მარტივი და სახალისო ექსპერიმენტები ბავშვებისთვის
გააზიარე:
გაზაფხული ჯადოსნური დროა: ბუნება იღვიძებს და ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდება. ბუნებასთან ერთად იღვიძებს ჩვენი შინაგანი ბავშვიც. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პატარებს სახალისო ფორმით ავუხსნათ სეზონური ცვლილებების არსი.
რატომ წვიმს? როგორ იზრდება მცენარე? როგორ დნება ყინული? – თუ ასეთი კითხვები თქვენს პატარასაც უჩნდება, ნაცვლად შაბლონური პასუხებისა, უმჯობესია, მაგალითების მეშვეობით აუხსნათ ეს ყველაფერი. ქვემოთ რამდენიმე მარტივ ექსპერიმენტს შემოგთავაზებთ.
გაერთობით კიდეც, ბავშვთანაც ნაყოფიერად გაატარებთ დროს და, ამასთანავე, მას მეცნიერებითაც დააინტერესებთ.
როგორ იზრდება მცენარე?
რა დაგჭირდებათ:
* შუშის ქილა ან გამჭვირვალე ჭიქა
* ბამბა
* წყალი
* ლობიოს მარცვლები ან სხვა სწრაფად მზარდი მცენარის თესლი
როგორ ჩავატაროთ:
1. ქილაში ან ჭიქაში ჩადეთ ბამბა.
2. დაასველეთ ბამბა წყლით (მაგრამ ძალიან არ გაჟღინთოთ).
3. ბამბაზე დაყარეთ თესლი.
4. დადგით ჭურჭელი მზიან ადგილას და დააკვირდით, როგორ დაიწყებს თესლი გაღივებას რამდენიმე დღეში.
რატომ მოდის წვიმა?
რა დაგჭირდებათ:
* შუშის ქილა ან გამჭვირვალე ჭიქა
* ცხელი წყალი
* პატარა თეფში
* ყინულის კუბები
როგორ ჩავატაროთ:
1. ქილა ნახევრად აავსეთ ცხელი წყლით.
2. ზემოდან დააფარეთ თეფში.
3. თეფშზე დააწყვეთ ყინულის კუბები.
4. რამდენიმე წუთში ქილაში წვეთები წვიმასავით დაიწყებს წვეთას.
ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, როგორ ორთქლდება წყალი, კონდენსირდება და წვიმის სახით ბრუნდება დედამიწაზე.
რატომ ყრიან გზებზე მარილს?
რა დაგჭირდებათ:
* ყინულის კუბები
* მარილი
* ორი თასი
როგორ ჩავატაროთ:
1. ერთ თასში ჩაყარეთ ყინულის კუბები.
2. მეორის ფსკერზე დაყარეთ ცოტაოდენი მარილი და ჩაყარეთ ყინულის კუბები.
3. დააკვირდით: მარილიან თასში ყინული უფრო სწრაფად დაიწყებს დნობას.
ბავშვი დაინახავს, როგორ მოქმედებს მარილი ყინულის დნობის პროცესზე და რატომ ყრიან მარილს ზამთარში მოყინულ გზებზე.
რატომ თენდება და ღამდება?
რა დაგჭირდებათ:
* პატარა ბურთი ან სხვა მრგვალი საგანი (მაგალითად, ფორთოხალი)
* ფარანი
როგორ ჩავატაროთ:
1. ოთახში შუქი ჩააქრეთ.
2. ბურთი ცალი მხრიდან ფარნით გაანათეთ. ეს მხარე გახდება "დღის მხარე", ხოლო მეორე – "ღამის".
3. ნელა დაატრიალეთ ბურთი და აჩვენეთ, როგორ ცვლის ერთმანეთს დღე და ღამე.
როგორ "სვამენ" წყალს მცენარეები?
რა დაგჭირდებათ:
* წყალი
* საკვები საღებავი
* თეთრი ყვავილი (მაგალითად, გვირილა)
როგორ ჩავატაროთ:
1. ჭიქაში ჩაასხით წყალი და გააზავეთ მასში საკვები საღებავი.
