პიროვნული საზღვრები: რა არის და როგორ დავიცვათ

გააზიარე:

ფსიქოლოგიაში საზღვრების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ბევრისთვის ბუნდოვანია თავად პიროვნული საზღვრების ცნება: რა არის პირადი საზღვარი, სად გადის ის, როგორ მივხვდეთ, რომ მის დარღვევას ცდილობენ ან როდის ვაგებთ ზედმეტად ხისტ ბარიერებს? რაც მთავარია, როგორ ვისწავლოთ საკუთარი სივრცის დაცვა და უკვე დარღვეული საზღვრების აღდგენა?

ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფსიქოლოგი, სომატური ფსიქოთერაპევტი ლიკა ცაავა გვესაუბრება:

- ფსიქოლოგიაში პიროვნული საზღვრების ცნება მოიცავს ფსიქოლოგიურ, ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ ასპექტებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი, საჭიროებები, სურვილები და ღირებულებები სხვისი საჭიროებების, სურვილებისა და ღირებულებებისგან განასხვაოს. მარტივად რომ ვთქვათ, პირადი საზღვარი გამოხატულებაა იმისა, რა არის ჩვენთვის მისაღები ურთიერთობაში და რა - მიუღებელი. იგი პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას: სად მთავრდება ჩემი "მე" და იწყება სხვა?

ეს ფენომენი რამდენიმე ძირითად დონეს აერთიანებს:

* ფიზიკური საზღვრები გულისხმობს ჩვენს პირად სივრცეს, სხეულის ხელშეუხებლობას და დამოკიდებულებას ფიზიკური კონტაქტის მიმართ.

* ემოციური საზღვრები არის საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამიჯვნა სხვა ადამიანის გრძნობებისა და ემოციებისგან.

* სოციალური საზღვრები აჩვენებს, რა ინტენსივობით, სიახლოვითა და ფორმით გვსურს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა.

* ინტელექტუალური საზღვრები გულისხმობს საკუთარი და სხვისი შეხედულებების, აზრების, რწმენა-წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების პატივისცემას.

საზღვრების ფორმირება

- პიროვნული საზღვრების ჩამოყალიბება სიცოცხლის პირველივე წლებიდან იწყება. ფსიქოლოგიაში ჩატარებულმა კვლევებმა (მაგალითად, ცნობილმა სარკის ექსპერიმენტმა, როცა პატარებს სახეზე შეუმჩნევლად უსვამდნენ საღებავს) აჩვენა, რომ წლინახევრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი უკვე აცნობიერებს საკუთარ თავსა და ინდივიდუალობას - მას ლაქის მოსაშორებლად ხელი თავისი სახისკენ მიაქვს და არა სარკისკენ.

ორი-სამი წლიდან ბავშვები იწყებენ საკუთარი ნების გამოხატვას, "არას" თქმას და დამოუკიდებლად მოქმედებას. ფსიქოლოგიაში ამას სეპარაცია-ინდივიდუაციის პროცესი ეწოდება: ბავშვი თანდათანობით გამოეყოფა დედასთან სიმბიოტურ (შერწყმულ) ერთობას.

ამ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და ემოციურად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, რათა ბავშვმა განივითაროს თავისი ავთენტური "მე" და არ ეშინოდეს, რომ პროტესტის ან განსხვავებული აზრის გამო მშობლის სიყვარულსა და მიმღებლობას დაკარგავს.

ჯანსაღ ვითარებაში ბავშვის გრძნობები აღიარებულია - ოჯახი პატივს სცემს მის "კის" და "არას", რის შედეგადაც ბავშვი სწავლობს მთავარს: შესაძლებელია, იყო სხვა ადამიანებთან ახლოს და, იმავდროულად, შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა. მშობლის მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის: იპოვოს ბალანსი სიახლოვესა და ავტონომიას შორის; მისცეს შვილს გაბრაზების, პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ, ამავე დროს, მკაფიო, თანმიმდევრული ჩარჩოები დაუწესოს.

