ფაქტები, რომლებიც გაგაოცებთ

გააზიარე:

 

გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი წინაპრებიც ისევე ებრძოდნენ ავადმყოფობას, ცდილობდნენ ტკივილის შემსუბუქებას და სიკვდილის გადავადებას, როგორც ჩვენ. მათ მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია, დღეს მედიცინა მათი გადმოსახედიდან სასწაულებს სჩადის.

მედიცინის განვითარების გზაზე ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ყველაზე საინტერესო ფაქტებს ჩვენს სტატიაში მოვუყარეთ თავი. ზოგიერთი აღმოჩენა აღგვაფრთოვანებს, ზოგი კი – მაგალითად, მკურნალობის რომელიმე დრომოჭმული მეთოდი – ღიმილსაც მოგვგვრის.

 

უძველესი ექიმი ქალები

გენდერული როლების ეპოქაში არ გვაწყენს იმის ცოდნა, რომ უძველეს ექიმებს შორის არაერთი ქალი იყო.

საკარა კაიროდან 20 მილით დაშორებული ადგილია. ხუთი ათასწლეულის წინ აქ ეგვიპტური ქალაქის მემფისის ნეკროპოლისი გახლდათ გაშენებული. აქვე დგას ჩვენამდე მოღწეული უძველესი შენობა – ჯოსერის პირამიდა. მის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სამარხზე ამოტვიფრულია მერიტ პტაჰის (Merit Ptah) გამოსახულება – პირველი ექიმი ქალისა, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2700 წლის მახლობლად ცხოვრობდა. საფლავის ქვის წარწერაში მერიტ პტაჰი მოხსენიებულია როგორც მთავარი, ხელმძღვანელი ექიმი.

200 წლით გვიანდელ წყაროებში კიდევ ერთი ექიმი ქალის – პესეშეტის (Peseshet) შესახებ მოიპოვება ინფორმაცია. იგი უკვდავყოფილია შვილის, წარჩინებული ქურუმის – ახეტ-ჰეტეპის (Akhet-Hetep) საფლავის მონუმენტზე. პესეშეტი მოხსენიებულია მკურნალი ქალების მეთვალყურედ, რაც გვავარაუდებინებს, რომ გოგონების სამედიცინო განათლება ძველ ეგვიპტეში არა გამონაკლისი, არამედ გავრცელებული პრაქტიკა იყო, ხოლო თავად პესეშეტი, როგორც ჩანს, მათი მასწავლებელი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არსებული ათეულობით საუკუნე და წყაროების სიმწირე ხელს გვიშლის მერიტ პტაჰისა და პესეშეტის ცხოვრების ზედმიწევნით აღდგენაში, აშკარაა, რომ ექიმი ქალები ძველი ეგვიპტის საზოგადოების პატივსაცემი წევრები იყვნენ.

 

კატარაქტის ოპერაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე

ერთ-ერთი უძველესი ინდური სამედიცინო ტრაქტატი, “სუშრუტა სამჰიტასი”, სანსკრიტზეა დაწერილი. მისი შექმნის ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან ორიგინალურ ვერსიას ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩა მხოლოდ მოგვიანებით შექმნილი ასლები. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “სუშრუტა სამჰიტასი” ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 600 წელს დაიწერა.

სუშრუტა, როგორც ტრაქტატიდან ირკვევა, ინდოელი ექიმი და მასწავლებელი იყო. ტრაქტატში ნახავთ უამრავი სამედიცინო პროცედურის, ქირურგიული მანიპულაციის, წამლების მომზადების წესისა და ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის დეტალურ აღწერას.

სუშრუტა მოწაფეებს ასწავლიდა, რომ რაც უნდა ნაკითხები და განათლებულები ყოფილიყვნენ, პრაქტიკული გამოცდილების გარეშე კარგი ექიმები ვერ გახდებოდნენ. მისი სწავლებისამებრ, ქირურგი გაკვეთაში ხილის ქერქზე უნდა დაოსტატებულიყო, რბილობიდან თესლის ნაზად ამოღებისას კი ის გამოიმუშავებდა ადამიანის რბილი ქსოვილებიდან უცხო სხეულის ამოღების უნარს. გარდა ამისა, სუშრუტას მოწაფეები, სანამ უშუალოდ პაციენტის მკურნალობას დაიწყებდნენ, ვარჯიშობდნენ მკვდარ ცხოველებზე, წყლით სავსე ტიკებზე და სხვა.

ტრაქტატში ბევრ სხვა ქირურგიულ პროცედურასთან ერთად აღწერილია კატარაქტის ოპერაციაც. ოპერაციის მსვლელობისას პაციენტმა უნდა უყუროს საკუთარ ცხვირის წვერს. ექიმს მისი ქუთუთო საჩვენებელი და ცერა თითებით უჭირავს და თვალის კაკალს გვერდიდან ნემსის მსგავსი ინსტრუმენტით ჩაჩხვლეტს. ამის შემდეგ პაციენტს თვალზე ქალის რძეს აპკურებდნენ და გარშემო კანს მცენარეების ნაყენით ჩამობანდნენ. ქირურგი შემღვრეულ ბროლს ინსტრუმენტით მანამდე ფხეკდა, სანამ თვალი “მბრწყინავი, უღრუბლო მზის სიკაშკაშეს არ აღიქვამდა”. რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტს თავი უნდა შეეკავებინა ხველისგან, ცემინებისა და ყველა იმ ქმედებისგან, რომელიც თვალის შიდა წნევას ასწევდა. წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში მხედველობა ნაწილობრივ აღდგებოდა, თუმცა არაფოკუსირებული იყო.

 

“სიცოცხლის ხე” სურავანდს ებრძვის

1536 წელს სტადაკონას (დღევანდელი კანადის ტერიტორია) მახლობლად ჟაკ კარტიეს გემი ყინულის მახეში მოექცა. ეკიპაჟს საკვების მარაგი ელეოდა. მეზღვაურებს საშინელი ავადმყოფობა შეეყარათ: “პირი უყარდათ, ღრძილები სისხლივით წითელი ჰქონდათ, ღრძილებიდან კბილის ფესვები უჩანდათ და ლამის კბილებიც სცვიოდათ”. ალბათ უკვე მიხვდით, რომ მოგზაურები სურავანდით იტანჯებოდნენ, რომელიც არასრულფასოვანმა კვებამ, კერძოდ, C ვიტამინის დეფიციტმა გამოიწვია, თუმცა კარტიემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

1534 წელს, სტადაკონაში პირველი მოგზაურობის დროს, კარტიემ ორი ახალგაზრდა მამაკაცი – დომ აგაია და ტაინიოანი _ მოიტაცა და საფრანგეთში წაიყვანა როგორც ახლად აღმოჩენილი ტერიტორიების მტკიცებულება. შინ დაბრუნებულ დომს და მის ხალხს ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ, კარტიეს მიმართ ცუდად ყოფილიყვნენ განწყობილნი. მიუხედავად ამისა, დომ აგაიამ ექსპედიციის ხელმძღვანელს ანედას ხისგან ნახარშის მომზადება ასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი შიშობდა, ნახარში მომწამვლელი არ ყოფილიყო, ექსპედიციის ზოგიერთმა წევრმა მაინც დალია ის და რამდენიმე დღეში სურავანდისგან განიკურნა. ამის შემდეგ ადგილობრივ მკურნალს ევროპელ მოგზაურთა ნაკადი მიაწყდა. ისინი მზად იყვნენ, წამლისთვის ერთმანეთი დაეხოცათ.

ანედას ევროპული სახელწოდება უცნობია. ვარაუდობენ, რომ ეს იყო აღმოსავლური თეთრი კედარი ან თეთრი ნაძვი. რა ჯიშისაც არ უნდა ყოფილიყო ხე, მისმა კვებითმა და სამკურნალო თვისებებმა არაერთი მეზღვაური გადაარჩინა.

ალბათ გაინტერესებთ, რით გადაუხადა სიკეთე კარტიემ დომ აგაიას. მან ხელახლა გაიტაცა ის ცხრა თანატომელთან ერთად. კანადისკენ მომდევნო ექსპედიციის დროს, 1541 წელს, ტყვეთა უმრავლესობა უკვე აღარ იყო ცოცხალი.

მიუხედავად საინტერესო ისტორიისა, მკურნალობის ამ მეთოდმა სახელი ვერ გაითქვა და მომდევნო 200 წელი სურავანდი მეზღვაურთა დაუძინებელ მტრად დარჩა.

 

თერიაყი – ყველაფრის წამალი

ძველად მეფობა საკმაოდ სახიფათო საქმიანობა იყო _ ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც, ვისაც შენი თავიდან მოშორება უნდოდა. ლეგენდის თანახმად, მითრიდატე VI პონტოელმა გადაწყვიტა, ორგანიზმი გამოეწრთო და შხამის მიმართ შეუვალობა გამოემუშავებინა. ის მცირე დოზით იღებდა საწამლავს და ულუფას დღიდან დღემდე უმნიშვნელოდ ზრდიდა, რათა დიდ დოზას მასზე სასიკვდილოდ არ ემოქმედა. გარდა ამისა, დადიოდა ხმები, რომ მითრიდატე პატიმრებზე ტოქსიკოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა: სურდა, ერთი ადამიანისთვის – “მითრიდატეს ქმნილებისთვის” _ გამოემუშავებინა ყველა შესაძლო ანტისხეული.

ფარმაკოლოგიური წიაღსვლები მითრიდატეს რომაელებთან ბრძოლაში ვერ დაეხმარა _ ის მხედართმთავარ გნეუს პომპეუსთან დამარცხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 66 წელს, მისი რეცეპტი კი, სავარაუდოდ, რომში მოხვდა. იმპერატორ ნერონის პირადმა ექიმმა ანდრომაქუსმა ამ რეცეპტის გამოყენებით შექმნა 64 ინგრედიენტის შემცველი კომპოზიცია, რომელსაც თერიაკი, იგივე თრიაქი უწოდა. ინგრედიენტების უმრავლესობა მცენარეული იყო (მათ შორის _ ოპიუმიც), თუმცა გველის სისხლიც მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ.

თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად, თრიაქი საკმაოდ პოპულარული და ძვირად ღირებული საშუალება გახდა. მეთორმეტე საუკუნეში მისი მთავარი ექსპორტიორი ვენეცია იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ევროპულ, არაბულ და ჩინურ მედიცინაში. 1745 წლიდან თრიაქის გამოყენება შემცირდა, ვინაიდან უილიამ ჰებერდენმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ეფექტი და გამოთქვა მოსაზრება, რომ რომაელებმა მითრიდატეს ისტორია თავიანთი სარგებლობისთვის გააზვიადეს. მიუხედავად ამისა, თრიაქი ზოგიერთ ევროპულ ფარმაკოპეაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა.

 

ზოგადი ანესთეზია

60 წლის ქალბატონმა კან აიამმა ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგა ძუძუს კიბოს გამო. იგი შეესწრო საკუთარი დის ბრძოლას ამ ვერაგ დაავადებასთან და მის მარცხს. ასე რომ, როდესაც თავადაც ძუძუს კიბო დაემართა, კარგად იცოდა, როგორი დასასრული ელოდა. მას გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდა – ოპერაცია. 1804 წელი იდგა და ქალი ოპერაციის გასაკეთებლად საუკეთესო ადგილას – ფეოდალურ იაპონიაში იმყოფებოდა.

სეიშუ ჰანაოკამ Seishu Hanaoka) (1760-1835) მედიცინა კიოტოში ისწავლა, ხოლო პრაქტიკა მშობლიურ ქალაქ ჰირაიამაში დაიწყო. ის ანესთეზიის იდეით დაინტერესდა. გაეგონა, რომ მესამე საუკუნეში მოღვაწე ჩინელმა ქირურგმა ჰოუა ტომ შექმნა მინარევი, რომელიც ავადმყოფს აბრუებდა, აძინებდა და ამ გზით ტკივილის გაძლებაში ეხმარებოდა. ჰანაოკამ ექსპერიმენტი ჩაატარა და მსგავსი ფორმულით თავადაც მოამზადა ძლიერმოქმედი ცხელი სასმელი – ცუსენსანი. ის შეიცავდა ძლიერი ეფექტის მქონე მცენარეულ ექსტრაქტებს, ამიტომ წამლის დიდ ულუფას ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო, მაგრამ სწორი დოზირების შემთხვევაში მას 6-დან 24 საათამდე ამყოფებდა უგონოდ, რაც სავსებით საკმარისი იყო ოპერაციის გასაკეთებლად.

1804 წლის13 ოქტომბერს სეიშუ ჰანაოკამ კან აიამს ზოგადი ანესთეზიის ფონზე ამოჰკვეთა ძუძუს წარმონაქმნი. ამავე საანესთეზიო საშუალების გამოყენებით ჰანაოკამ კიდევ 150-მდე ოპერაცია ჩაატარა. სამწუხაროდ, კან აიამი მომდევნო წელს გარდაიცვალა.

 

სისხლის გამოშვება

სისხლის გამოშვება საუკუნეების განმავლობაში მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. ის სათავეს ძველ საბერძნეთში იღებს. მეცხრამეტე საუკუნემდე უამრავ დაავადებას სწორედ სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ადამიანის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ზედმეტი სისხლი იყო. ძველი ბერძნების წარმოდგენით, ადამიანის სხეული შეიცავდა ოთხი სახის სითხეს: სისხლს, ლორწოს, ყვითელ ნაღველს და შავ ნაღველს. სწორედ მათი დისბალანსი იყო ყოველგვარი დაავადების მიზეზი. დღეს ცნება “ზედმეტი სისხლი” მედიცინაში, ცხადია, არ არსებობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის დროს ასეთი პრაქტიკა ამართლებდა, ვინაიდან მუშტი-კრივის დროს სისხლის საერთო მოცულობა და, შესაბამისად, წნევაც მცირდებოდა. ცხადია, მკურნალობის ამ მეთოდს თანმხლები გვერდითი ეფექტი ჰქონდა, მათგან უპირველესი კი ანემია იყო.

 

წურბელების “მომთვინიერებლები”

წურბელებით მკურნალობა ათასწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად, განსაკუთრებით _ რეკონსტრუქციული ქირურგიის შემდეგ (ზოგან დღესაც ასე). აღნიშნული მეთოდის პოპულარობამ პიკს მეცხრამეტე საუკუნეში მიაღწია. ფრანგ ექიმს ფრანსუა-ჟოზე-ვიქტორ ბრუსეს (1772-1838) მიაჩნდა, რომ ნებისმიერ დაავადებას ადგილობრივი ანთება ედი საფუძვლად, მისი მკურნალობა კი სისხლის გამოშვებით იყო შესაძლებელი. თავად ბრუსე აქტიურად მიმართავდა წურბელებით მკურნალობას. სისხლისმწოველებით დატვირთული კასრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილისკენ მიემართებოდნენ, ველური წურბელების პოპულაცია მასობრივად შემცირდა, რის გამოც საჭირო გახდა წურბელების მოსაშენებელი ფერმების შექმნა.

მანამდე ნაცად, ქირურგიული ლანცეტით სისხლის გამოშვების პროცედურასთან შედარებით წურბელებით მკურნალობას ბევრი უპირატესობა ჰქონდა. კერძოდ, სისხლი ეტაპობრივად იკარგებოდა, რაც ნაკლები ტრავმა იყო ადამიანის ორგანიზმისთვის. ვინაიდან ბრუსეს მიმდევრები წურბელებს ყველა სხვა წამლის ნაცვლად იყენებდნენ, მათი პაციენტები ტავისდა უნებურად არიდებდნენ თავს მეცხრამეტე საუკუნეში პოპულარულ ბევრ ისეთ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ზიანი უფრო მეტი მოჰქონდა, ვიდრე სარგებელი. 1822 წელს ბრიტანელმა ქირურგმა რის პრაისმა წურბელებით მკურნალობას სანგუი-სუცტიონ უწოდა, რაც სიტყვასიტყვით “სისხლის წოვას” ნიშნავს.

 

უგანდელი ექიმები საკეისრო კვეთის სათავეებთან

საკეისრო კვეთას დიდი ხნის ისტორია აქვს. პროცედურა ძველი რომიდან იღებს სათავეს: რომაული სამართლის მიხედვით, თუ დედა მშობიარობისას მოკვდებოდა, მისთვის მუცლის გაკვეთა და ნაყოფის ამოყვანა აუცილებელი იყო.

საუკუნეების განმავლობაში უკიდურესი საჭიროების გამო ჩატარებულმა კვეთებმა აჩვენა, რომ ამ მეთოდით ბავშვის გადარჩენა მართლაც იყო შესაძლებელი, თუმცა ანტისეპტიკისა და ანესთეზიის ფართოდ გავრცელების შემდეგაც საკეისრო კვეთა საშიშ მეთოდად მიიჩნეოდა და მას მხოლოდ უიმედო შემთხვევებში მიმართავდნენ. ასე რომ, როდესაც ედინბურგელმა ქირურგებმა მისიონერი ექიმის რობერტ ფელკინის ლექცია მოისმინეს ბუნიორო კიტარას აფრიკულ სამეფოში ხუთი წლით ადრე ნანახი წარმატებული საკეისრო კვეთის შესახებ, გაკვირვებულები დარჩნენ. ფელკინი აღწერდა, რომ ოპერაცია დედისა და ბავშვის გადასარჩენად ადგილობრივმა ქირურგმა ჩაატარა. დედას ნაწილობრივი ანესთეზია ჰქონდა ბანანის ღვინით. აღნიშნული ღვინო ქირურგმაც გამოიყენა საოპერაციო მიდამოსა და საკუთარი ხელების დასამუშავებლად, რაც ნიშნავს, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა ინფექციის კონტროლის საჭიროება. ქირურგმა გაავლო ვერტიკალური განაკვეთი მუცლის წინა კედელზე, შემდეგ _ საშვილოსნოს კედელზე, ბოლოს ჭრილობის არე გააფართოვა და ბავშვი ამოიყვანა. ოპერაციის დროს მან პლაცენტაც ამოიღო და საშვილოსნოსაც დაეხმარა შეკუმშვაში.

როგორც ჩანს, უხვად იყო საკერავი და სახვევი მასალები და საშუალებებიც: ჭრილობის შესაკერად ქირურგები იყენებდნენ რკინის სპაიკებს, რომლებსაც კანში ბასრბოლოიანი ჩხირით უყრიდნენ. ჭრილობას სქელი მცენარეული პასტით ფარავდნენ, ბოლოს კი ბანანის თბილ ფოთოლს აფარებდნენ და სახვევით მჭიდროდ კრავდნენ. ფელკინი კი ოპერაციიდან 11 დღეში გაემგზავრა იმქვეყნად. მისი თქმით, დედა- თავს კარგად გრძნობდა.

აფრიკაში საკეისრო კვეთა, როგორც მოგახსენეთ, ამ შემთხვევამდეც ჩატარდა, თუმცა მაშინ ქირურგი არა აბორიგენი, არამედ თეთრკანიანი იყო. როგორც ჩანს, ოპერაციული ტექნიკა ბუნიოროს მაცხოვრებლებმა თავად დახვეწეს.

თამარ არქანია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: