ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები
გააზიარე:
ეს ტერმინი პირველად შარშან, ტრენინგზე გავიგონე. თანადამოკიდებულ ურთიერთობებს გავდიოდით. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, რომლებიც პარტნიორს “ეწებებიან” და თავს კარგავენ, საშინლად ეშინიათ მარტოობის. ხშირად ეს ისეთ ოჯახებში გაზრდილი ხალხია, სადაც ნივთიერებებზე დამოკიდებულება ჩვეული ამბავი იყო.
რა თქმა უნდა, ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაცია საკუთარ თავზე არ განმივრცია. მეგონა, არც თანადამოკიდებულ ურთიერთობაში ვყოფილვარ და საერთოდაც, ამ მდგომარეობის არც ერთი სიმპტომი არ მეცნო. “გამოიგონეს კიდევ ერთი აშლილობა”, – გავიფიქრე. ძნელია აღიარო, რომ მოსმენილი სინამდვილეში შენზეა.
ახლა კი, როდესაც სეზონური დეპრესიის დროს უცებ ბევრმა რამემ შემაწუხა (მათ შორის – ურთიერთობებზე დამოკიდებულებამაც), დავიწყე ლიტერატურის კითხვა და მოულოდნელად ისევ ამოხტა ინფორმაცია ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებზე . ადამიანებზე, რომელთა ბავშვობა სხვების ბავშვობას არ ჰგავდა. ჩვენს უმეტესობას საერთო მახასიათებლები გვაქვს. უსიამოვნოა, როდესაც სტატისტიკის ნაწილი ხარ, მაგრამ, ამავე დროს, დიდი შვება მოაქვს იმის გაცნობიერებას, რომ რაღაცები არ გამოგდის არა იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად სუსტი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად დაგამტვრიეს. ეს გვათავისუფლებს ბრალეულობისგან, მაგრამ არა პასუხისმგებლობისგან. შესაძლოა, სხვებმა დაგვაზიანეს და ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ აღდგენა და გამოჯანმრთელება ჩვენი არჩევანიც არის და მოვალეობაც.
ისტორია
ეს ტერმინი არც ისე დიდი ხნისაა. ყველაფერი 1970-იანებში დაიწყო, როდესაც საზღვარგარეთ თვითდახმარების ჯგუფები გახდა პოპულარული. ამ ჯგუფებში თავდაპირველად ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები დადიოდნენ. მალე მათ ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. ცოტა ხანში კი ოჯახის წევრებმა საკუთარი თვითდახმარების ჯგუფები შექმნეს და დაიწყეს საკუთარი გამოცდილებების შედარება. მოულოდნელად, სხვადასხვა სოციალური თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, მათ ერთნაირი პრობლემები აღმოაჩნდათ.
დღეს ეს მდგომარეობა ცალკე დიაგნოზად არ არის გამოყოფილი, თუმცა ფსიქოტრავმატოლოგები ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდის ტრავმებზე საუბრისას მშობლების ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ცალკე ფაქტორად ასახელებენ. დიახ, ზოგი ჩვენგანი მეტადაა ადაპტირებული, ზოგიც – ნაკლებად, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რამდენიმე მაინც შეიძლება მივუსადაგოთ საკუთარ თავს.
მიზეზები
თუ ალკოჰოლზე დამოკიდებული ოჯახის წევრი გყავდათ, მით უმეტეს – მშობელი, ალბათ გეცნობათ ეს განცდა: ბავშვობაში არასოდეს იცოდით, რას მოგიტანდათ მომდევნო დღე. შინ ქაოსი, ჩხუბი გხვდებოდათ. ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლების შვილთა ბევრი საჭიროება დაუკმაყოფილებელი რჩება. შესაბამისად, თუ ბავშვობაში აუცილებელი ყურადღება და ემოციური მხარდაჭერა არ მიგიღიათ, ამის ნაცვლად კი დისფუნქციურ მშობელების პრობლემებსს უყურებდით, არ გეცოდინებათ, როგორ დაიკმაყოფილოთ ეს საჭიროებები ზრდასრულ ასაკში.
ასეთი გამოცდილების მქონე ბავშვები გადარჩენის მიზნით ხშირად უარყოფენ სევდას, შიშსა და ბრაზს. ეს განცდები იმალება და იმარხება და ზრდასრულ ასაკში ამოტივტივდება ზედაპირზე. თუმცა ამ შემთხვევაში მას ზრდასრულს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ის აღარ არის ბავშვი, აღარ არის უსუსური, შეუძლია, ბავშვობის საკითხებს მიუბრუნდეს და პრობლემები გადაჭრას. ამოხსნას.
კონტროლი და პასუხისმგებლობა
ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს საკუთარი ქცევისა და განცდების კონტროლი უწევთ, რადგან სრულიად არაწინასწარმეტყველებად გარემოში გაიზარდნენ. ისინი გაზვიადებულად უარყოფითად რეაგირებენ ისეთ სიტუაციებზე, სადაც კონტროლს კარგავენ. შესაბამისად, როგორც კი ისეთ სიტუაციას შეეჯახებიან, რომლის კონტროლი არ შეუძლიათ (რაც გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენს კონტორლს უამრავი რამ არ ექვემდებარება, მაგალითად, სიცოცხლე, სიკვდილი, ვალუტის კურსი, ავადმყოფობა და ა.შ.), მათ შფოთვა იპყრობთ, ხოლო თუ რამე არ გამოუვიდათ, სასტიკ თვითგვემას ეძლევიან.
ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს გამძაფრებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ხშირად აკონტროლებენ თავიანთ ქცევას და საერთოდაც, საკუთარ თავს მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამენ. არა მხოლოდ წამოწყებული საქმის, არამედ ურთიერთობების შენარჩუნების გამოც პასუხისმგებლობას განიცდიან. მუდამ ცდილობენ საფრთხის დროულად აღმოჩენას, რათა თავი დაიცვან, ამიტომ ბევრი რამე კარგად გამოსდით. ისინი, როგორც წესი, სანდო ადამიანები არიან, რომლებიც ასრულებენ პირობას, პატივს სცემენ დედლაინს. თუმცა იმავე თვისებამ შესაძლოა უარყოფითადაც იჩინოს თავი: მრავალი მათგანი არაპროპორციულად რეაგირებს კონფლიქტურ სიტუაციებზე, რომლებიც ბავშვობის ტრავმას ან კონტროლის დაკარგვას უკავშირდება.
ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები სხვების ქცევისა და განცდების კონტროლსაც ცდილობენ. ისინი შიშობენ, რომ თუ კონტოლი მოადუნეს, მათი ცხოვრება გაუარესდება, ამიტომ ყველანაირად ეცდებიან შექმნან ისეთი გარემო, მოახდინონ ისეთი გავლენა, რომელიც სხვების ქცევას შეცვლის.
მოწონების სურვილი და კრიტიკის მიუღებლობა
ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს ეშინიათ ავტორიტეტების, გაბრაზებული ადამიანების, ადამიანების, რომლებიც აკრიტიკებენ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ კი პირისპირ არ შეეჩეხონ ნეგატიურ რეაქციას, მაშინაც კი, როდესაც კონფლიქტის თავიდან არიდება დიდ ძალისხმევას ან მათი საზღვრების დარღვევას მოითხოვს. თავის დაცვისას მათ ხშირად დანაშაულის განცდა იპყრობთ.
ამავე დროს, ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები მუდამ ითხოვენ ქებასა და მოწონებას. ხშირად პერფექციონისტები არიან, მუდამ ეძებენ სხვებისთვის თავის მოწონების გზებს. მათ დაბალი თვითშეფასება აქვთ, შესაბამისად, სხვების შეფასება მათთვის გადამწყვეტია.
ემოციური მდგომარეობა და ქცევის რეგულაცია
თუ ოჯახის რომელიმე წევრი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ოჯახის ცხოვრების დინამიკა ირღვევა. მისი ყოველდღიური რუტინაც კი სხვანაირი ხდება: ვინ და ვისთან ერთად რა დროს სადილობს ან ვახშმობს, ვინ სად და როდის იძინებს, ვინ როდის ბრუნდება ან არ ბრუნება შინ, ვისგან რას უნდა მოველოდეთ – ეს ყველაფერი ქაოსური ხდება. ბავშვი/მოზარდი კი ხედავს, რომ სხვა ოჯახებში ასე არ ცხოვრობენ და ექმნება წარმოდგენა, რომ მხოლოდ მისი ოჯახია განსხვავებული. შესაბამისად, ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები მთელი ცხოვრება ცდილობენ გამოიცნონ, რა არის ნორმალური ქცევა. მათ აქვთ განცდა, რომ დანარჩენი ადამიანებისგან განსხვავდებიან, ამიტომ პარტნიორადაც ხშირად განსხვავებულ ადამიანს ირჩევენ.
