ბავშვები და ჭორაობა

გააზიარე:

ოდესმე გაფუჭებული ტელეფონი გითამაშიათ? ოთახში რჩება ორი მოთამაშე და ერთი მეორეს მოკლე ამბავს უყვება. მერე მესამე მოთამაშე შემოდის და ახლა მეორე უყვება მას იმავე ისტორიას თავისი სიტყვებით. მერე მესამე უყვება მეოთხეს და ასე შემდეგ. საბოლოოდ პირველი და ბოლო მონაწილეების მონათხრობი ორი სრულიად სხვადასხვა ამბავი აღმოჩნდება ხოლმე.

ძალიან სახალისოა იმაზე დაკვირვება, როგორ იცვლება ერთი შეხედვით პატარა და მარტივი ისტორია მას შემდეგ, რაც მის ინტერპრეტირებას რამდენიმე ადამიანი მოახდენს. ასევე ვრცელდება ჭორი, მაგრამ ეს უკვე აღარ არის სახალისო. ჭორს შეუძლია, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს და სასურველია, ბავშვს ეს სოციალური ცხოვრების დაწყებისთანავე ავუხსნათ.

როგორ დავეხმაროთ პატარებს იმის გაცნობიერებაში, რა არის ჭორაობა, რით განსხვავდება ის უბრალო ინტერესისგან და რა ზიანი მოაქვს?

საუბარი და ჭორაობა

საუბრისას ჩვენს აზრებს გამოვხატავთ, ემოციებს ვუზიარებთ გარშემო მყოფებს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სხვაზე საუბარი ყოველთვის არ არის მისთვის ზიანის მომტანი. მაგალითად, თუ მეგობრებს ეტყვით, რომ ესა და ეს ადამიანი დანახვისთანავე მოგეწონათ, ან ძალიან გიყვართ ამასა და ამასთან ერთად დროის გატარება, რადგან ის ყოველთვის სახალისო ამბებს ჰყვება, ამით, რა თქმა უნდა, არავის არაფერს დაუშავებთ.

მაგრამ როდესაც სხვის საიდუმლოს გასცემთ ან მის შესახებ ისეთ ამბავს ჰყვებით, რომლის სიმართლეშიც დარწმუნებული არ ხართ, ამ შემთხვევაში ჭორს ავრცელებთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც დაინახეთ, როგორ გამოვიდა თქვენი თანაკლასელი, პირობითად, სოფო, დირექტორის კაბინეტიდან, შეწუხდით, ივარაუდეთ, რომ ის რაღაც უსიამოვნებაში გაეხვია და წუხილი სხვებსაც გაუზიარეთ. რა თქმა უნდა, მართლაც განიცდით მის ამბავს, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით, რისთვის იყო ის დირექტორის კაბინეტში?

ამის გაცნობიერებას ვერც კი მოასწრებთ, რომ ყველა იმაზე ალაპარაკდება, როგორც ჩანს, სოფომ რაღაც დააშავაო, ვიღაც იტყვის, მისი მშობლები სწავლის საფასურს ვეღარ იხდიან და ალბათ მალე სკოლიდან გარიცხავენო, ხოლო როდესაც სოფო საკლასო ოთახში შემოვა, ყველა ინტერესით მიაჩერდება და იმის გარკვევას დაიწყებს, რა მოხდა. სოფო დაიბნევა, გაღიზიანდება და ალბათ გაბრაზდება კიდეც თქვენზე, როდესაც გაიგებს, რომ ეს ყველაფერი თქვენი წამოწყებულია – სინამდვილეში ხომ მხოლოდ იმიტომ იყო დირექტორთან, რომ მისი წერილობითი თანხმობა სჭირდებოდა გაკვეთილებიდან გასათავისუფლებლად სტომატოლოგთან გადაუდებელი ვიზიტის გამო.

ასე ჩნდება და ვრცელდება ჭორი და ხშირად ისე იბერება, რომ სრულიად სცდება რეალობას და პრობლემებს უქმნის სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.

იქნებ სიმართლეა?

სოფო მართლაც რომ გახვეულიყო რამე უსიამოვნებაში და თქვენ ამის შესახებ გცოდნოდათ, სხვებისთვის ამის მოყოლა მაინც არ იქნებოდა სწორი. ყოველთვის უნდა მოერიდოთ ისეთ საკითხებზე საუბარს, რომელთა საჯაროდ განხილვა ვინმეს თავს უხერხულად აგრძნობინებს. წარმოიდგინეთ თავი ამ ადამიანის ადგილას – მოგეწონებოდათ, სხვებს რომ სცოდნოდათ თქვენ შესახებ საჩოთირო ამბავი?

შესაძლოა, მეგობარმა რაღაც გაგანდოთ, მაგრამ გთხოვოთ, რომ ამის შესახებ არავის უთხრათ. თქვენ შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, რა მიზეზით არ სურს მას ამ ამბის სხვებისთვის გაზიარება და ჩათვალოთ, რომ არაფერი დაშავდება, თუ მოსმენილს სხვა მეგობრებთან ერთად განიხილავთ... შესაძლოა, ყური მოჰკრათ რაღაც ამბავს და მასზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა დაიწყოთ... გახსოვდეთ: შესაძლოა, თქვენ ამბის მხოლოდ ნაწილი იცოდეთ და თქვენი დასკვნები საერთოდ არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.

ასეთი რამ მოხდა ნიუ ჯერსიში 1938 წელს: ჰელოუინის დღესასწაულზე რადიოთი გადასცეს საკმაოდ რეალისტური რადიოსპექტაკლი "სამყაროთა ომები", რომელშიც მოთხრობილი იყო, როგორ დაეშვა ციდან მარსელების ხომალდი და როგორ დაიწყეს უცხოპლანეტელებმა დედამიწის დაპყრობა. ხომ დაუჯერებელია? მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც რადიოდადგმა შუა ნაწილიდან მოისმინეს, თვალის დაუხამხამებლად დაიჯერეს ეს ამბავი და პანიკაში ჩაცვივდნენ.

შორს რომ არ წავიდეთ, ტელეარხ "იმედის"  2010 წლის იმიტირებული "ქრონიკა" გავიხსენოთ: საინფორმაციო გამოშვებაში რამდენიმე საათის განმავლობაში აჩვენებდნენ დამონტაჟებულ კადრებს და აცხადებდნენ, რომ ქართულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება და კავშირი დაამყარა რუსეთთან, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა, დაიბომბა აეროპორტები და ნავსადგურები, მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და ა.შ.

წამყვანმა გადაცემის დაწყებამდე აღინიშნა, რომ ეს იყო მოდელირებული რეპორტაჟი მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, მაგრამ მათ, ვისაც შესავალი გამოეპარა, ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა და ბევრი ქალაქიდან გასაქცევადაც კი მოემზადა...

როდის შეიძლება სხვაზე საუბარი

გარკვეულ შემთხვევებში სხვა ადამიანზე საუბარი შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მის უსაფრთხოებას ეხება. მაგალითად, თანაკლასელი ბიჭები ჩხუბობენ, თქვენ კი იცით, რომ ერთ მათგანს ჯიბეში დანა უდევს. ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად დამრიგებლისთვის ამ ინფორმაციის განდობა შეიძლება. ან მეგობარმა გაგანდოთ, რომ მშობლებისგან მალულად შიმშილობს და მანამდე გააგრძელებს, სანამ ათ კილოს მაინც არ დაიკლებს. რა თქმა უნდა, უწინარესად მისი გადარწმუნება უნდა სცადოთ, მაგრამ თუ არ დაგიჯერათ, მისი მშობლების საქმის კურსში ჩაყენება შეიძლება. მეტიც – აუცილებელიც კია, რადგან საქმე თქვენი მეგობრის ჯანმრთელობას ეხება.

საუკეთესო გზა

ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, ვინც სხვებზე ჭორაობს. თუ შემთხვევით ყური მოჰკარით ჭორს თქვენს ნაცნობზე ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანზე, ნუ გაავრცელებთ მას და ნურც დაიჯერებთ. თუ ახლობელმა (ან თუნდაც არც ისე ახლობელმა) გული გადაგიშალათ, ისეთი ამბავი გაგანდოთ, რომლის მხოლოდ თქვენთვის გაზიარება უნდოდა და გთხოვათ, რომ ეს თქვენ ორს შორის დარჩეს, არ გათქვათ მისი მონათხრობი (თუ საქმე ვისიმე ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას არ ეხება).

თუ თავად გახდით ჭორების მსხვერპლი, ამას ქვეყნიერების აღსასრულად ნუ მიიჩნევთ. ასეთი რამ ბევრს ემართება. გაესაუბრეთ ძმას/დას, ახლო მეგობარს, მშობელს, რათა დამშვიდდეთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ნუ იდარდებთ, ჭორები როგორც ჩნდება, ისევე ქრება და დავიწყებას ეძლევა.

შესაძლოა გეგონოთ, რომ ჭორაობა თანამოსაუბრესთან გაახლოებთ, იხალისოთ იმით, რომ თქვენ და თქვენი მეგობარი საიდუმლოდ სხვა ადამიანზე საუბრობთ, მაგრამ იცოდეთ: ის, ვინც თქვენთან სხვაზე ჭორაობს, თქვენზეც იჭორავებს სხვასთან და თქვენც სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემო მყოფებზე; ადამიანებს აღარ ექნებათ თქვენი ნდობა და, შესაბამისად, აღარც მეგობრები გეყოლებათ. გადალახეთ ჭორაობის ცდუნება, იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და ის ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: