ძლიერი მშობლები და ძლიერი შვილები

გააზიარე:

ზოგჯერ მშობლები გაოცებით და, ცოტა არ იყოს, სიამაყითაც კი აცნობიერებენ, რომ მათი ძნელად აღსაზრდელი შვილი ძალიან ჰგავს თავად მათ.

როდესაც პატარა ჯიუტად იცავს საკუთარ აზრს, არ ნებდება, კითხვებს სვამს და ცდილობს, ყველაფერი თავისებურად აკეთოს, ბევრ მშობელს უნებურად ერთი და იგივე აზრი უჩნდება:

“მის ასაკში მეც ხომ ზუსტად ასეთი ვიყავი!”

ძლიერი ხასიათის მქონე ბავშვები ხშირად დამოუკიდებლები, პრინციპულები, მიზანდასახულები და ძალიან ემოციურები არიან. ისინი არ ჩერდებიან პირველივე დაბრკოლებასთან, იცავენ საკუთარ პოზიციას და იშვიათად ემორჩილებიან უფროსს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უთხრეს.

ეს თვისებები ბავშვის აღზრდას დამქანცველ პროცესად აქცევს, მაგრამ მომავალში იგივე თვისებები დაედება საფუძვლად თავდაჯერებას, ლიდერობისა და საკუთარი უფლებების დაცვის უნარს.

პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც ძლიერი ხასიათის ბავშვს ასეთივე ძლიერი ხასიათის მშობელი ჰყავს.

მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა

ყველა კონფლიქტი ცუდი აღზრდის შედეგი არ არის. ყოველთვის არც ბავშვის უსაქციელობაა დამნაშავე და არც მშობლის შეცდომები. ნამდვილი მიზეზი შესაძლოა ტემპერამენტი იყოს.

ტემპერამენტი ადამიანის ბუნებრივი თავისებურებაა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ რეაგირებს ის გარემოზე, როგორ ეგუება ცვლილებებს და როგორ გამოხატავს ემოციებს.

ზოგი ბავშვი ბუნებით უფრო მშვიდი და მოქნილია, ზოგი კი ენერგიული, მგრძნობიარე და უკიდურესად მიზანდასახული.

როდესაც მშობელსა და შვილს ერთნაირი ტემპერამენტი აქვთ, კონფლიქტიც უფრო ხშირია. ორივეს სურს, მოუსმინონ, ორივეს საკუთარი აზრი აქვს, ორივეს უჭირს ემოციების მართვა და შედეგად ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხმაც კი შეიძლება სახლი ნამდვილ ბრძოლის ველად აქციოს:

— ჩაიცვი!

— არ მინდა!

— ახლავე უნდა გავიდეთ!

— არა!

და რამდენიმე წუთში ორივე მხარე უკვე გაბრაზებული, დაღლილი და იმედგაცრუებულია.

საინტერესოა, რომ მშობლებს ყველაზე მეტად შვილების სწორედ ის თვისებები აღიზიანებთ, რომლებსაც საკუთარ თავში აფასებენ. ჯიუტი დედა ჯიუტ შვილზე ბრაზობს, პრინციპულ მამას შვილის პრინციპულობა აკარგვინებს წონასწორობას.

საქმე ის არის, რომ შვილებში ისინი საკუთარ ანარეკლს ხედავენ.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა სინამდვილეში კონტროლის სურვილია

ყოველდღიური კონფლიქტების უმეტესობა არც სათამაშოებს ეხება, არც ჩაცმას და არც დროულად დაწოლას. კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი, ერთი მხრივ, დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ კი კონტროლის სურვილია.

ბავშვებს სურთ, იგრძნონ, რომ რაღაცების გადაწყვეტა თავადაც შეუძლიათ. სურთ არჩევანის გაკეთება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და იმის დამტკიცება, რომ იზრდებიან. მშობლები კი ცდილობენ, შეინარჩუნონ წესრიგი და ოჯახის ყოველდღიური რიტმი.

როდესაც არცერთი მხარე არ თმობს, იწყება ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მაგრამ მშობლობის მიზანი ყველა კამათის მოგება არ არის. ბავშვებს არ სჭირდებათ მშობლები, რომლებიც ყოველთვის იმარჯვებენ; მათ სჭირდებათ უფროსები, რომლებიც ლიდერობას ახერხებენ ისე, რომ ურთიერთობა არ დაზიანდეს.