გარდა ამისა, ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს ხშირად მსხვერპლის პოზიცია უკავიათ, რადგან საკუთარი თავისთვის ბრძოლის გამოცდილება არ გააჩნიათ და ასეთივე ადამიანებს უმეგობრდებიან.
ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები, ბავშობიდან მოყოლებული, მალავენ ემოციებს, განსაკუთრებით კი – სევდას და ბრაზს, რომლებსაც სისუსტის გამოვლინებად აღიქვამენ. მაგრამ ხანდახან საქმე ისე შორს მიდის, რომ იმალება ყველა სხვა ემოციაც და საბოლოოდ ადამიანი სიხარულსაც ვეღარც განიცდის, განსაკუთრებით – როდესაც სხვები უყურებენ. მათ შინაგან ბავშვს მუდამ ეშინია, ამიტომ თავს იკატუნებს, თითქოს მხიარულადაა, რაც თავისთავად ძნელია.
ალკოჰოლიკების ზრდასრულმა შვილებმა ბავშვობაში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. მათ დაკარგეს სანდო მშობელი, შესაძლოა, მოუკვდათ კიდეც, ან ავად ჰყავდათ. დაკარგეს უსაფრთხოების განცდა, ოჯახის სტაბილურობის განცდა, სიმართლის განცდა, დაკარგეს “ნორმალური” ოჯახური დროსტარების საშუალება, დაკარგეს რწმენა, რომ როდესაც გაუჭირდებათ, მშობელი მოვა და დაეხმარება. ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები მხოლოდ იმას კი არ გლოვობენ, რაც დაკარგეს, არამედ იმასაც, რასაც დაკარგავენ: მათი მშობელი ვერ მივა მათ ქორწილში, ვერ გაიხარებს შვილიშვილის დაბადებით, ვერ იამაყებს მათი მიღწევებით სამსახურში, ვერ ნახავს მათ დალაგებულ, ზრდასრულ ცხოვრებას... გლოვა იმდენად მძიმეა, რომ ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდაც მას თავი აარიდონ. შესაბამისად, ვერც გამოგლოვებას ახერხებენ და ეს ხელს უშლის მათ აღდგენას.
ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები ხშირად იმპულსურები არიან და ბევრ რამეს აფუჭებენ. მერე იბნევიან, თვითგვემას ეძლევიან და გარემოზე კონტროლის დაკარგვის განცდა იპყრობთ, გაფუჭებულის აღსადგენად უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს თვითრეგულაციის პრობლემები აქვთ: ისინი ან მეტისმეტად მძაფრად გამოხატავენ ემოციებს, ან ბოლომდე იკეტებიან. ახასიათებთ ფეთქებადობა, უკომპრომისობა, პოლარულობა.
ხშირად კი ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები თვითონვე ხდებიან ალკოჰოლზე`ნივთიერებებზე დამოკიდებულები – მათი მიღება მარტივი და სწრაფი გამოსავალია, ამ დროს ტკივილი და შფოთვა მეყსიეულად, დიდი ძალისხმევის გარეშე ქრება, ყველა პრობლემა ცოტა ხნით უკან იხევს. სამწუხაროდ, ნივთიერებების მოხმარება ახალ პრობლემებს აჩენს, ცხოვრება რთულდება, ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები კონტროლს კარგავენ, რასაც ისინი თვითგვემამდე მიჰყავს. შედეგად უფრო მეტ ნივთიერებას მოიხმარენ და ასე დაუსრულებლად.
ურთიერთობები
ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს ახლო ურთიერთობების დამყარება უჭირთ, რადგან ეს კონტროლის დაკარგვას გულისხმობს. უჭირთ საკუთარი საჭიროებების გამოხატვა, მოთხოვნა, საკუთარი პოზიციის დაცვა. თუ უნდობლობა ვერ დაძლიეს და ყველაფრის კონტროლის მცდელობას თავი არ დაანებეს, ისინი ვერ შევლენ ურთიერთობებში და იზოლირებურ ცხოვრებას აირჩევენ.
ისინი უზომოდ ერთგულები არიან, მაშინაც კი, როდესაც ერთგულების ობიექტი ამას არ იმსახურებს. თან გაურბიან ახლო ურთიერთობებს, მაგრამ თუ იპოვეს მათსავით “დაჩაგრული” ადამიანი, შესაძლოა ენდონ და მასთან ტრავმული ურთიერთობა დაამყარონ.
