ხრიკები ქალებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის)
გააზიარე:
არსებობს ხრიკები, რომლებიც დროს ზოგავს და ცხოვრებას ამარტივებს. ინტერნეტში უამრავ ასეთ ხრიკს იპოვით, მაგრამ ყოველი მათგანი როდია მორგებული ჩვენი ცხოვრების სტილს.
არ დავიზარეთ და თქვენთვის რამდენიმე პატარა ხრიკი მოვიძიეთ, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს, პროდუქტების შენახვას, საოჯახო ტექნიკის მოვლას გაგიადვილებთ.
სამზარეულოსთვის
* ვის არ უყვარს პიცა ხრამუნა კიდეებით და ზედ დამდნარი ყველით! მაგრამ მეორე დღის პიცა, დამეთანხმებით, ისეთი გემრიელი აღარ არის. თუ გსურთ, პიცის ნაჭერს თავდაპირველი გემო დაუბრუნოთ, ის ოდნავ ღრმა ტაფაზე უნდა გააცხელოთ. შედგით ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი და როცა გაცხელდება, ზედ პიცის ნაჭერი დადეთ. ორიოდე წუთის შემდეგ ტაფას თავსახური დაახურეთ, ცეცხლს ძალიან დაუწიეთ და პიცა კიდევ ორიოდე წუთი გააჩერეთ ქურაზე, რომ ყველი დადნეს.
* თუ ახალ-ახალი კერძების მომზადება გიყვართ და ამისთვის რეცეპტების წიგნს იყენებთ, ასეთი ხრიკი მოსინჯეთ: გადაშალეთ წიგნი სასურველ რეცეპტზე და ორივე მხარეს შარვლის საკიდის დამჭერებით დაამაგრეთ, ხოლო თავად საკიდი შეგიძლიათ სამზარეულოს კარადის სახელურზე ჩამოკიდოთ. ასე წიგნი არც დაგისველდებათ, არც დაგესვრებათ, არც ადგილს დაიკავებს მაგიდაზე და არც თქვენ დაკარგავთ დროს კერძის მომზადებისას ქურასა და მაგიდას შორის სირბილში.
* ზაფხულში ვერაფერი შეედრება ცოვ და თაფლივით ტკბილ ნაყინიან მარწყვს, მაგრამ, დამეთანხმებით, მარწყვის გარჩევა არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. საქმის გასაადვილებლად მხოლოდ და მხოლოდ საწრუპი ჩხირი დაგჭირდებათ. შეარჭეთ წვერში, ყუნწის მოპირდაპირე მხარეს, და ყუნწისკენ მიაწექით. საწრუპი სუფთად და მარტივად ამოაძრობს ყუნწს.
* ლიმონის გამოსაწურად სამზარეულოს მაშა გამოიყენეთ. გაჭერით ლიმონი შუაზე, მაშით ჭიქის თავზე დაიჭირეთ და ისე მოუჭირეთ, როგორც პროდუქტის ასაღებად უჭერთ ხოლმე.
* ბევრი რეცეპტი კვერცხის ცილისა და გულის ერთმანეთისგან გაცალკევებას მოითხოვს. ეს არცთუ ისე ადვილია და ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც გვინდა. საქმეს სუფთა პლასტმასის ბოთლი გაგიადვილებთ. ჩატეხეთ კვერცხი ჯამში, აიღეთ ბოთლი, ხელში მოჭყლიტეთ (ოღონდ არა ისე, რომ გატყდეს), ბოთლის ყელი კვერცხის გულს დაადეთ და ბოთლს ხელი გაუშვით. ბოთლი კვერცხის გულს შეისრუტავს.
* თუ გატეხილ კვერცხს ნაჭუჭის ნატეხები ჩაჰყვა, დაიბანეთ ხელები, ჩაყავით ერთი თითი თბილ წყალში, მერე კი გატეხილ კვერცხში, იმ ადგილას, სადაც ნაჭუჭის ნატეხებია ჩარჩენილი. ისინი წამსვე თითზე მიგეწებებათ.
* იმისთვის, რომ ქილაში ან ბოთლში ჩასხმული სასმელი ჩვეულებრივზე სწრაფად გაიყინოს, აიღეთ პირსახოცი, დაასველეთ, კარგად გაწურეთ, ჭურჭელს შემოახვიეთ და ასე შედგით საყინულეში.
* თუ ბარბიქიუ-წვეულებას მართავთ და აპირებთ, სტუმრებს მწვადით ან სტეიკით გაუმასპინძლდეთ, საწებლებიც დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, ისინი მაფინების საცხობი ფორმების სეტში ჩაასხათ და ისე მიიტანოთ სუფრასთან. ამგვარად, მდოგვი, კეტჩუპი, ტყემალი, მაიონეზი და ბროწეულის სოუსი ერთად იქნება თავმოყრილი. თანაც ეს ფორმები სწორედ იმ ზომისაა, რომელიც გჭირდებათ.
* ჩიზქეიქის, ჟელეს და სხვა რბილი დესერტების დასაჭრელად კბილის ძაფი გამოიყენეთ. დაიხვიეთ ძაფის ბოლოები საჩვენებელ თითებზე და დესერტი თანაბარ ნაწილებად დაჭერით. ადვილადაც დაიჭრება, ნაჭრებიც თანაბარი გამოვა და არც დესერტის იმ ნაწილს დაკარგავთ, რომელიც დაჭრისას დანაზე რჩება ხოლმე.
როგორ "დავაბათ" წინდები
* რეცხვისას, გაფენისას თუ გაშრობისას ცალი წინდის იდუმალი გაქრობა ყველა დიასახლისის თავის ტკივილია. ამას იოლად გადაურჩებით, თუ გარეცხვამდე წინდებს წყვილ-წყვილად ქინძისთავით შეკრავთ. ოღონდ თუ ქინძისთავს ჟანგი გაუჩნდა, მაშინვე უნდა გამოცვალოთ.
სახლის მოვლა
* დამეთანხმებით: სავსე უჯრაში მაკრატლის, საკვნეტელას, ქლიბის, პინცეტის, რკინისსახელურიანი ფუნჯის ძებნა ზოგჯერ მთელ ეპოპეად იქცევა ხოლმე. თანაც რაც უფრო მეტად ვჩქარობთ, მით უფრო მეტხანს გრძელდება ეს პროცესი.
მოიქეცით ასე: უჯრაში, რომელშიც რკინის ნივთებს ინახავთ, მოზრდილი მაგნიტი ჩადეთ და თქვენი ნივთები ამ მაგნიტზე მიამაგრეთ – ისინი არც ერთმანეთში აიბურდება და არც დაგეკარგებათ.
* თუ დიდი სათლის ავსება გსურთ, ის კი სააბაზანოს ონკანის ქვეშ არ ეტევა, შეგიძლიათ, სუფთა აქანდაზი მოიშველიოთ. ჩადეთ ნიჟარაში ისე, რომ სახელური გარეთ გადმოვიდეს და ქვეშ სათლი შეუდგით, მერე კი მიუშვით წყლის საშუალო სიმძლავრის ჭავლი.
* თუ ერთ აცმაზე რამდენიმე მსგავსი გასაღებია, ისინი სხვადასხვა ფერის ფრჩხილის გელ-ლაქით შეღებეთ და დაიმახსოვრეთ, რომელი ფერი რომელი საკეტისაა – აღარ მოგიწევთ მათი სათითაოდ მოსინჯვა, სანამ კარს სწორად მოარგებთ.
* თუ კედელი ან ავეჯი მარკერით დაგესვარათ, შემდეგი საშუალებები მოსინჯეთ: ქსოვილგადაკრული ზედაპირისთვის – ხელის სანიტაიზერი, ხის ზედაპირისთვის – სპირტის შემცველი საშუალება, შეღებილი კედლისთვის – კბილის პასტა ან თმის სპრეი, შუშისა და კერამიკისთვის კი ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და 1 ჩაის კოვზი კბილის პასტა.
ისწავლეთ ტექნიკის ენა
* თუ აბაზანაში კითხვა გიყვართ, მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობთ, როცა წიგნის ფურცლებს სველი თითებით ეხებით და აფუჭებთ, შეგიძლიათ, პლანშეტით შეცვალოთ: გახსენით პლანშეტში სასურველი წიგნი, თავად გაჯეტი კი გამჭვირვალე ვაკუუმიან პაკეტში მოათავსეთ. ოღონდ მანამდე იგივე მეთოდი ფურცელზე მოსინჯეთ: თუ არ დასველდა, ესე იგი პაკეტი სანდოა.
რა თქმა უნდა, ახალ გვერდზე გადასვლისას პაკეტის გახსნა მოგიწევთ, მაგრამ თუ აბაზანაში კითხვა სიამოვნებას განიჭებთ, მცირე დისკომფორტი უნდა აიტანოთ.
* ტელეფონის დამტენები ხშირად იქექება და წყდება იმ ადგილას, სადაც ტელეფონს უერთდება. ძველ, დაცლილ კალამს გამოაძრეთ ზამბარა და დამტენს ტელეფონთან შეერთების ადგილას ჩამოაცვით. ის დრეკადიც იქნება და მეტხანსაც გაძლებს.
სხვადასხვა
* იცოდით, რომ ჩიფსებით ცეცხლის დანთება შეიძლება? ჩიფსებს ძალიან სწრაფად და კარგად ეკიდება ცეცხლი, ამიტომ შეგიძლიათ, ისინი ფიჩხის ნაცვლად გამოიყენოთ.
* ბოთლით და ტელეფონის ფარნით შეგიძლიათ შუქურა გააკეთოთ. აანთეთ ტელეფონის ფარანი, თვითონ ტელეფონი ისე დადეთ, რომ ფარანი ზემოთ მოექცეს, ზემოდან კი ბოთლი დაადეთ. უმჯობესია, ბოთლი სითხით იყოს სავსე – უფრო კარგად გაანათებს.
დაბოლოს, უგემრიელესი ხრიკი:
* თუ შოკოლადის კარაქის ქილას ფსკერი გამოუჩნდა, მაგრამ კედლებზე ჯერ კიდევ ბლომად არის შერჩენილი, შეგიძლიათ, ქილაში ვანილის ნაყინი ჩააგდოთ, კარგად აურიოთ და მიირთვათ.
ლიკა ქათამაძე