პარალელური თამაში
გააზიარე:
უდიდესია ბავშვის განვითარებაში თამაშის როლი, ამიტომ მშობლები უნდა ვეცადოთ, ხელი შევუწყოთ პატარებს სხვადასხვაგვარი თამაშის ათვისებაში.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებლობა, რაც თამაშს მოაქვს, ის არის, რომ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აცნობს სოციალურ სამყაროს და თანატოლებთან კომუნიკაციას ასწავლის.
კომუნიკაციის ერთ-ერთი პირველი ფორმა კი პარალელური თამაშია.
რა არის
არსებობს თამაშის რამდენიმე ტიპი, რომლებსაც სპეციფიკური დანიშნულება აქვს. პატარებს სიამოვნებთ სხვა ადამიანებთან სოციალური სამყაროს გაზიარება. მცირე ასაკში თანატოლებთან პოზიტიური კონტაქტი მომავალში მათი სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სამ წლამდე ბავშვების ერთმანეთთან ინტერაქცია სწორედ თამაშის დროს მიმდინარეობს. სანამ ერთად თამაშს ისწავლიან, პატარები იწყებენ ერთ სიტუაციაში, ერთ გარემოში გვერდიგვერდ თამაშს, თუმცა არ ურთიერთობენ და არ ერთვებიან ერთმანეთის აქტივობებში. ამ დროს ბავშვი აკვირდება გვერდით მჯდომ თანატოლს, ინტერესდება მისი თამაშით, თუმცა ინტერაქციისგან თავს იკავებს. სწორედ ამას ეწოდება პარალელური თამაში.
სხვის თამაშზე დაკვირვება ბავშვის ზრდა-განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. პატარას უნდა აინტერესებდეს თანატოლების საქმიანობა, რათა მერე სცადოს მათი ყურადღების მიპყრობა, მიბაძვა, საკუთარი ქცევით მათი დაინტერესება, შედგეს კომუნიკაცია და დაიწყოს ერთობლივი თამაში.
პარალელური თამაში ბავშვის სოციალიზაციის პირველი საფეხურია. ამ დროს ხდება მიბაძვა, გამეორება, ემოციის გაზიარება, ნივთის გაზიარება, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.
თანატოლების თამაშის ყურებისას პატარები სახის გამომეტყველების მიხედვით ემოციების აღქმასა და გარჩევას სწავლობენ. სხვა ბავშვების ემოციები მიახვედრებს მათ, ესა თუ ის აქტივობა სახალისოა, საშიშია თუ მოსაწყენი. თუ ბავშვმა დაინახა, რომ მისი თანატოლი პირამიდას აწყობს და ამით კარგად ერთობა, დიდი ალბათობით, თავადაც მოისურვებს იმავეს გაკეთებას; თუ შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ბავშვი სათამაშოებს ისვრის, ახლოს მყოფ თანატოლებს ახვედრებს და სტკენს, გაერიდება; თუ ერთი გორაკზე ავიდა, მთელი სისწრაფით დაეშვა იქიდან და გულიანად იცინა, დანარჩენები მიხვდებიან, რომ ეს ძალიან სახალისოა და თავადაც სცდიან.
მშობლებს და აღმზრდელებს ადვილად შეუძლიათ პატარებში პარალელური თამაშის წახალისება. ორი ბავშვის ერთ სივრცეში ერთმანეთის პირისპირ დასმა და რამდენიმე სათამაშოს მიცემაც საკმარისია, რომ მათ პარალელური თამაში დაიწყონ.
რითია მნიშვნელოვანი
მიუხედავად იმისა, რომ პარალელური თამაშის დროს ბავშვი ურთიერთობას არ ამყარებს მეორე ბავშვთან, მასზე დაკვირვებით ის მაინც ითვისებს განსხვავებულ უნარებს. იმახსოვრებს, რა განსხვავებულ ქმედებებს ასრულებს მისი დაკვირვების ობიექტი. შესაძლოა მეყსეულად არ გაიმეოროს, მაგრამ აუცილებლად სცდის, თავადაც გამოუვა თუ არა, რადგან დააინტერესებს, რა მოხდება, თუ მასავით მოიქცევა: მოეწონება? მიბაძვა ამ ასაკში დადებითი ქცევაა, რადგან სწორედ მიბაძვის გზით ითვისებს პატარა ახალ უნარებს.
გარდა ამისა, მცირეწლოვანთა პარალელური თამაში უფროს ასაკში ერთობლივი გართობის საწინდარია. გვერდიგვერდ თამაში ბავშვს მცირე ასაკშივე აჩვევს სხვა ადამიანთან ერთად რაღაცის კეთებას და ხელს უწყობს მისი კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებას.
როგორ დავეხმაროთ
ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განმავითარებელი აქტივობების შესრულებას უფროსებთან ერთად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია განსაზღვრული ხნის დამოუკიდებლად გატარება, რათა ისწავლოს საკუთარი თავის გართობა, მეტად დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლთან ერთად პარალელურ თამაშს. თუ ბავშვი საბავშვო ბაღში დადის, მას თქვენი ხელშეწყობის გარეშეც ყოველდღიურად მიეცემა პარალელური თამაშის საშუალება, თუ არ დაგყავთ, სხვანაირად უნდა შეუწყოთ ხელი: მიიპატიჟეთ სახლში ახლობლები, რომლებსაც თქვენი შვილის ტოლი ბავშვები ჰყავთ. მოუწყვეთ პატარები უსაფრთხო სივრცე და ერთად დასვით, მოამარაგეთ სათამაშოებით, მაგრამ მათ თამაშში გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე ნუ ჩაერევით. მიეცით დრო და საშუალება, დააკვირდნენ ერთმანეთს, გაიმეორონ ერთმანეთის მოქმედებები, თუ ერთი და იმავე სათამაშოს აღებას განიზრახავენ, აცადეთ, ჯერ თავად სცადონ პრობლემის მოგვარება.
პარალელური თამაში და ბავშვის განვითარება
პარალელური თამაში, როგორი ასოციალურიც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ეტაპი და სოციალური ურთიერთობების წინაპირობაა.
მართალია, ამ ასაკის ბავშვს ჯერ არ აქვს მეგობრების შესაძენად საჭირო უნარები, მაგრამ თუ ის ხშირად გაატარებს დროს თანატოლების ერთსა და იმავე ჯგუფთან, დროთა განმავლობაში მიხვდება, რომელ ბავშვთან უფრო სიამოვნებს ურთიერთობა, ვისთან ერთად ერთობა ყველაზე უკეთესად და ეცდება, მასთან ერთად გაატაროს მეტი დრო. მეგობრობაც ხომ სწორედ ასე იწყება!
დარწმუნებული ვარ ყველას გვინდა, ჩვენს შვილებს მრავალფეროვანი, გამოწვევებითა და სასიამოვნო მოგონებებით სავსე ცხოვრება ჰქონდეთ, ამისთვის კი მნიშვნელოვანია კარგი მეგობარი, ამიტომ მცირე ასაკიდანვე შეუწყვეთ ხელი ბავშვს იმ უნარების გამომუშავებაში, რომლებიც შესაბამის ასაკში ნამდვილი მეგობრების პოვნაში დაეხმარება.
ლიკა ქათამაძე