არავერბალური ენა
გააზიარე:
ზოგჯერ ადამიანს დანახვისთანავე ვენდობით, ზოგჯერ კი პირიქით – რა დამაჯერებლადაც უნდა ლაპარაკობდეს, სიყალბის უსიამოვნო შეგრძნება არ გვტოვებს. თითქოს არაცნობიერად ვგრძნობთ, რომ გვატყუებენ. ამ ფენომენს ინტუიციას ვუწოდებთ.
საქმე ის გახლავთ, რომ სიტყვებზე მეტს სხეული ამბობს. როცა ადამიანი ჩვენს მოტყუებას ცდილობს, მას იოლად გასცემს პოზა, ჟესტები, მიმიკები.
პროფესიონალმა ადვოკატებმა, მსახიობებმა და თაღლითებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვონ. ისინი საგანგებოდ სწავლობენ მოძრაობათა კონტროლს, რადგან არაცნობიერიდან მომდინარე ჟესტებისა და მიმიკების მართვა საკმაოდ ძნელი საქმეა.
ფსიქოლოგი ალან პიზი ათეულობით წელია შეისწავლის ამ არავერბალურ ენას, კოდურ ჟესტიკულაციას. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მისი მომსახურებით თითქმის ყველა ცნობილ მსახიობს უსარგებლია – ობიექტივი სიყალბეს არ პატიობს და მსახიობები როლის გასათავისებლად ალან პიზის კონსულტაციებს ხშირად გადიან.
მის მოსწავლეებს შორის პოლიტიკოსებიც არიან და ადვოკატებიც, ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც სურს, ადამიანების დარწმუნების ხელოვნება აითვისოს.
“სხეულის ენა ულამაზეს სიმღერას ჰგავს: შესაძლოა, სიტყვები არ გვესმოდეს, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობთ მელოდიას. არავერბალური ინფორმაციის კითხვა ბევრმა არ იცის, მაგრამ მისი შეგრძნება ადამიანის არაცნობიერი უნარია, რომელსაც ხალხი ინტუიციას უწოდებს... თვალი აღიქვამს თანამოსაუბრის მიმიკას და იმპულსს გადასცემს ტვინს, ის კი, თავის მხრივ, ყოველ მოძრაობას რეფლექსისა და არაცნობიერის დონეზე შიფრავს”, – წერს ალან პიზი თავის ერთ-ერთ წიგნში “სიმართლის ინდიკატორი”.
თუ გსურთ, იშვიათად გაებათ თაღლითების მახეში, უკეთ შეაფასოთ მსახიობის ხელოვნება და, რაც მთავარია, თქვენს სიტყვებს მეტი დამაჯერებლობა შესძინოთ, თვალი გადაავლეთ ჩვენს სტატიას – ქვემოთ ალან პიზის რეკომენდაციებს გაგაცნობთ:
- უპირველეს ყოვლისა, დაიხსომეთ, რომ თუ ადამიანის ნდობის მოპოვება გსურთ, საუბრისას დროის 70%-ის განმავლობაში თვალებით კონტაქტი უპირობო მოთხოვნაა. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას თვალების ვერტიკალურად მოძრაობას ერიდეთ. მზერა უმეტესად ჰორიზონტალური მიმართულებით უნდა გადაადგილდებოდეს.
- ხშირად ამბობენ, თუ თანამოსაუბრის იმიტირებას ეცდებით, მაგალითად, მასავით დაეყრდობით სავარძლის ზურგს, შეეხებით წარბს ან იმავე პოზას აირჩევთ, რომელშიც პირისპირ მჯდომი თავს კომფორტულად გრძნობს, მის ნდობას იოლად დაიმსახურებთო. ეს საკმაოდ სარისკო ხერხია. თუ სათანადოდ არ ბრძანდებით დახელოვნებული, შესაძლოა თანამოსაუბრის გაღიზიანებაც კი გამოიწვიოთ. იმიტირება ნდობის მოპოვების ეფექტური გზაა, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია ზომიერება. გაიმეორეთ თანამოსაუბრის მოძრაობები, ოღონდ ამას ისე ნუ გააკეთებთ, თითქოს სარკეში ირეკლავდეთ.
- არავერბალური ინფორმაციის საუკეთესო რუპორი ხელებია. მკერდის ან სახის სიმაღლეზე ხელების ვერტიკალური მოძრაობა უარყოფის, მიუღებლობის ნიშანია.
- თუ ხელები ერთიმეორესაა გადაჭდობილი ან ეხება ჩანთას, საყელოს, ჭიქას, თითქოს ბარიერის მიღმა იმალება – სიცრუის, თავდაცვისა და უარყოფის ტიპურ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე.
- როცა მოსაუბრეს ხელი ტუჩებთან მიაქვს ან ყურს ეხება – ცდილობს, სიმართლე დამალოს. თუმცა ეს ჟესტი შესაძლოა მორცხვობის ნიშანიც იყოს.
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნიკაპზე ხელის დადება ორჭოფობის მანიშნებელია.
ბევრ ფსიქოლოგს დღემდე მიაჩნია, რომ თუ ადამიანს ხელები ზურგს უკან უწყვია, ის სიმართლის დამალვას ცდილობს. ალან პიზი ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს და ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ თავდაჯერებული, გავლენიანი ადამიანის პოზაა. გავლენიანი ადამიანების საყვარელი კიდევ ერთი პოზაა მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობა, თითების ერთმანეთზე გადაჭდობა და ცერა თითების ტრიალი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს პოზა თანამოსაუბრეზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ გამოგადგებათ, ის მხოლოდ თქვენს თავდაჯერებას, ძალაუფლების შეგრძნებას უსვამს ხაზს.
თუ გსურთ, თანამოსაუბრეზე დადებითი გავლენა მოახდინოთ, წელში გაიმართეთ, ოღონდ არ გაიბღინძოთ. თავი ოდნავ ასწიეთ, ოღონდ ისე არა, რომ თანამოსაუბრეს მოეჩვენოს, თითქოს მას ზემოდან დაჰყურებთ, ხელები თავისუფლად გეჭიროთ, მაგრამ სულ ჩამოშვებული ნუ გექნებათ – ეს ხელჩაქნეული, დანებებული და ბედს დამორჩილებული ადამიანის პოზაა. თანამოსაუბრეს თვალებში შეხედეთ და აუცილებლად გაუღიმეთ.
ღიმილს საოცარი ძალა აქვს. ღიმილის ხელოვნებას, სასურველია, ფლობდნენ არა მხოლოდ მსახიობები, არამედ პოლიტიკოსები, მარკეტინგისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებიც. ეს მათ მუშაობას გაუადვილებს.
ღიმილი ის ფენომენია, რომელიც ძნელად ეგუება სიყალბეს. ნამდვილი ძალა გულწრფელ ღიმილს აქვს. მხოლოდ თვალებით ან მხოლოდ ტუჩებით გაღიმება არა კეთილგანწყობის, არამედ სარკაზმისა და ირონიის გამოხატულებაა.
ალან პიზმა ფსიქონევროლოგ ბენ ავეჰიუსთან ერთად შეისწავლა მოღიმარი სახის დანახვისას ადამიანის ტვინში უჯრედულ დონეზე მიმდინარე რეაქციები. აღმოჩნდა, რომ ამ დროს შუა ტვინის ზემოთ მდებარე ბირთვში იმპულსების აქტიურობა შეინიშნება, რაც დოპამინის გამომუშავებას უწყობს ხელს, დოპამინი კი, თავის მხრივ, გააქტიურებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, ყურადღების კონცენტრირებას, პროლაქტინის მომატებასა და განწყობის ამაღლებას იწვევს. ეს ყველაფერი კეთილგანწყობის მოპოვების პირდაპირი გზაა.
გახსოვდეთ, ღიმილის დროს მთელი სახე უნდა ბრწყინავდეს! საფირმო ღიმილი სარკის წინ დაამუშავეთ. ის არა მხოლოდ მუშაობისას, არამედ საზოგადოდად დაგეხმარებათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში.
თუ გსურთ, ადამიანს თქვენი უპირატესობა აგრძნობინოთ, ხელის ჩამორთმევისას თქვენი ხელისგული ქვემოთ უნდა იყოს მიმართული – ეს ძალაუფლების დემონსტრირებას ნიშნავს. თუ ხელისგული ზემოთ იყურება, ეს მორჩილების, მოკრძალების, პატივისცემის ნიშანია. ასე რომ, თუ საქმიან შეხვედრაზე ბრძანდებით ან მოლაპარაკების მაგიდას უზიხართ და იცით, რომ წინ მწვავე კამათი გელით, უმჯობესია, ხელები მაგიდაზე ხელისგულებით ქვემოთ გეწყოთ, ხოლო თუ ქალის გულის მოგებას ცდილობთ, გამარჯვების შანსი მხოლოდ მაშინ გექნებათ, თუ მისდამი მოწიწებას გამოხატავთ და აჩვენებთ, რომ აღიარებთ მის უპირატესობას.
ალან პიზი ამტკიცებს, რომ მამაკაცისთვის საინტერესოა ის ქალი, რომელიც მის უპირატესობას თავიდანვე არ აღიარებს. მამაკაცისთვის მონადირის ინსტინქტი ბიოლოგიური კოდია, ამიტომ თუ ქალს მისი მოხიბვლა სურს, თითოეული ჟესტითა და მიმიკით დამოუკიდებლობა და თავდაჯერება უნდა გამოხატოს.
არავერბალური ენის შესწავლა გრძელდება. ეს ერთ-ერთი ის ფენომენია, რომელიც ბოლომდე ჯერაც არ ამოუხსნიათ, თუმცა ალან პიზი ამტკიცებს, რომ ადამიანის ინსტინქტი, არაცნობიერი ინფორმაცია გაცილებით მრავლისმეტყველია, ვიდრე ნებისმიერი ვერბალური ენა.
თამარ ციბალაშვილი