დისციპლინა ბავშვის ტემპერამენტს უნდა მოერგოს

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ თუ აღზრდის რომელიმე მეთოდი ერთ შვილთან ჭრის, აუცილებლად გაჭრის სხვებთანაც. სინამდვილეში აქ უდიდეს როლს ასრულებს ტემპერამენტი.

ძლიერი ხასიათის მქონე ბავშვები განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ მუდმივ კრიტიკაზე, ბრძანებებსა და მითითებებზე, და რაც უფრო მეტად ეცდებით, აკონტროლოთ, მით უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაგიწევენ.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ საზღვრები არ სჭირდებათ. პირიქით, ძლიერი ხასიათის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია მკაფიო წესები. მთავარია, როგორ ავუხსნით ამ წესებს.

მაგალითად, შეცდომაა: “ეს იმიტომ უნდა გააკეთო, რომ მე ასე მიმაჩნია საჭიროდ!”

სწორია: “ეს აუცილებლად გასაკეთებელია. შენ რა გზით გირჩევნია ამის გაკეთება?”

ასეთი მიდგომა ბავშვს არჩევანს უტოვებს, ხოლო მშობელს — საზღვრების შენარჩუნების საშუალებას.

ზოგჯერ ბრძოლა საერთოდ არ ღირს

ზოგჯერ სიმშვიდის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სიმართლის დამტკიცება. უმჯობესია, ენერგია შემოვინახოთ იმ საკითხებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებას, ურთიერთპატივისცემას, სიკეთეს და მთავარ ოჯახურ ღირებულებებს ეხება.

ტანსაცმლის არჩევანი თუ დავალებების შესრულების თანმიმდევრობა კომპრომისისთვის საკმაო სივრცეს ტოვებს.

ემოციების მართვა საკუთარ თავზე მუშაობით იწყება

ბავშვები ემოციების მართვას უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. როდესაც მშობელი ხმას არ უწევს და არ ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც მოგვიანებით ინანებს, ის შვილს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს უტარებს.

სიმშვიდე სისუსტე არ არის. ის იმის მაგალითია, რომ კონფლიქტი საფრთხეს არ უქმნის სიყვარულსა და სიახლოვეს.

ურთიერთობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებთან შეთანხმება უფრო ადვილია, როდესაც ისინი თქვენთან ემოციურ კავშირს გრძნობენ. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩაეხუტეთ შვილს, ერთად ისეირნეთ, ერთად იცინეთ, წაუკითხეთ ზღაპარი, აგრძნობინეთ, რომ უთანხმოება ნორმალურია, სიყვარული კი უცვლელი.

ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ სიყვარულს მხოლოდ მაშინ იმსახურებს, როდესაც მშვიდი და დამყოლია.

ის, რაც დღეს გაღიზიანებთ, ხვალ შესაძლოა მის ყველაზე დიდ ძალად იქცეს

ძლიერი ხასიათის მქონე ბავშვების მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი შვილი ზედმეტად ჯიუტი, ზედმეტად მგრძნობიარე ან ზედმეტად პრინციპულია, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ეს თვისებები იქცეს მომავალში მის ძლიერ მხარედ.

ბავშვი, რომელიც კამათობს, შესაძლოა გაიზარდოს ადამიანად, რომელიც უსამართლობის პირისპირ არასოდეს გაჩუმდება. ბავშვი, რომელიც ბრმად არ მიჰყვება სხვებს, შესაძლოა, დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ბავშვი, რომელიც ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს, შესაძლოა, მომავალში დიდი მოაზროვნე ან ხელოვანი გახდეს.

ძლიერი ხასიათი პრობლემა არ არის. მას მხოლოდ მოთმინება, გაგება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება.

ძლიერი ხასიათის მქონე მშობლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ იმის გააზრებაა, რომ მშობლობა გამარჯვებას არ გულისხმობს. ზოგჯერ საკმარისია, შეწყვიტოთ ბრძოლა და გაიხსენოთ, რომ თქვენ და თქვენი შვილი ერთი გუნდი ხართ.

და ერთ დღესაც, როდესაც თქვენი თავდაჯერებული, პრინციპული და მიზანდასახული შვილი თქვენს წინაშე წარდგება, შესაძლოა, ღიმილით გაიფიქროთ, რომ ეს სიჯიუტე, რომელიც მემკვიდრეობით ერგო თქვენგან, სინამდვილეში არა სისუსტე, არამედ დიდი ძალაა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: