ზოოპარკი: მისია – დაცვა და გადარჩენა

გააზიარე:

“გაუშვით ეს საწყალი ცხოველები ტყეში!”, “თქვენ რომ გამოგამწყვდიონ გალიაში, მოგეწონებათ?!”, “მეზიზღება ზოოპარკები!” – ასეთ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ, როცა ვოლიერებსა თუ გალიებში დამწყვდეულ ცხოველებზე ჩამოვარდება ლაპარაკი. თემა საკამათო და დელიკატურია და ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე ზოოლოგიური პარკები ბუნებრივ გარემოს მიმსგავსებულ დიდ ფართობებზეა განლაგებული და გარეული ცხოველები იქ არა მარტო სადემონსტრაციოდ, არამედ სამეცნიერო მიზნით და გასამრავლებლად ჰყავთ. ამ დაწესებულებებში სწავლობენ ცხოველთა ბიოლოგიას, სამეურნეო მნიშვნელობას, იცავენ მათ, უპირველესი საზრუნავი კი გადაშენების პირას მდგომი სახეობების გადარჩენაა. და, რაც მთავარია, ზოოპარკი ცოცხალი ორგანიზმია! ეს ის ადგილია, სადაც ცხოველებთან ურთიერთობის წყალობით უამრავმა თაობამ შეიყვარა ბუნება.

ცოცხალი ბუნების მუზეუმებში სტუმრობა მხოლოდ გართობა როდია – ის მნიშვნელოვან შემეცნებით ელემენტსაც შეიცავს.

ყველა დიდი ქალაქის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ვრცელ სიაში განსაკუთრებული ადგილი ზოოპარკებს უკავია.

ავტორიტეტული გამოცემა “ფორბსი” თანამედროვე ზოოპარკების ათეულს გვთავაზობს. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, თითქოს ზოოპარკის ძირითადი დამთვალიერებლები ბავშვები არიან, ჟურნალი აქვეყნებს იმ პარკების ჩამონათვალს, რომლებსაც უფროსებიც, უბავშვებოდ, სიამოვნებით სტუმრობენ.

სინგაპურის ზოოპარკი (სინგაპური)

მისამართი: სინგაპური, 80 Mandai Lake Road

ვრცლად: www.zoo.com.sg

სინგაპურის ზოოპარკი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ცხოველთა პარკად ითვლება. ის ტროპიკულ ტყეშია გაშენებული და მისი ფართობი 28 ჰექტარს შეადგენს.

ხიდან ხეზე მოხტუნავე ლემურები, ფრჩხილისოდენა ბაყაყები, ეგზოტიკური პეპლები და კენგურუები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ პარკში წარმოდგენილი და დაცული ფაუნისა. სინგაპურის პარკის ბინადრებს იშვიათად შეხვდებით ევროპული ქალაქების ზოოპარკებში.

დამთვალიერებლებს, გარდა სტანდარტული ექსკურსიისა, წყალსაცავზე ნავით ან პარკის ტერიტორიაზე პატარა მატარებლითა თუ სკუტერით გასეირნებასაც სთავაზობენ. პარკში დაბადების დღეებსა და ქორწილებსაც ხშირად იხდიან.

სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიძლება ჟირაფების ხელიდან კვება.

უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპურის ზოოლოგიურ პარკში სერიოზული სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს. მაგალითად, შეისწავლიან ორანგუტანების ქცევას – პარკში ამ პრიმატების ყველაზე დიდი, 24-სულიანი კოლონია ბინადრობს.

რანუას ზოოპარკი (ფინეთი)

მისამართი: ფინეთი, ქალაქი რანუა, Rovaniementie 29

ვრცლად: www.ranuazoo.com

ევროპის ჩრდილოეთში, ლაპლანდიის დედაქალაქ როვანიემიდან ერთი საათის სავალ გზაზე, უნიკალური ზოოპარკი მდებარეობს. აქ 200-ზე მეტ არქტიკულ ცხოველს მოუყარეს თავი. მათი ბუნებრივ პირობებში ნახვა შესაძლებელია თოვლმავლებიდან ან ციგებიდან, რომლებშიც ძაღლები ან ირმები არიან შებმულები.

რანუას ზოოპარკი იმავდროულად უდიდეს ვეტერინარულ კლინიკასაც წარმოადგენს. გამოჯანმრთელებულ ცხოველებს ბუნებაში უშვებენ, ხოლო დასუსტებულებს მეთვალყურეობის ქვეშ ტოვებენ.

იქვეა სასტუმრო და კომფორტული კოტეჯები, სადაც სურვილის შემთხვევაში რამდენიმე დღით დარჩებით.

ლონდონის ზოოპარკი (დიდი ბრიტანეთი)

მისამართი: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი, Regent's Park, NW1 4RY

ვრცლად: www.zsl.org 

ლონდონის რიჯენთს-პარკის ჩრდილოეთი ნაწილი მსოფლიოში ყველაზე ძველ სამეცნიერო ზოოლოგიურ პარკს უკავია. თავდაპირველად ამ დაწესებულებაში მხოლოდ მეცნიერებსა და სტუდენტებს უშვებდნენ, 1847 წლიდან კი ის ყველა მსურველისთვის გაიხსნა. აქ ცხოველებისა და ფრინველების 755-ზე მეტი სახეობაა თავმოყრილი, ხოლო მსხვილფეხა ცხოველების ნაწილი (მარტორქები, სპილოები) ზოოპარკის ბედფორდშირის ფილიალშია გადაყვანილი.

ლონდონის ზოოპარკი უამრავი წამოწყების ნოვატორია. 1849 წელს აქ მსოფლიოში პირველი ტერარიუმი გაიხსნა, 1853 წელს – პირველი საჯარო აკვარიუმი, ხოლო 1881 – პირველი ინსექტარიუმი.

პრაღის ზოოპარკი (ჩეხეთი)

მისამართი: ჩეხეთი, პრაღა, U Trojského zámku 3/120

ვრცლად: www.zoopraha.cz

ზოოპარკი ყოველწლიურად მილიონ-ნახევრამდე მნახველს მასპინძლობს. ის არაერთხელ დაუსახელებიათ ევროპის საუკეთესო ზოოლოგიურ პარკად. მისი სპეციალიზაცია გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების გადარჩენა-მოშენებაა. აქ წითელ წიგნში შეტანილი 58 და გაქრობის პირას მყოფი 14 სახეობაა დაცული. ფაუნის წარმომადგენლებთან ერთად, ზოოპარკში 300 სახეობის მცენარესაც ნახავთ. სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ამ მცენარეების შესახებ ინფორმაციის ტელეფონში უფასოდ გადატანა.

პრაღის ზოოპარკი თავისი სახალისო ღონისძიებებითაც არის ცნობილი. მაგალითად, ერთ-ერთი ორანგუტანის დაბადების დღეზე იმ მამაკაცებს, რომლებიც, ადმინისტრაციის აზრით, იუბილარს ჰგავდნენ, პარკში უფასოდ უშვებდნენ.

იერუსალიმის ზოოპარკი (ისრაელი)

მისამართი: ისრაელი, იერუსალიმი, დერეხ აარონ შოლოვი, მენახატის პარკი

ვრცლად: www.jerusalemzoo.org.il

იერუსალიმის ცენტრში 1940 წელს ბავშვების გასართობად დაარსებული პატარა პარკი დღეს 25 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული.

ძველ აღთქმაში მოხსენიებულ ცხოველებთან ერთად, აქ, საერთო ჯამში, 200-ზე მეტი სახეობის ფაუნის წარმომადგენელს შეხვდებით.

პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა ცენტრში განთავსებული ნოეს კიდობანია. მასთან ზოომატარებელი მიგიყვანთ უამრავი ვოლიერისა და ულამაზესი ხელოვნური ტბის გავლით.

ზოოპარკის მთავარი სლოგანიც ბიბლიურია – “ჩვენი მიზანი ცხოველთა სამყაროს გადარჩენა და შთამომავლობისთვის მისი შენარჩუნებაა!”

ჩიანგ მაის ზოოპარკი (ტაილანდი)

მისამართი: ტაილანდი, ჩიანგ მაი, 100 Huay Kaew Rd., Muang

ვრცლად: www.chiangmainightsafari.com

ზოოპარკი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში, დოი სუტჰეპის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული.

გარდა ტრადიციული დღის პროგრამისა, ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს საინტერესო ღამის საფარისაც სთავაზობს – პატარა ტრამვაით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით, შეძლებთ ჟირაფებთან, ზებრებთან, ლომებთან, მარტორქებსა და სხვა ცხოველებთან მიახლოებას.

დიდი პოპულარობით სარგებლობს შადრევანთა კომპლექსიც, რომლის ნამდვილი მშვენებაც სამხრეთ-აღმასავლეთი აზიის ყველაზე დიდი მუსიკალური შადრევანია.

ბერლინის ზოოპარკი (გერმანია)

მისამართი: გერმანია, ბერლინი, Hardenbergplatz 8

ვრცლად: www.zoo-berlin.de

ბერლინის ზოოპარკი მსოფლიოში ყველაზე დიდ და ცნობილ ზოოლოგიურ პარკად ითვლება. ბევრს გაუგონია დედის მიერ მიტოვებული თეთრი დათვის ბელის, კნუტის, ისტორია. კნუტი, რომელსაც უამრავი მზრუნველი და გულშემატკივარი ჰყავდა, დღემდე ბერლინის ზოოპარკის სიმბოლოდ რჩება.

პარკის ისტორია 1844 წელს იწყება. ის პირველი ზოოპარკია ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. დღეს მისი ფართობი 35 ჰექტარს აღემატება და 1500-ზე მეტი სახეობის ცხოველსა და ფრინველს აძლევს ბინას. ყოველწლიურად ბერლინის ზოოლოგიური პარკი 2.5 მილონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და ამ მაჩვენებლით ევროპაში უდავო ლიდერია. ბერლინელების თქმით, ვინც არ ყოფილა ზოოპარკში, მას არ უნახავს ბერლინი.

იურიდიულად ბერლინის ზოოპარკი კერძო სააქციო საზოგადოებაა, ანუ მისი საწესდებო კაპიტალი აქციებად არის დაყოფილი და ამ აქციების ქონა კარგ ტონად ითვლება, ამიტომ ბევრი ბერლინელი ამ ცნობილი ზოოპარკის აქციონერია.

ბაღდადის ზოოპარკი (ერაყი)

მისამართი: ერაყი, ბაღდადი, Al-Zawraa Gardens

ზოოპარკი 1971 წელს გაიხსნა და ერთხანს ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ზოოლოგიურ პარკად მიიჩნეოდა.

2002 წელს, ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის (1979-2003) განკარგულებით, ის რეკონსტრუქციისთვის დაიხურა. 2003 წელს უამრავი ცხოველი უშუალოდ საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა, ხოლო იძულებითი შიმშილობის გამო 650-დან  მხოლოდ 35-ის გადარჩენა მოხერხდა. იმ ძნელბედობის ჟამს ზოოპარკის ბინადრებს დიდი დახმარება გაუწია ცნობილმა გარემოს დამცველმა და ბუნებათმცოდნემ ენტონი ლოურენსმა. ის საგანგებოდ ჩავიდა ბაღდადში და უშუალოდ მონაწილეობდა ცხოველების კვებასა და გადარჩენაში. მოგვიანებით მან ეს ყველაფერი წიგნად აღწერა, რომელსაც დაარქვა: “ბაბილონის კიდობანი. ბაღდადის ზოოპარკის დაუჯერებელი გადარჩენა ომის დროს”.

დღეს ბაღდადის ზოოლოგიურ პარკში 1070-მდე ცხოველი და ფრინველი ბინადრობს.

სტივ ირვინის ზოოპარკი (ავსტრალია)

მისამართი: ავსტრალია, Queensland 4519, Beerwah,1638 Steve Irwin Way

ვრცლად: www.australiazoo.com.au 

ცნობილი ნატურალისტის, პოპულარული ტელეგადაცემის “ნიანგებზე მონადირის დღიურების” (Dისცოვერყ ჩჰანნელ) წამყვანის, სტივ ირვინის სახელობის ზოოპარკი, რომელიც ჯერ კიდევ მისმა მშობლებმა დააარსეს, წელს 55 წლის ხდება.

სტივი უბედურ შემთხვევას შეეწირა 2006 წელს – “დღიურების” მორიგ ეპიზოდზე მუშაობისას სკაროსმა ეკლით გულში სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ტელეწამყვანი ზოოპარკის ტერიტორიაზეა დაკრძალული, მისი დაღუპვის დღე ავსტრალიაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

ზოოპარკის ბინადრები უმთავრესად ავსტრალიისა და მის გარშემო მდებარე კუნძულების ფაუნის წარმომადგენლები არიან – კოალა, ტასმანიური ეშმაკი, კენგურუ, გიგანტური კუ, ვომბატი, ბენგალური ვეფხვი…

ახლახან სტივ ირვინის სახელობის ზოოპარკი ავსტრალიის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად დასახელდა.

მაიამის ზოოპარკი (აშშ)

მისამართი: აშშ, მაიამი, 1 Zoo Boulevard, 12400 SW 152 Street

ვრცლად: www.miamimetrozoo.com 

ჩრდილოეთი ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ზოოლოგიური პარკი მაიამიში მდებარეობს, რადგან სწორედ ფლორიდის კლიმატური პირობებია ხელსაყრელი აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის მრავალფეროვანი ფაუნის წარმომადგენლებისთვის. პარკში ტურისტი შავ მარტორქებსა და თეთრ ვეფხვებს, კომოდოს ვარანებსა და გიბონებს, კუბურ ნიანგებსა და ზოოპარკის ნამდვილ ვარსკვლავებს – მხატვარ სპილოებს – იხილავს. ხორთუმითა და ფუნჯით ეს გიგანტები ფერწერულ ტილოებს ქმნიან და მყიდველიც საკმაოდ ბევრი ჰყავთ.

ზოოპარკში მოწყობილია სპეციალური პლატფორმა, საიდანაც მსურველებს ჟირაფების გამოკვება შეუძლიათ. მეტიც,  ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ღია საფრინველეა განთავსებული. აქ იშვიათ ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა ბინადრობს.

პარკს უზარმაზარი ფართობი – 300 ჰექტარი – უკავია, ამიტომ მისი დათვალიერება ველოტაქსის გარეშე წარმოუდგენელია.

დასასრულ, ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანისა და ნატურალისტის სერ დევიდ ატენბოროს ციტატას მოვიყვან: “რა იქნება მომავალში, მხოლოდ ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ არც ერთ სახეობას დედამიწის ზურგზე არ ჰქონია ისეთი ტოტალური კონტროლი დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებზე, როგორიც ადამიანს აქვს და ეს უდიდეს ძალაუფლებასთან ერთად კოლოსალური პასუხისმგებლობაცაა”.

გვიყვარდეს ცხოველები! გავუფრთხილდეთ მათ! მართალია, მათ ჩვენთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკი არ შეუძლიათ, მაგრამ შეუძლიათ მთავარი – ჩვენთან ერთად დუმილი. დუმილი კი ოქროა.

ირაკლი კარტოზია

გააზიარე: