რამდენიმე შვილი, ერთი მიმართულება: როგორ ავირჩიოთ იდეალური ადგილი ოჯახური მოგზაურობისთვის
გააზიარე:
ოჯახური მოგზაურობა ჯადოსნური თავგადასავალია – ჩემოდანში ჩატეული მოგონებები, შთაბეჭდილებები და ემოციები. მაგრამ ჯადოსნობის მიღმა რეალობაა, სადაც ერთ ბავშვს შუადღისას ძილი სჭირდება, მეორე კი ატრაქციონებზე გართობას ითხოვს.
როგორ ვაქციოთ ოჯახური დასვენება ყველასთვის სასიამოვნო მოგონებად? ამისთვის რამდენიმე პრაქტიკული რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ. არ აქვს მნიშვნელობა, მოგზაურობა სამსახურებრივი მოვალეობის გამო გიწევთ თუ უბრალოდ ოჯახთან ერთად უცხო ქვეყნების მონახულება გადაწყვიტეთ – ეს რჩევები ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ.
საჭიროებების სია
დაიწყეთ იმით, რომ ქაღალდის ან ელექტრონულ ბლოკნოტში ჩამოწერეთ, რა სჭირდება თითოეულ ბავშვს ყოველდღიურად, რომელ აქტივობებს ვერ გაექცევით. მაგალითად: პატარას სჭირდება დღისით ძილი, წყნარ ადგილებში ეტლით სეირნობა, სასადილო სკამი, საწოლ-მანეჟი, უფროსს – სახალისო აქტივობები, ბევრი მოძრაობა, გართობა, სკუტერი, ველოსიპედი, ადამიანი-ობობას ფორმა.
უკიდურესობაში ნუ გადავარდებით
რა საინტერესო და მიმზიდველიც უნდა გეჩვენებოდეთ, ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას უმჯობესია თავი არიდოთ ისეთ ექსტრემალურ გართობას, როგორიცაა, მაგალითად, ჯუნგლებში ლაშქრობა ან ხმაურიან, ხალხით გადაჭედილ ქალაქში ხეტიალი (მაგალითად, ფესტივალის დღეებში). ეძებეთ შედარებით წყნარი და უსაფრთხო ადგილები, სანამ ორივე ბავშვი მიაღწევს იმ ასაკს, რომ მსგავს აქტივობებში თქვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა (ან წაიყოლეთ მხოლოდ უფროსი).
გაითვალისწინეთ:
*კლიმატი – ის არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი;
* ენა – მოახერხებთ თუ არა საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივებთან ურთიერთობას;
* ჯანმრთელობა – არის თუ არა თქვენი ბინის`სასტუმროს სიახლოვეს კლინიკა ან აფთიაქი;
* ტრანსპორტი – შესაძლებელია ეტლით სეირნობა? უსაფრთხოა გზები?
ეძებეთ მრავალფეროვნება
დასასვენებლად შეარჩიეთ ადგილი, სადაც არის ბუნებაც, სათამაშო სივრცეც (მაგალითად, გასართობი ცენტრი) და შემეცნებითი ობიექტებიც (მაგალითად, მუზეუმები).
ჩაალაგეთ ბარგი გონივრულად
თან წაიღეთ მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელიც ნამდვილად დაგჭირდებათ ("ჩავდებ, იქნებ დამჭირდეს" ცუდი მიდგომაა). დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა ტანსაცმლის რეგულარულად რეცხვას და ამის მიხედვით შეარჩიეთ რაოდენობა.
პატარასთვის წაიყოლეთ:
- მსუბუქი ეტლი ან ზურგჩანთა-კენგურუ;
- დასაკეცი საწოლ-მანეჟი ან საძილე კარავი;
- დედის ჩანთა;
- თეთრი ხმაურის აპარატი (სასტუმროებში თხელი კედლებია და თუ პატარა ხმაურს მიჩვეული არ არის, ეს აპარატი ძალიან დაგეხმარებათ არასასურველი ხმების გადაფარვაში). თუ არ გაქვთ, თეთრი ხმაურის ფუნქციას სმარტფონშიც იპოვით.
უფროსი შვილისთვის –
- პლანშეტი ყურსასმენებითურთ, წიგნები;
- სამოგზაურო აქტივობების პატარა ნაკრები;
- საყვარელი ნივთი (თოჯინა, ბალიში);
- სამაგიდო თამაშები.
საერთო საჭიროებისთვის –
- მცირე აფთიაქი (მზისგან დამცავი საცხი (ზაფხულში), სიცივისგან დამცავი საცხი (ზამთარში), სიცხის დამწევი, ანტისეპტიკი);
- მსუბუქი ჯანსაღი სასუსნავი (ორცხობილა, ჩირი).
წინასწარ გაესაუბრეთ უფროს შვილს
მართალია, უფროსი ბავშვები მიჩვეული არიან პატარასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, მაგრამ გამგზავრებამდე მაინც გაესაუბრეთ, აუხსენით, რომ ერთმანეთის მოთხოვნილებები ყველამ უნდა გაითვალისწინოთ. ზოგჯერ მოუწევს, საყვარელი აქტივობა ცოტა ხნით გადადოს ან სხვით შეცვალოს. მაგალითად, ნაშუადღევს, როდესაც პატარას ძილის დრო აქვს, პარკში ვერ წახვალთ; სამაგიეროდ, მის საყვარელ სამაგიდო თამაშს ითამაშებთ.
დაყავით დღე ნაწილებად
მაგალითად: დილის აქტივობები → ლანჩი → დაძინება → დასვენება სასტუმროს ტერიტორიაზე → საღამოს გასეირნება
სიჩქარეს აზრი არ აქვს
ნუ ეცდებით ერთ დღეში ათი საინტერესო ადგილის მონახულებას. აირჩიეთ ორი-სამი, რომ დასასვენებლადაც დაგრჩეთ დრო. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, დრო ხარისხიანად გაატაროთ, ვიდრე გადარბენაზე იყოთ და სიამოვნება ვერ მიიღოთ.
დაჯავშნეთ გონივრულად
- ეცადეთ, იქირაოთ ბინა ან სასტუმრო ქალაქის ცენტრში ან მეტროს სადგურთან ახლოს.
- თუ გარშემო ველური ბუნებაა, შეამოწმეთ, აქვს თუ არა შენობას ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადე, დაცულია თუ არა ქვეწარმავლებისგან.
- თუ დიდი ხნით მიემგზავრებით, მოძებნეთ საცხოვრებელი სამზარეულოთი და სარეცხის მანქანით.
- შეამოწმეთ, არის თუ არა ბინაში`ნომერში ბავშვის ავეჯი (სკამი, საწოლი).
თუ საქმიანი მივლინებით მიემგზავრებით
* წაიყოლეთ დამხმარე – მეუღლე, ბებო ან ძიძა. თუნდაც მხოლოდ ერთი მშობელი მუშაობდეს, ორი ბავშვით უცხო ქვეყანაში მაინც ძნელია.
* წინასწარ მოძებნეთ სიახლოვეს მდებარე საბავშვო სივრცე – პარკი, ბიბლიოთეკა, სათამაშო ცენტრი.
ძილის რუტინა
მზად იყავით იმისთვის, რომ პირველ დღეებში შესაძლოა, პატარას ძილის რუტინა თავდაყირა დადგეს. მოიფიქრეთ, როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ის შუადღის ძილზე უარს იტყვის.
ბონუს-რჩევები
სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელია, ხოლო მათთვის, ვინც პატარა ბავშვებთან ერთად მიემგზავრება – ორმაგად.
ფრენის შემდგომი დღეებისთვის ნურაფერს დაგეგმავთ, ადროვეთ ბავშვებს ადაპტაცია.
მოგზაურობის დოკუმენტირება უფროს შვილს მიანდეთ. სთხოვეთ, ფოტო- ან ვიდეოკამერაზე აღბეჭდოს თქვენი თავგადასავალი, ბოლოს კი ამ ჩანაწერებს ერთ დიდ ფილმად მოუყარეთ თავი. ბავშვი გაერთობა კიდეც და საკუთარ მნიშვნელოვნებასაც იგრძნობს, თქვენ კი მოგონებების ალბომი დაგრჩებათ.
ლიკა ქათამაძე











