შემოდგომის სტრესი
გააზიარე:
მშობლები ვერ ხვდებიან, რატომ ეცვლება ბავშვს ხასიათი შემოდგომის დადგომასთან ერთად – რატომ იკეტება საკუთარ თავში ან, პირიქით, ყველაფერი რატომ აღიზიანებს.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, რა იწვევს ამ ცვლილებებს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ შვილებს ახალ სეზონთან შეგუებაში.
რატომ არის შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდი ბავშვებისთვის?
ბავშვის ორგანიზმი დიდისაზე გაცილებით მგრძნობიარეა გარემოს ცვლილებების მიმართ. კვლევები მოწმობს, რომ დღის სინათლის კლება პირდაპირ გავლენას ახდენს ბიოლოგიურ საათზე, ამიტომ შემოდგომაზე ბავშვებთან ხშირად იჩენს თავს ემოციური თუ ქცევითი ცვლილებები. მაგალითად, ამ საკითხისადმი მიძღვნილმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებთან შფოთვის ნიშნები შემოდგომის პერიოდში 25%-ით იმატებს.
ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც: ზაფხულის თავისუფლების შემდეგ პატარები ისევ ექცევიან სტრუქტურიზებულ გარემოში – ბაღში ან სკოლაში. ეს მათგან ახალი უნარების გამომუშავებას მოითხოვს: წესების დაცვას, დროის მართვას, უფროსებთან რეგლამენტირებულ ურთიერთობას. თითოეული ეს გამოწვევა შესაძლოა სტრესის წყაროდ იქცეს, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებთან, რომლებსაც ადაპტაციისთვის მეტი დრო სჭირდებათ.
რა იწვევს სტრესს შემოდგომაზე?
1. დღის ხანგრძლივობის შემცირება. მზის სინათლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ სტაბილურობაში. როდესაც დღე მოკლდება, ბავშვის სხეულში სეროტონინის – სიხარულის ჰორმონის – გამომუშავებაც მცირდება, მელატონინისა ანუ ძილის ჰორმონისა კი იმატებს. ამის შედეგია უგუნებობა, დაღლილობა.
2. ახალი დღის რეჟიმი. მთელი ზაფხული თავისუფლად ნავარდის შემდეგ ბევრ ბავშვს უჭირს ახალ წესრიგთან შეგუება: დილით ადრე ადგომა, ბაღში ან სკოლაში წასვლა, თამაშის ნაცვლად მეცადინეობა...
3. ფიზიოლოგიური ცვლილებები. სხეულს სიცივესთან, წვიმასა და ქართან, მოკლე დღეებთან შეგუებაც უწევს. იმუნური სისტემა უფრო აქტიურად მუშაობს და სხეულის მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდ წილს ხარჯავს.
4. სოციალური გამოწვევები. ბაღსა თუ სკოლაში დაბრუნება ბევრ ახალ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. პატარებისთვის ეს გარემოებები ხშირად ხდება სტრესის წყარო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი სოციალურად ნაკლებად ადაპტირებულია.
როგორ მივხვდეთ, რომ პატარას სტრესი აქვს?
ბავშვებთან სტრესი ყოველთვის აშკარა არ არის. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ნიშნებს:
• ხშირ გაღიზიანებას, უმიზეზო ტირილს;
• ძილის დარღვევას – გვიან დაძინებას, ღამით გაღვიძებას;
• მადის ცვლილებას – ბავშვი ან მეტისმეტად ბევრს ჭამს, ან საერთოდ კარგავს მადას;
• აქტიურობის დაქვეითებას – ბავშვი ნაკლებს თამაშობს, სწრაფად იღლება.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს შემოდგომის სტრესის დაძლევაში?
1. სტაბილური დღის რეჟიმით
ყოველდღიური რუტინა, რომლის ყოველი ელემენტი ნაცნობი და საიმედოა, ბავშვს უსაფრთხოების განცდას უჩენს, ამიტომ სასურველია, დავაძინოთ და გავაღვიძოთ ბავშვი ერთსა და იმავე დროს. ეს მის ბიოლოგიურ საათს ახალ გარემოებებთან ადაპტაციაში დაეხმარება.
2. ღია ცის ქვეშ მეტხანს ყოფნით
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე ხშირად წვიმს და ცივა, სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია. მზის სხივები, თუნდაც მცირე დოზით, ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. რეკომენდებულია ბავშვთან ერთად სეირნობა ყოველდღე, სულ მცირე, 30-60 წუთი.
3. შემოქმედებითი და სენსორული აქტივობებით
შეგიძლიათ, სეირნობისას შვილთან ერთად შეაგროვოთ ფერადი ფოთლები, კენკრა, ხის ტოტები. შემოდგომის ნობათი მშვენიერი მასალაა ბავშვებისთვის შემოქმედებითი თამაშების მოსაწყობად. მათგან იკებანას, აპლიკაციისა თუ კოლაჟის შექმნა პატარას ემოციებთან გამკლავებასა და სტრესის შემსუბუქებაში დაეხმარება.
4. ფიზიკური აქტიურობით
სპორტი, ცეკვა, იოგა ან უბრალოდ მხიარული მოძრაობითი თამაშები ენერგიის სწორ განაწილებას შეუწყობს ხელს და ნელ-ნელა გამოდევნის სხეულიდან შფოთვას. ფიზიკური დატვირთვა ძილის ხარისხსაც გააუმჯობესებს.
5. ემოციური მხარდაჭერა
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს, ბავშვის ემოციების მიღება და გაზიარებაა. კითხვები: "როგორ გრძნობ თავს დღეს?" ან "რამ შეგაწუხა ბაღში?" – შესაძლებლობას აძლევს პატარას, გამოხატოს თავისი გრძნობები და არასასურველი ემოციებისგან დაიცალოს.
6. სწორი კვება
შემოდგომაზე ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი სეზონური ხილ-ბოსტნეული. სწორი კვება დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზეც.
7. ხარისხიანი ძილი
სტრესის დროს ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება სრულფასოვანი ძილი. მშობლებმა უნდა უზრუნველყონ მისთვის მშვიდი და კომფორტული გარემო – შეამცირონ საეკრანო დრო და დაამკვიდრონ დამამშვიდებელი ძილისწინა რიტუალი: წიგნის კითხვა, ზღაპრის მოყოლა, ჩახუტება...
დამატებითი რჩევები მშობლებისთვის
შემოდგომაზე ბავშვებს ხშირად არ აქვთ მადა. შეგიძლიათ, ერთად მოამზადოთ სეზონური კერძები და ტკბილეული, მაგალითად, ღუმელში გამომცხვარი ვაშლი, მოხალული წაბლი, გამომცხვარი გოგრა. ბავშვი, რომელიც თავადაც მონაწილეობს კერძის მომზადებაში, უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევს მას.
ბავშვს სეზონის შესაბამისად უნდა ეცვას. როცა სცივა ან სცხელა, დისკომფორტს გაღიზიანებით გამოხატავს, რასაც მშობლები ხასიათის გაფუჭებად აღიქვამენ.
შეუზღუდეთ პატარას ეკრანთან გასატარებელი დრო. გახსოვდეთ, რომ ეკრანიან გაჯეტებთან ხანგრძლივი კონტაქტი შფოთვასა და ძილის პრობლემებს იწვევს. გირჩევთ, მოიძიოთ შვილის ასაკის შესაბამისი მოძრავი აქტივობები ან სამაგიდო თამაშები და ნაყოფიერად, ეკრანის გარეშე გაატაროთ შემოდგომის სუსხიანი საღამოები.
ლიკა ქათამაძე