უფროსები, რომლებსაც შინაგანი ბავშვი მუდამ “თან დაჰყავთ”, სხვა ასეთივე “ბავშვებს” ეძებენ, ერთმანეთს ტრავმულად ეჯაჭვებიან და ცდილობენ, თავი ერთად გაიტანონ (ასე იქცევიან, მაგალითად, ჯარისკაცები და ალპინისტები). მიზანი “ერთად გადავრჩეთ” იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ ამ ურთიერთობას ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილი არ უღალატებს, განურჩევლად იმისა, რამდენად პრობლემური და დისფუნქციურია ის.
ამავე დროს, ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს “უყვართ” ადამიანები, რომლებსაც გადარჩენა სჭირდებათ და საერთოდაც, ერთმანეთში ურევენ სიყვარულს და სიბრალულს, ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ვინმე ეცოდებათ, ე.ი. ის უყვართ კიდეც. ისინი მუდამ ცდილობენ, ვიღაც გადაარჩინონ, ხშირად მეგობრობენ ასეთ ადამიანებთან, ითავისებენ სხვების პრობლემებს, საკუთარ თავზე მეტად სხვებზე დარდობენ. როდესაც სიყვარული აკლიათ, სხვებს თავს აცოდებენ.
ალკოჰოლიკების ზრდასრული შვილები ხშირად თავს კარგავენ ურთიერთობაში და ურთიერთობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. მათვის დამახასიათებელია ემოციურად ცივ ადამიანებთან საქმის დაჭერა – ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს ასეთი ადამიანების გადარჩენა სურთ, ამიტომ საკუთარი საჭიროებების იგნორირების ხარჯზე მათ საჭიროებებზე გადაერთვებიან. ამგვარად ისინი თავს არიდებენ საკუთარ ტკივილზე ფიქრს.
დაბოლოს, მათ მუდამ ეშინიათ, რომ მიატოვებენ – ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც ალკოჰოლიკების ზრდასრულ შვილებს გამოარჩევს. რაც უნდა უბედურად იგრძნონ თავი, ისინი არ გავლენ ურთიერთობიდან, რადგან პარტნიორის გარეშე დარჩენა მათთვის მიტოვებულობას ნიშნავს. ამ დროს ისინი თავიდან განიცდიან ტკივილს, რომელიც მათ მშობლის საქციელმა გაუჩინა, მშობლის, რომელიც მათ გვერდით არ იყო მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
გამოსავალი
თუ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახში გაიზარდეთ, შესაძლოა, ამ სიის ყველა პუნქტი თქვენს თავს არც მიუსადაგოთ, მაგრამ მოსალოდნელია, ზოგიერთი თვისება თქვენც გქონდეთ.
თუ აღწერილი სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, თუ რამდენიმეს მაინც მწვავედ განიცდით, თუ ეს გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ცხოვრობთ, როგორ მუშაობთ, ვის ემეგობრებით, ვინ გიყვართ, როგორ აგებთ ურთიერთობას პარტნიორთან – დიდია ალბათობა, რომ ბავშვობის გამოცდილებამ თქვენში ტრავმა გამოიწვია.
სამწუხაროდ, ტრავმის დამოუკიდებლად მოშუშება, დამოუკიდებლად აღდგენა შეუძლებელია. არავინ მკურნალობს მოტეხილ ხელს ბალახეულის ნაყენით თუ ვარჯიშებით, ამ დროს აუცილებელია ექიმის პროფესიონალური ჩარევა. ასევეა ფსიქოლოგიური ტრავმების დროსაც: თუ ჩვენ მრავალი წლის გლოვა დაგვიგროვდა, რომელსაც გულის სიღრმეში ვკეტავთ, მაგრამ ამისთვის საკუთარი თავისა და გარემოს კონტროლი გვიწევს, თუ თავის გადასარჩენად მუდამ ვცდილობთ სხვების დახმარებას, აუცილებელია ფსიქოთერაპევტის ჩართვა.
მხოლოდ წარსულის ხელახლა განცდითა და გადაფასებით შევძლებთ მოვუაროთ ჩვენს “შინაგან ბავშვს” და გავთავისუფლდეთ წარსულის მატრავმირებელი გამოცდილებისგან.
რუბრიკას უძღვება ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე