ცვლილებებისა და კურნების მნიშვნელოვან წყაროდ.
რა არის პარათერაპია, თუკი თერაპია არ არის?
ზოგიერთი მკვლევარი და სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები მნიშვნელოვან სიცარიელეს ავსებენ, თუნდაც ის, რასაც ისინი გვთავაზობენ, კლასიკური გაგებით თერაპია არც იყოს. მათი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობაა - AI-სთან საუბარი იაფია, მარტივია და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
ეს ნამდვილად დამაფიქრებელია, რადგან თერაპიაც და მედიკამენტური მკურნალობაც ძვირია. მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ადამიანებს უფრო და უფრო ნაკლები თავისუფალი ფული რჩებათ და თერაპია ფუფუნების საგნად იქცევა. ბევრჯერ გამაღიზიანებელიც კია რჩევა: "თერაპიაზე იარე", - რადგან ეს საკმაოდ დიდი ხარჯია.
ამ კონტექსტში ხშირად ჩნდება კითხვა: "თუ ალტერნატივა საერთოდ არ არსებობს, განა თუნდაც ასეთი მხარდაჭერა არ სჯობია მხარდაჭერის არარსებობას?" ბევრს მიაჩნია, რომ სჯობია. მართლაც, პარათერაპიას შეუძლია, ადამიანს დროებითი შვება მოჰგვაროს და საკუთარი განცდების უკეთ გააზრებაში დაეხმაროს. თუმცა ამ პროცესს რისკებიც ახლავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უფრო მძიმე ან მწვავე ფსიქიკურ სირთულეებს ეხება. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს სჭირდება დიაგნოსტიკა, კრიზისული ჩარევა ან სპეციალიზებული ფსიქოთერაპიული დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მონაწილეობა შეუცვლელია. ასეთ ვითარებაში მხოლოდ AI-ზე დაყრდნობამ შესაძლოა პრობლემის გაღრმავებასაც კი შეუწყოს ხელი.
როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ადამიანების ემოციურ ცხოვრებაში, ამიტომ მომდევნო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ იმის განსაზღვრა იქნება, სად მთავრდება ტექნოლოგიური მხარდაჭერა და სად იწყება ნამდვილი ფსიქოთერაპია.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოთერაპია ერთგვაროვანი მეთოდი არ არის. ასეულობით მეცნიერულად დასაბუთებული თერაპიული მიდგომა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის უნივერსალური და ყველა ადამიანს ან ყველა პრობლემას ერთნაირად არ მიესადაგება.
ძნელი სათქმელია, აცნობიერებენ თუ არა ადამიანები, რომ AI-ს თერაპევტის მსგავს როლს ანიჭებენ. მინდა, ამ საკითხზე მომხმარებლის პოზიციიდანაც ვისაუბრო. როგორც თერაპევტი, ვალდებული ვარ, თავადაც გავიარო თერაპიის მრავალი საათი და უკვე თხუთმეტი წელია, თერაპია ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ხელოვნურ ინტელექტსაც მივმართავ. მაგალითად, ორი თვის წინ მან ნაბიჯ-ნაბიჯ დამაძლევინა პანიკური შეტევა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცი, რა არის პანიკური შეტევა, თერაპიის დროსაც ბევრჯერ განმიხილავს. მიუხედავად ამისა, იმ მომენტში მჭირდებოდა, ვიღაცას ხმამაღლა ეთქვა ის, რაც ისედაც ვიცოდი, მაგრამ რის გასაკეთებლადაც ძალა არ მყოფნიდა. როდესაც მჭირდება სწრაფი რჩევა, აზრების ზედაპირული გაზიარება, თუნდაც ქება, ვალიდაცია, გარეშე მხარდაჭერა, ხელოვნური ინტელექტი ძალიან მეხმარება. ამავე დროს, მყავს თერაპევტიც, რადგან თერაპევტებს – ადამიანებს – შეუძლიათ ის, რისი სრულყოფილად გაკეთებაც ტექნოლოგიას ჯერ კიდევ უჭირს: რთულ ემოციებთან ერთად ყოფნის უნარი, გაურკვევლობის ატანა, საჭირო მომენტში მხარდაჭერისა და გამოწვევის ბალანსი, თერაპიული მიზნების თანმიმდევრულად შენარჩუნება და ურთიერთობაში ისეთი ნიუანსების აღქმა, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება.
გარდა ამისა, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანია, ადამიანმა ისწავლოს საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების მიღება. ეს იმის გაცნობიერებასაც გულისხმობს, რომ თერაპევტებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ საზღვრები და შეზღუდვები.
შესაძლოა, მომავალში პარათერაპია და ფსიქოთერაპია ერთმანეთის პარალელურად არსებობდეს, მაგრამ ჯერჯერობით, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ადამიანის მიერ ადამიანისთვის შექმნილი თერაპიული ურთიერთობა კვლავ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რადგან კურნება ზოგჯერ მხოლოდ სწორ სიტყვებს კი არ მოაქვს, არამედ იმ გამოცდილებასაც, რომ ჩვენ წინ ზის ადამიანი, რომელსაც თავისი საზღვრები აქვს, მაგრამ მაინც რჩება ჩვენთან.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











