თმის კონდიციონერი

გააზიარე:

თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია და მისი სწორად მოვლა ისევე აუცილებელია, როგორც სახის კანისა. გამომშრალი, უსიცოცხლო და დაზიანებული თმა იმაზე მეტყველებს, რომ მას არასათანადოდ ვუვლით, მაგალითად, თავის დაბანისას არ ვიყენებთ კონდიციონერს, რადგან სწორედ კონდიციონერია მოვლის ის კომპონენტი, რომელიც თმას ბზინვარებას და სიცოცხლეს მატებს.

რა არის თმის კონდიციონერი

კონდიცირება თმის მოვლის მეორე საფეხურია. მაშინ, როდესაც შამპუნი სპეციფიკურადაა ფორმულირებული იმისთვის, რომ თმას მოაშოროს ცხიმი, ოფლი, მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი, კონდიციონერი თმას ატენიანებს და არბილებს, თანაც თმის ღერებს დაზიანებისგან იცავს.

შამპუნების უმეტესობა შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც თმის ფოლიკულებს აზიანებს. მხოლოდ შამპუნითა და წყლით დაბანილი თმა გამომშრალია, უსიცოცხლო და ძნელად დასამორჩილებელი. კონდიციონერის შემადგენლობაში კი შედის სპეციალური დამანოტივებელი ნივთიერებები და ზეთები, რომელთა წყალობითაც თმა რბილი და დამყოლი ხდება. ზოგი კონდიციონერი პროტეინსაც შეიცავს, რომელიც გაყოფისგან იცავს თმის ბოლოებს, ხოლო ზოგის შემადგენლობაში შედის გამასქელებელი აგენტები, რომლებიც თმას მოცულობას მატებს.

მშრალი თმა ხშირად იბურდება, კონდიციონერი კი მას ელასტიკურობას სძენს. ეს ხდება კონდიციონერის შემადგენლობაში შემავალი კატიონური სურფაქტანტების (ცატიონიც სურფაცტანტ) ხარჯზე, რომელთა დადებითად დამუხტული მოლეკულებიც ურთიერთქმედებს თმის ღერების უარყოფით მუხტთან. მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ სურფაქტანტები ეკვრიან თმის კუტიკულას და მის გარშემო ერთგვარ გარსს ქმნიან. შედეგად თმა კონდიციონერის ჩამობანის შემდეგაც კი დამყოლი და რბილია.

კონდიციონერის შერჩევისას მთავარია, ის თქვენი თმისა და კანის ტიპს მოარგოთ. სხვადასხვანაირად ფორმულირებულ კონდიციონერებს სხვადასხვა ეფექტი აქვს. არასწორად შერჩეულს შეუძლია, უკუეფექტი გამოიწვიოს.

ვისთვის არის განკუთვნილი

კონდიციონერი უნდა გამოიყენოს ყველამ, ვინც თავს, საერთოდ, იბანს. თავის კანი ერთგვარ ბუნებრივ კონდიციონერს – კანის ცხიმს გამოყოფს, შამპუნი კი მას სრულიად აშორებს, ამიტომ თმას ხელოვნური კონდიციონერის მიშველება სჭირდება.

თავის ქალას მახლობლად თმის ღერები შედარებით ახალია და განსაკუთრებულ დატენიანებას არ მოითხოვს, – პირიქით, ამან შესაძლოა უფრო მალეც კი გააცხიამიანოს, ამიტომ კონდიციონერი თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე უნდა წაისვათ.

კონდიციონერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი თმის პატრონებისთვის და მათთვის, ვინც თმას ხშირად იღებავს ან ქიმიურ თუ ელექტრონულ საფიქსაციო საშუალებას ხმარობს, მაგრამ თუნდაც არც ერთს არ აკეთებდეთ, ყოველდღიური მავნე ფაქტორები თმაზე მაინც მოქმედებს, ის თანდათან შრება და ფოლიკულები უბრალო რეზინით ან სარჭით აწევის დროსაც კი ზიანდება, ამიტომ კონდიციონერი ყველას კარგ სამსახურს უწევს.

როგორ წავისვათ კონდიციონერი თმაზე

კონდიციონერის სწორად მოხმარება რამდენიმე რუტინულ ნაბიჯს გულისხმობს:

1. წაისვით შამპუნი მთელ თმაზე და კარგად ჩამოიბანეთ.

2. წაისვით იმდენი კონდიციონერი, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული და თანაბრად გაინაწილეთ თმის ბოლოებზე. თუ გრძელი თმა გაქვთ, წაისვით ნიკაპიდან ქვემოთ. თავის ქალას ახლოს ნუ წაისვამთ.

3. კონდიციონერის ფუნქციის გასააქტიურებლად მისი წასმის შემდეგ თმაზე ჩამოისვით თითები ან დაივარცხნეთ მსხვილკბილება სავარცხლით.

4. დაიტოვეთ თმაზე იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული (უმეტესად საკმარისია 1-2 წუთი).

5. კარგად ჩამოიბანეთ.

როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება

Leave-in, ანუ თმაზე დასატოვებელი კონდიციონერი ჩამობანას არ მოითხოვს. ჩვეულებრივი ბალზამ– კონდიციონერისგან ის ოდნავ განსხვავდება, შესაბამისად, არ არის ისეთი მძიმე, რომ ჩამობანა სჭირდებოდეს.

ამ ტიპის კონდიციონერს უმთავრესად ბალზამ-კონდიციონერის ჩასანაცვლებლად იყენებენ. ორივეს ერთდროული გამოყენება არ არის საჭირო, მაგრამ ზოგი მაინც ორივეს იყენებს – ჰგონიათ, ეფექტიც გაორმაგდება. სინამდვილეში თმას ამით არაფერი დაუშავდება, მაგრამ ეფექტი ისეთივე იქნება, როგორიც მხოლოდ ერთი მათგანის გამოყენებისას.

მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ თუ ამ ტიპის კონდიციონერს შედარებით მეტხანს გაიჩერებთ თმაზე, უფრო ჯანსაღი თმა ამოგივათ. ამასთან, კონდიციონერი მზისგანაც იცავს და ფენით გაშრობისას ცხელი ჰაერის ნაკადისგანაც.

შეუღებავ თმას ასეთი ტექსტურის კონდიციონერი საფუძვლიანად ატენიანებს, რადგან ტენის შეღწევას საღებავი არ უშლის ხელს.

გამოყენების წესები

1. პირსახოცით ნაზად შეიშრეთ წყლის წვეთები.

2. წაისვით კონდიციონერი თმაზე ისე, როგორც შეფუთვაზეა მითითებული.

3. გაინაწილეთ თმაზე თითებით ან მსხვილკბილება სავარცხლით.

4. გაიშრეთ თმა, სურვილისამებრ, ან ფენით, ან ბუნებრივად. შედეგს ნებისმიერ შემთხევაში მიიღებთ.

შამპუნ-კონდიციონერი

ეს შამპუნისა და კონდიციონერის ნაზავია. მისი გამოყენებით დროსაც დაზოგავთ და ფულსაც, მაგრამ ორი-ერთში პროდუქტებისგან საოცარ შედეგს ნუ დაელოდებით. შამპუნსა და კონდიციონერს ურთიერთსაპირისპირო ფუნქცია აქვს: შამპუნი აშორებს ტენსა და ცხიმს, ხოლო კონდიციონერი, პირიქით, ატენიანებს და დამცავ ბარიერს უქმნის თმას, ამიტომ მათი შერწყმით მიღებული პროდუქტით სარგებლობისას შედეგი ისეთი ვერ იქნება, როგორიც მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას.

გამოყენების წესები

1. კარგად დაისველეთ თმა შხაპის ქვეშ.

2. წაისვით შამპუნ-კონდიციონერი მთელ თავზე, ძირებიდან ბოლოებამდე.

3. კარგად ჩამოიბანეთ.

გამშრალი თმა რბილი და დამყოლი იქნება. ყოველ შემთხვევაში, უფრო რბილი და დამყოლი, ვიდრე დაბანამდე.

აღმდგენი კონდიციონერი (Deep conditioner)

აღმდგენი კონდიციონერი განკუთვნილია ისეთი თმის მოსავლელად, რომელიც ხშირად ზიანდება. თუ თმას ხშირად იბაცებთ, ინტენსიურად იღებავთ, იხვევთ, ისწორებთ, იშრობთ ფენით, ივარცხნით ფიქსატორის დახმარებით, უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დიდ ზიანს აყენებს თმის ღერებს. შესაბამისად, აღმდგენი ფორმულის მქონე კონდიციონერი თქვენი თმისთვისაა.

აღმდგენი კონდიციონერის გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ არის რეკომენდებული.

გამოყენების წესები

1. ვინაიდან აღმდგენი კონდიციონერი სხვადასხვანაირი ფორმულირებისა არსებობს, – ზოგი სველ თმაზე წასასმელადაა განკუთვნილი, ზოგი – მშრალზე, – წინასწარ გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამისად გამოიყენეთ.

2. წაისვით კონდიციონერი თმის ბოლოებზე.

3. დაიტოვეთ თმაზე იმდენ ხანს, რამდენიც ეტიკეტზეა მითითებული (ეს დრო უმეტესად 10-დან 30 წუთამდე მერყეობს).

4. კარგად ჩამოიბანეთ.

რა უნდა გვახსოვდეს

თუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, კონდიციონერის წასმის შემდეგ თმა აიწიეთ, რომ სახეს არ შეეხოს. ჩამობანის დროსაც ეცადეთ, კონდიციონერი სახეზე არ მოგიხვდეთ.

ერიდეთ მის თვალებში, პირში, ცხვირში მოხვედრას.

იქნებ მხოლოდ კონდიციონერი?

მეტისმეტად მშრალი თმის პატრონებს ზოგიერთი ექსპერტი ურჩევს, შამპუნი იშვიათად გამოიყენონ და თავი უმეტესად მხოლოდ კონდიციონერით დაიბანონ (ოღონდ თავდაპირველად მოსინჯეთ, მოუხდება თუ არა თქვენს თმას). ამ შემთხვევაში შამპუნით დაბანა რეკომენდებულია ორ კვირაში ერთხელ, რათა ამ ხნის განმავლობაში თმაზე დაგროვილი ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

შეარჩიეთ კონდიციონერი, რომელიც არ შეიცავს სილიკონს, რათა თმა არ დაამძიმოს. ის ხელისგულზე უნდა დაისხათ და მთელ თმაზე, ძირებიდან ბოლოებამდე შეიზილოთ, 2-3 წუთი გაიჩეროთ და საგულდაგულოდ ჩამოიბანოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: