ყველაფერი გრუმინგის შესახებ
გააზიარე:
გრუმინგი საერთო სახელია პროცედურებისა, რომლებიც მოიცავს: შინაური ცხოველების დაბანას და დავარცხნას, ბრჭყალების დაჭრასა და დაქლიბვას, ყურებისა და თათების დასუფთავებას სპეციალური ჰიგიენური საშუალებებით.
ბევრისთვის გრუმინგი მხოლოდ გარეგნულ სილამაზესთან ასოცირდება, მაგრამ ესთეტიკური მხარე არ არის გადამწყვეტი – გრუმინგის მნიშვნელობა გაცილებით დიდია.
ბუნებრივ გარემოში ცხოველები ერთმანეთს ეხმარებიან ბეწვის მოვლა-დასუფთავებაში. ასეთი რამ დამახასიათებელია უმთავრესად იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობენ: მაიმუნებისთვის, მგლებისთვის, ჩლიქოსნებისთვის... ანალოგიურ ქცევას ფრინველებთანაც ვხვდებით.
თმიანი საფარის მოვლა აუცილებელია თერმორეგულაციისთვის, კანისა და შინაგან ორგანოთა დაავადებების პრევენციისთვის, პარაზიტების კონტროლისთვის. ბეწვისა და ბუმბულის მდგომარეობას ვეტერინარები ცხოველთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად მიიჩნევენ.
შინაური ცხოველებიც ცდილობენ თავის მოვლას, ბეწვის გასუფთავებას, მაგრამ, თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობისა და თვით ამ ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით (ურბანული გარემო, ნაკლები მოძრაობა, მუდმივი კონტაქტი ქიმიურ გამღიზიანებლებთან ქუჩაში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები შინ და გარეთ), თვითმოვლის ბუნებრივი ინსტინქტი საკმარისი აღარ არის – საჭიროა რეგულარული, დაგეგმილი ვიზიტები სპეციალისტთან (წელიწადში ორჯერ მაინც), რათა ჩვენი ოთხფეხა შვილობილების ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.
რა სარგებლობა მოაქვს გრუმინგს
რეგულარული ვარცხნა შეუცვლელია კანისა და ბეწვის ჯანმრთელობისთვის. ის აშორებს მკვდარ უჯრედებს, გაცვენილ ღერებს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ცხიმის (სებუმის) თანაბარ განაწილებას, რაც ბეწვს ბზინვარებასა და ელასტიკურობას ანიჭებს.
ამასთან ერთად, ვარცხნა თავიდან გვაცილებს ბეწვის დაკოშტვას (მატინგს). ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების ტანზე აუცილებლად შეამჩნევდით ბეწვის კოშტებს – გასქელებულ, თექასავით მოთელილ მასას, რომელიც სხეულზე აქვთ ჩამოკონწიალებული. გაცვენილი და ჩამოუვარცხნელი ბეწვი წარმოქმნის მკვრივ ფენას, რომელიც კანს ხელს უშლის სუნთქვაში, იწვევს მის გაღიზიანებასა და ანთებას, არის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების ბუდე.
გრუმინგი გვეხმარება პარაზიტების დროულ აღმოჩენასა და მოშორებაში. გარდა ამისა, რუტინული პროცედურის დროს ცხოველის კანზე პოულობენ ახალგაჩენილ გამონაყარს, ჭრილობებს, კეთილთვისებიან წარმონაქმნებს (მაგ., ლიპომებს), რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მკურნალობის დაწყებას.
შინაური ცხოველები, განსაკუთრებით – ქალაქის პირობებში, ნაკლებს მოძრაობენ უხეშ ზედაპირებზე, რაც ვერ უზრუნველყოფს კლანჭებისა და ბრჭყალების ბუნებრივ ცვეთას. შედეგად რქოვანი წარმონაქმნები სწრაფად იზრდება და დისკომფორტის წყაროდ იქცევა. ზედმეტად გრძელი კლანჭები და ბრჭყალები იწვევს ტკივილს და მექანიკურად ცვლის თათის პოზიციას სიარულის დროს, რის გამოც არასწორად იტვირთება სახსრები და დროთა განმავლობაში ვითარდება ართრიტი.
გარდა ამისა, გრძელი კლანჭი ხშირად იხლიჩება ან იხვევა, რაც სისხლდენას და მეორეულ ინფექციას იწვევს.
ასე რომ, რეგულარული სეირნობა აუცილებელია ცხოველისთვის, მაგრამ, განურჩევლად მისი ხანგრძლივობისა, ფრჩხილების პერიოდული პროფესიული დამოკლების გარეშე ფონს ვერ გახვალთ.
კინოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ რეგულარული გრუმინგი ფსიქოლოგიური კომფორტის საწინდარია. გრუმინგის პროცესი პატრონსა და ცხოველს შორის ნდობით აღსავსე კავშირს ამყარებს. ფაქიზი მოვლის ეს პროცედურა ცხოველს ამშვიდებს, დადებით ასოციაციებს აღუძრავს და მომავალშიც ხელს უწყობს მის ფსიქოლოგიურ კომფორტს. რეგულარული, მშვიდი მოფერება, შეხება, ვარცხნა ამცირებს შფოთვას და აჩვევს ცხოველს სხეულზე მანიპულაციას, რაც ნიშნავს, რომ მომავალში, ვეტერინართან ვიზიტის დროს, ის უფრო ნაკლებ სტრესს მიიღებს.
გრუმინგის ძირითადი სახეები
გრუმინგის ტექნიკა და სიხშირე დამოკიდებულია ცხოველის ჯიშზე, ბეწვის ტიპსა და ცხოვრების წესზე. ინდივიდუალურ გეგმას ვეტერინარი ან პროფესიონალი გრუმერი შეგიდგენთ. ჩვენ მხოლოდ ზოგად მიმოხილვას შემოგთავაზებთ:
ვარცხნა: მოკლებეწვიან ძაღლებს (მაგ., ლაბრადორს) კვირაში 1-2-ჯერ სჭირდებათ დავარცხნა. გრძელბეწვიანი და ორფენაბეწვიანი ჯიშები (მაგ., შპიცი, ოქროსფერი რეტრივერი, იორკშირტერიერი) ყოველდღე უნდა ვვარცხნოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბეწვის დაკოშტვა და ქვედა, გამკვრივებული ფენის დაგროვება.
ბანა: ძაღლის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. უმეტესობას თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ დაბანაც ჰყოფნის. ოღონდ უნდა გამოიყენოთ ცხოველებისთვის განკუთვნილი, პH-დაბალანსებული შამპუნი.
გახსოვდეთ, ხშირი ბანა შინაური ცხოველისთვის რეკომენდებული არ არის. ამასთან ერთად, ვეტერინარები და კინოლოგები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ აგრესიული ქიმიური საშუალებები ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრებისთვის. მაგალითად, სრულიად დაუშვებელია სარეცხი საპნით ან ჩვეულებრივი საპნით ძაღლებისა და კატების ბანა: აგრესიული ქიმიკატები აზიანებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს, გამორეცხავს ბუნებრივ ცხიმებს და იწვევს სიმშრალეს, ქავილს, მგრძნობელობას მომატებას დერმატიტებისა და ინფექციების, ალერგიების მიმართ.
ბეწვის რეგულარული შეჭრა აუცილებელია იმ ჯიშებისთვის, რომლებსაც ბეწვი განუწყვეტლივ ეზრდებათ (მაგ., პუდელი, შნაუცერი). შეჭრა უნდა მიანდოთ სპეციალისტს, რათა შენარჩუნდეს ჯიშის სტანდარტიც და არც ცხოველის თერმორეგულაცია დაზიანდეს.
პარსვა კიდევ უფრო საფრთხილო პროცედურაა. სამწუხაროდ, ზოგიერთი არაპროფესიონალი გრუმერი თანხმდება პატრონის მოთხოვნას და ორფენაბეწვიან ჯიშებს პარსავს, ეს კი დაუშვებელია. ორფენა ბეწვი იმ ტიპის ბეწვია, რომელიც ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული ორი შრისგან შედგება. ქვედა ბეწვი კანთან ახლოსაა, მოკლეა, მკვრივი, რბილი, შალისებური ტექსტურა აქვს. მისი მთავარი ფუნქცია იზოლაციაა (თერმორეგულაცია) და მისი მოპარსვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზედა ბეწვი გრძელი, უხეში, დამცავი ფუნქციის მქონე ბარიერია. ორფენა ბეწვი აქვთ: ნაგაზებს, რეტრივერებს, სპანიელებს, შპიცის ტიპის ჯიშებს, ციმბირული და ალასკური ჯიშის ძაღლებს (ჰასკი, მალამუტი, ე.წ. ჩრდილოეთის სამუშაო ჯგუფის ძაღლები...).
გახსოვდეთ: პარსვა აზიანებს თმის ზრდის ბუნებრივ ციკლს, არღვევს თერმულ იზოლაციას და ხშირად იწვევს ბეწვის არასწორად ამოსვლას. ორფენა ბეწვის მქონე ძაღლებს ქვედა ბეწვის გამოვარცხნა სჭირდებათ და არა გაპარსვა! გაპარსვა აქრობს შიშველი კანის დამცავ შრეს და დაუცველს ტოვებს ცხოველს ულტრაიისფერი (UV) სხივების მიმართ, რითაც ზრდის მზით დამწვრობისა და კანის კიბოს რისკს. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს ბეწვის ჩაბრუნებაც ან ახალი ღერები არასწორი მიმართულებით ამოიზარდოს. დაზიანებული ბეწვი ვეღარ იბრუნებს თავის პირვანდელ, დამცავ ტექსტურას და ბამბისებური ხდება. ასე რომ, ყოველთვის მიმართეთ პროფესიონალს ქვედა ბეწვის მოსაცილებლად და არამც და არამც არ დათანხმდეთ გაპარსვას.
ნინო ლომიძე