2. ჩადეთ წყალში ყვავილი.
3. რამდენიმე საათს დაელოდეთ და დააკვირდით, როგორ შეიცვლის მცენარე ფერს.
ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, როგორ მოძრაობს წყალი მცენარეებში ღეროდან ფოთლებამდე.
როგორ ხდება ვულკანის ამოფრქვევა?
რა დაგჭირდებათ:
* საჭმელი სოდა
* ძმარი
* ჭიქა ან პატარა ბოთლი
* წითელი საკვები საღებავი
როგორ ჩავატაროთ:
1. ჭიქაში ჩაყარეთ ორი კოვზი სოდა.
2. მეტი ეფექტისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი წითელი საღებავი.
3. ჩაასხით ძმარი და რამდენიმე წამში ნახავთ, როგორ "ამოიფრქვევა" ვულკანი!
ამასთან ერთად, ბავშვი დაინახავს, როგორ ურთიერთქმედებს მჟავა (ძმარი) და ფუძე (სოდა) და გაიგებს, რა ძლიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია ქიმიურ ნარევებს.
რა არის გრავიტაცია?
რა დაგჭირდებათ:
* ორი ბურთი – დიდი და პატარა
როგორ ჩავატაროთ:
1. აიღეთ ორი სხვადასხვა ზომის ბურთი.
2. ერთდროულად ჩამოყარეთ ისინი ერთი და იმავე სიმაღლიდან.
3. დაინახავთ, რომ ორივე ერთდროულად დაეცემა მიწაზე.
ეს ექსპერიმენტი აჩვენებს დედამიწის მიზიდულობის ძალას და იმას, რომ ვარდნის სიჩქარე სხეულის ზომაზე არ არის დამოკიდებული.
რატომ არ ვარდება ბუშტი?
რა დაგჭირდებათ:
* ბუშტი
* მატყლის ან აბრეშუმის ტანსაცმელი
როგორ ჩავატაროთ:
1. გაბერეთ ბუშტი.
2. 30 წამის განმავლობაში უხახუნეთ ბუშტი მატყლს ან აბრეშუმს.
3. მიიტანეთ კედელთან და დაინახავთ, რომ ბუშტი კედელს მიეკრობა.
ეს ექსპერიმენტი აჩვენებს სტატიკური ელექტრობის არსს.
რატომ იცვლება წელიწადის დროები?
რა დაგჭირდებათ:
* ბურთი (დედამიწის სიმბოლოდ)
* ფარანი (მზის სიმბოლოდ)
* მარკერი (ბურთზე ორი წერტილის დასახატად)
როგორ ჩავატაროთ:
1. დახატეთ ბურთზე ორი წერტილი: ერთი – ბურთის ზედა ნაწილზე (ჩრდილოეთი ნახევარსფერო), მეორე – ქვედაზე (სამხრეთი ნახევარსფერო).
2. ოთახში შუქი ჩააქრეთ და ბურთი ცალი მხრიდან ფარნით გაანათეთ.
3. ბურთი ოდნავ დახარეთ (დაახლოებით 23°-იანი კუთხით) და ნელა დაატრიალეთ.
დაინახავთ, რომ ერთ მხარეს უფრო მეტი შუქი ეცემა (ზაფხული), ხოლო მეორე მხარე ჩრდილშია (ზამთარი).
4. ნელა დაატრიალეთ ბურთი მზის გარშემო, რათა აჩვენოთ, რა სხვადასხვანაირად ეცემა მზის სხივები დედამიწის ზედაპირს მის ბრუნვასთან ერთად.
ამ ექსპერიმენტით ბავშვი დაინახავს, რომ წელიწადის დროების ცვალებადობა დედამიწის დახრილობითაც არის განპირობებული და არა მხოლოდ მზისგან დაშორების მანძილით; გაიგებს, რატომ არის ზაფხული ერთ ნახევარსფეროში, როცა მეორეში ზამთარია.
ლიკა ქათამაძე











