ჭარხალი – ბუნებრივი დოპინგი გულისა და კუნთებისთვის
გააზიარე:
ჭარხალი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ საკვებად და სამკურნალოდ. მისი მაღალი ბიოლოგიური ღირებულება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები თანამედროვე კვლევებმაც დაადასტურა.
ჭარხალი გამოირჩევა ბიოაქტიური ნაერთების მრავალფეროვნებით – ნივთიერებებისა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, ანთებითი პროცესების შემცირებასა და მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
რას შეიცავს
100 გრამი ნედლი ჭარხლის კვებითი პროფილი დაახლოებით ასეთია:
ცილები – 1.6 გ
ცხიმები – 0.17 გ
ნახშირწყლები – 9.6 გ
ბოჭკო – 2.8 გ
კალორიები – 43 კკლ
ვიტამინები და მინერალები
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 109 მკგ (დღიური ნორმის ≈ 27%)
ვიტამინი C – 4.9 მგ (დღიური ნორმის ≈ 5%)
ვიტამინი B1 (თიამინი) – 0,03 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,04 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 0,33 მგ (დღიური ნორმის ≈ 2%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 0,15 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,07მგ (დღიური ნორმის ≈ 4%)
კალიუმი – 325 მგ (დღიური ნორმის ≈ 7%)
მაგნიუმი – 23 მგ (დღიური ნორმის ≈ 6%)
რკინა – 0.8 მგ (დღიური ნორმის ≈ 4%)
მანგანუმი – 0,33 მგ (დღიური ნორმის ≈ 14%)
სპილენძი – 0,07 მგ (დღიური ნორმის ≈ 8%)
რკინა – 0,80 მგ (დღიური ნორმის ≈ 4%)
ფოსფორი – 40 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
ნატრიუმი – 78 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
თუთია – 0,35 მგ (დღიური ნორმის ≈ 3%)
კალციუმი 16 მგ (დღიური ნორმის ≈ 1%)
სელენი – 0,70 მგ (დღიური ნორმის ≈ 1%)
(შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.)
თერმული დამუშავებისას (ხარშვისას, ცხობისას) საგრძნობლად იკლებს C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობა, მინერალებისა – შედარებით ნაკლებად, ბოჭკოსი კი თითქმის უცვლელი რჩება. მოხარშული ჭარხლის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია, ვიდრე უმისა, რაც გასათვალისწინებელია, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს.
ჭარხალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული კლინიკური კვლევები საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ჭარხალი ხელს უწყობს სისხლძარღვების სიჯანსაღეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას, რაც, თავის მხრივ, გულის უფრო ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.
ჭარხლის ეს ეფექტი რამდენიმე ძირითად ბიოქიმიურ მექანიზმს ეფუძნება:
* ჭარხალი მდიდარია ბუნებრივი ნიტრატებით. აღმოჩნდა, რომ საკვებიდან მიღებული ბუნებრივი ნიტრატები სასარგებლო თვისებებით გამორჩევა. სხეულში ეს ნივთიერებები გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად (NO). NO ძლიერი ვაზოდილატატორია. ის ადუნებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, რის შედეგადაც ფართოვდება მათი სანათური, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და იკლებს არტერიული წნევა (საშუალოდ 4-10 მმ ვწყ. სვ-ით. ეფექტი პიკს აღწევს ჭარხლის მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ). ამრიგად, ჭარხლის რეგულარული მიღება ასოცირებულია როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური წნევის დაქვეითებასთან, რაც ამცირებს ინსულტისა და გულის კორონარული დაავადებების რისკს. ოღონდ ჭარხალი და მისი წვენი არ შეიძლება ჩაითვალოს ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებად – ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა განიხილებოდეს.
ჭარხლის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა, რომ წნევამ უფრო მეტად არ დაუწიოთ. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვინც ვაზოდილატატორებს (მაგალითად, ნიტროგლიცერინს ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს) იღებს, რადგან ჭარხლის დიდმა ულუფამ შესაძლოა წნევის სახიფათო ვარდნა გამოიწვიოს.
*ანტიოქსიდანტები, განსაკუთრებით ბეტალაინები, – მცენარეული პიგმენტები, რომლებიც ჭარხალს დამახასიათებელ ფერს აძლევს, – იცავს ენდოთელიუმს, სისხლძარღვების შიგნითა შრეს, ოქსიდაციური სტრესისგან, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჭარხალში არსებული ბიოაქტიური ნაერთები ხელს უწყობს ორგანიზმში ანთებითი მარკერების დონის დაწევას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის.
*ფოლიუმის მჟავა (B9) და ნივთიერება ბეტაინი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას. ჰომოცისტეინი ცილის მეტაბოლიზმის პროდუქტია, რომლის მომატებული კონცენტრაცია ზრდის არტერიების დაზიანებისა და თრომბების წარმოქმნის, შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
*ბოჭკო ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის LDL (ცუდი) ქოლესტეროლის დონის დაწევას, აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას და აფერხებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.
საინტერესოა, რომ ჰომოცისტეინის მაღალი დონე დღეს ნეიროდეგენერაციული პროცესების (ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების) შესაძლო რისკფაქტორდ განიხილება. შესაბამისად, ჭარხლის რეგულარულ მიღებას შესაძლოა ნევროლოგიური ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც ჰქონდეს პრევენციული პოტენციალი.
მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ბუნებრივი და სინთეზური ნიტრატები. ბოსტნეულში (ჭარხალი, ისპანახი, რუკოლა) არსებული ბუნებრივი ნიტრატები უსაფრთხოდ მიიჩნევა, რადგან C ვიტამინი და პოლიფენოლები ხელს უშლის მათ გარდაქმნას მავნე ნიტროზამინებად (ქიმიური ნაერთები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოს უჯრედის ფორმირებაში). სამაგიეროდ, მკაცრად უნდა შეიზღუდოს სინთეზური ნიტრატები, რომლებიც კონსერვანტებად გამოიყენება გადამუშავებული ხორცპროდუქტების (ძეხვეული, ლორი) წარმოებისას – მათი ჭარბი მიღება ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკთან არის დაკავშირებული.
ჭარხალი და ფიზიკური ამტანობა
სამხრეთ კორეაში მდებარე კიონ-ჰის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჭარხლის წვენის რეგულარული მიღება მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას კი არ აუმჯობესებს, არამედ მაღალინტენსიური დატვირთვის მიმართ გამძლეობასაც ზრდის.
კვლევაში 14 ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა. 15 დღის განმავლობაში ისინი ყოველდღე იღებდნენ ჭარხლის წვენის ულუფას, რომელიც დაახლოებით 400 მგ ბუნებრივ ნიტრატს შეიცავდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ჭარხლის წვენში შემავალი ნიტრატები ბუნებრივად სწევს დაბლა არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამის შედეგად გული ვარჯიშის დროს უფრო ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარს, ხოლო ორგანიზმი უფრო ეფექტურად იყენებს ენერგიას. როდესაც ჟანგბადის მოხმარება უფრო ეკონომიურია, გვიან დგება ქოშინისა და კუნთების წვის (ლაქტატის დაგროვების) ფაზა, მცირდება გულის დატვირთვა და ჩქარდება აღდგენითი პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია, უფრო მეტხანს ან უფრო მაღალი ინტენსივობით ივარჯიშოს ზედმეტი გადაღლის გარეშე.
მნიშვნელოვანია ჭარხლის როლი კლინიკურ მედიცინაში. კვლევა, რომელიც სამეცნიერო გამოცემა ჟოურნალ of Cardiac Failure-ში გამოქვეყნდა, განდევნის ფრაქციის შემცირების მქონე პაციენტებს შეისწავლიდა. განდევნის ფრაქცია სისხლის ის რაოდენობაა, რომელსაც მარცხენა პარკუჭი ყოველი შეკუმშვისას სისხლძარღვებში გადაისვრის. როცა ის იკლებს, გული ვეღარ უზრუნველყოფს ჟანგბადით ქსოვილების სათანადო მომარაგებას, რაც იწვევს ქოშინს მინიმალური დატვირთვისას, შრომისუნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას, ნაადრევ დაღლას.
ჭარხლის წვენის რეგულარულმა მიღებამ საგრძნობლად გაზარდა კვლევის მონაწილეთა ამტანობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ და გააუმჯობესა ჟანგბადის ათვისების უნარი ფიზიკური აქტივობისას. ინდიანაპოლისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ენდრიუ კოგანი, ამბობს, რომ კვლევის პროცესში არასასურველი თანამოვლენები არ აღრიცხულა.
ამრიგად, ჭარხალი შეიძლება განვიხილოთ როგორც უსაფრთხო და ეფექტური ნუტრიციული დანამატი გულის უკმარისობის კომპლექსური თერაპიის ფარგლებში, მაგრამ არა როგორც მედიკამენტური მკურნალობის შემცვლელი.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი
ბეტაინი ასტიმულირებს ჰეპატოციტებს – ღვიძლის უჯრედებს – და ეხმარება მათ დეტოქსიკაციური ფუნქციის უკეთ შესრულებაში. ამასთანავე, ჭარხალი აძლიერებს ნაღვლის ბუშტის სეკრეტორულ აქტივობას, რითაც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. ნაღვლის გამართული დინება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცხიმების მონელებისთვის, არამედ იმ პროცესებისთვისაც, რომლებიც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, დროულად და ეფექტურად გამოდევნოს მეტაბოლური ნარჩენები. ამ თვალსაზრისით, მიიჩნევა, რომ ჭარხალი ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამართულ ფუნქციობას.
თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
* ჭარხალი შეიცავს ოქსალატებს – ნაერთებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს კალციუმ-ოქსალატური ქვების წარმოქმნას. თუ პაციენტს აწუხებს თირკმლის ან ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, ჭარხლის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.
* ისიც უნდა ითქვას, რომ ჭარხლის წვენის დიდმა დოზამ შესაძლოა საგრძნობლად გააძლიეროს ნაღვლის დინება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მუცლის არეში დისკომფორტი ან ტკივილი მოჰყვება. ამიტომ რეკომენდებულია, ეს ბოსტნეული ზომიერად მივიღოთ.
ჭარხლისა და მისი პროდუქტების მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად და ექიმთან შეთანხმებით:
* ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავებისას;
* ნაღვლის მწვავე ანთებითი პროცესების დროს;
* ინდივიდუალური აუტანლობისას.
ამაღლებს განწყობას
მართალია, ჭარხალს ისეთივე მყისიერი ეფექტი არ აქვს, როგორიც სტიმულატორებსა თუ ანტიდეპრესანტებს, მაგრამ მისი რეგულარული მიღება დადებითად აისახება ემოციურ ფონზეც. ეფექტი ნაწილობრივ დაკავშირებულია ჭარხლის შემადგენლობაში შემავალ ბეტაინთან – ეს უკანასკნელი აქტიურად მონაწილეობს ბიოქიმიურ პროცესებში, რომლებიც ხელს უწყობს “ბედნიერების ჰორმონის”, სეროტონინის, დონის ამაღლებას.
დოზირება და უსაფრთხოება
ნიტრატებით მდიდარი პროდუქტების ხანგრძლივი და ჭარბი მიღება, მეტადრე – კონცენტრირებული ფორმით (მაგალითად, დიდი რაოდენობით ჭარხლის წვენის რეგულარული სმა), ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველ ეფექტებს იწვევს. კერძოდ, შეუძლია:
* გაზარდოს ღვიძლისა და თირკმლის დატვირთვა;
* გამოიწვიოს დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში (მუცლის შებერილობა, გულისრევა);
* გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტი დაქვეითება იმ პირებთან, რომლებსაც ჰიპოტენზია ან წნევისადმი მომატებული მგრძნობელობა აქვთ.
მომზადებისა და შენახვის წესები
* როდესაც ნიტრატებით მდიდარ თერმულად დამუშავებულ ბოსტნეულს (ისპანახი, ჭარხალი) დიდხანს ვტოვებთ ოთახის ტემპერატურაზე, ბაქტერიები იწყებენ ნიტრატების გარდაქმნას ნიტრიტებად, რომლებიც ორგანიზმში მაღალი კონცენტრაციისას მავნე ნიტროზამინებს წარმოქმნის. არ არის რეკომენდებული მოხარშული ან თერმულად დამუშავებული ჭარხლის (ისევე როგორც ისპანახის) ოთახის ტემპერატურაზე დატოვება 2 საათზე (ზაფხულში – 1 საათზე) მეტ ხანს.
* არ არის რეკომენდებული ნიტრატებით მდიდარი საკვების (ჭარხლის, ისპანახის) ხელმეორედ გაცხელება – იმატებს მასში ნიტრიტების წარმოქმნის რისკი. უმჯობესია, მისგან ცივი სალათა მოამზადოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ჭარხლის წვნიანი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შეათბეთ.
* თუ ძირხვენა მოყვანილია აზოტით ჭარბად გაჯერებულ ნიადაგში და მზის შუქიც აკლია (მაგალითად, სათბურის პირობებში), იმაზე მეტ ნიტრატს აგროვებს, ვიდრე ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. ასეთ დროს მცენარეს შესაძლოა არ ეყოს საკუთარი ანტიოქსიდანტური ბარიერი ნიტრატების გასანეიტრალებლად.
* თუ დიდი ხანია იღებთ კუჭის მჟავიანობის დამწევ პრეპარატებს (ანტაციდებს), შესაძლოა, კუჭში ბაქტერიული ფლორის ცვლილების შედეგად ნიტრატები ნაადრევად გარდაიქმნას ნიტრიტებად.
* უმი ჭარხალი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას (სასურველია, 0-4°C-ზე) ან მაცივრის ბოსტნეულის განყოფილებაში (სასურველია, ქაღალდის პაკეტით. თუ ჭარხალს ფოთლები აქვს, მოაჭერით, რადგან ფოთლები ძირხვენას ტენს ართმევს.
* თერმულად დამუშავებული ჭარხალი მაცივარში, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ნუ გააჩერებთ 3-5 დღეზე მეტხანს.
* ნუტრიციოლოგების რეკომენდაციით, ორთქლზე მომზადება (დაახლოებით 15-25 წუთი) საუკეთესო გზაა ჭარხლის სასარგებლო ნივთიერებების შესანარჩუნებლად. წყალში ხარშვისას მათი ნაწილი წყალში გადადის.
* რეკომენდებულია ჭარხლის მიღება C ვიტამინით მდიდარ საკვებთან (ციტრუსები, მწვანილი) ერთად. ეს ამცირებს ნიტროზამინების წარმოქმნის რისკს.
ჯილდა გაჩეჩილაძე











