იაპონური მანიკიური – ბუნებრივად ლამაზი ფრჩხილები

გააზიარე:

ტიკტოკი, ინსტაგრამი თუ სოციალური მედიის სხვა პლატფორმები ყოველდღიურად გვაცნობს მანიკიურის ახალ ტენდენციებს. თვალისმომჭრელად მოდელირებული ფრჩხილების მოყვარულებმა იციან, რომ მანიკიურის ყველაზე პოპულარული ტრენდები – გელი, აკრილი და შილაკი – მუდმივ განახლებას მოითხოვს, თუმცა ბოლო ხანს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბუნებრივ, ორგანულ პროდუქტებს. განსაკუთრებით დიდია ინტერესი იაპონური მანიკიურის მიმართ.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი, რას უნდა ველოდეთ მისგან და ვისთვის არის ის რეკომენდებული?

რა არის

იაპონური მანიკიურის ტრადიცია საუკუნეების წინათ წარმოიშვა იაპონიაში და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ეს უნიკალური მეთოდი ფოკუსირებულია ფრჩხილების ბუნებრივი ბზინვარების აღდგენაზე და, საზოგადოდ, ფრჩხილების გაჯანსაღებაზე ქიმიური პროდუქტების გამოყენების გარეშე. პროცედურა სიცოცხლისუნარიანობას, ელასტიკურობასა და ბუნებრივ სილამაზეს უბრუნებს ფრჩხილებს.

რისთვის ვირჩევთ

* ფრჩხილების სიმაგრისთვის

იაპონური მანიკიურისთვის მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ნაზავები გამოიყენება. ეფექტური შედეგის გასაღები სწორედ ამ ნაზავების შემადგენლობაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცდებოდა და იხვეწებოდა.

მულტივიტამინური პასტა ფუტკრის ცვილისგან, წყალმცენარეებისგან, ბრინჯის რძისგან, კერატინისგან, A და E ვიტამინებისგან, სილიციუმისა და სხვა აქტიური ნივთიერებებისგან შედგება. ეს კომპონენტები ხელს უწყობს ფრჩხილის საწოლისა და ფირფიტის აღდგენასა და გამაგრებას, სიგლუვესა და ელასტიკურობას სძენს ფრჩხილებს, იცავს მათ გარემოს მავნე ფაქტორებისგან.

* ბუნებრივი ბზინვარებისთვის ლაქის გარეშე

სპეციალური პასტისა და მინერალური ფხვნილის კომბინაცია სარკისებრ ბზინვარებას ანიჭებს ფრჩხილებს. პროცედურის შემდეგ ფრჩხილებს ჯანსაღი და მოვლილი შესახედაობა აქვს ყოველგვარი ლაქისა და გელის გარეშე.

* ალერგიისგან თავის დასაზღვევად

იაპონური მანიკიურისთვის არ იყენებენ ქიმიკატებს, ამიტომ ეს მეთოდი უსაფრთხოა ქიმიური ნივთიერებებისადმი მგრძნობიარე კანის მქონე და ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

* ფრჩხილების ზედაპირის აღსადგენად

იაპონური მანიკიური რეკომენდებულია დაზიანებული, გაყოფილი, გამომშრალი და მტვრევადი ფრჩხილებისთვის. ტრადიციული მანიკიურისგან განსხვავებით, ეს პროცედურა არ აზიანებს ფრჩხილებს, შესაბამისად, არ მოითხოვს დასვენების, აღდგენის პერიოდებს პროცედურებს შორის.

*მეტი ბუნებრიობისთვის

ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით ფრჩხილები ინარჩუნებს ბუნებრივ ფერსა და ბზინვარებას, მოვლილი და ჯანსაღი ფრჩხილები კი ნებისმიერ სტილს, ყოველდღიურსა თუ ოფიციალურს, შესანიშნავად ეხამება.

* დროის დასაზოგავად

იაპონური მანიკიურის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის სალონში მისვლა – პროცედურას შინაც მარტივად ჩაიტარებთ. ფრჩხილების იდეალურად მოსაწესრიგებლად მაქსიმუმ 30 წუთია საჭირო.

მართალია, იაპონურ მანიკიურს შილაკივით ან ხელოვნური ფრჩხილებივით გრძელვადიანი შედეგი არ აქვს, მაგრამ რეგულარული მოვლის შემთხვევაში ფრჩხილები ბზინვარებასა და ჯანსაღ იერსახეს საშუალოდ 2-3 კვირა შეინარჩუნებს. პროცედურა ასევე იდეალურია ფეხის ფრჩხილებისთვის.

ვის ვურჩევთ

იაპონური მანიკიური იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს დახვეწილ მინიმალიზმსა და ბუნებრიობას.

თუ მშრალი და მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, რეკომენდებულია ფრჩხილების მოვლის იაპონური პროცედურის ჩატარება 2-3 კვირაში ერთხელ.

ფრჩხილებს ძლიერ აზიანებს შილაკისა და ხელოვნური ფრჩხილების როგორც გაკეთება, ისე მოცილებაც. ასე რომ, თუ შილაკს ან ხელოვნურ ფრჩხილებს ხშირად იკეთებთ, კარგი იქნება, დროდადრო თავი იაპონური მანიკიურის პროცედურით გაინებივროთ. ის ხელს შეუწყობს ფრჩხილების ბუნებრივი ბალანსის აღდგენას, გაამაგრებს მათ და ჯანსაღ იერსახეს დაუბრუნებს.

გარდა ამისა, იაპონური მანიკიური რეკომენდებულია:

  • მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის;
  • დაზიანებული ან სუსტი ფრჩხილების მქონე ადამიანებისთვის;
  • მათთვის, ვისაც არ მოსწონს ფერადი ლაქი, მაგრამ სურს, მოვლილი და ჯანსაღი ფრჩხილები ჰქონდეს.

როგორ ტარდება

იაპონური მანიკიურის შინ გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

* ხის ჩხირები;

* მინის ან მინერალური ქლიბი;

* სპეციალური მულტივიტამინური პასტა ან ფრჩხილის ბალზამი;

* მინერალებით მდიდარი ფრჩხილის პუდრი;

* სპეციალური საპრიალებელი ან ფრჩხილის გასაპრიალებელი ქლიბი;

* ფრჩხილის ზეთი;

* ხელის სკრაბი;

* ხელის კრემი.

პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

* ფრჩხილების მომზადება

ოპტიმალური შედეგისთვის ფრჩხილების ლაქი პროცედურამდე 24 საათით ადრე უნდა მოიცილოთ. ეს საკმარისი დროა ფრჩხილის ფირფიტის რეგენერაციისთვის.

* ფორმის მიცემა

ხელების დამუშავება კანის მკვდარი უჯრედების მოცილებით დაიწყეთ. ამისთვის სპეციალური ხელის სკრაბი გამოიყენეთ. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად უხეში და უნდა შეიცავდეს დამარბილებელ კომპონენტებს, მაგალითად, ზეთს. საჭიროების შემთხვევაში კუტიკულები ფრთხილად გადასწიეთ უკან. ამისთვის ყველაზე დამზოგველი გზა ხის ჩხირების გამოყენებაა. მერე კი მიეცით ფრჩხილებს სასურველი ფორმა მინის ან მინერალური ქლიბით – ის შედარებით ნაზია და ფირფიტას ზედმეტად არ გახეხავს.

ფრჩხილის ზედაპირი აქტიური ინგრედიენტებისთვის იდეალურად რომ მოამზადოთ, უმჯობესია, ოდნავ გაიქლიბოთ ნაზი ქლიბით, მტვერი კი ნესტიანი ქსოვილით მოიცილოთ.

* პასტის შეზელა

დამუშავებულ ფრჩხილზე დაიდეთ მულტივიტამინური პასტის ან ფრჩხილის ბალზამის ბარდის მარცვლისოდენა ულუფა და სპეციალური საპრიალებლით გაინაწილეთ. საპრიალებელი ყოველთვის ერთი მიმართულებით ამოძრავეთ და არა წინ და უკან. სპეციალური სპრიალებლის ნაცვლად შეგიძლით, საპრიალებელი ქლიბი ან ნატის (ზამშის) ნაჭერი გამოიყენოთ.

* ფხვნილით გაპრიალება

პასტის დასამაგრებლად ფრჩხილზე დაიყარეთ მინერალებით მდიდარი ფხვნილი (ისევ ბარდის მარცვლისოდენა ულუფა) და სპეციალური საპრიალებლით კარგად შეიზილეთ ფრჩხილში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია წინ და უკან ხახუნი, ოღონდ ნაზად. აპრიალეთ, ვიდრე ფხვნილს მთლიანად არ შეიზელთ და სასურველ ბზინვარებას არ მიაღწევთ.

* მოვლა

თითოეული ფრჩხილის კუტიკულაზე ზეთი დაიწვეთეთ და ფრჩხილის გარშემო კარგად შეიზილეთ. ის ატენიანებს და კვებავს კანს. ბოლოს ხელებიც კარგად დაინოტივეთ დამატენიანებელი კრემით. თუ პროცედურას საღამოს ჩაიტარებთ, შეგიძლიათ, დამატენიანებელი სქლად წაისვათ ხელებზე, ბამბის ხელთათმანები ჩაიცვათ და მთელი ღამით დაიტოვოთ. ამგვარად აქტიური ინგრედიენტები კანში უფრო უკეთესად შეაღწევს და დილით კანი აბრეშუმივით რბილი და ნაზი იქნება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: