მტვერსასრუტი – მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
გააზიარე:
კლასიკური, ხელის თუ სრულად ავტომატიზებული? ტომრიანი თუ უტომრო? სადენიანი თუ უსადენო? თითოეულ ტიპს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს. ასე რომ, თუ ახალ მტვერსასრუტს ეძებთ, ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და იპოვოთ იდეალური დამხმარე თქვენი სახლისთვის.
ტიპები
მტვერსასრუტები დიზაინით, მუშაობის პრინციპით, მოხმარების სიმარტივით, ეფექტურობითა და მიზნობრიობით განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს სამი ძირითადი ტიპი:
- კლასიკური;
- ხელის;
- რობოტი-მტვერსასრუტი.
თითოეული მათგანი წარმოდგენილია მოდელების ფართო არჩევანით, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციით არის აღჭურვილი, მაგალითად, არსებობს ტომრიანი და უტომრო მოდელები, მოდელები ქაფის ფილტრით, წყლის ფილტრაციის სიტემით და სხვა. იმისთვის, რომ თქვენს საჭიროებებს მორგებული მოდელის შერჩევა გაგიადვილოთ, გაგაცნობთ კლასიკური და ხელის მტვერსასრუტების მუშაობის პრინციპს, პლუსებსა და მინუსებს, რობოტი-მტვერსასრუტის შესახებ კი დეტალურ ინფორმაციას ჟურნალ "ავერსის" 207-ე ნომერში იპოვით.
კლასიკური (ცილინდრული) მტვერსასრუტი
კლასიკური მტვერსასრუტი ყველაზე პოპულარულია. ის დიდი სიმძლავრით გამოირჩევა და სწრაფად და ეფექტურად აშორებს ჭუჭყს ნებისმიერი ზედაპირიდან. კლასიკური მტვერსასრუტი გამოდგება ყველა ტიპის იატაკისთვის, ლამინატი იქნება ეს, პარკეტი, ფილა თუ მოკლე– ან გრძელბეწვიანი ხალიჩა.
კლასიკურ მტვერსასრუტს ორი ძირითადი მოდელი აქვს: ტომრიანი და უტომრო.
ტომრიანი
მუშაობის პრინციპი: მტვერი გროვდება ერთჯერად ან მრავალჯერად ტომარაში.
პლუსები:
- ჰიგიენურია, უკეთ აკავებს მტვრის ნაწილაკებს, ტომარა დახურულია და მისი გამოცვლისას მინიმალურია მტვერთან კონტაქტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ალერგიას უჩივის.
- არ მოითხოვს მტვრის კონტეინერის ხშირ რეცხვას ან წმენდას. უბრალოდ ცვლით სავსე ტომარას ახლით.
- ტომრის თითქმის სრულ ავსებამდე შეწოვის ძალა შედარებით სტაბილური რჩება.
მინუსები:
- მოითხოვს ტომრის პერიოდულ ცვლას.
- ტომრების ყიდვა ცალკე ხარჯია.
უტომრო
მუშაობის პრინციპი: მტვერი გროვდება პლასტმასის კონტეინერში, რომელიც ხელით იწმინდება.
პლუსები:
- ეკონომიურია, რადგან არ გჭირდებათ ტომრების რეგულარულად შეძენა.
- კონტეინერის გამჭვირვალეა, ამიტომ ხედავთ, სადამდეა ის სავსე და როდის სჭირდება დაცლა.
- წარმოქმნის ნაკლებ ნარჩენს, რადგან ტომრების ცვლას არ მოითხოვს.
მინუსები:
- კონტეინერი უნდა დაიცალოს და გაირეცხოს რეგულარულად.
- კონტეინერის დაცლისას მტვრის ნაწილაკები შესაძლოა ჰაერში გაიფანტოს.
- უტომრო მტვერსასრუტები მტვრის შესაკავებლად ძირითადად ფილტრს იყენებს, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული წმენდა ან რეცხვა (გააჩნია მოდელს), რათა შეწოვის ძალა შენარჩუნდეს.
- კონტეინერის შევსებასთან ერთად შეწოვის ძალა საგრძნობლად იკლებს.
- ზოგიერთი უტომრო მტვერსასრუტი უფრო ხმაურიანია, ვიდრე ტომრიანი.
კლასიკურ მტვერსასრუტებს აქსესუარების დიდი კომპლექტი მოჰყვება. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის იატაკისთვის განკუთვნილი თავაკები, ჯაგრისები, რომლებიც საგანგებოდ არის შექმნილი შინაური ცხოველების ბეწვის მოსაცილებლად, ავეჯის, ძნელად მისადგომი კუთხეებისა და ლეიბების გასაწმენდი საქშენები, თუმცა ამ აქსესუარების ყიდვა ცალკეც შეიძლება.
ამ ტიპის მტვერსასრუტის მთავარი ნაკლი მისი დიდი ზომა და წონაა. თუ პატარა ბინა ან ბევრი ავეჯი გაქვთ, შესაძლოა, ის მოუხერხებელი აღმოჩნდეს. კალსიკური მოდელები იდეალურია მათთვის, ვისაც სჭირდება ძლიერი და ეფექტური ხელსაწყო ყველა ტიპის იატაკის დასასუფთავებლად, დიდი ფართობის მქონე ბინებისთვის, რომლებსაც რეგულარული და საფუძვლიანი დასუფთავება სჭირდება, ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები ან ალერგიისადმი მიდრეკილი წევრები.
ხელის მტვერსასრუტი
ღირსებები:
ხელის მტვერსასრუტი მსუბუქი და კომპაქტურია, ადვილად სატარებელი და მანევრირებადი. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა გეჩქარებათ ან მოულოდნელად და სწრაფად გიწევთ ბინის დასუფთავება. ამასთან, არ მოითხოვს დახრას, ამიტომ ძალიან მოხერხებულია ხანდაზმულებისა და ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
მცირე ზომის წყალობით ხელის მტვერსასრუტი ადვილად ასუფთავებს იმ ადგილებს, რომლებიც ცილინდრული მოდელისა და რობოტი-მტვერსასრუტისთვის მიუწვდომელია. მაგალითად, რბილი ავეჯის კუთხეებს, მანქანის სალონს, თაროებს.
მოხერხებულია მცირე დაბინძურების, მაგალითად, ჭამის დროს დაცვენილი ნამცეცების ან რბილ ზედაპირზე მოდებული ცხოველის ბეწვის მოსაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ უმთავრესად სახლის დასუფთავებასთან ასოცირდება, ხელის მტვერსასრუტი შეუცვლელია მანქანის სალონის, ავტოფარეხის, სახელოსნოს და სხვა მცირე სივრცეების დასასუფთავებლად.
კომპაქტური ზომის წყალობით, ადვილად ეტევა კარადაში, უჯრაში, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ კედელზე დასამაგრებელ სპეციალურ დამჭერზეც. ეს ნამდვილი შვებაა მცირე ზომის ბინებში, სადაც თითოეულ სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვს.
ამასთან ერთად, ზოგიერთი მოდელი შედარებით ბიუჯეტურია, ამიტომ კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც არ სჭირდება მძლავრი მტვერსასრუტი დიდი სივრცის დასასუფთავებლად.
ხელის მტვერსასრუტებს შორის შეხვდებით სადენიან, უსადენო და მინი მოდელებს.
სადენიანი ხელის მტვერსასრუტი
სადენიან ხელის მტვერსასრუტს უსადენოსთან შედარებით ძლიერი ძრავა აქვს, რადგან დენის წყაროსთან მუდმივ კავშირია, ამიტომ კარგად უმკლავდება დიდ დაბინძურებას. განსაკუთრებით ეფექტურად წმენდს ხალიჩებს, რბილ ავეჯს, ბალიშებსა და მსგავს ზედაპირებს. დენის წყაროსთან მუდმივი კავშირი ასევე უზრუნველყოფს მის სტაბილურ და უწყვეტ მუშაობას და არ გიწევთ ფიქრი ბატარეის დამუხტვაზე.
უსადენოსთან შედარებით მსუბუქიცაა, რადგან არ აქვს ჩამონტაჟებული ბატარეა. შეგიძლიათ, გამოიყენოთ შეუზღუდავი დროით, ამიტომ იდეალურია შედარებით დიდი ფართობების დასასუფთავებლად, თუმცა ნაკლებმოხერხებულია, რადგან დენის წყარო ყოველთვის ახლოს უნდა გქონდეთ. ამის გამო არც სპონტანური დასუფთავებისთვისაა კომფორტული.
უსადენო ხელის მტვერსასრუტი
სადენიანთან შედარებით მობილური და მოხერხებულია. შეგიძლიათ, მარტივად გადააადგილოთ სახლშიც და სახლის გარეთაც. იდეალურია სწრაფი, სპონტანური დასუფთავებისთვის, თუმცა მისი გამოყენების დრო შეზღუდულია – მუშაობს, სანამ ბატარეა დამუხტულია, ამიტომ მოუხერხებელია დიდი ფართობის დასასუფთავებლად. ბატარეის დაცლასთან ერთად შესაძლოა იკლოს შეწოვის სიმძლავრემ, რაც გავლენას მოახდენს დასუფთავების ხარისხზე, ასე რომ, უსადენო მტვერსასრუტი ღრმა წმენდისთვის ნაკლებეფექტურია. იმის მიხედვით, რამხელა აკუმულატორი აქვს, ზოგიერთი მოდელი შესაძლოა საკმაოდ მძიმეც კი იყოს.
მინი მტვერსასრუტი
მინი მტვერსასრუტი ხელის მტვერსასრუტის კიდევ უფრო კომპაქტური და სპეციალიზებული ვერსიაა, რომელიც მცირე, ლოკალური დასუფთავებისთვის არის შექმნილი. მისი მთავარი ღირსება ზომაა: ის ძალიან პატარაა, ამიტომ ადვილად სატარებელი, შესანახი და გამოსაყენებელია მცირე სივრცეში. იდეალურია მანქანის სალონის, კომპიუტერის კლავიატურისა და ტექნიკის გასაწმენდად, მაგიდაზე, თაროებზე, წიგნებზე დაგროვილი მტვრის მოსაცილებლად, საჭმლის ნარჩენების ასაღებად.
უმეტესად უსადენოა, ხოლო ზოგიერთი მოდელი USB სადენითაც იტენება.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთ მტვერსასრუტს შეზღუდული სიმძლავრე აქვს და ღრმა წმენდისთვის არ არის განკუთვნილი. მტვრის კონტეინერიც მცირე მოცულობისაა (0.2-0.5 ლიტრი), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაცლა ხშირად მოგიწევთ. შეზღუდულია ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც: მოდელის მიხედვით, 10-20, მაქსიმუმ 30 წუთს ძლებს.
ძირითადი კრიტერიუმები
საერთო და შეწოვის სიმძლავრე
ე.წ. საერთო სიმძლავრე ვატებში (W) იზომება და ძრავის ენერგეტიკულ სიმძლავრეს აღნიშნავს, ანუ გვატყობინებს, რამდენად ძლიერი ძრავა აქვს მტვერსასრუტს. ნამდვილი ინდიკატორი იმისა, რამდენად ეფექტურად შეიწოვს მტვერსასრუტი ჭუჭყის ნაწილაკებს, შეწოვის სიმძლავრეა. ის იზომება აეროვატებში (AW), ზოგჯერ უბრალოდ ვატებში (W) ან პასკალებში (Pa). რაც უფრო დიდია შეწოვის სიმძლავრე, მით უკეთესად უმკლავდება მტვერსასრუტი სხვადასხვა ტიპის ზედაპირსა თუ სხვადასხვა ინტენსივობის დაბინძურებას.
კლასიკური ტიპის მტვერსასრური
|
მაჩვენებელი |
კარგი დონე |
პრემიუმ დონე |
|
საერთო სიმძლავრე |
1200-1800 W |
1800-2200 W |
|
შეწოვის სიმძლავრე |
250-400 AW |
400-600 AW |
ხელის მტვერსასრუტი
|
მაჩვენებელი |
კარგი დონე |
პრემიუმ დონე |
|
საერთო სიმძლავრე |
250-400 W |
400–700 W |
|
შეწოვის სიმძლავრე |
80-120 AW |
120-200 AW |
საერთო სიმძლავრის მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის არ ნიშნავს შეწოვის მაღალ სიმძლავრეს, რადგან მტვერსასრუტის ეფექტურობა დამოკიდებულია ძრავის დიზაინზე, ფილტრაციის სისტემასა და საერთო კონსტრუქციაზეც. თანამედროვე, ენერგოეფექტურ მოდელებს ზოგჯერ საერთო სიმძლავრე მცირე აქვს (~900-1200 W), ხოლო შეწოვის ძალა – დიდი.
თუ ხშირად გიწევთ ხალიჩების დასუფთავება ან ცხოველის ბეწვის აღება, ძლიერი შეწოვის ძალის მქონე მოდელი (≥250-300 W) აირჩიეთ. გლუვი იატაკისა და ყოველდღიური წმენდისთვის საშუალო სიმძლავრისაც საკმარისია.
ფილტრაციის სისტემა
ფილტრაციის სისტემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მგრძნობიარე სასუნთქი სისტემა აქვს ან ალერგიისკენ არის მიდრეკილი. სწორედ ის უზრუნველყოფს მტვერსასრუტიდან გამოსული ჰაერის სისუფთავეს.
ფილტრი რამდენიმე ტიპისა არსებობს:
HEPA (High-Efficiency Particulate Air), რომელიც ჰაერის გაფილტვრის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. HEPA ფილტრები იჭერს ჰაერში არსებული ნაწილაკების 99.97%-ს, რომელთა ზომა 0.3 მიკრონი ან მეტია. მათ შორის – მტვრის ტკიპებს, სახლისა და ყვავილის მტვრის ნაწილაკებს, ობის სპორებს, შინაური ცხოველის ბეწვს და ზოგიერთ ბაქტერიასაც კი. ამგვარი ფილტრი იდეალურია ალერგიითა და ასთმით დაავადებულთათვის. ეფექტი უფრო ძლიერია, როცა მტვერსასრუტს აქვს ჰერმეტულად დახურული HEPA სისტემა და არა მხოლოდ HEPA ფილტრი.
EPA (Efficiency Particulate Air) – ესენია სტანდარტული ფილტრები, რომლებიც ნაწილაკების 80-85%-ს იჭერს. EPA ფილტრები ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე HEPA, თუმცა საკმარისია ყოველდღიური დასუფთავებისთვის.
ქაფის ფილტრები – ხშირად გამოიყენება როგორც დამხმარე ფილტრები. იჭერს შედარებით დიდ ნაწილაკებს, შესაძლებელია მათი ხშირად რეცხვა, ეკონომიურია, მაგრამ წვრილი ნაწილაკებისთვის ნაკლებეფექტურია.
ციკლონური/მულტიციკლონური ფილტრაციის სისტემა – ამ ტექნოლოგიის წყალობით ჰაერი ბრუნავს მაღალი სიჩქარით, რათა გაფილტვრამდე მაქსიმალურად გაიწმინდოს ნაწილაკებისგან, რაც ფილტრის დატვირთვას ამცირებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტექნოლოგია ფილტრის საჭიროებას არ გამორიცხავს.
წყლის ფილტრაციის სისტემა – ეს სისტემა მტვერსა და ალერგენებს წყალში აკავებს, რაც ხელს უშლის ჰაერში მათ დაბრუნებას. ეფექტურია, თუმცა მოითხოვს ხშირ და საფუძვლიან წმენდას.
სპეციალური ფილტრები – ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია დამატებითი, მაგალითად, ნახშირის ფილტრით, რომელიც აქრობს უსიამოვნო სუნს. ასეთი ფილტრი განსაკუთრებით გამოსადეგია შინაური ცხოველების მფლობელებისთვის.
ჰერმეტული სისტემა – თუ თქვენთვის ხარისხიანად გაფილტრული ჰაერი პრიორიტეტულია (მაგალითად, ალერგიის გამო), შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც ფილტრაციის ჰერმეტული სისტემა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მტვერსასრუტის კორპუსი ჰერმეტულად არის დახურული და გარეთ მხოლოდ გაფილტრული ჰაერი გამოდის. სხვა შემთხვევაში მტვრის ნაწილაკები შესაძლოა მტვერსასრუტის კორპუსის შეერთების ადგილებიდან ისევ ჰაერში მოხვდეს, მაშინაც კი, როცა ხელსაწყოს HEPA ფილტრი აქვს.
თანამედროვე მტვერსასრუტები ხშირად ფილტრაციის რამდენიმესაფეხურიანი სისტემით არის აღჭურვილი. ჰაერი რამდენიმე ფილტრს გაივლის, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ზომის ნაწილაკებს იჭერს. ჯამში, ფილტრაციის ხარისხი უფრო მაღალია და ძრავაც მეტად არის დაზღვეული დაზიანებისგან.
ამასთან ერთად, უნდა გაითვალისწინოთ:
* ირეცხება თუ არა ფილტრი. ზოგიერთი ფილტრი (მაგალითად, ქაფისა და ზოგიერთი EPA) ირეცხება, რაც ხარჯს ამცირებს, თუმცა შესაძლოა, სწრაფად გაცვდეს. მტვერსასრუტში ჩადებამდე დარწმუნდით, რომ ფილტრი კარგად გააშრეთ, რათა ობისა და ბაქტერიების გაჩენა თავიდან აიცილოთ.
* HEPA ფილტრები, გამოყენების ინტენსივობის მიხედვით, 6-12 თვეში ერთხელ იცვლება. სხვა ტიპის ფილტრების ცვლის სიხშირე მითითებული იქნება მწარმოებლის ინსტრუქციაში.
* ციკლონური ფილტრაციის ტექნოლოგია და HEPA ფილტრი მნიშვნელოვნად ზრდის ჰაერის გასუფთავების ხარისხს.
ხმაურის დონე
ყურადღება მიაქციეთ ხმაურის დონეს. ნაკლებხმაურიანი მოდელები საშუალოდ 60-70 დბ-ის ფარგლებში მუშაობს.
ნუ შეარჩევთ პროდუქტს მხოლოდ დიზაინის ან რეკლამის გავლენით. ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები, გაეცანით მომხმარებელთა რეალურ შეფასებებს და შეადარეთ რამდენიმე მოდელი. ეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარე.
ჯილდა გაჩეჩილაძე











