ფეხისგულების წვა
გააზიარე:
ფეხისგულების წვა საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. ის ყოველთვის არ არის ერთნაირად ინტენსიური: ზოგჯერ მსუბუქად ვლინდება, ზოგჯერ კი — იმდენად გაუსაძლისი ტკივილით, რომ პაციენტს ფეხსაცმლის ჩაცმა და იატაკზე დაბიჯებაც კი უჭირს.
ხშირად წვა პიკს აღწევს ღამის საათებში და თან ახლავს დამატებითი ნევროლოგიური სიმპტომები: ჩხვლეტა (ნემსების ჩარჭობის შეგრძნება), დაბუჟება, მწერების ცოცვის ილუზია.
მთავარი დამნაშავე
ფეხისგულების წვის დროს პრობლემაა უმეტესად არა მხოლოდ ტერფი, არამედ ნერვული სისტემაც.
პერიფერიული ნეიროპათია არის მდგომარეობა, როდესაც დაზიანებულია ხერხემლიდან კიდურებისკენ მიმავალი ნერვული ბოჭკოები. დაზიანებული ნერვები ტვინს უგზავნიან ცრუ, ქაოსურ სიგნალებს, რომლებსაც ის წვის ან ტკივილის შეგრძნებად გარდაქმნის.
მიზეზები
ნეიროპათიის განვითარებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იწვევს:
* შაქრიანი დიაბეტი . ეს ფეხისგულების წვის ყველაზე გავრცელებული კლინიკური მიზეზია. დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის (შაქრის) მუდმივად მაღალი კონცენტრაცია ტოქსიკურად მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე. გარდა ამისა, შაქარი აზიანებს იმ მცირე კაპილარებსაც, რომლებიც ნერვებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. დროთა განმავლობაში ვითარდება ე.წ. დიაბეტური ნეიროპათია, რომლის ერთ-ერთი პირველი ნიშანი სწორედ ტერფების წვაა.
* ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება . ალკოჰოლის ჭარბი და რეგულარული მიღება ნერვულ სისტემას ძლიერ აზიანებს. ალკოჰოლურ ნეიროპათიას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: თავად ალკოჰოლის პირდაპირი ტოქსიკური გავლენა ნერვულ ბოჭკოებზე და კვების არასწორი რეჟიმი. ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებს, რაც ნერვების დეგენერაციას აჩქარებს.
* პერიფერიული არტერიების დაავადება . ეს არის სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული პათოლოგია. ქვედა კიდურების არტერიები ვიწროვდება (ხშირად — ქოლესტეროლის ფოლაქების ჩალაგების გამო) და ფეხისგულებს ვეღარ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი და ჟანგბადი. ჟანგბადოვანი შიმშილი (იშემია) იწვევს ფეხისგულების ძლიერ წვას, სპაზმებსა და ტკივილს, რაც განსაკუთრებით ძლიერდება ფეხით სიარულისა და სხვა ფიზიკური აქტიურობის დროს.
* ათლეტის ტერფი — სოკოვანი ინფექცია, რომელიც აზიანებს ტერფის კანს. აქ წვა ზედაპირულია, თან ახლავს ძლიერი ქავილი, კანის სიმშრალე, აქერცვლა და კანის სიწითლე, განსაკუთრებით თითებს შორის.
* ჰიპოთირეოზი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ანელებს მეტაბოლიზმს და დროთა განმავლობაში შესაძლოა პერიფერიული ნეიროპათია გამოიწვიოს.
* ნუტრიენტების დეფიციტი - ნერვულ სისტემას გამართული ფუნქციობისთვის B ჯგუფის ვიტამინების მუდმივი მარაგი სჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში (უმეტესად — ხანდაზმულებსა და მკაცრ ვეგეტარიანელებთან) ფეხისგულების წვა გამოწვეულია B12 ვიტამინის დეფიციტით. B12-ის დეფიციტს ასევე იწვევს კრონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ანემია, აივ ინფექცია.
* სხვა მიზეზები - გარდა ნერვების დაზიანებისა, ფეხისგულების წვის შესაძლო მიზეზებია: თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ერითრომელალგია, შარკო-მარი-ტუტის დაავადება, კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი, ტარსალური არხის სინდრომი, ალერგია, კონტაქტური დერმატიტი, ლეიშმანიოზი, გაფანტული სკლეროზი, ფსიქოგენური ფაქტორები.
* მედიკამენტების ტოქსიკურობა - ტერფების წვა შესაძლოა ზოგიერთი წამლის თანმხლები მოვლენაც იყოს. ასეთებია სტატინები (ქოლესტეროლის დამწევები), ამიოდარონი (ანტიარითმიული პრეპარატი), ქიმიოთერაპიული საშუალებები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ძლიერი ანტიბიოტიკები (იზონიაზიდი, ლინეზოლიდი და მეტრონიდაზოლი), აივ ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
დიაგნოსტიკა
ფასდება რეფლექსები, კანის მგრძნობელობა ტემპერატურაზე, ვიბრაციასა და მსუბუქ შეხებაზე. სისხლის დეტალური ანალიზით მოწმდება გლუკოზის დონე, თირკმლის ფუნქცია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ვიტამინების კონცენტრაცია.
ზოგ ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს ელექტრონეირომიოგრაფია, ძალიან იშვიათად კი საჭირო ხდება ნერვის ან კანის ბიოფსია.
მკურნალობა
მკურნალობის ტაქტიკა მთლიანად მიზეზზეა დამოკიდებული. ნეიროპათიის დროს მთავარი ამოცანა ნერვების შემდგომი დაზიანების შეჩერებაა. პირველადი დაავადების მკურნალობა ზოგჯერ სრულიად აქრობს სიმპტომებს, ხოლო იქ, სადაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ყურადღება სიმპტომების შემსუბუქებაზე გადადის.
მიზეზების მიხედვით
* დიაბეტური ნეიროპათია : მკურნალობა გულისხმობს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას ნორმის ფარგლებში, რაც მოითხოვს კვების რაციონის შეცვლას, მედიკამენტებს ან ინსულინის ინიექციებს.
* ვიტამინ B12- ის დეფიციტი : ინიშნება B12-ის ტაბლეტები ან ინექციები. რეკომენდებულია რაციონში წითელი ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხისა და ფრინველის ხორცის ჩართვა.
* ალკოჰოლიზმი : ალკოჰოლის მიღების სრული აღკვეთა აჩერებს ნერვების შემდგომ დაზიანებას და ორგანიზმს აღდგენის საშუალებას აძლევს.
* თირკმელების ქრონიკული დაავადება : ტოქსინების გამოსადევნად შესაძლოა საჭირო გახდეს დიალიზი, ხოლო წვის შესამსუბუქებლად გამოიყენება ანტიდეპრესანტები ან ანტიკონვულსანტები.
* ჰიპოთირეოზი : ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპია ხშირად სრულიად აქრობს წვის შეგრძნებას. ეფექტურია ამის პარალელურად რეგულარული ვარჯიში და წონის კონტროლიც.
* ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებადი პოლინეიროპათია : მოითხოვს პლაზმაფერეზს, თერაპიას ინტრავენური იმუნოგლობულინით ან კორტიკოსტეროიდებით.
* ათლეტის ტერფი : გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, თავდაპირველად — ურეცეპტო მალამოები (მიკონაზოლი, ტერბინაფინი), ხოლო მძიმე შემთხვევებში — რეცეპტული პრეპარატები (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ნაფტიფინი).
ნეიროპათიული ტკივილის დროს
ნერვების გაღიზიანებით გამოწვეული არაბუნებრივი შეგრძნებების დასაბლოკავად ექიმები ხშირად გამოწერენ ანტიკონვულსანტებსა და ანტიდეპრესანტებს (გაბაპენტინი, პრეგაბალინი, კარბამაზეპინი, ტოპირამატი, ამიტრიპტილინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი და დეზიპრამინი). მსუბუქი ფორმების დროს ეფექტურია ისეთი ურეცეპტო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი ან პარაცეტამოლი, გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაში კი შესაძლოა დაინიშნოს ტრამადოლი ან დაბალდოზირებული ოპიატები.
სახლის პირობებში:
• 15 წუთით ჩაყავით ფეხები გრილ (მაგრამ არა ყინულივით ცივ) წყალში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ვენტილატორიც გრილი ჰაერის ნაკადისთვის.
• დღისით ატარეთ ბამბის წინდები, რომლებიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ხოლო ძილისთვის შეარჩიეთ მსუბუქი, ტენშემწოვი ღამის ტანსაცმელი.
• ექიმთან შეთანხმებით გამოიყენეთ ლიდოკაინის ან კაპსაიცინის შემცველი მალამოები და პლასტირები.
• შეარჩიეთ ღიაცხვირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ტერფის თაღის კარგი საყრდენი (სუპინატორი).
• ძილის დროს ოთახში ოპტიმალური ტემპერატურის (დაახლოებით 18-20°C) შენარჩუნება ღამით წვის შეგრძნებას საგრძნობლად ამცირებს.
მარი აშუღაშვილი











