უცხო სხეული უცხო ადგილას
გააზიარე:
ნემსი, ჭიკარტი, ლურსმანი, ლობიოს მარცვალი, მონეტა, მზესუმზირა, ქინძისთავი, პატარა სათამაშო – რა საერთო აქვს ჩამოთვლილ ნივთებს? ბევრი არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თითოეული მათგანი შეიძლება უცხო სხეულად იქცეს.
სიტყვა “სხეულის” მნიშვნელობა ალბათ გასაგებია, “უცხო” კი მედიცინაში იმას ნიშნავს, რომ სხეული ისეთ ადგილას მოხვდა, სადაც, წესით, არაფერი ესაქმებოდა. ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა ისეთ ნივთებს, რომელთა გადაყლაპვა ან ცხვირსა თუ ყურში შეტენვა შესაძლებელია, პატარა ბავშვმა ნებისმიერ წუთს შეიძლება ახალი ფუნქცია უპოვოს.
რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენგანი არც ერთ ასაკში არაფრისგანაა დაზღვეული, მაგრამ ნივთებს არადანიშნულებისამებრ ყველაზე ხშირად სწორედ პატარები იყენებენ. იქნებ გინახავთ კიდეც კლინიკაში სტენდი, რომელზეც პატარა ონავრების სხეულიდან ამოღებული ნივთებია გამოფენილი. რას არ ნახავთ აქ, თმის სამაგრით დაწყებული, ლობიოს მარცვლით დამთავრებული. ასე რომ, თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ, ერთიორად მეტი ყურადღება გმართებთ.
საშიში ნივთები
ბავშვებს ყველაზე მეტად პატარა მბრწყინავი ობიექტები იზიდავთ, ინტერესის დაკმაყოფილება კი ამ ასაკში, უპირველეს ყოვლისა, გემოს გასინჯვას გულისხმობს. იმის იმედად ყოფნა, რომ ერთი წლის ბავშვი სურვილს მოთოკავს და ბრჭყვიალა ნივთს პირისკენ არ გააქანებს, გულუბრყვილობაა, ამიტომ პატარას ჩვენ თვითონ უნდა შევუქმნათ უსაფრთხო გარემო.
“უცხო სხეულად” შეიძლება იქცეს საკვები და მისი ნარჩენებიც, თუ, მაგალითად, სასულეში გადაგვცდა – ანუ საჭმლის მომნელებლის მაგივრად სასუნთქ სისტემაში მოხვდა. ეს შეიძლება იყოს თხილი, კაკალი, მზესუმზირა, კანფეტი, პოპკორნი, ფხა, ძვალი.
ასევე სიფრთხილეა საჭირო ღილებთან, ფანქრის წვერებთან, ნემსებთან, კბილის ჩხირებთან, პატარა ელემენტებთან (მათი გადაყლაპვა ტოქსიკურობის გამო ორმაგად სახიფათოა). საშიშია სათამაშოების პატარა ნაწილებიც, რომელთა გამოცალკევებაც შესაძლებელია.
გარდა საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემებისა, უცხო სხეული შეიძლება მოხვდეს თვალებში, ცხვირში, ყურებში.
როგორ ამოვიცნოთ, რომ პატარას უსიამოვნება შეემთხვა და როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში?
უცხო სხეული საჭმლის მომნელებელ სისტემაში
უცხო სხეულის გადაყლაპვაზე მიუთითებს:
* დისკომფორტის შეგრძნება;
* სუნთქვის, მეტყველების, ყლაპვის გაძნელება;
* ტკივილი ყლაპვის დროს;
* ნერწყვდენა;
* ტკივილი მუცლის ან მკერდის არეში.
როგორ მოვიქცეთ?
* არ მისცეთ ბავშვს საფაღარათო საშუალება.
* მიმართეთ ექიმს, მით უფრო – თუ გადაყლაპული ნივთი ტოქსიკური, ბასრი ან წვეტიანია.
საბედნიეროდ, ხშირად უცხო სხეული ადვილად გაივლის საჭმლის მომნელებელ სისტემას და “სამშვიდობოს” გამოდის, ამიტომ, თუ დანამდვილებით იცით, რომ ბავშვმა რამე გადაყლაპა, ქოთანზე ყოველი დასმის შემდეგ შეამოწმეთ განავალი.
უცხო სხეული სასუნთქ სისტემაში
ჰაერგამტარ გზებს ასე იმიტომ ჰქვია, რომ მათზე მხოლოდ ჰაერმა უნდა გაიაროს. თუ სასუნთქ სისტემაში უცხო სხეული მოხვდა, გზაზე დაბრკოლება გაჩნდება და პრობლემები გარანტირებულია.
სასუნთქ სისტემაში მოხვედრილი უცხო სხეული სხეული მთლიანად ან ნაწილობრივ ახშობს სასუნთქ გზებს. როცა სასუნთქი გზები ნაწილობრივაა დახშული, ბავშვს უეცრად ეწყება შეტევეითი ხველა, უჭირს სუნთქვა, ხმაურით სუნთქავს, აქვს მოხრჩობის შეგრძნება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო.
ბავშვს მომდევნო დღეებშიც დააკვირდით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რესპირატორული ინფექციის ნიშნებს: ცხელებას, ხველას და სხვა. სასუნთქ სისტემაში ჩარჩენილი უცხო სხეული ადგილობრივ ანთებას, დაჩირქებას და მეორეულ ინფექციას იწვევს. ზოგჯერ სასუნთქ სისტემაში უცხო სხეულის არსებობის პირველი ნიშანი სწორედ ინფექციაა.
თუ სასუნთქი გზები მთლიანად დაიხშო, ბავშვი, ბუნებრივია, ვეღარ ისუნთქებს. ამ დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
როგორ მოვიქცეთ?
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ყურადღებით დააკვირდით ბავშვის მდგომარეობას.
უცხო სხეულის გამოსადევნად სცადეთ შემდეგი მანევრები:
* წლამდე ასაკის ბავშვი პირქვე გადაიწვინეთ მკლავზე ან მუხლებზე და ზურგზე ხუთჯერ დააწექით ხელისგულით, შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეამოწმეთ, ხომ არ ამოსულა უცხო სხეული პირის ღრუში. თუ არა, ორი თითით ხუთჯერ დააწექით მკერდის ძვლის ქვედა კიდესთან. ისევ შეამოწმეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ უცხო სხეული არ ამოვარდება ან სასწრაფო არ მოვა.
* წელზე უფროსი ასაკის ბავშვი ფეხზე დააყენეთ, უკან ამოუდექით, ორივე ხელი შემოხვიეთ და მუშტი ღონივრად, ბიძგისებური მოძრაობით მიაჭირეთ ჭიპის ზემოთ (ისე, როგორც არაერთ ფილმში გვინახავს). შექმნილი წნევა სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოგდებას შეუწყობს ხელს.
* არ მისცეთ რამის ჭამის, დალევის ან თითის ყელში ჩაყოფის უფლება.
* არ ეცადოთ თითით უცხო სხეულის ამოღებას – შესაძლოა, ის უფრო ღრმად ჩავიდეს სასუნთქ გზებში, რაც უფრო მეტად გაართულებს მის ამოღებას. ამასთან, შესაძლოა რბილი ქსოვილებიც დაზიანდეს.
ექიმი ჩაატარებს ბრქონქოსკოპიას – დაუთვალიერებს ბავშვს სასუნთქ გზებს და ამ მანიპულაციის დროსვე ამოიღებს უცხო სხეულს.
ცხვირის ღრუში უცხო სხეულის გაჭედვაზე მიუთითებს:
* უსიამოვნო სუნის მქონე ან სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან;
* ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
* ბავშვის სუბიექტური შეგრძნება, რომ “ცხვირში რაღაც აქვს”.
როგორ მოვიქცეთ?
* არ სცადოთ უცხო სხეულის გამოღება, თუ მას ვერ ხედავთ ან ვერ სწვდებით.
* არ გამოიყენოთ პინცეტი, ბამბის ჩხირი თუ სხვა წვრილი საგანი ცხვირში გაჭედილი უცხო სხეულის გამოსაღებად.
* სთხოვეთ ბავშვს, ისუნთქოს პირით და არა ცხვირით.
* ფრთხილად შეხედეთ, რომელ ნესტოშია გაჭედილი უცხო სხეული.
* მეორე ნესტო ხელით დაუხშეთ და გაჭედილი ნესტოთი ერთი-ორჯერ ნაზად ჩააბერინეთ. ვიმეორებთ: ნაზად და არა უხეშად! შესაძლოა, უცხო სხეული თავისით გამოვარდეს.
* თუ ამან არ გაჭრა, მიმართეთ ექიმს.
ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გეჩვენებათ, რომ უცხო სხეულის გამოღების შემდეგ ცხვირი დაზიანებულია.
ყურში რა გაქვს?
ყურში გაჭედილი უცხო სხეული ხშირად იწვევს ყურის ანთებას.
მის გამოსაგდებად გამოიყენეთ გრავიტაცია – თავი გაჭედილი ყურის მხარეს დახარეთ. შესაძლოა, უცხო სხეული ამ უბრალო მეთოდითაც გამოდევნოთ.
რა უსიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს, ყურში შესაძლოა შეძვრნენ მწერებიც. ამ შემთხვევაში შეიძლება, ბავშვს ყურში შპრიცით შევასხათ თბილი წყალი, რომელიც მწერს გამოდევნის. ოღონდ ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დარწმუნებული ხართ, რომ დაფის აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის.
დაფის აპკის პერფორაციაზე ტკივილი, სისხლდენა და გამონადენი მიუთითებს.
უსაფრთხო გარემო
ყველა ამ უსიამოვნების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ეს არც ისე ძნელია:
* პატარა, საინტერესო, ბრჭყვიალა საგნები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
* ბავშვებს არ მისცეთ არაქისი, პოპკორნი და მსგავსი სასუსნავი.
* საკვები პატარა ნაჭრებად დაუჭერით, რომ ადვილად დაღეჭოს.
* 7 წლამდე არ მისცეთ საღეჭი რეზინა, კარამელი და სხვა წებოვანი ტკბილეული.
* ვარგისი ბატარეები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ, ძველი კი სანაგვეზე მიაბრძანეთ.
* წაიკითხეთ სათამაშოს ეტიკეტი, რომელზეც მითითებულია, რა ასაკიდან შეიძლება ამ ნივთით თამაში. სამ წლამდე ასაკის ბავშვი მოარიდეთ სათამაშოებს, რომელსაც ბევრი პატარა დეტალი აქვს.
* სათამაშო კუთხე ხშირად დაალაგეთ. თუ აღმოაჩინეთ, რომ რომელიმე სათამაშო გატეხილია, ეძებეთ მოტეხილი ნაწილი. დაზიანებული, დამტვრეული სათამაშოები გადაყარეთ.
* ასწავლეთ ბავშვს, რომ ნივთები ყურში, ცხვირში, პირში არ უნდა ჩაიდოს.
* არ აჭამოთ ტირილის დროს.
* არ მისცეთ ჭამის დროს სიცილის, საუბრის, თამაშის უფლება.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ყველა ამ რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაშიც კი ვერ იქნებით ბოლომდე დაზღვეული, მაგრამ თუ პატარამ მაინც მოახერხა და რაიმე ნივთი არადანიშნულებისამებრ გამოიყენა, უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ.
გვანცა გოგოლაძე