როგორ შევარჩიოთ სპორტის სახეობა
გააზიარე:
ანუ როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა
“თუ გინდა, ჯანმრთელი და ღონიერი გაიზარდო, უნდა ივარჯიშო”, – ასე გვარიგებდნენ მშობლები და ასე ვმოძღვრავთ ჩვენც შვილებს. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის რომ აუცილებელია, ეჭვი არავის ეპარება. ამიტომაც მზრუნველი დედიკო და მამიკო პატარას ხან ცურვაზე მიარბენინებენ, ხან – ჩოგბურთზე. ზოგიერთი ვერც კარატესა და უშუს უყურებს გულგრილად. “შესანიშნავი სპორტია, ბავშვი გაბედული გაიზრდება, თავის დაცვა შეეძლება, ვერავინ დაჩაგრავს”, – ფიქრობენ ისინი. ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია. მეორე, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სწორად შევურჩევთ ბავშვს სპორტის სახეობას.
არასპორტული ტენდენცია
სტატისტიკის მუშაკებმა, რომლებიც, მოგეხსენებათ, ყველაფერს ითვლიან, ისიც გამოიკვლიეს, რომ ბოლო დროს შესამჩნევად შემცირდა ფიზიკურად აქტიური ბავშვების რიცხვი. თურმე ნუ იტყვით და მშობლები მეტ დროს (და, შესაბამისად, თანხას) ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას უთმობენ. ამერიკელი ექიმები იმ დასკვნამდეც კი მივიდნენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, რომლებიც ესოდენ გახშირდა და უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას ემტერება, საფუძველი სწორედ 5-8 წლის ასაკში ეყრება, მაგრამ თუ ბავშვი ამ პერიოდში აქტიურად დაიტვირთება სპორტით, ამგვარი პრობლემებისგან მეტ-ნაკლებად დაცული იქნება.
იმაზე, რომ სპორტი მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია, შემდეგი ფაქტებიც მეტყველებს:. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 30%-ს ტანადობის დარღვევა აღენიშნება, ხოლო პირველკლასელებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 65%-ს აღწევს.
. ბავშვთა 30%-ს ჭარბი წონა აქვს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ბავშვთა სიმსუქნესთან ბრძოლა ძალიან რთულია
. მოზარდთა 20-25%-ს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია აწუხებს.
. მოსწავლეთა 40% ზურგის ტკივილს უჩივის.
ბურთი და მოედანი
ალბათ, ფეხბურთი პატარა ბიჭუნების ყველაზე საყვარელი სპორტია. ორი გუნდი “ფეხჩართულ” პაექრობაში იწვევს ერთმანეთს და ყველაფერი ყირაზე დგება... ერთი სიტყვით, ცელქი ბიჭუნასთვის უკეთესს ვერაფერს იპოვი. თუმცა ფეხბურთი, ისევე როგორც სხვა გუნდური თამაშები (მაგალითად, კალათბურთი, ფრენბურთი) მორიდებულ და მშვიდ ბავშვსაც წაადგება: ის თვალის დახამხამებაში გაცილებით გულღია, კონტაქტური და სწრაფი გახდება.
გუნდური თამაშები ბიჭებს უფრო შვენით, ვიდრე გოგონებს, თუმცა სტადიონზე ბურთის გაგორება კიკინებიან ონავრებსაც თამამად შეუძლიათ. ზოგადად, პროფესიონალური წვრთნა სპორტის ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებში ბავშვს 5 წლიდან შეუძლია დაიწყოს.
გაცურე და გამოცურე
ცურვის პირველი გაკვეთილები თვეების პაწიასაც შეგიძლიათ ჩაუტაროთ. წარმოიდგინეთ: ბავშვს ჯერ ფეხიც არ აუდგამს, წყალში კი თევზივით გრძნობს თავს! სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ცურვა ორგანიზმის გაკაჟებისა და გაჯანსაღების იდეალური საშუალებაა. აუზზე ერთი-ორი თვე სიარული საკმარისია, რომ ბავშვს ტანადობა შეეცვალოს და კუნთები გაუმაგრდეს. ოღონდ დაიხსომეთ: სანამ ბავშვს წყლის სტიქიას აზიარებდეთ, გაარკვიეთ, საგულდაგულოდ იცავენ თუ არა აუზზე ჰიგიენის ნორმებს.
ტანადობას + გრაციოზულობა
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ტანვარჯიში უფრო მეტად გოგონების სპორტია. მართლაც, სპორტის ეს სახეობა, გარდა იმისა, რომ კოორდინაციის უნარს აუმჯობესებს და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას მოქნილობას მატებს, სხეულის ფორმებსაც ხვეწს. 12-13 წლის ასაკისთვის გოგონას ნატიფი აღნაგობა და სიარულის მანერა უყალიბდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.
ტანვარჯიში შეიძლება ერთგვარ ტრამპლინადაც იქცეს შედარებით “სპორტულ” სახეობებზე გადასასვლელად: ბავშვი ეჩვევა ფიზიკურ დატვირთვას, უყალიბდება მტკიცე ხასიათი, შრომის უნარი.
სასურველია, პატარა ტანვარჯიშს 4 წლიდან შეუდგეს.
თხილამურები და ციგურები
სპორტის ზამთრის სახეობები ჩვენში არც ისე ბევრია, თუმცა რაც არის, მიმდევართა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. განსაკუთრებით პოპულარული სათხილამურო სპორტი გახლავთ. ის მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: აკაჟებს ორგანიზმს, აძლიერებს კუნთებს (განსაკუთრებით – ფეხისას), ავითარებს კოორდინაციის უნარს. მართალია, ტრავმულობის თვალსაზრისით მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ სპორტი სპორტია და თითქმის ყველა სახეობა გარკვეულწილად სარისკოა, მაგრამ თუ მაინც დაიჟინებთ, აუტკივარი თავი რატომ ავიტკიოთო, სპორტის ერთადერთი სახეობა, რომელიც შეგვიძლია გირჩიოთ, ჭადრაკია.
ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ციგურებით სრიალიც. იგი სპორტის საკმაოდ რთული სახეობა გახლავთ, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასურველი შედეგის მისაღწევად პატარა სპორტსმენს კვირები ნამდვილად არ ეყოფა! ხანგრძლივი მუხლჩაუხრელი შრომა პლუს ქორეოგრაფიული უნარ-ჩვევები – აი წარმატების ფორმულა ნორჩი მოციგურავისთვის.
ჩოგნის მოქნევას რა უნდა
მართლაც, რა უნდა? თავდაუზოგავი შრომა, მტკიცე ხასიათი, აზარტის ჟინი და არცთუ მოკრძალებული ფინანსები. თუკი ბავშვს ყველა ეს თვისება აქვს, ხოლო მშობლებს – საკმაო თანხა, ჩოგბურთს მართლაც არაფერი სჯობს. ის ავითარებს კუნთებს (არა მარტო ხელისას!), კოორდინაციის უნარს, მიზანსწრაფვას. ასე რომ, თქვენი შვილი ცხოვრებას არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მომზადებული შეხვდება.
და კიდევ: სასურველი შედეგის მისაღწევად პატარა ჩოგბურთელმა ბევრი უნდა ივარჯიშოს – კვირაში არანაკლებ 2-3 გაკვეთილისა. ამავდროულად, არ არის სასურველი ჯგუფში 4-5 მოთამაშეზე მეტი იყოს. ძალზე ეფექტურია პერიოდული ინდივიდუალური წვრთნებიც.
მიდი, მოადე!
კრივი, ძიუდო, კარატე, უშუ, აიკიდო და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი უცნაური დასახელების “სამუშტიკრივო” სპორტი არსებობს ამქვეყნად! ისინი ჩვენშიც მომრავლდა. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მშობლებს შვილს პროფესიონალური “ცემა-ტყეპისთვის” იმეტებენ, ალბათ თავდაცვის ილეთების შესწავლაა. გარდა ამისა, ბავშვს უვითარდება მუსკულატურა, კოორდინაციისა და სწრაფი რეაქციის უნარი. მშობლებს კი ერთი რამის გათვალისწინება უთუოდ მოუწევთ: სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მორიგი გაკვეთილის დაღი – ჩალურჯებული თვალი თუ სხეულის სხვა ნაწილი – თქვენს პატარა ჯეკი ჩანს ხშირად დააჩნდება.
სპორტი და ხასიათი
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება სპორტის არჩეული სახეობა ბავშვის ტემპერამენტს. თუ თქვენს პატარას სავარჯიშოდ გული მაინცდამაინც არ მიუწევს, პროტესტის ნიშნად ტირის და იხვეწება, დედიკო, ფეხბურთზე არ მინდაო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას თქვენი მოწონებული სპორტის სახეობა არ შეეფერება.
მაინც, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?
მოდით, ვცადოთ.
თუ თქვენი შვილი ექსტრავერტია ანუ კონტაქტური და იმპულსურია, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სასურველია, ჩააბათ სათხილამურო სპორტში,
ატაროთ ცურვაზე, ჩოგბურთზე. მისგან შესანიშნავი გიმნასტი ან აკრობატიც დადგება. სნოუ- და სკეიტბორდი ხომ ექსტრავერტების საყვარელი გართობაა.
თუკი ბავშვი ინტროვერტია – საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მორცხვი და მეტისმეტად პასიურია, უყვარს განმარტოება, უთუოდ მოეწონება მძლეოსნობა, ცურვა, სირბილი, ველოსიპედი. ინტროვერტები იდეალურად ეგუებიან მონოტონურ ვარჯიშებს, ამტანები და დისციპლინირებულნი არიან და ხშირად იმსახურებენ მწვრთნელის ქებას.
“ჩემი შვილი ინდივიდუალისტია”, – ამბობენ ხოლმე მშობლები. ჰოდა, სწორედ მათთვის არის ზედგამოჭრილ სპორტის ისეთი სახეობები, სადაც გუნდი არ მონაწილეობს. აქვე მოგახსენებთ, რომ ინდივიდუალისტებს შორისაც არიან განსხვავებული, მაგალითად, შიზოიდური და ჰიპერთიმური ტიპის ბავშვები.
შიზოიდური ტიპის პატარა ჯიუტი და თავნებაა, არასდროს ითვალისწინებს სხვის აზრს, ჰიპერთიმიკი კი გულღია, მოძრავი და ხალისიანია, იშვიათად ნერვიულობს და შფოთავს, ამიტომ ტურნირებზე ყოველთვის შესანიშნავ შედეგებს აღწევს.
სპორტის გუნდური სახეობები ყველაზე მეტად ე.წ. კონფორმული და სენსიტიური ტემპერამენტის მქონე ბავშვებს იტაცებთ. “კონფორმისტები” ყოველთვის “რასაც გუნდი გადაწყვეტს” პრინციპს მისდევენ. ისინი მეგობრულები, გულგახსნილები და თვინიერები არიან, თუმცა დამოუკიდებლობის უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. გუნდურ პაექრობაში ისინი ყოველთვის აუბამენ მხარს ძლიერ მოთამაშეებს და თამაშის წესებს არასოდეს დაარღვევენ.
სენსიტიური ტიპის ბავშვები მეტისმეტად მორიდებულნი არიან, იოლად მისდით გული და, რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. მიუხედავად ამისა, ტურნირის დროს საუკეთესო შედეგს იშვიათად აჩვენებენ ხოლმე. მათთვის ზედგამოჭრილია ფეხბურთი, ფრენბურთი, ოღონდ იმისთვის კი არა, რომ მათგან დიდი სპორტსმენი დადგეს (ეს მათ არ გამოუვათ), არამედ – გართობისა და გაკაჟებისთვის.
თურმე ისეთი ბავშვებიც არსებობენ, ვისთვისაც სპორტულ სექციაში სიარული ნამდვილი ტანჯვაა, თუმცა გამოსავალი მათთვისაც მოიძებნა.
ბავშვი-ფსიქასთენიკი მერყევია, ბევრს ფიქრობს და ცოტათი მშიშარაც არის. ღონიერი ფეხები აქვს, ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ სათხილამურო სპორტსა და მძლეოსნობაში მოსინჯავს ძალ-ღონეს. შეიძლება, წარმატებამ სპორტულ ტალღაზეც განაწყოს.
ასთენონევროზული ტიპის ბავშვები დუნეები არიან, აქვთ ძილის პრობლემები და დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან. მათთვის საუკეთესოა ცურვა.
ციკლოიდური ტიპის ბავშვები აპათიურები, დეპრესიულები არიან, იოლად ღიზიანდებიან და იღლებიან. უმჯობესია, სავარჯიშოდ დღის მეორე ნახევარში წაიყვანოთ, რადგან დილაობით მოთენთილობა და უხალისობა იპყრობთ. ასეთი ბავშვები ხშირად იცვლიან გუნებას, შესაბამისად – სპორტის სახეობასაც. რეალურად კი მაინცდამაინც არც ერთი არ იზიდავთ. ნურც დააძალებთ.
***
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპორტში ჩასაბმელად საუკეთესო დრო ზაფხულია, მაგრამ როგორ გინდა აიძულო პატარა ონავარი, უარი თქვას თანატოლებთან ერთად ღობე-ღობე წანწალზე ან ზღვის პლაჟზე კოტრიალზე? ჰოდა, მაინცდამაინც ნურც თქვენ შეუჩნდებით. ერთად მოიფიქრეთ, სპორტის რომელ სახეობაზე იაროს ბავშვმა და სტარტი სექტემბრიდან აიღეთ.