უცხო ხელის სინდრომი: როცა ხელი არ გვემორჩილება
გააზიარე:
მედიცინაში ბევრი იშვიათი და უცნაური სინდრომი თუ დაავადებაა აღწერილი. დარწმუნებული ვარ, მათ უმეტესობას არასოდეს შეხვედრიხართ. მეტიც – შესაძლოა, არც კი გაგიგონიათ.
ადამიანის ორგანიზმი რთული და ზედმიწევნით მოწესრიგებული სისტემაა, რომლის ნორმალურ ფუნქციონირებას ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების კოორდინირებული (შეთანხმებული) მოქმედება განაპირობებს. ორგანოთა მოქმედებას და კოორდინაციას კი თავის ტვინი აკონტროლებს.
თავის ტვინი უნიკალური ორგანოა, ურომლისოდაც ადამიანი ადამიანი არ იქნებოდა – სწორედ ის განაგებს ორგანიზმის ყველა ფუნქციას და, შესაბამისად, ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ კეთილდღეობასაც. ამიტომ არის, რომ თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ყველაზე მძიმე გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
გვინდა, ქვემოთ სწორედ თავის ტვინის პათოლოგიით განპირობებულ ერთ იშვიათ დარღვევაზე გიამბოთ, რომელიც უცხო ხელის სინდრომის სახელწოდებით არის ცნობილი.
რატომ “უცხო ხელი”?
უცხო ხელის სინდრომი ნევროლოგიური დარღვევაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია რომელიმე ხელის უკონტროლო, არაკოორდინირებული მოძრაობა. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ხელი პატრონის ნება-სურვილს აღარ ემორჩილება და თითქოსდა დამოუკიდებლად მოქმედებს. ჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენი ხელი ჩვენ აღარ გვეკუთვნის. სახელწოდება ზედმიწევნით გამოხატავს პათოლოგიის ამ თავისებურებას.
გაუცხოებული ხელი შესაძლოა ახრჩობდეს, ჩქმეტდეს, ღილებს ან თასმებს უხსნიდეს ადამიანს.
სად არის სათავე
სინდრომს თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები უდევს საფუძვლად. იმის გასაგებად, რასთან გვაქვს საქმე, უნდა ვიცოდეთ, რა ფუნქციები აკისრია ამ ორგანოს.
თავის ტვინი ლაბისებრი სტრუქტურის მქონე მასაა. ის 100 მილიარდამდე ნერვული უჯრედისგან შედგება, რომლებსაც ნეირონები ეწოდება.
თავის ტვინის ნაწილებია:
* მოგრძო ტვინი;
* ხიდი;
* ნათხემი;
* შუა ტვინი;
* შუამდებარე ტვინი;
* დიდი ნახევარსფეროები.
დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. ნახევარსფეროები დამოუკიდებლად არ ფუნქციონირებს. მათ შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ტვინის სრულფასოვანი მუშაობისთვის. თითოეული ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყოველ მათგანს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია, მათი შეთანხმებული აქტივობა კი მთელი ორგანიზმის ნორმალური და მოწესრიგებული მოქმედებით გამოიხატება. ამ მოწესრიგებულ მოქმედებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კორძიანი სხეული – ნერვული ბოჭკოების ერთობლიობა, რომელიც თავის ტვინის შუახაზზე მდებარეობ და ჰემისფეროებს ანატომიურად და ფუნქციურად ერთმანეთთან აკავშირებს. აქ თავმოყრილია ყველაზე მეტი თეთრი ნივთიერება, რაც ელექტრული იმპულსების სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს. როცა კავშირი წყდება, ინფორმაცია ერთი ჰემისფეროდან მეორემდე ვეღარ აღწევს, რაც კიდურების არაკოორდინირებულ სპონტანურ მოძრაობას იწვევს.
მიუხედავად ანატომიური მსგავსებისა, ჰემისფეროები ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავდება: მარჯვენა განაგებს მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას და აკონტროლებს სხეულის მარცხენა ნაწილს, ხოლო მარცხენა – მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებას, ლოგიკურ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია სხეულის მარჯვენა ნაწილის მოქმედებაზე.
უცხო ხელის სინდრომი ასევე შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ქერქის შუბლისა და თხემის წილების დაზიანების შედეგად, რასაც სწორედ ამ წილებში მდებარე ქერქის მამოძრავებელი ზონის დაზიანება განაპირობებს. დიდი ნახევარსფეროების ქერქის ფუნქცია მეტად რთული და მრავალფეროვანია. მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება და გონივრული ქცევა სწორედ მას ექვემდებარება. ადამიანის თითქმის ყველა ქმედებას: ლაპარაკს, ჟესტიკულაციას, სხეულის მოძრაობას, – განაგებს თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი, მოტორული ზონა. სწორედ აქ ხდება ყოველგვარი მოძრაობის დაგეგმვა, კონტროლი და განხორციელება.
ქერქს ყოფენ მგრძნობელობით ანუ სენსორულ და მამოძრავებელ ანუ მოტორულ ზონებად.
მგრძნობელობით ზონებში აღწევს იმპულსები გრძნობის ორგანოებიდან, კუნთებიდან, მყესებიდან. ამ ზონათა ნეირონების აგზნების დროს წარმოიშობა შეგრძნებები. აღნიშნულ ზონებს შეესაბამება კეფისა და საფეთქლის წილი. ცენტრალური ღარის უკან მდებარე თხემის წილი კან-კუნთის მგრძნობელობის ზონაა, რომელიც ინფორმაციას კანის რეცეპტორებიდან იღებს, ხოლო ცენტრალური ღარის წინ – ქერქის მამოძრავებელი ზონა, რომლის ნეირონების აგზნებაც ნებით მოძრაობებს უზრუნველყოფს.
ქერქის მამოძრავებელი ზონა მოიცავს:
* პირველად მამოძრავებელ ზონას;
* პრემოტორულ ანუ წინარემამოძრავებელ ზონას;
* დამატებით მამოძრავებელ არეს;
* უკანა თხემის ზონას;
* პირველად სომატოსენსორულ ზონას.
მათი შეთანხმებული მოქმედება სხეულის მოძრაობის კოორდინაციას განაპირობებს. უკანა თხემის ზონა აღიქვამს სხეულის სივრცეში ორიენტაციას და აგზავნის იმპულსებს პრემოტორულ ზონასა და დამატებით მამოძრავებელ არეში, სადაც ხდება მოძრაობის დაგეგმვა, იქიდან კი იმპულსები იგზავნება პირველად მოტორულ ზონაში, რომელიც მოძრაობის განხორციელებაზე აგებს პასუხს. თუ ეს თანმიმდევრობა დაირღვა, სენსორული ინფორმაცია პირველად მოტორულ ზონამდე ვეღარ მიაღწევს და მოხდება მისი იზოლირებული აქტივაცია, რაც სხეულის საპირისპირო მხარეს კიდურის სპონტანურ, უკონტროლო მოძრაობას გამოიწვევს.
მიზეზები
ამ უცნაურ სინდრომს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. ზოგჯერ ის ინსულტის, თავის ტვინის ტრავმის, ანევრიზმის ან თავის ტვინში არსებული სიმსივნური პროცესის შედეგია, ზოგჯერ კი ნეიროდეგენერაციულ (ალცჰაიმერის, პარკინსონის ან კრეიტცფელდ-იაკობის) დაავადებასთან არის დაკავშირებული.
შემჩნეულია სინდრომის კავშირი თავის ტვინის ქირურგიულ ოპერაციასთან, რომლის დროსაც კორძიანი სხეული გადაიჭრება და, ამის კვალობაზე, ჰემისფეროთა შორის კავშირი წყდება. კორძიანი სხეულის ქირურგიული ოპერაცია ნაჩვენებია ეპილეფსიის რეზისტენტული ფორმის დროს, როდესაც ფარმაკოთერაპიით დაავადების მართვა ვერ ხერხდება. სინდრომის დროს ხშირად შეინიშნება ტვინის მოტორული უბნების დაზიანებაც, რაც სპონტანურ და უკონტროლო მოძრაობებს იწვევს.
როგორ ვლინდება
სინდრომის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ხელის უკონტროლო, დამოუკიდებელი მოძრაობა. უცხო ხელი შესაძლოა უნებურად მოძრაობდეს ან მიზანმიმართულად მოქმედებდეს, თითქოს ვიღაცის ნება-სურვილს ემორჩილებაო. ხელი ამ დროს სულაც არ არის დასუსტებული – ნორმალურ ძალას ინარჩუნებს და ისეთ მოქმედებებსაც ჩვეულებრივ ასრულებს, როგორებიცაა ამა თუ იმ საგნის აღება, შეხება, ტანსაცმლის გახდა-ჩაცმა, იმ განსხვავებით, რომ დროდადრო მისი მოძრაობა უნებლიე, უცაბედი, არასასურველი და მოულოდნელია.
დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დასმა საკმაოდ ძნელია: სიმპტომების მსგავსების გამო უცხო ხელის სინდრომი ზოგჯერ ფართოდ გავრცელებულ ფსიქიატრიულ დაავადებებში ერევათ, – ამიტომ საჭიროა დაკვირვება და ავადმყოფის მდგომარეობის ზედმიწევნით შეფასება. სადიაგნოსტიკოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ანამნეზი: გადატანილი ინსულტი, ანევრიზმა, თავის ტვინის ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია უცხო ხელის სინდრომის განვითარების წინაპირობას ქმნის.
მკურნალობა
სპეციფიკური მკურნალობა უცხო ხელის სინდრომისთვის არ არსებობს. ფარმაკოთერაპია არჩევითია და მიმართულია სიმპტომების შესუსტებისკენ. თუ ადამიანს უცხო ხელის სინდრომი ინსულტის ან ანევრიზმის შემდეგ განუვითარდა, შესაძლოა, მალევე გამოჯანმთელდეს, ხოლო თუ წინაპირობა ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, გამოჯანმრთელება ნაკლებმოსალოდნელია.
სინდრომის სამართავად იყენებენ ბოტულინუმის ტოქსინს (ბოტოქსს) და ნერვკუნთოვანი გადაცემის დამბლოკავ სხვა აგენტებს, რომლებიც ხელს უშლის ჩონჩხის კუნთების შეკუმშვას და ამით მკვეთრად ამცირებს კიდურის მოძრაობას.
ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებით გამოიყენება ბენზოდიაზეპინები (დამამშვიდებელი და საძილე საშუალებები).
დამხმარე მეთოდია კოგნიტიური თერაპია. რეკომენდაციის თანახმად, უცხო ხელში რაიმე ნივთის დაჭერამ ან სიტყვიერმა ბრძანებამ, რომ გაჩერდეს, შესაძლოა უნებლიე მოძრაობები შეამციროს. ექიმი პაციენტს ზოგჯერ ფიზიკურ დატვირთვასაც ურჩევს.
პროგნოზი
როგორც ვთქვით, უცხო ხელის სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, – სამედიცინო ტაქტიკა და განკურნება გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, – თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია. მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა და შემდეგ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური თერაპიის შერჩევა სინდრომის სამართავად.
შესაძლოა, დაგაინტერესოთ:
* უცხო ხელის სინდრომი პირველად 1909 წელს აღწერეს.
* ის უმეტესად მარცხენა, არადომინანტ ხელზე ახდენს გავლენას.
* უცხო ხელის სინდრომი ჰქონდა სტენლი კუბრიკის ფილმის მთავარ პერსონაჟს, ექიმ სტრეინჯლავს, რის გამოც პათოლოგიას ზოგჯერ ექიმ სტრეინჯლავის სინდრომსაც უწოდებენ.
* სინდრომი ასევე ცნობილია “ბოროტი ხელის” სახელწოდებით, რადგან აღწერილია შემთხვევები, როდესაც უცხო ხელი ადამიანისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.
* ზოგიერთი სახელსაც კი არქმევს თავის უცხო ხელს.
მარიამ ჯანიაშვილი