გაიღე სისხლი უანგაროდ, გაუზიარე სიცოცხლე სხვას!
გააზიარე:
სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით ინფორმაციას, რომ ხუთი წლის ელენეს თუ ოცი წლის ნიკას სასწრაფოდ სჭირდება განსაზღვრული ჯგუფის სისხლი. ახლობლები და ნათესავები მუდარით სთხოვენ საზოგადოებას დახმარებას... ალბათ ყველა ჩვენგანს უფიქრია სისხლის დონორობაზე, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს: ხან – უამინდობა, ხან – ნემსის შიში, ხან – უდროობა; ზოგს ეშინია, სისხლის აღებისას რამე არ გადაედოს, ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, სად ჩააბაროს სისხლი... ცოტას თუ გვიფიქრია, რომ ერთხელ გაღებული სისხლით შეგვიძლია სამი ადამიანი გადავარჩინოთ.
ფაქტები ისტორიიდან
ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სისხლის გამოშვება მრავალ დაავადებას შველოდა. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, ამოეხსნათ სისხლის მაგია, მაგრამ სისხლის გადასხმა პირველად 1662 წელს ჩატარდა საფრანგეთში – დღეს ეს წარმოუდგენელი მოგვეჩვენება, მაგრამ მეფე ლუი XIV-ის ექიმმა ცხვრის სისხლი გადაუსხა 15 წლის ყმაწვილს. მოგვიანებით, 1818 წელს, ბრიტანელმა ფიზიოლოგმა ჯეიმს ბლანდელმა პირველად განახორციელა ადამიანის სისხლის ტრანსფუზია – პაციენტს, რომელსაც შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რამდენიმე ადამიანის სისხლი გადაუსხა. პაციენტი გარდაიცვალა. მიზეზს ვერავინ მიხვდა... ტრანსფუზიოლოგიაში გადატრიალება მოახდინა ავსტრიელმა მეცნიერმა კარლ ლანდშტაინერმა, რომელმაც 1901 წელს სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა და დაადგინა, რომ სისხლის გადასხმა სწორედ ჯგუფის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. სისხლის შენახვა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს, სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია კი მეორე მსოფლიო ომის წლებში უკვე აქტიურად გამოიყენებოდა.
საქართველოში სისხლის პირველი ბანკი 1932 წელს შეიქმნა და მან საქართველოს პირველ სისხლის გადასხმის სადგურში დაიდო ბინა. მოგვიანებით, 1935 წელს, სადგურის ბაზაზე ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე იყო.
მსოფლიო სტატისტიკა
გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა. არ არსებობს ხელოვნური ხსნარი, რომელიც ადამიანს სისხლის მაგივრობას გაუწევდა. ადამიანების სიცოცხლე ისევ ადამიანებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რამდენად აქტიურია მსოფლიო საზოგადოება ამ კუთხით და რა ვითარებაა საქართველოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 108 მილიონი დონაცია ტარდება. მათი ნახევარზე მეტი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მსოფლიოს 168 ქვეყანაში 100 000-მდე სისხლის ბანკი ფუნქციობს, ხოლო 60 ქვეყანაში, როგორც ირკვევა, დონორობა სრულიად უანგაროა. განვითარებად ქვეყნებში ასიდან 65-ზე მეტ შემთხვევაში სისხლს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უსხამენ, ხოლო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ამ მანიპულაციის 75%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებულებთან ხორციელდება.
აშშ-ის წითელი ჯვრის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 15,7 მილიონი დონაცია ტარდება. დონორთა ბაზაში 9,2 მილიონი კაცია რეგისტრირებული. როგორც ირკვევა, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ყველაზე აქტიური დონორები 25-დან 44 წლამდე ასაკის პირები არიან, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – 18-დან 24 წლამდე ასაკისა.
რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის მონაცემებით, აქ ყოველწლიურად 60 ათას ადამიანს სჭირდება სისხლის ტრანსფუზია. მიუხედავად ამისა, დონაციის მაქსიმალური რაოდენობა არაღემატება 37 000-ს (რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია). ამასთან, საქართველოში დონორთა 95% ფასიანი დონორია. ბოლო ხანს უფასო დონორების რაოდენობამ ნათესავი დონორების ხარჯზე იმატა.
“კავკასიის ბარომეტრი 2011-ის” კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სისხლი არასდროს ჩაუბარებია, 61%-ს კი დონაციის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაფერი გაუგონია. ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბოლო ათი წელია, მის ნაცნობთაგან დონორი არავინ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტესობას (61%) მაინც მიაჩნია, რომ დონორისთვის ფულის გადახდა არასწორია – ანაზღაურებად დონაციას მხოლოდ 22% ამართლებს.
უანგარო დონორთა რიცხვის სიმცირის მიზეზების დასადგენად კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, 20% დაბეჯითებით ვერ ამბობს, რატომ არ აბარებს სისხლს, 9%-მა არ იცის, სისხლი სად ჩააბაროს, 4%-ს არ სურს დონორობა, მეხუთედი მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს, 8%-ს ინფექციური დაავადების გადადებისა ეშინია, 7%-ს კი ნემსის შიში აქვს.
სისხლის ჯგუფები
არსებობს 4 ჯგუფის სისხლი: I (O), II (A), III (B), IV (AB). გარდა ამისა, სისხლი იყოფა რეზუსუარყოფითად (Rh-) და რეზუსდადებითად (Rh+). გადასასხმელად იყენებენ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლს, თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში, განსაკუთრებით – ახალშობილებთან, როცა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა რთულია, შეიძლება პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლიც გადაესხას. ის უნივერსალურ დონორად მიიჩნევა.
მსოფლიოს მოსახლეობის 38%-ს I (O) ჯგუფის რეზუსდადებითი სისხლი აქვს. მართალია, ის ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მაგრამ მოხმარების მაღალი მაჩვენებლის გამო ხშირად სწორედ მისი დეფიციტი იქმნება სისხლის ბანკებში. ყველაზე იშვიათია IV ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი.
ვის სჭირდება სისხლი?
სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმას მრავალი დაავადების დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სისხლი ხშირად სჭირდებათ ქირურგიული ოპერაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, ანემიის, დამწვრობის, სისხლის კოაგულაციური (შემდედებელი სისტემის) დაავადების დროს. განსაკუთრებით ზარალდებიან ონკოლოგიური პაციენტები. სიმსივნით დაავადებულთათვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ზოგჯერ ყოველდღიური ტრანსფუზიაა აუცილებელი. საქართველოში ამ მხრივ სავალალო ვითარებაა – ონკოლოგიური პაციენტების მშობლებს ხშირად ქუჩა-ქუჩა, ინტერნეტით თუ ტელევიზიით უწევთ საჭირო სისხლის ძებნა.
ვის შეუძლია გახდეს დონორი
სისხლის დონორი შეიძლება გახდეს 16-დან 65 წლამდე ასაკის ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თუ:
* მისი წონა 50 კილოგრამზე მეტია ;
* არ გადაუტანია B ან C ჰეპატიტი, სიფილისი, ტუბერკულოზი;
* არ არის ინფიცირებული აივ-ით;
* არ აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადება;
* არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
* 8 კვირის განმავლობაში არ ჩაუტარებია ვაქცინაცია;
* ბოლო 1 წლის განმავლობაში
არ გაუკეთებია სვირინგი, სხეულის პირსინგი, აკუნპუნქტურა;
არ ჩატარებია ორგანოს ტრანსპლანტაცია;
არ ჰქონიათ სქესობრივი კონტაქტი B და C ჰეპატიტით, სიფილისით დაავადებულ ან აივინფიცირებულ ადამიანთან;
არ გაუკეთებია ცოფის საწინააღმდეგო აცრა.
არ ჰქონია კონტაქტი სხვის სისხლთან;
არ ჰქონია სქესობრივი კავშირი ფულის ან ნარკოტიკების სანაცვლოდ;
არ გადაუტანია ქირურგიული ოპერაცია.
* ბოლო 6 თვის განმავლობაში არ გადაუტანია ორსულობა ან აბორტი;
დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ მიიღოს არავითარი მედიკამენტი, მათ შორის – ასპირინი, ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი.
სისხლის ჩაბარებამდე მოგცემენ კითხვარს, რომლის შევსებისას კიდევ მრავალ ნიუანსს წააწყდებით, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ; მთავარია, გულწრფელად უპასუხოთ დასმულ კითხვებს.
ფაქტები დონაციის შესახებ
* სისხლის დონორობა სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. დონორი დაცულია ინფექციებისგან, რადგან სისხლის აღებისას იყენებენ ერთჯერად სტერილურ მასალას, რომელიც გამოყენების შემდეგ ნადგურდება.
* სისხლის ჩაბარებამდე დონორს უტარდება მცირე ფიზიკური შემოწმება, უმოწმდება წნევა, პულსი და ტემპერატურა, ზოგჯერ – ჰემოგლობინიც.
* სისხლის აღება 10-15 წუთს გრძელდება. მთელი პროცედურა სულ რაღაც 1 საათს წაგართმევთ. ასე რომ, სისხლის გაცემა თქვენთვის რამდენიმე დაკარგული წუთია, სხვისთვის კი – ახალი სიცოცხლის დასაწყისი.
* ერთჯერადად აღებისას იღებენ დაახლოებით 450 მლ სისხლს. ზრდასრულ ადამიანს ორგანიზმში 10-ჯერ მეტი სისხლი აქვს. მისი თავდაპირველი მოცულობა დონაციიდან რამდენიმე საათში აღდგება.
* თუ დონორი პირველად აბარებს სისხლს, 22 წლამდე ასაკისაა და 55 კგ-მდე წონის, სისხლის აღება შესაძლებელია 250 მლ-იან პაკეტში.
* ჯანმრთელ დონორს შეუძლია, სისხლი ჩააბაროს 56 დღეში ერთხელ.
* უმჯობესია, სისხლი დღის პირველ ნახევარში ჩააბაროთ. მანამდე აუცილებლად შეჭამეთ რამე და დალიეთ 0,5 ლ სითხე. არ მოწიოთ და არ მიიღოთ არავითარი მედიკამენტი.
ჩაბარებული სისხლისგან მზადდება თრომბომასა (თრომბოციტების მასა), ერითმასა (ერითროციტების – სისხლის წითელი უჯრედების – მასა), პლაზმა და კრიოპრეციპიტატი. თითოეულ კომპონენტს ვარგისობის განსაზღვრული ვადა აქვს: თრომბომასა 5 დღემდე ინახება, ერითმასა – 42 დღემდე, ხოლო პლაზმა და კრიოპრეციპიტატი – 1 წლამდე. ერთი ადამიანის მიერ ჩაბარებული სისხლით შესაძლოა რამდენიმე კომპონენტი მომზადდეს. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა კომპონენტის ტრანსფუზიაა პრიორიტეტული.
სისხლის დონაციის (ჩაბარების) შემდეგ
* დარჩით დონაციის ოთახში მინიმუმ 15 წუთს, მიიღეთ სითხე.
* ნუ მოიხსნით ნახვევს 4-6 საათის განმავლობაში.
* დღის განმავლობაში სვით მეტი სითხე და ეცადეთ მიირთვათ კალორიული საკვები.
* ალკოჰოლმა და სიგარეტმა შესაძლოა თავბრუხვევა გამოიწვიოს. თუ თავბრუ დაგეხვათ წამოწექით და ფეხები მაღლა ასწიეთ.
* 24 საათის განმავლობაში ერიდეთ ცხელ აბაზანას.
* დონაციიდან 72 საათის განმავლობაში ერიდეთ აქტიურ საქმიანობას, სირბილს, კლდეზე ცოცვას, ფრენას.
* სისხლის აღების შემდეგ ნაჩხვლეტის ირგვლივ შესაძლოა სილურჯე გაჩნდეს. არ შეშინდეთ – ეს ნაჩხვლეტიდან სისხლის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში გაჟონვითაა გამოწვეული. პირსახოცში გაახვიეთ ყინულის ნატეხები და დღეში 4-ჯერ 5-10 წუთით დაიდეთ – სილურჯე გაივლის.
რომელ დაავადებებზე მოწმდება სისხლი?
ყველა დონორის სისხლი უფასოდ მოწმდება შემდეგ დაავადებებზე:
* B და C ჰეპატიტი;
* აივ-ის 1 და 2 სეროტიპები;
* სიფილისი.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებისას საკმაოდ მაღალმგრძნობიარე მეთოდს იყენებენ, არსებობს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხის მიღების შანსი. თუ დონორი ბრძანდებით და სისხლის ჩაბარების შემდეგ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინფექცია აღმოგაჩნდათ, ბანკი დაგიკავშირდებათ და ამას სავსებით კონფიდენციალურად შეგატყობინებთ.
რატომ უანგარო დონაცია?
არსებობს 3 ტიპის დონორი:
* უანგარო დონორი, რომელიც უსასყიდლოდ, ყოველგვარი მატერიალური ინტერესის გარეშე აბარებს სისხლს;
* დონორი-ნათესავი;
* ფასიანი დონორი, რომელსაც გაწეულ სამსახურს უნაზღაურებენ (საქართველოში – დაახლოებით 30-40 ლარით).
განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვა უმთავრესად სისხლის უანგარო დონაციას ემყარება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. მთელ მსოფლიოში ათასობით წამახალისებელი და შემეცნებითი აქცია იმართება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.
მაშ, რატომ უანგარო დონორი?
უანგარო დონორს არ გააჩნია ფინანსური ინტერესი, ამიტომ დონაციის წინ კითხვარის შევსებისას და ექიმთან გასაუბრებისას არ მალავს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, სისხლით რომელიმე დაავადების გადაცემის რისკი გაცილებით დაბალია.
საქართველოს კანონმდებლობა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
საქართველოში სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია ხორციელდება 1995 წლის 21 მარტს მიღებული კანონის თანახმად, სადაც ვკითხულობთ, რომ:
* დონორის ხელშეუვალი უფლებაა დონორობის აქტის ნებაყოფლობითობა.
* სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე აწესებს შეღავათებს.
* დონორს უფლება აქვს, თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად.
* დონორს უფლება აქვს, სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი უქმე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს, დაუმატოს ის მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
* სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლის გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურით გათვალისწინებული სხვა მოვალეობათა შესრულებისგან.
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს მსოფლიო 14 ივნისს აღნიშნავს. ეს თარიღი კარლ ლანდშტაინერის პატივსაცემად მის დაბადების დღეს ემთხვევა. ამ დღეს მთელ მსოფლიოში იგეგმებება აქციები, აჯილდოებენ აქტიურ დონორებს, ყოველი დონორი იღებს მადლიერებისა და პატივისცემის წერილს, ეწყობა დონაციის კვირეული.
თუ ადამიანი 17-დან 76 წლამდე რეგულარულად იქნება დონორი, ამ ხნის განმავლობაში 1000-მდე ავადმყოფს გადაარჩენს.
სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ვიღაც სისხლის დეფიციტის გამო იღუპება. ნუ იქნებით გულგრილნი, გაიღეთ სისხლი უანგაროდ და გაუზიარეთ სიცოცხლე სხვებს.
თეონა ირემაძე