დისფუნქციურ გარემოში პროცესი ზიანდება:

  • როცა ოჯახში კონფლიქტებია, ბავშვი სწავლობს, რომ მისი სურვილები ნაკლებად მნიშვნელოვანია.
  • როცა მშობელი ჰიპერმზრუნველია და ერთგვარად "ერწყმის" შვილს, ბავშვს უჭირს საკუთარი ემოციების გამიჯვნა მშობლის ემოციებისგან (რაც ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვება).
  • როცა ხდება ბავშვის უგულებელყოფა, მას საერთოდ არ უყალიბდება შინაგანი პირადი საზღვრებისა და საბაზისო უსაფრთხოების განცდა.
  • თუ გარემო არაპროგნოზირებადია და ბავშვს მუდმივად ადაპტაციისა და "გადარჩენისთვის" უწევს ზრუნვა, მომავალში მას ძალიან გაუჭირდება საკუთარი რეალური მოთხოვნილებების ამოცნობა.

ჯანსაღი და არაჯანსაღი საზღვრები

- საზღვრები ჯანსაღია, როდესაც ადამიანს შეუძლია, შეინარჩუნოს საკუთარი "მე" და, იმავდროულად, სხვებთანაც თბილი, ახლო ურთიერთობა ჰქონდეს. ასეთი საზღვრები არც ზედმეტად ჩაკეტილია და არც ზედმეტად ღია - ისინი მოქნილია და ვითარების მიხედვით იცვლება.

ჯანსაღი საზღვრების მქონე ადამიანს შეუძლია, თავისუფლად გამოხატოს თავისი გრძნობები თუ აზრები, თქვას "კი" და "არა" დანაშაულის განცდის გარეშე. მან იცის საკუთარი თავის ფასი და იცავს თავის ინტერესებს, თუმცა სხვის აზრსაც პატივს სცემს. ასეთ ადამიანს თანაბრად შეუძლია დახმარების მიღებაც და სხვისთვის ხელის გაწოდებაც.

როდესაც საზღვრები დარღვეულია, უმეტესად ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე:

* სუსტი საზღვრები - ამ დროს ადამიანს უჭირს საკუთარი სურვილების სხვისი სურვილებისგან გამიჯვნა. ის თითქოს სხვის ცხოვრებასთან არის შერწყმული: ზედმეტად ცდილობს, მოერგოს გარშემო მყოფთა მოთხოვნებს, უჭირს უარის თქმა და საკუთარ თავს ყოველთვის უკანასკნელ ადგილზე აყენებს; გამუდმებით სხვისი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, საკუთარ თავზე იღებს სხვის პასუხისმგებლობას და მეტისმეტად არის დამოკიდებული სხვის შეფასებაზე. ამ ნიადაგზე ფორმირდება თანადამოკიდებული ურთიერთობები.

* ხისტი, ჩაკეტილი საზღვრები - ეს მეორე უკიდურესობაა. ამ დროს ადამიანის გარშემო იმდენად სქელი კედელია, რომ მას სხვებთან ემოციური კავშირის დამყარება უჭირს. ის დისტანციას იკავებს, ეშინია სიახლოვისა და ნდობის, იხშობს გრძნობებს და ყველაფრის მარტო გაკეთებას ცდილობს, რადგან დახმარების თხოვნა სისუსტედ მიაჩნია. გარედან ასეთი ადამიანი შესაძლოა ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ თავდაცვის მექანიზმია.

- სადამდე მიჰყავს ადამიანი მისი საზღვრების ქრონიკულ დარღვევას?

- როდესაც ადამიანის პიროვნული საზღვრები წლების განმავლობაში ირღვევა, ეს აისახება:

* სხეულზე - ჩნდება მუდმივი შინაგანი დაძაბულობა, ქრონიკული დაღლილობა, კუნთების დაჭიმულობა და სხვადასხვა ფსიქოსომატური სიმპტომი.

* ემოციებზე - ადამიანი ან სრულიად იკეტება საკუთარ თავში და უჭირს განცდების გამოხატვა, ან, პირიქით, ახასიათებს ემოციების მოზღვავება, ე.წ. ემოციური ქარშხალი. ჯანსაღი საზღვრები სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ შევძლოთ ჩვენი განცდების შიგნით დატევა, გადამუშავება და მართვა. როცა ადამიანი ამას ვერ ახერხებს, ის მუდმივად განიცდის ბრაზს, გაღიზიანებას, შფოთვას, სირცხვილს, აქვს დაბალი თვითშეფასება.

* ურთიერთობებზე - ჯანსაღი საზღვრების უქონლობა იწვევს ან ადამიანებისგან სრულ იზოლაციას, ან პირიქით: როცა ადამიანს თავად არ აქვს საკუთარი საზღვრების განცდა, ის ვერც სხვისას ამჩნევს და უნებლიეთ თვითონაც არღვევს სხვის პირად სივრცეს, ეს კი მუდმივ კონფლიქტებსა და ტოქსიკურ ურთიერთობებს წარმოშობს.

მიზეზები

- საზღვრების დაცვის უუნარობის მიზეზი ბავშვობაშია საძიებელი?

- უმეტესად - კი. საზღვრების დაცვა არ არის თანდაყოლილი უნარი, ის ბავშვობაში ვითარდება, თუმცა ხშირად ზრდასრულ ასაკშიც ვერ ვახერხებთ საკუთარი საზღვრების ამოცნობას და დაცვას. ამის უკან უმთავრესად რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი დგას:

• მიტოვებისა და უარყოფის შიში. ბევრი ზრდასრული ერიდება საზღვრების გავლებას, რადგან ქვეცნობიერად ეშინია, რომ ამის გამო მიატოვებენ. აქედან იღებს სათავეს "კარგი გოგოს" / "კარგი ბიჭის" სინდრომი, როცა ადამიანს სჯერა, რომ სიყვარულს მხოლოდ მაშინ იმსახურებს, როცა ბოლომდე ამართლებს სხვის მოლოდინს. მას ჰგონია, რომ თავისი საჭიროებების გამოხატვა მარტოობამდე მიიყვანს.

* ტრავმული გამოცდილება და კონფლიქტის შიში. წარსულში გადატანილი ტრავმების გამო ადამიანს ხშირად უჩნდება მიდრეკილება, უთქმელად გამოიცნოს სხვების სურვილები და მოერგოს მათ, ჩაიხშოს ემოციები და ნებისმიერი გზით აირიდოს კონფლიქტი. ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ასეთი ქცევა მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ის ძლიერ ბარიერად იქცევა.

* დაბალი თვითშეფასება. როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარი ფასეულობის განცდა, უჭირს დაიჯეროს, რომ მისი უფლებები და სურვილები სხვისი უფლებებისა და სურვილების თანასწორია.

* კულტურული და სოციალური გავლენა. ჩვენს სოციუმში დამკვიდრებული სტერეოტიპები გადაჭარბებულ თავგანწირვას, სხვისი სურვილების უპირობო შესრულებას და საკუთარი ინტერესების დათმობას კარგ ტონად მიიჩნევს.

თვითდიაგნოსტიკა

- როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს საზღვრებს არღვევენ?

- საზღვრების დარღვევა ხშირად გაუცნობიერებელი პროცესია - ადამიანი ვერც კი ხვდება, რა ხდება მის ცხოვრებაში არასწორად. ასეთ დროს ერთადერთი უტყუარი ინსტრუმენტი, რომელიც გვაფრთხილებს, ჩვენი სხეული და მისი სიგნალებია.

როცა ადამიანი გრძნობს შინაგან დისკომფორტს, აუცილებლად უნდა დააკვირდეს სხეულებრივ რეაქციებს. ხშირად ხდება, რომ გონებით რაღაცას ვეთანხმებით, მაგრამ სხეული ამას აპროტესტებს. ეს შეიძლება გამოიხატოს მუდმივი დაძაბულობით, შფოთვით, ენერგიის დაკარგვით, ემოციური გადატვირთვით და ისეთი ფიზიკური რეაქციებითაც კი, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება ან სპაზმი. სხეული მიგვანიშნებს, რომ მიმდინარე პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ავთენტურ "მესთან", რასაც მოცემულ მომენტში შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდეთ.

რაც შეეხება ჩვენს ემოციურ "მცველებს", აქ უმნიშვნელოვანესია სამი ძირითადი სიგნალის ამოცნობა:

* ბრაზი. ჩვენს კულტურაში ბრაზს ნეგატიურ ემოციად მიიჩნევენ. რეალურად მისი უმთავრესი ფუნქცია ჩვენი პირადი საზღვრების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაა. ბრაზი გვეხმარება, დავიცვათ საკუთარი სივრცე, მოვახდინოთ რეაგირება უსამართლობაზე და გაგვიჩნდეს მოტივაცია ცხოვრებაში რაღაცების შესაცვლელად. სირთულეებს აწყდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ეს ემოცია ბავშვობიდან ჩახშობილი აქვთ. როცა ბრაზს მუდმივად ვმალავთ ან მანამდე ვითმენთ, სანამ აფექტის (აფეთქების) მდგომარეობამდე არ მივალთ, საზღვრის დროული და ეფექტური დაცვის შანსს ვკარგავთ.

* გაღიზიანება. ეს სიგნალი საზღვრის დარღვევის პირველივე სტადიაზე ირთვება. თუ კონკრეტულ ადამიანთან ან კონკრეტულ სიტუაციაში რეგულარულად გრძნობთ გაღიზიანებას, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რა ხდება ახლა? ჩემი რომელი საჭიროება რჩება დაუკმაყოფილებელი და რისი თქმა მიჭირს ამ მომენტში?"

* დანაშაულის გრძნობა. ის, წესისამებრ, მაშინ იღვიძებს, როდესაც ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს საკუთარი საზღვრების დაცვას. გვახსოვდეს: დანაშაულის გრძნობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არასწორად ვიქცევით. ხშირად ეს ბავშვობიდან ნასწავლი მოდელია - რწმენა, რომ ყოველთვის ყველას უნდა ვასიამოვნოთ, ხოლო საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოიზმია. უნდა ვისწავლოთ რეალური დანაშაულის (როცა სხვას შეგნებულად ვაზიანებთ) გარჩევა ნასწავლი დანაშაულისგან, რომლის განცდაც მხოლოდ იმიტომ გვაწუხებს, რომ "არას" თქმა გავბედეთ.

მანიპულაციები

- საზღვრების დარღვევა ყოველთვის პირდაპირი, ღია აგრესიით არ ხდება. უფრო ხშირად ის შეუმჩნეველია, "კეთილი ზრახვებით" არის შეფუთული ან ისეთ სოციალურ ნორმებში ჯდება, რომ ადამიანს უჭირს ამოიცნოს, მის ავტონომიას ემუქრებიან თუ მართლა ზრუნავენ მასზე.

რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ფრაზა ყოველთვის არ არის მანიპულაცია - გააჩნია კონტექსტს, ტონსა და ურთიერთობის ისტორიას, თუმცა არსებობს ტიპური ფარული მანიპულაციები, რომელთა მიზანია:

* დანაშაულის განცდის გაღვივება. მანიპულატორი ცდილობს, ადამიანს ხელოვნურად გაუჩინოს დანაშაულის გრძნობა და ამ გზით მიაღებინოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება: "მე შენ გამო ამდენი რამ გავაკეთე და შენ ერთ თხოვნას არ მისრულებ?“, "ამხელა ამაგი მაქვს შენზე და შენ როგორ მომექეცი?!“, "უარი როგორ მითხარი?!“" - და ა. შ.

* გასლაითინგი - ემოციების გაუფასურება. ეს არის რეალობის იმგვარი დამახინჯება, რომ ადამიანს საკუთარ ადეკვატურობაში ეჭვი შეეპაროს: "რაღაც გეჩვენება", "ზედმეტად ემოციური ხარ“, "ეს ხომ უბრალო ხუმრობა იყო, ყველაფერი გულთან მიგაქვს", - და სხვა.

* მზრუნველობით შეფუთული კონტროლი - ფრაზები, რომლებიც თითქოს მზრუნველობას გამოხატავს, სინამდვილეში კი ადამიანს არჩევანის უფლებას ართმევს. ჯანსაღ ურთიერთობებში მზრუნველობა არ გულისხმობს მუდმივ კონტროლსა და საკუთარი გადაწყვეტილებების სხვისთვის თავს მოხვევას: "ამას შენს სასიკეთოდ გეუბნები“, "მე უკეთესად ვიცი, რა გჭირდება“, "შენს ასაკში მე უკეთესად ვხვდებოდი, როგორ მოვქცეულიყავი“, "უბრალოდ ვზრუნავ შენზე, შენ ჯერ ბევრი რამ არ გესმის".

* დაუფარავი იძულება და ზეწოლა. ეს უკვე საზღვრების დარღვევის უკიდურესი, აგრესიული ფორმაა - პირდაპირი შანტაჟი ან ფსიქოლოგიური ძალადობა: "ასე უნდა მოიქცე და მორჩა“, "არ გაქვს უფლება, სხვანაირად მოიქცე“, "ამდენს ნუ ფიქრობ, უარს მაინც ვერ მეტყვი“.

პროფესიული საზღვრები

- რას გულისხმობს სამუშაო გარემოში საზღვრების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის?

- სამუშაო სივრცეში პიროვნული საზღვრები ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა თანამშრომლის დრო, ენერგია, პროფესიული პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. როდესაც საზღვრები ბუნდოვანი ან დარღვეულია, იმატებს სტრესის დონე, ემოციური გამოფიტვა, პროფესიული უკმაყოფილება. ხშირად საქმე შრომით ექსპლუატაციამდეც კი მიდის.

სამსახურებრივ სფეროში საზღვრების დარღვევა, ჩვეულებრივ, მცირე, თითქოსდა უმნიშვნელო მოვლენებით იწყება, მაგრამ თანდათან სისტემურ ხასიათს იღებს. მთავარი გამაფრთხილებელი სიგნალები, ე.წ. წითელი დროშები, არის:

* არასამუშაო საათებში კომუნიკაცია. უქმე დღეებში, საღამოობით ან შვებულების პერიოდში თანამშრომლის საქმეზე შეწუხება და იმის მოლოდინი, რომ ის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება. ცალკეულ ფორსმაჟორულ შემთხვევებს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს გამონაკლისი უნდა იყოს. როცა ასეთი რამ რეგულარულად ხდება, პირად და პროფესიულ სფეროებს შორის საზღვარი საბოლოოდ იშლება.

* არაანაზღაურებადი დამატებითი მოვალეობები, როდესაც თანამშრომელს აკისრებენ ისეთ საქმეებს, რომლებსაც მისი თანამდებობრივი სტანდარტი არ ითვალისწინებს და მისი პასუხისმგებლობა იზრდება ანაზღაურებისა და სამსახურებრივი პოზიციის ცვლილების გარეშე. ასეთ შემთხვევებში ხშირად გვესმის მანიპულაციური ფრაზები: "ეს ყველაზე უკეთესად შენ გამოგდის", "ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ“ და სხვა. ერთჯერადი მეგობრული დახმარება გასაგები და მისაღებია, მაგრამ თუ "დახმარების“ თხოვნა ტენდენციად იქცა, ეს უკვე საზღვრების უხეში დარღვევაა.

* შიშის ატმოსფერო და "არას" თქმის შეუძლებლობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამშრომელს ეშინია ხელმძღვანელთან საკუთარ პრობლემებზე საუბრის, კითხვების დასმის, განსხვავებული აზრის გამოხატვის, დაღლილობის აღიარების. მას აქვს განცდა, რომ თავისი პოზიციის გამო დაისჯება ან არაპროფესიონალ, "რთულ" კადრად შერაცხავენ.

დაცვის მექანიზმები

- როგორ აღვადგინოთ და დავიცვათ პირადი საზღვრები?

- ზრდასრულ ასაკში დარღვეული საზღვრების აღდგენა სავსებით შესაძლებელია. სანამ უშუალოდ თავდაცვაზე გადავიდოდეთ, გავარკვიოთ, სად გადის ჩვენი საზღვარი. ამისთვის საკუთარ თავს ვკითხოთ:

  • რა არის ჩემთვის მისაღები და რა - მიუღებელი?
  • როგორ სიტუაციებში ვგრძნობ წყენას ან გაღიზიანებას?
  • რას ვეთანხმები მხოლოდ იმიტომ, რომ უარის თქმა მიჭირს?
  • რა მაცლის ენერგიას და სად ვკარგავ საკუთარ თავს ურთიერთობაში?

როდესაც ადამიანი პირველად იწყებს საზღვრების დაცვას, შესაძლოა, დანაშაულის შეგრძნება დაეუფლოს. ამ დროს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ: ეს განცდა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ არასწორად ვიქცევით.

ჯანსაღი საზღვრების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვის ემოციებზე; ჩვენ მხოლოდ ჩვენს გადაწყვეტილებებზე ვაგებთ პასუხს. შესაძლოა, ზედმიწევნით თავაზიანად ვუთხრათ უარი სხვას, მაგრამ ის მაინც უკმაყოფილო დარჩეს. უნდა მივიღოთ, რომ ეს ორი რეალობა თანაარსებობს.

ეფექტური ვერბალური ტექნიკები

- საზღვრების მკაფიოდ და უკონფლიქტოდ გავლებაში ორი ძირითადი ინსტრუმენტი გვეხმარება:

1. "მე-შეტყობინებები" (I-statements). ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური ტექნიკაა. მისი მიზანია, ადამიანმა საკუთარი განცდები გამოხატოს და არა სხვა დაადანაშაულოს.

მაგალითად, ნაცვლად ამისა: "შენ მე მაკონტროლებ", - უმჯობესია ვთქვათ: "როდესაც ვინმე ჩემს გადაწყვეტილებებში ერევა, ეს დისკომფორტს მიქმნის. მე უნდა მქონდეს საკუთარი სივრცე არჩევანის გასაკეთებლად".

ნაცვლად ამისა: "შენ ჩემს დროს პატივს არ სცემ", - უმჯობესია ვთქვათ: "როდესაც შეხვედრა წინასწარი შეთანხმების გარეშე ინიშნება, უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება. მჭირდება, რომ დრო წინასწარ შევათანხმოთ".

2. მოკლე და მკაფიო უარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე. რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი თავის მართლებას, მით უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მეორე მხარეს, მისი საზღვარი დაარღვიოს. ფრაზები: "ამაზე არ ვარ თანახმა“, "არ მინდა ამის გაკეთება“, "ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება", - სავსებით საკმარისია. თუ ვითარება საშუალებას გვაძლევს და ჩვენთვისაც კომფორტულია, შეგვიძლია, ალტერნატივაც შევთავაზოთ: "დღეს ვერ დაგეხმარები, მაგრამ ხვალ შემიძლია".

ადამიანი თუ ქცევა

- როდესაც საქმე ოჯახის წევრს ან პარტნიორს ეხება, ადამიანები ხშირად რომელიმე უკიდურესობაში ვარდებიან: ან უარს ამბობენ საკუთარ თავზე, ან ბრაზდებიან და უარყოფენ საყვარელ ადამიანს. ჯანსაღი პოზიციაა ადამიანისა და მისი ქცევის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

უნდა დავუშვათ მოცემულობა, რომ შესაძლოა, ძალიან გვიყვარდეს ადამიანი, მაგრამ მისი ესა თუ ის ქცევა ჩვენთვის მიუღებელი იყოს:

  • "მიყვარხარ, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ ჩემს ყველა გადაწყვეტილებას აკრიტიკებ"
  • "ძალიან ვაფასებ შენს მზრუნველობას, მაგრამ მირჩევნია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილება თავად მივიღო".

ბავშვის პირადი სივრცე

- ბავშვის აღზრდისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ოქროს შუალედის პოვნა უსაფრთხო ჩარჩოებსა და ბავშვის ავტონომიის პატივისცემას შორის. ბევრ მშობელს ეშინია, რომ თუ ბავშვმა თავისუფლება მიიღო, უდისციპლინო გაიზრდება, მაგრამ ჯანსაღი აღზრდა არც ავტორიტარულ კონტროლს გულისხმობს და არც მთლიანად ნებაზე მიშვებას - ეს ნიშნავს მტკიცე წესების არსებობას ბავშვის პიროვნების აღიარებასთან ერთად.

უპირველეს ყოვლისა, მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვი მისი საკუთრება არ არის. ის დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც აქვს თავისი საჭიროებები, ემოციები და უფლებები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა ყველაფერი თავად გადაწყვიტოს, მაგრამ აუცილებელია, მას მიეცეს ასაკის შესაფერისი არჩევანის თავისუფლება (მაგალითად, თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას ბაღში, თუკი სამოსი სეზონს შეესაბამება).

ბავშვის საზღვრები სამ ძირითად დონეზე უნდა დავიცვათ:

* ემოციური დონე - როდესაც ბავშვი რთულ ემოციას განიცდის, მშობელმა მას მხარი უნდა დაუჭიროს და მოახდინოს მისი განცდების ვალიდაცია: "მესმის, რომ გეწყინა“, "ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ“. ბავშვზე არ არის დამოკიდებული, რა მოხდება და რა არა მის ცხოვრებაში, მაგრამ მას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი განცდები მომხდართან დაკავშირებით.

* ფიზიკური დონე - უაღრესად მნიშვნელოვანია, ბავშვს არ ჩავეხუტოთ და არ ვაკოცოთ მაშინ, როდესაც ეს თავად არ სურს; არ ვაიძულოთ, აკოცოს ნათესავს "ზრდილობის გამო". უნდა ვერიდოთ მისი სხეულის კრიტიკას. ბავშვის ოთახში ან პირად კუთხეში უნებართვოდ შეჭრაც საზღვრების დარღვევაა - ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ხელშეუხებელი სივრცე.

* ფსიქოლოგიური დონე - ეს გულისხმობს ზედმეტი კონტროლისგან თავის შეკავებას და ბავშვის ნაცვლად ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმას.

ბავშვს სჭირდება თავისუფლება, მაგრამ, იმავდროულად, სჭირდება ჩარჩოებიც. ბავშვისთვის უსაფრთხოების განცდა სათავეს იღებს სწორედ ამ მკაფიო, მტკიცე და პროგნოზირებადი წესებიდან, რომლებსაც მას მოსიყვარულე მშობელი უწესებს.

საკუთარი საზღვრების პოვნა, აღდგენა და დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარე პროცესია. ამ გზით ვინარჩუნებთ ავთენტურობას და ჯანსაღ, პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ვაშენებთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: