სმენის აპარატი - პრაქტიკული რჩევები

გააზიარე:

ჩვენს დროში სმენის დაქვეითება განაჩენი აღარ არის, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა და მრავალფუნქციური გახდა სმენის აპარატებიც, თუმცა მათმა მრავალფეროვნებამ შესაძლოა დაგაბნიოთ. სწორედ ამიტომ მოვუყარეთ თავი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც სმენის აპარატის შერჩევაში დაგეხმარებათ.

აპარატი სმენის დაქვეითების ხარისხისა  და ტიპის გათვალისწინებით ირჩევა. სმენის დაქვეითებაზე ეჭვის გაჩენისთანავე აუდიოლოგს უნდა მიმართოთ. აუდიოლოგი სპეციალისტია, რომელიც აფასებს სმენას და მიღებულ შედეგს აუდიოგრამაზე ასახავს. აუდიოგრამა სმენის "სურათია", რომელიც გვიჩვენებს, რამდენად განსხვავდება გამოსაკვლევი პირის სმენა ნორმალური მაჩვენებლისგან. თუ სმენის დაქვეითება დადასტურდა, აუდიოლოგი განსაზღვრავს, სასმენი გზის რომელ ნაწილშია პრობლემა და ამის მიხედვით შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის აპარატს.

სმენის აპარატი ოთხი ნაწილისგან შედგება: მიკროფონისგან (ბგერის ამომცნობისგან), გამაძლიერებლისგან, ბგერის ყურში გამგზავნი დინამიკისა და ელემენტისგან. უკანასკნელ ათწლეულში აპარატების წარმოების ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ბაზარზე არსებული ანალოგური მოდელები მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა. ანალოგური სასმენი აპარატები მხოლოდ ხმის აღქმას და გაძლიერებას უზრუნველყოფდა. ასეთი მოდელები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებდა ხმებს (მაგალითად, მუსიკასა და ჩვეულებრივ საუბარს), ბგერების ჟღერადობას (რის გამოც დაბალი თუ მაღალი ჟღერადობის ბგერები ერთნაირად ძლიერდებოდა) და მხოლოდ სადენით შეეძლო საჭირო მოწყობილობასთან დაკავშირება.

დღეს ბაზარზე უმთავრესად სამი ტიპის ციფრული აპარატები გვხვდება: ყურუკანა, ყურშიგა და მილშიგა.

ყურუკანა (BTE) აპარატი

ყურუკანა აპარატის მიკროფონი ყურის უკან თავსდება და თხელი მილით უკავშირდება ყურში ჩადგმულ მიმღებს. მაქსიმალური კომფორტისთვის მიმღები ინდივიდუალურად, პაციენტის სასმენი მილის ზომის მიხედვით ირჩევა.

აპარატის მთავარი უპირატესობა მისი სიმძლავრეა. გამოყენება შესაძლებელია სმენის დაქვეითების ყველა დონეზე, მსუბუქიდან მძიმემდე. ადეკვატური მოვლის პირობებში აპარატი დიდხანს მოგემსახურებათ. ელემენტი, მიკროფონი და გამაძლიერებელი ყურის გარეთ, პლასტმასის ჩარჩოშია მოთავსებული, ამიტომ გოგირდით მათი დაზიანების ალბათობა ძალიან მცირეა. მოწყობილობას შედარებით დიდი ზომის ელემენტი აქვს, რომელიც დიდხანს ჰყოფნის. გარდა ამისა, თანამედროვე ყურუკანა მოდელების უმეტესობა დამტენით იმუხტება და ელემენტის გამოცვლას არ მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სმენის აპარატები ვიზუალურად ზედმიწევნით დახვეწილია: საკმაოდ თხელია და ყურსაც მჭიდროდ ეკვრის, თანაც შეგვიძლია, შევუხამოთ ჩვენი კანისა და თმის ფერს, – სხვა დამხმარე მოწყობილობებთან შედარებით მაინც შესამჩნევია, რის გამოც ბევრი მათ გამოყენებას ერიდება. გარდა ამისა, ყურუკანა ტიპის მოდელი მოუხერხებელია მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს.

ყურშიგა (ITE) აპარატი

ყურშიგა აპარატი მთელი კორპუსით თავსდება ყურის ნიჟარაში და ნაწილობრივ ან მთლიანად ავსებს მას. მოწყობილობა ინდივიდუალურად მოდელირდება მომხმარებლის ყურის ფორმის მიხედვით, ამიტომ ადვილი მოსარგები და კომფორტული სატარებელია, დიდი ზომის გამო კი მას მეტი სასარგებლო ფუნქცია აქვს დამატებული. ეს აპარატები განსაკუთრებით მოხერხებულია სმენის საშუალო და მძიმე დაქვეითების დროს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსხვილი მოტორიკის ან მხედველობის პრობლემები აქვთ. ვინაიდან ყურშიგა აპარატები მთლიანად ფარავს სასმენ მილს, მის მომხმარებელს შესაძლოა ყურის ოკლუზიის (დახშობის) განცდა გაუჩნდეს, რაც საკმაოდ უსიამოვნოა და ვლინდება ღეჭვის, ყლაპვის, საკუთარი ხმის გაძლიერებით, თუმცა ზოგიერთ ყურშიგა აპარატს აქვს პატარა ნახვრეტები, რომლებიც ნაწილობრივ ამსუბუქებს ოკლუზიის ხარისხს და აღნიშნულ სიმპტომებსაც აგარიდებთ თავიდან.

მილშიგა (ITC) აპარატი

მილშიგა აპარატი სასმენ მილში თავსდება. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებად შესამჩნევი და მსუბუქია. წყალგამძლე ზედაპირისა და ციფრულ მოწყობილობებთან უსადენო კავშირის დამყარების შესაძლებლობის გამო აპარატი განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდა პაციენტებისთვის. ამ ტიპის მოწყობილობებს აქვს ხმების დამუშავებისა და სელექციის მაღალი შესაძლებლობა, რაც ამაღლებს ხმაურიან გარემოში საუბრის გაგების ხარისხს, თუმცა სმენის საშუალო და მძიმე დაზიანების დროს ასეთი მოწყობილობა უეფექტოა.

იმის მიხედვით, რა სიღრმეზეა მოთავსებული აპარატი სასმენ მილში, განასხვავებენ ნაწილობრივ მილშიგა და სრულად მილშიგა (CIC) მოდელებს. მცირე ზომის წყალობით ეს უკანასკნელი გარშემო მყოფთათვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია, ხოლო დაფის აპკთან სიახლოვის გამო ბგერა უფრო ბუნებრივად აღიქმება. ერთიან კორპუსში მოთავსებული მიკროფონი, ხმის მაკონტროლებელი და ელემენტი მთლიანად იდგმება სასმენ მილში და ინდივიდუალურად მოდელირდება მომხმარებლის ყურის ფორმის მიხედვით.

ვინაიდან მოწყობილობა სასმენ მილში ღრმად არის მოთავსებული, იმატებს გოგირდით მისი დაბინძურების ალბათობა, რაც კორპუსის ხშირ წმენდას მოითხოვს.

ართრიტისა და ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს მცირე ზომის მოწყობილობების გამოყენება უჭირთ, ამიტომ სრულად მილშიგა აპარატი მათთვის რეკომენდებული არ არის.

აპარატთან შეგუება

უმჯობესია, სასმენ აპარატს თანდათანობით მიეჩვიოთ. პირველ ხანებში გაიკეთეთ დღეში მხოლოდ 2-3 საათით მშვიდ და არახალხმრავალ გარემოში.

თუ სასმენი აპარატის რამდენიმეკვირიანი ტარების შემდეგაც კი გეჩვენებათ, რომ ბგერა არაბუნებრივი ან ხმამაღალია, შესაძლოა, საჭირო იყოს აპარატის ხელმეორედ დარეგულირება.

ზოგჯერ სასმენი აპარატის გამოყენების პირველ დღეებში პაციენტები სასმენ მილში ზეწოლას გრძნობენ. თუ ამ შეგრძნებამ ერთ კვირაში არ გაიარა, მიმართეთ სპეციალისტს.

სასმენი აპარატი უძრავად უნდა იყოს მოთავსებული სასმენ მილში, თორემ სათანადოდ ვერ იმუშავებს და შესაძლოა, სტვენისმაგვარი ხმა გესმოდეთ.

როდესაც ადამიანი პირველად იკეთებს სასმენ აპარატს, საკუთარი ხმა უჩვეულო ეჩვენება. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს შეგრძნება გაივლის. თუ დარჩა, სასმენი აპარატის ხელახლა დარეგულირება მოგიწევთ.

როგორ მოვუაროთ

* ყოველდღე წმინდეთ აპარატი რბილი, მშრალი ქსოვილით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიკროფონს და მიმღებს, რომ მათში ცვილი ან ჭუჭყი არ დაგროვდეს.

* რეგულარულად ამოწმეთ ელემენტის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ ცვალეთ ის. დარწმუნდით, რომ იყენებთ შესაბამისი ტიპისა და ზომის ელემენტს. როდესაც აპარატი არ გიკეთიათ, გამორთეთ, რომ მუხტი დაზოგოთ.

* მოარიდეთ ტენიანობას. სმენის აპარატი მგრძნობიარეა ტენის მიმართ. არ შეიძლება ყურში მისი დატოვება შხაპის მიღებისას, ცურვისას, წვიმაში.

* მოარიდეთ ზედმეტად მაღალ და ზედმეტად დაბალ ტემპერატურას. არ დატოვოთ ისეთ ადგილას, სადაც მზის მცხუნვარე სხივები დაეცემა, არც გამათბობლის ახლოს, არც სიცივეში.

* მოარიდეთ ქიმიურ ნივთიერებებს. არ არის რეკომენდებული სასმენი აპარატის კონტაქტი თმის საღებავთან, სუნამოსთან, სარეცხ და საბან საშუალებებთან.

* როდესაც არ იყენებთ, შეინახეთ სპეციალურ ყუთში ან ჩანთაში.

* რეგულარულად ამოწმეთ. აპარატის შესამოწმებლად და, საჭიროებისამებრ, მისი რეგულირებისთვის მიმართეთ აუდიოლოგს. სასურველია, პერიოდულად პროფესიონალური წმენდაც ჩაუტარდეს, რათა მუშაობის ხარისხი დიდხანს შეინარჩუნოს.

* გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური ხელსაწყოები. სმენის აპარატის ხვრელში, საიდანაც ხმა გამოდის, შესაძლოა ყურის ცვილი დაგროვდეს და ხმა ჩაახშოს ან სტვენის მსგავსი ხმიანობა გამოიწვიოს. თუ ცვილი მოწყობილობაში დიდხანს დარჩა, მიმღებს დააზიანებს. სწორედ ამიტომ საჭიროა, მუდამ ხელთ გქონდეთ დამხმარე ინსტრუმენტები, რომლებსაც აპარატის მწარმოებელი გირჩევთ:

1. საწმენდი ჯაგრისი – მისი რბილი წვერი ზედმიწევნით და ფაქიზად ასუფთავებს აპარატის კორპუსს, წინა პანელს და ხმის პორტს. ზოგიერთ ჯაგრისს აქვს ელემენტის ამოსაღების ფუნქციაც ყოველდღიური წმენდის გასაადვილებლად;

2. ცვილის ამოსაღები ან მავთულის მარყუჟი – ეს ინსტრუმენტი სმენის აპარატის ჩაღრმავებებიდან და ხვრელებიდან ცვილისა და სხვა ნარჩენების უსაფრთხოდ ამოღებაში დაგეხმარებათ. მსგავსი თავი შესაძლოა ჰქონდეს ჯაგრისსაც;

3. ცვილის ფილტრი – ის აპარატს ყურის ცვილისგან იცავს, ოღონდ პერიოდულად საჭიროა მისი შეცვლა.

* შეინახეთ აპარატი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

* ეცადეთ, არ დაგივარდეთ. მოარიდეთ დარტყმას.

გახსოვდეთ: სათანადო მოვლა ახანგრძლივებს სმენის აპარატის მოხმარების ვადას და უზრუნველყოფს მის ეფექტურ მუშაობას.

მარი მარღანია

გააზიარე: