ბედნიერი ძაღლი = კმაყოფილ პატრონს

გააზიარე:

“დამტანჯა ამ ძაღლმა! სულ პატარა მომიყვანა შვილმა, ბავშვივით გავზარდე, ძალიან მიყვარს, მაგრამ დამღალა! არაფერი ესმის!” – შემომჩივლა სკვერში სეირნობისას საყვარელი თეთრი ლაბრადორის პატრონმა.

როგორ იქცევა უსაყვარლესი ლეკვი თავნება და ჯიუტ არსებად? როგორ და – პატრონის მიზანმიმართული უმოქმედობით.

უმეტესობას ძაღლი ხმით სამართავი არსება ჰგონია: ეტყვი – გაიგონებს, უბრძანებ – შეასრულებს.

რასაკვირველია, ეს მცდარი მოლოდინია. დედის მუცლიდან არც ერთ ძაღლს არ დაჰყვება ბრძანებების შესრულების უნარი. ეს უნარი შეძენილია და ერთადერთი გზა მის შესაძენად გახლავთ წვრთნა, აღზრდა, ყურადღება.

როგორ მოვიქცეთ, რომ ძაღლის ყოლა, მასზე ზრუნვა, მასთან ერთად დროის გატარება ტანჯვად არ გვექცეს?

თამაში

ძაღლი ბუნებით ცელქი, ცნობისმოყვარე არსებაა, თამაში მას სიბერეშიც კი არ ბეზრდება, ამიტომ თქვენი და თქვენი ძაღლის ყოველდღიურ ცხოვრებაში თამაშის ელემენტების შეტანა აუცილებელია.

ძაღლის სეირნობას უმეტესობა აღიქვამს როგორც ვალდებულებას, აუცილებლობას. მინახავს, როგორ აქვს ჩაბღუჯული პატრონს ცალი ხელით საბელი, მეორეში კი ტელეფონი უჭირავს და თვალს არ აშორებს. ძაღლის ყოველდღიურ რეჟიმში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი დრო თამაშისთვის. სხვადასხვა ძაღლს სხვადასხვა გასართობი იზიდავს. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული სპეციალური სათამაშოების ყიდვა. ჯოხი, გირჩი, ბაწრისგან ხელით გაკეთებული ყულფიანი სათამაშო – ნებისმიერი რამ გამოგადგებათ. მთავარია, თამაშმა თქვენც და ძაღლსაც სიამოვნება მოგანიჭოთ.

თამაში საუკეთესო საშუალებაა ტვინის სტიმულირებისთვის, პატრონთან მჭიდრო ემოციური კავშირის დასამყარებლად, ზედმეტი ენერგიისგან გასათავისუფლებლად. ადრეული ასაკიდანვე თამაში საუკეთესო საფუძველია მომავალი წვრთნისთვის. ლეკვი, რომელიც აქტიურად და ხალისით თამაშობს პატრონთან, “კარგად აღზრდილ” ძაღლად იქცევა.

სეირნობა

ძაღლთან ერთად საბლით სეირნობა არც ისეთი ადვილია, როგორიც ერთი შეხედვით  წარმოგვიდგენია. თუ ეს მტანჯველია თქვენთვის, ორმაგად მტანჯველი იქნება თქვენი ძაღლისთვის. ძაღლს არ შესწევს უნარი, დაუფიქრდეს საკუთარ ქცევას, გააანალიზოს და გამოასწოროს. ეს მხოლოდ პატრონს შეუძლია. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

როგორ მოვიქცეთ?

. ყურადღება მიაქციეთ ძაღლს. ესაუბრეთ, დაუძახეთ სახელი. გამოხედვისას დააჯილდოეთ ქებით ან სასუსნავის მცირე ულუფით.

. ყოველ ჯერზე, როდესაც ძაღლი თავად (საკუთარი ინიციატივით) მოგაქცევთ ყურადღებას, დააჯილდოეთ სასუსნავით ან ქებით.

. საბლით სეირნობისას მიეცით გარემოს დაყნოსვის და შემხვედრი ძაღლების მისალმების საშუალება.

. არ შეიძლება საბლის გამუდმებით ქაჩვა თქვენთვის სასურველი მიმართულების მისაცემად.

. საბლით სეირნობისას შეასრულეთ სხვადასხვა მანევრი – მარცხნივ`მარჯვნივ მკვეთრი შეხვევა, წრეზე დატრიალება, წინ და უკან სიარული, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, აღმართზე ასვლა-ჩამოსვლა, შემაღლებებზე შეხტომა.

თქვენს ოთხფეხა მეგობარს ეს ყველაფერი უფრო მეტად მოეწონება, ვიდრე მოსაწყენი, ერთფეროვანი სეირნობა ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე. პრობლემაც ნაკლები გექნებათ და ძაღლთან ურთიერთობაც მტანჯველი კი არა, სიხარულის მომნიჭებელი გახდება.

ნინო ლომიძე

გააზიარე: