XXL ფორები - როგორ ვებრძოლოთ
გააზიარე:
გგონია, რომ ფართო ფორები გაქვს? მეტისმეტად კრიტიკულიც ნუ იქნები. ინსტაგრამზე თუ კანი გლუვი და უფრო მიმზიდველი ჩანს, ფილტრის გარეშე ფორები ყველას ეტყობა (მარტო სახეზე ისინი 300 000-მდეა), თუმცა ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად.
ვიდრე პრობლემის მოსაგვარებლად ნაირ-ნაირი კრემის მოსინჯვას დაიწყებდე და საკმაო ფულს გაატანდე ქარს, მოდი, გავიგოთ, რა არის ფორები, რატომ დიდდება და როგორ ვებრძოლოთ მათ გადიდებას.
რა არის
ფორები (პოროს – ხვრელი) ცხიმოვანი ჯირკვლების ღია სადინარებია და მთელ სხეულზეა მიმოფანტული, გარდა ლორწოვანისა, ხელისგულებისა და ფეხისგულებისა. ამ მინიარხებით გამოყოფს ცხიმს ცხიმოვანი ჯირკვლები და კანის ზედა ანუ რქოვანა ფენას ელასტიკურობას უნარჩუნებს. ამასთან, ცხიმი რქოვანა შრის გამკვრივებულ უჯრედებთან ერთად იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ხელს უშლის კანში ბაქტერიების და მავნე ნაწილაკების შეღწევას. ასე რომ, ფორებს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და დიდ როლს ასრულებს კანის ნივთიერებათა ცვლაში.
რატომ ფართოვდება
ფორების ზომა გენებსა და ჰორმონებზეა დამოკიდებული, თუმცა კანის ტიპიც ასრულებს განსაზღვრულ როლს. ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონე ადამიანებს შედარებით დიდი ფორები აქვთ, ვიდრე მშრალი კანის მქონეებს. რატომ?
როცა ცხიმის ჯირკვლები ჭარბი რაოდენობის ცხიმს გამოიმუშავებს, ეს უკანასკნელი ვერ ასწრებს სადინარებში გასვლას და საცობებს წარმოქმნის. ცხიმს ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები ერევა, შედეგად კი ფორები იხშობა და ფართოვდება. ასე ჩნდება სახეზე შავი წერტილები.
გაფართოებული ფორები თავისით ვეღარ იკუმშება და ეს მინიკრატერები სამუდამოდ რჩება სახეზე.
ცხიმის სინთეზს სხვადასხვა ფაქტორი აჩქარებს, მათ შორის – მზის აბაზანები, სტრესი, მოწევა, ალკოჰოლი, ჰორმონული ცვლილებები: ორსულობა, მენოპაუზა.
თუმცა ჭარბი ცხიმი და კანის გარქოვანებული ნაწილაკები არ არის ფორების გაფართოების ერთადერთი მიზეზი. ფორების გაფართოებას კანის ბუნებრივი დაბერებაც უწყობს ხელს. როცა კანი მოშვებულია, ფორები განსაკუთრებით თვალში საცემია.
ფორების გაფართოება შესაძლოა პარაზიტმა დემოდექსმაც გამოიწვიოს, რომელიც ფორებში ბინადრობს.
როგორ ვებრძოლოთ
ცუდი ის არის, რომ გაფართოებული ფორები თავისით ვეღარ იბრუნებს თავდაპირველ ზომას, მაგრამ სწორი მოვლით და შესაბამისი პროცედურებით მათი დაპატარავება შესაძლებელია. მოთმინება კი ნამდვილად საჭიროა, რადგან ეს პროცესი საკმაო დროს მოითხოვს.
რეგულარული წმენდა
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ბევრი კოსმეტიკური ნაწარმი გვპირდება, ყველაზე ეფექტური გზა კანის საფუძვლიანი წმენდაა. ზედმეტი ცხიმი და ჭუჭყი ყოველ დილა-საღამოს უნდა მოიცილოთ სპეციალური, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებით. ნუ გამოიყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც უფრო მეტად დაახშობს ფორებს. უმჯობესია, პირი გელით, ქაფით ან საპნით დაიბანოთ.
ფორებს ღრმად ასუფთავებს ელექტრონული ჯაგრისი.
რუტინაში შეიტანეთ პილინგიც – ამ პროცედურას ფორებიდან გამოაქვს ცხიმი, მტვერი და გარქოვანებული უჯრედები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ყურადღება პილინგის ხარისხსაც მიაქციეთ: ის ბუნებრივ გრანულებს უნდა შეიცავდეს და არა მიკროპლასტიკს. პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტარეთ – ხშირი წმენდა კანს უფრო მეტად გამოაშრობს და გააღიზიანებს.
გამწმენდი ნიღბები
ფორებს კარგად ასუფთავებს სახის გამწმენდი ნიღბებიც, მაგალითად, სამკურნალო თიხისა, მკვდარი ზღვის მინერალებით მდიდარი ტალახისა. მათ ანტიბაქტერიული თვისებები აქვთ, არეგულირებენ ცხიმის სინთეზს და ხელს უშლიან ფორების დახშობას. თუ ნიღაბს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩართავთ მოვლის რუტინაში, ფორები ნაკლებად შესამჩნევი გახდება და კანი სიგლუვეს დაიბრუნებს.
ფორების გასაწმენდად და ანთების დასაცხრობად ძალიან კარგია მწვანე ჩაის, გულყვითელას ფურცლების, გვირილის ფურცლების ნაყენი, ორთქლის აბაზანები.
დამატენიანებელი საშუალებები
ბაზარზე ფორების გაფართოების საწინააღმდეგო უამრავი საშუალებაა, თუმცა ყველა მათგანი არ ასრულებს დანაპირებს. ხანგრძლივი და მდგრადი ეფექტის მისაღებად შეიძინეთ რეტინოლის (A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა) შემცველი საცხი ან შრატი. მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს შეუწყობს ფორების შეკუმშვას, უჯრედების განახლებას, გააქრობს გამონაყარს და შეანელებს დაბერების პროცესს. ოღონდ ის კარგად გაწმენდილ კანზე უნდა წაისვათ. უფრო უკეთესი იქნება, თუ ფორებს წინასწარ გახსნით ორთქლით ან ცხელი წყლით დასველებული პირსახოცით. შედეგს კი დაახლოებით 6-12 თვეში უნდა ელოდოთ.
გახსოვდეთ: მოვლის ნებისმიერი საშუალება არაკომედოგენური უნდა იყოს, ანუ არ ახშობდეს ფორებს. ეს ეტიკეტზე იქნება მითითებული.
დერმატოლოგთან
ფორების დასავიწროებელ პროცედურებს შორის ყველაზე ეფექტურია:
1. ხილის მჟავას პილინგი – კანს შორდება გარქოვანებული ნაწილები და ფორები იდეალურად სუფთავდება.
2. მიკრონიდლინგი – სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით კანის ზედაპირული ფენა წვრილი ნემსებით იჩხვლიტება, რაც ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ფორები ვიწროვდება და კანის სტრუქტურა უმჯობესდება.
3. ფრაქციული ლაზერული თერაპია – ლაზერის სხივი ღრმად აღწევს კანში და ანადგურებს პათოლოგიური პროცესის გამომწვევ მიკრობებს, ხელს უწყობს გარქოვანებული ეპიდერმისის ჩამოფცქვნას და აღდგენითი პროცესების გააქტიურებას. კანი ფერიმჭამელებისგან იწმინდება, გლუვი და მიმზიდველი ხდება. თერაპიის ბოლოს გაღიზიანება და სიწითლე გაცილებით ნაკლებია. კარგი შედეგისთვის პროცედურა ექვს კვირაში უნდა გაიმეოროთ.
4.Jetpeel – ეს პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. სუფთა ჟანგბადით და ფიზიოლოგიური ხსნარით ტარდება სახის კანის მსუბუქი პილინგი, რომელიც აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ღრმად ასუფთავებს ფორებს, მატებს კანს ელასტიკურობას.
გაითვალისწინეთ
* ნუ გახვალთ სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე. აცხუნებს თუ არა მზე, ის მაინც წაისვით, განსაკუთრებით კი სამკურნალო პროცედურების შემდეგ. მზისგან დამცავი ფაქტორის (SPF) ინდექსი, სულ მცირე, 30 უნდა იყოს. უმჯობესია, დამატენიანებელი კრემიც მზისგან დამცავი ეფექტის მქონე შეიძინოთ.
* ნუ შეეხებით თითებით სახეს, ნუ გააწვალებთ მუწუკებსა და ფერიმჭამელებს. ამან შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს. უმჯობესია, ინფიცირებული ადგილები ალკოჰოლის შემცველი გამწმენდი საშუალებით დაიმუშაოთ და ანტიბაქტერიული მალამო წაისვათ.
* სტრესის დროს ნუ მიეძალებით თამბაქოს და ალკოჰოლურ სასმელებს. სხვა გზა მოსინჯეთ, თუნდაც მედიტაცია.
როგორ დავმალოთ
ფართო ფორების შენიღბვა შესაძლებელია სწორი მაკიაჟით, თუმცა ზოგიერთმა კოსმეტიკურმა საშუალებამ პრობლემა შესაძლოა უფრო მეტად გაამწვაოს, ამიტომ შეძინამდე შეამოწმეთ, არაკომედოგენურია თუ არა საცხი.
ფართო ფორებს ეფექტურად ნიღბავს პრაიმერი, ოღონდ ის არ უნდა შეიცავდეს სილიკონს, თორემ ფორებს უფრო მეტად დაახშობს.
პრაიმერის შემდეგ სახეზე ფუძე დაიტანეთ. ის კარგად ნაწილდება პრაიმერზე და დიდხანს რჩება, მალავს მსუბუქ დეფექტებს და თანაბარ იერს სძენს კანს. ფუძეც უმჯობესია უსილიკონო გამოიყენოთ.
გახსოვდეთ, მაკიაჟი მხოლოდ დროებით მალავს ფორებს, მათთან ბრძოლა კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე ისინი შესამჩნევი გახდება.
ჯილდა გაჩეჩილაძე