Silencieuse – მთავარი შტრიხი ირმა ტაველიძის პორტრეტისთვის

გააზიარე:

Silencieuse (ჩუმი, მდუმარე) – ასე დაასათაურებდა ავტოპორტრეტს. სურს, ისეთი წიგნი დაწეროს, რომლის ყდასაც ვერა ფაღავას ნახატი მოუხდებოდა, ამავე სახელით ცნობილი და მხატვრის სხვა ნამუშევრებისგან შთამაგონებელი ძალით გამორჩეული.

ირმა ტაველიძე ლიტერატურული პრემია "საბას" ორგზის ლაურეატია: ესეების კრებულისთვის "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები" (2018 წ.) და რომანისთვის "ბნელ წყლებში" (2022 წ.). მანამდე თარგმნა ჯოზეფ კონრადის, ჯონ კუტზეეს, მიშელ უელბეკის ნაწარმოებები, მერე კი წერასა და თარგმნას შორის არჩევანის გაკეთება მოუხდა:

– ადრე თუ გვიან არჩევა გიწევს – ან მწერალი უნდა იყო, ან მთარგმნელი. ორ ადგილას ერთდროულად ვერ იქნები, ორ ზღვაში ერთდროულად ვერ ჩაყვინთავ. წერაც და თარგმნაც მთელ შენს დროს, მთელ შენს ცხოვრებას ითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ისე წერა და ისე თარგმნა, როგორიც ერთგვარი კმაყოფილების განცდას მომიტანდა, ჩემს მცდელობებს მეტ-ნაკლებად გაამართლებდა. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ წიგნებს აღარ ვთარგმნი, სხვების სიზმრებში აღარ ვიხეტიალებ. საშიშია. შეიძლება, გზის გამოგნება ვერ მოვახერხო.

– რაზე ეკისრება პასუხისმგებლობა მწერალს?

– სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. იქნებ სხვებს სწამდეთ კიდეც, რომ სანიმუშოები არიან, რომ მათი სიტყვებით ქვეყანა შენდება. ჩემი პასუხისმგებლობა კი, პირველ რიგში, ჩემს საქმეს უკავშირდება და უფლებას არ მაძლევს, რომ სწრაფად ვწერო, ისეთი გამოთქმა გამოვიყენო, რომლის მნიშვნელობაც ბოლომდე არ მესმის, თვითკმაყოფილმა ვთქვა, რომ ჩემი წარმოდგენა სამყაროზე, ადამიანზე, იმაზე, რაც მოხდა და რაც ხდება, შეუმცდარია. არავის ვთხოვ, ავ-კარგი ჩემებურად გაარჩიოს, იქით გაიხედოს, საითაც მე ვიხედები.

– ცვლის თუარა ნაწარმოები მკითხველს? თავად მწერალს? არსებობს თუ არა წიგნი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა თქვენს ცხოვრებაში? 

– ცხადია, ყოველი ახალი გამოცდილება გცვლის, ვიღაც სხვად გაქცევს და იქნებ ამიტომაცაა, რომ კითხვისა და წერის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია. მეტად ძვირფასია სახეცვლილების, ახალი ადგილიდან ყველაფრის ახლებურად დანახვის ეს შესაძლებლობა. ჩემთვის კი წიგნთა წიგნი სერვანტესის "დონ კიხოტია", რომელიც, ვერ მოვთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული. ათი წლის ვიყავი, სადღაც შუაში რომ გადავშალე მეორე ტომი და თვალი ვეღარ მოვწყვიტე – ღმერთო, რა თავბრუდამხვევ ამბებში გადავეშვი, რა დაუჯერებელი თავგადასავლების მოწმე გავხდი!

–  სჭირდება თუ არა მწერალს ჯილდო?

– როგორც ყველას, მწერალსაც უყვარს საჩუქარი, უყვარს, როცა თავზე ხელს უსვამენ. მაგრამ ამისთვის არაფერი არ უნდა გააკეთოს, საერთოდ უნდა დაივიწყოს ყოველგვარი ჯილდო, როცა საწერად ჯდება.

–  საჭიროა თუ არა ლიტერატურული კრიტიკა?

– რა თქმა უნდა, კრიტიკა მკითხველსაც ეხმარება და მწერალსაც. უნდა იყოს ის, ვისაც დაეთანხმები ან არ დაეთანხმები, უხმოდ ელაპარაკები თვიდან თვემდე, ვის შეფასებასაც დაელოდები ახალი წიგნის გამოსვლის შემდეგ. კრიტიკოსი წარმოდგენას გიქმნის იმაზე, რისი წაკითხვაც ღირს – ყველაფერს ხომ ვერ წაიკითხავ?! მოკლედ, სანდო კაცი უნდა იყოს. შენიანი.

– რას ნიშნავს იყო მწერალი ქალი?

– როცა ვწერ, არც ქალი ვარ და არც კაცი. ნაწერი კი, მარტივად რომ ვთქვათ, ან კარგია, ან ცუდი და ეს ავტორის სქესს საერთოდ არ უკავშირდება. რასაც წერ, მკითხველზე უნდა ზემოქმედებდეს, მისი ძალა უნდა იგრძნობოდეს. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.

– როგორია ადგილი, სადაც ბედნიერი ხართ?

– ბედნიერი ვარ, როცა მარტო ვარ, ჩუმად ვარ. არ მეჩქარება და შემიძლია, ძალიან ნელა დავლიო ჩაი. ბედნიერი ვარ ჩემს ოთახში, სადაც წიგნები და ის ნივთებია, რომლებიც სხვადასხვა ქალაქს, ქვეყანას, თავგადასავლებს მახსენებს.

– როგორია ადგილი, სადაც ყველაზე ნაყოფიერად მუშაობთ?

– მუშაობისთვის ბევრი არაფერი მჭირდება – მაგიდა, სკამი, რვეული, კალამი. თუმცა სიჩუმე, მარტოობა მთავარი პირობაა.

რომელია თქვენთვის წიგნის საუკეთესო დასაწყისი და საუკეთესო დასასრული?

– შესანიშნავია სემუელ ბეკეტის "მოლოის" დასასრული:

Alors je rentrai dans la maison, et j'écrivis, Il est minuit. La pluie fouette les vitres. Il n'était pas minuit. Il ne pleuvait pas.

დასაწყისი კი ჰერმან მელვილის "მობი დიკისა" ვთქვათ:

Call me Ishmael.

სხვების გახსენებაც შეიძლებოდა. ამ წინადადებების თარგმნაც. მაგრამ იყოს ასე. იბრწყინონ.

– რა არის თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?

– შარშან უნგრეთის ერთ პატარა ქალაქში აღმოვაჩინე, რომ სიამოვნებით ვუსმენდი უცნობებს. მოსაუბრეებთან ახლოს რაც შეიძლება დიდხანს ვჩერდებოდი – მსიამოვნებდა უცხო სიტყვების მოსმენა, ინტონაციებზე დაკვირვება. ახლა ფინურ ენაზე ჩაწერილმა ვიდეოებმა გამიტაცა. საოცარი ენაა – თითქოს ნაკადული მორაკრაკებს, ფსკერი ისეთი აქვს, კენჭებს დაითვლი, წყალში ხელს ჩაყოფ და ყველა ჭრილობას მოიშუშებ.  

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი გატაცება?

– თეატრი. ბავშვობაში თეატრის მსახიობობაზე ვოცნებობდი და როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, პიესებს ხმამაღლა ვკითხულობდი. სასკოლო წარმოდგენებში მთავარ როლებს ვასრულებდი და ეს ძალიან მომწონდა. დღემდე გამომყვა ეს სიყვარული – სცენის, სცენაზე დატრიალებული ქარიშხლების.

– რომელია თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება?

– ეს უფრო მოგონებების რიგია: როგორ მოდის მამაჩემი სახლში და მეუბნება: "მანქანაში წიგნებია. შენთვის". გავრბივარ მუქი მწვანე მანქანისკენ, კარს ვაღებ, უკანა სავარძელზე ვჯდები და მაშინვე წიგნების თვალიერებას ვიწყებ. ჩვეულებრივ, საბავშვო წიგნი ორი-სამია, დანარჩენები კი თაროზე უნდა შემოვდო და წლების გასვლას დაველოდო. მაგრამ სულსწრაფი ვარ – სათითოდ ვშლი და კითხვას ვიწყებ. თუ მომეწონა, საბავშვო წიგნებთან ვდებ იმასაც, რაც ცხრა-ათი წლის გოგოს თვალისთვის განკუთვნილი სულაც არ არის. მერე რა?! რაღაცამ მომნუსხა, რომელიღაც სატყუარა გადავყლაპე და ვერ მოვისვენებ, სანამ არ წავიკითხავ. სახლში გულაჩქარებული ვბრუნდები, განძით დამძიმებული ხელებით.

– გაქვთ ნივთები, რომლებიც რაიმე მიზეზით განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის?

– ასეთია ფრანგული ოდეკოლონის ბოთლი, 80-იანი წლებიდან შემორჩენილი, გამოცარიელებული და სულ ოდნავ იერშელახული. იმ სარკესთან იდო, რომლის წინაც გრძელ მონოლოგებს ვკითხულობდი ხოლმე და თავს მსახიობად წარმოვიდგენდი. ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, ძალიან მომწონდა. ახლა ჩემს სამუშაო მაგიდაზე დევს.

– რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

– უხილავი მახის, რომელში გაბმასაც ყველაფერზე ხელის ჩაქნევა მოჰყვება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: