ფერთა ტიპოლოგია - სეზონი და ფერთა იდეალური გამა
გააზიარე:
იცოდით, რომ ტანსაცმლის ფერი სტილზე არანაკლებ მნიშვნელოვანია? სწორად შერჩეული ფერი სახეს ჯანსაღ შესახედაობას სძენს, თვალებს – ბრწყინვალებას, საერთო იერს – ჰარმონიულობას, შეუსაბამო ფერებს კი შეუძლია, გააფერმკრთალოს თქვენი ბუნებრივი სილამაზე.
ფერთა ტიპოლოგია ადამიანს იმის გარკვევაში ეხმარება, რომელი ფერი უსვამს ხაზს მისი გარეგნობის ღირსებებს.
სტილისტები ფერთა ოთხ ტიპს გამოყოფენ: გაზაფხულისას, ზაფხულისას, შემოდგომისას და ზამთრისას. თითოეულ მათგანს საკუთარი პალიტრა აქვს.
ფერთა სეზონური ტიპები
ადამიანის ტიპი კანის, თვალებისა და თმის ფერის მიხედვით განისაზღვრება. ესენია:
გაზაფხული – თბილი, ნათელი, ცოცხალი
გაზაფხულის ტიპის ადამიანებს აქვთ ბაცი კანი ატმისფერი, ოქროსფერი ან სპილოსძვლისფერი ქვეტონით, ხშირად – ბაცი ან მუქი ყავისფერი ჭორფლით, თვალები – ბაცი ცისფერი, ბაცი მწვანე და ბაცი ყავისფერი, თმა – უმეტესად ქერა ან ბაცი ყავისფერი ოქროსფერი ან მოწითალო ნიუანსებით. ამ ტიპის ადამიანები ადვილად და სწრაფად ირუჯებიან.
ფერთა პალიტრა გაზაფხულის ტიპისთვის: ოქროსფერი, თაფლისფერი, ატმისფერი, მარჯნისფერი, ფირუზისფერი, თბილი კრემისფერი (სპილოს ძვლისფერი, კარაქისფერი), ბაცი ყავისფერი, ბაცი რუჯისფერი, სპილენძისფერი, თბილი, მოყავისფრო ნაცრისფერი, ყვითელი (ბაცი ყვითელი, სიმინდისფერი, ლიმონისფერი თბილი ელფერით, შამპანურისფერი), წითელი (კაშკაშა, თბილი წითელი, ორაგულისფერი), მწვანე (ბაცი, თბილი მწვანე, პასტელის მწვანე, გაზაფხულის ბალახისფერი).
არასასურველია: შავი, მუქი ნაცრისფერი, ცივი ლურჯი, ცივი ვარდისფერი, იისფერი, მკვეთრი თეთრი.
სამკაული: უპირატესობა მიანიჭეთ ოქროსფერ ლითონს და თბილი ფერის ნახევრად ძვირფას ქვებს, ისეთებს, როგორიცაა ნეფრიტი, ქარვა, ფირუზი, მარჯანი.
სათვალე: ოქროსფერი, ყავისფერი ან რომელიმე სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ფერთაგან. ერიდეთ შავსა და ვერცხლისფერს.
ზაფხული – ნაზი, ელეგანტური, ცივი
ზაფხულის ტიპის ადამიანებს აქვთ ფერმკრთალი, ვარდისფერი კანი მოლურჯო ქვეტონით, ბაცი ან მუქი ქერა თმა ფერფლისფერი აქცენტით, ბაცი ლურჯი, მწვანე, მოლურჯო-მომწვანო, მოლურჯო-მონაცრისფრო, იშვიათად – თხილისფერი თვალები, ზოგჯერ – ცივი ნაცრისფერი ან ბაცი ყავისფერი ჭორფლი. ძნელად ირუჯებიან, ხშირად იწვებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული სითბოსთან ასოცირდება, ზაფხულის ფერთა პალიტრა ცივია. ამ ტიპის ადამიანებს უხდებათ: ლერწმისფერი მწვანე, ლავანდისფერი, ცივი ვარდისფერი (მოლურჯო ნიუანსით), ყოველგვარი ტონალობის ლურჯი, მარგალიტისფერი, ცივი (ღრუბლისფერი) ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, იისფერი, მეწამული, იასამნისფერი, ჟოლოსფერი, მოცვისფერი, მოლურჯო ბორდოსფერი, პლატინისფერი.
არასასურველია: ძალიან თბილი და მკვეთრი ტონები, მაგალითად, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, მუქი ყვითელი თბილი ნიუანსებით, მუქი ყავისფერი, კაშკაშა წითელი, შავი, ხასხასა მწვანე, მკვეთრი თეთრი და სხვა, ასევე ნეონური ფერები.
სამკაული: ვერცხლი, თეთრი ოქრო, პლატინა, ამეთვისტო, აკვამარინი, მარგალიტი, მთის ბროლი.
სათვალე: ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, მოლურჯო, ბორდოსფერი. ერიდეთ მკვეთრ შავსა და ოქროსფერს, რადგან კონტრასტს ქმნიან და სახეს მკაცრ იერს აძლევენ.
შემოდგომა – თბილი, მდიდარი და მიწისფერი
შემოდგომის ტიპი, როგორც წესი, გაზაფხულისაზე რამდენიმე ტონით მუქია. მისი ძირითადი შტრიხებია: ხორბლისფერი ან რძიანი ყავისფერი კანი ოქროსფერი ან ატმისფერი ქვეტონით, ხშირად – ყავისფერი ჭორფლით, თმა – სპილენძისფერი, ჟღალი, ბაცი ან მუქი შოკოლადისფერი, მოწითალო ყავისფერი ან თაფლისფერი ოქროსფერი ნიუანსებით, თვალები – თაფლისფერი, ყავისფერი, ქარვისფერი, მუქი მწვანე.
შემოდგომის ტიპს ყველაზე მეტად შეეფერება შემოდგომის ტყით შთაგონებული თამამი ფერები: მკვეთრი წითელი, სპილენძისფერი, წაბლისფერი, იასამნისფერი, ბორდოსფერი, ხაკისფერი, ჭაობისფერი, ნაძვის წიწვებისფერი, ხავსისფერი, ნარინჯისფერი, მოწითალო და მოყვითალო თიხისფერი, ტერაკოტისფერი, ოქროსფერი, სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი.
არასასურველია: ცივი ლურჯი და ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და ფერფლისფერი, ცივი იისფერი, თოვლისფერი, შავი, ცივი ვარდისფერი.
სამკაული: ოქრო, ქარვა, ნეფრიტი, მალაქიტი, აქატი, სპილოს ძვალი.
სათვალე: ნებისმიერი თბილი ბაცი ელფერი, მაგალითად, ყავისფერი, ოქროსფერი, ბრინჯაოსფერი, უმჯობესია წვრილი ჩარჩოთი ან უჩარჩოდ. სქელ და მუქი ფერის ჩარჩოებს ერიდეთ.
ზამთარი – კონტრასტული, გამორჩეული, ელეგანტური
ზამთრის ტიპისთვის დამახასიათებელია ორი სხვადასხვა ტონალობის კანი. ერთი, ძალიან ნაზი და ფერმკრთალი, რომელიც თოვლის დედოფალს მოგვაგონებს, მეტისმეტად მგრძნობიარეა მზის მიმართ. მეორე, სამხრეთული ტიპისა, სწრაფად ირუჯება და უფრო ზეთისხილის ელფერი დაჰკრავს. თმა შავია, ცივი შოკოლადისფერი ან მუქი ცივი ქერა. თვალები შესაძლოა ნებისმიერი ფერისა იყოს: ცისფერი, მუქი ლურჯი, მწვანე, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი.
ჩაცმულობისთვის იდეალურია ცივი, მკვეთრი და კონტრასტული ფერები: შავი, თეთრი, ლურჯის ყველა ელფერი თბილი ნიუანსების გარეშე, წითელი ცივი აქცენტით, ვერცხლისფერი, საფირონისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ალუბლისფერი, ცივი ლიმონისფერი, იისფერი, მარგალიტისფერი, ნეონის ფერები.
არასასურველია: ნებისმიერი თბილი, მიწისფერი, პასტელური ტონები თბილი აქცენტით.
სამკაული: ცივი მეტალები და პრიალა ტექსტურა, რომელიც ხაზს უსვამს ელეგანტურობას:
* ვერცხლი, თეთრი ოქრო, პლატინა, უჟანგავი ფოლადი;
* საფირონი, ბრილიანტი, აკვამარინი, ტოპაზი, ონიქსი.
სათვალე: ზამთრის ტიპს უხდება კუთხოვანი ჩარჩოები (cat-eye, square, aviator), ფერებიდან – შავი, ვერცხლისფერი, მუქი ლურჯი, მეწამული, ბორდოსფერი.
ფერთა პალიტრის ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი გარეგნობის ახალი ნიუანსების აღმოჩენაში, შეგმატებთ ინდივიდუალობასა და თავდაჯერებას და, რაც მთავარია, საგრძნობლად გაგიადვილებთ იდეალური გარდერობის შერჩევას.
ჯილდა გაჩეჩილაძე











