ეკრანთან გატარებული დრო
გააზიარე:
დადგენილია, რომ ბავშვი სამყაროსთან ინტერაქციის მეშვეობით ვითარდება. მას სჭირდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა სირბილი, ხტუნვა, ცოცვა, საქანელაზე ქანაობა, ხატვა და როლური თამაშები.
ამ და სხვა მიზეზების გამო ამერიკის პედიატრთა ასოციაცია (AAP) მშობლებს მოუწოდებს, მინიმუმამდე დაიყვანონ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო. მშობლების უმეტესობა ალბათ თვითონაც ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი შვილების განვითარებისთვის, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში, დამეთანხმებით, ძნელია, ბავშვი ტელევიზორის, კომპიუტერის, პლანშეტის ფერად ეკრანს მოსწყვიტო. მით უმეტეს, ჩვენც, მშობლებიც, უამრავ დროს ვატარებთ ეკრანთან, ვმუშაობთ ან უბრალოდ ვერთობით.
გაგაცნობთ სპეციალისტთა რჩევებს იმის თაობაზე, როგორ გახადოთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო რაც შეიძლება ნაყოფიერი და ინტერნეტის მოხმარების უსაფრთხოებაზეც გესაუბრებით.
სად გადის ზღვარი?
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები დღე-ღამეში ეკრანთან 1 საათზე მეტს არ უნდა ატარებდნენ. გამონაკლისია მეგობრებთან ან ნათესავებთან ვიდეოზარის მეშვეობით ურთიერთობა, რადგან ეს შეგვიძლია ნაყოფიერად გატარებულ დროდ ჩავთვალოთ.
ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო შეგვიძლია ნაყოფიერ და უნაყოფო მონაკვეთებად დავყოთ. ნაყოფიერად გატარებულია დრო, როდესაც ბავშვი, მაგალითად, შემეცნებით ფილმს უყურებს ან განმავითარებელ თამაშს თამაშობს.
როდესაც სახლში ტელევიზორი მუდმივად ჩართულია, თუნდაც არავინ უყურებდეს, და ბავშვს თამაშისა თუ მეცადინეობის დროს თვალი მისკენ გაურბის ან როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში უზის ვიდეოთამაშს, ეკრანთან გატარებული ეს დრო, ალბათ მიხვდით, ნაყოფიერად ვერ ჩაითვლება.
ეცადეთ, ეკრანი იმისთვის გამოიყენოთ, რომ ბავშვმა რამე ახალი შეიმეცნოს ან ურთიერთობა იქონიოს შორს მყოფ ნათესავებთან. ნუ მიუსვამთ ეკრანს მხოლოდ იმისთვის, რომ წყნარად იყოს და საქმიანობაში ხელი არ შეგიშალოთ.
სასარგებლო რჩევები
* მიეცით მაგალითი. თუ ბავშვი გამუდმებით მობილურით ხელში გხედავთ, გასაკვირი არ იქნება, მასაც იმავეს გაკეთება მოუნდეს.
* დააწესეთ ლიმიტი, რომელსაც გამონაკლისი შემთხვევების გარდა არ გადაუხვევთ.
* ესაუბრეთ ბავშვს, აუხსენით, რა საჭიროა შეზღუდვის დაწესება.
* ფილმის ყურებისას ეცადეთ, მის გვერდით იყოთ. დროდადრო ჩაერთეთ და დაუსვით კითხვები, რათა უკეთ გაიგოს ნანახის შინაარსი, მიხვდეს, რა აზრი დევს ამა თუ იმ სცენაში, რას გვასწავლის ესა თუ ის პერსონაჟი.
* ნუ უგულებელყოფთ მის კითხვებს, თუნდაც სრულიად უაზროს. ეცადეთ, ასაკისთვის შესაფერისი პასუხი გასცეთ.
* თავად შეამოწმეთ ყველა თამაში თუ აპლიკაცია, რომელსაც ბავშვი იყენებს, რათა შემთხვევით ასაკისთვის შეუფერებელი სცენა არ ნახოს.
* რა მოუცლელიც არ უნდა იყოთ, დაგეგმეთ ბავშვის დღე ისე, რომ ბევრი დრო გაატაროს ეკრანის გარეშე. ხშირად ბავშვებს ბიძგი სჭირდებათ, რომ რამე აქტივობას მოჰკიდონ ხელი. თუ უბრალოდ მიუთითებთ, თავის ოთახში შევიდეს და ითამაშოს, შესაძლოა, ორ წუთში ისევ მოგაკითხოთ, გითხრათ, რომ თამაში არ უნდა, რადგან ვერ მოუფიქრებია, რომელი სათამაშო აიღოს და რა ითამაშოს, მაგრამ თუ ოთახში შეჰყვებით, კონკრეტულ სათამაშოებს გადმოულაგებთ და მასთან ერთად წამოიწყებთ თამაშს, დიდი ალბათობით, თქვენი ოთახიდან გასვლის შემდეგაც სიამოვნებით განაგრძობს.
* ნუ დააწყობთ ტელეფონს, პლანშეტს და სხვა სმარტ მოწყობილობებს ბავშვის თვალთახედვის არეში, რომ უნებურად თვალში არ მოხვდეს და თამაში არ მოანდომოს.
ინტერნეტუსაფრთხოება
ახლა – რაც შეეხება უშუალოდ ინტერნეტთან ბავშვის ინტერაქციას. 21-ე საუკუნეში ხუთი წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია, ტელეფონში გადმოიწეროს სასურველი თამაში და დამოუკიდებლად გაერკვიოს მის წესებში. საუკეთესო შემთხვევაში მშობლებმა სახლში არსებულ ყველა ელექტრომოწყობილობაზე უნდა დაბლოკონ გვერდები, საიდანაც ძალადობის შემცველი კონტენტის გადმოწერა შეიძლება (რა თქმა უნდა, მათი რეკლამაც). ასე დაზღვეული იქნებით, რომ ბავშვი არათუ არ გადმოიწერს, არამედ ინტერნეტში ძებნისას ვერც კი წააწყდება ასეთ თამაშებსა და ვიდეოებს.
თუ ამის საშუალება არ გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია, თავად შეამოწმოთ ყველა ის აპლიკაცია, ვიდეო თუ თამაში, რომლითაც ბავშვი სარგებლობს. თქვენ უკეთ მიხვდებით, რამდენად მისაღებია თქვენი შვილის ფსიქიკისთვის ესა თუ ის გასართობი.
თუ თინეიჯერის მშობელი ხართ, ბუნებრივია, ვერ ასცდებით იმას, რომ ბავშვს საკუთარი სმარტფონი ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტის სახიფათო მხარე მთელმა მსოფლიომ აღიარა, შეიქმნა არაერთი ფასიანი თუ უფასო პროგრამა მშობლებისთვის – საკუთარ და შვილის სმარტფონზე მათი ჩაწერით და ამოქმედებით მის ინტერნეტაქტივობას გააკონტროლებთ. აპლიკაციები საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ, რა დონეზე გსურთ მეორე ტელეფონის კონტროლი – მხოლოდ ინტერნეტაქტივობის თუ, მაგალითად, მესიჯებისაც. შეგიძლიათ, თავად გაავლოთ ზღვარი და თავადვე გადაწყვიტოთ, უთხრათ თუ არა შვილს ამის შესახებ, თუმცა თავს უფლებას მივცემთ და გირჩევთ, ბავშვი არ მოატყუოთ – თუ გაიგო, რომ ფარულად უთვალთვალებდით, ძალიან ეტკინება გული, ნდობაში გაჩენილი ბზარის ამოვსება კი ძნელია.
საბოლოო ჯამში, არც ერთი აპლიკაცია არ იძლევა ინტერნეტსაფრთხისგან დაცვის ასპროცენტიან გარანტიას, ამიტომ საჭიროა, ბავშვს ასწავლოთ, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ინტერნეტსივრცეში.
თუ ის იმ ასაკისაა, რომ ჰქონდეს საკუთარი ანგარიში სოციალური მედიაში, მაშინ სერიოზულად უნდა ესაუბროთ ინტერნეტბულინგის შესახებ, დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი უხამსი, არასასიამოვნო შეტყობინების შემთხვევაში, აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ბავშვი უნდა გვენდობოდეს, არ უნდა რცხვენოდეს და არ უნდა ეშინოდეს ჩვენთვის რამის განდობის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ მშვიდად.
ტერმინოლოგია
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ნებისმიერ თამაშს თუ ფილმს აქვს პატარა წარწერა – მითითება, რა ასაკის მომხმარებელზეა ის გათვლილი. ტელეგადაცემებსაც აქვს ასეთი ზღვარი:
* TV-Y – მისაღებია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის
* TV – Y7 – მისაღებია ბავშვებისთვის 7 წლიდან (იგულისხმება, რომ ამ ასაკის ბავშვი რეალობას გამონაგონისგან ასხვავებს)
* TV-Y7-FV – შეიცავს ოდნავ მეტ გამოგონილ, ხშირად სასაცილო ძალადობის სცენებს, ვიდრე ზედა აბრევიატურით მონიშნული გადაცემები
*TV-G – განკუთვნილია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, არ შეიცავს ძალადობას, უხამს დიალოგებს, ინტიმურ სცენებს.
* TV-PG – PG აბრევიატურას ხშირად შეხვდებით. ის იშიფრება, როგორც Parental guidance suggested – "საჭიროა უფროსის მეთვალყურეობა". შესაძლოა, შეიცავდეს ბავშვისთვის მიუღებელ სცენებს საშუალო დონის ძალადობას (Violence), რამდენიმე მსუბუქად ინტიმურ სიტუაციას (Sexual Situation) და`ან უხამს დიალოგს (Strong Language).
* TV-14 – მკაცრი გაფრთხილება მშობლებს – არ არის რეკომენდებული 14 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის. შეიცავს ინტენსიური ძალადობის სცენას (V), ინტენსიურ ინტიმურ სიტუაციას (S) და`ან უხამს დიალოგს (L).
* TV-MA – განკუთვნილია უფროსებისთვის და არ არის მისაღები 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. შეიცავს: ინტენსიურ ძალადობას (V), ინტენსიურ ინტიმურ სცენას (S) და`ან უხამს დიალოგს (L).
ვიდეოთამაშების უსაფრთხოება
* C – (for Early Childhood) – განკუთვნილია მცირე ასაკის ბავშვებისთვის
* E – (for Everyone) – განკუთვნილია ყველა ასაკის ბავშვისთვის
* E-10+ – (for Everyone 10+) – განკუთვნილია ბავშვებისთვის 10 წლიდან
* T – (for Teen) – განკუთვნილია თინეიჯერებისთვის (13 წლიდან)
* M – (for Mature) – განკუთვნილია მოზარდებისთვის 17 წლიდან
* A – (for Adult Only) – განკუთვნილია ზრდასრული ადამიანებისთვის (18 წლიდან )
ლიკა ქათამაძე