როცა ბავშვი ეჭვიანობს

გააზიარე:

თქვენს ოჯახში ორი, სამი, ოთხი, ხუთი ან მეტი ბავშვია? ერთი გყავთ, მაგრამ სულ მალე მეორეს ელოდებით და უფროსი უკვე ეჭვიანობს? გაფიქრებთ შვილების ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება?
გიკვირთ, რა სისასტიკეში შეიძლება გადაეზარდოთ კინკლაობა ერთმანეთისთვის უახლოეს ადამიანებს – თქვენს შვილებს? დაგღალათ ბავშვების ურთიერთდაბეზღებამ და ყურადღების მიქცევის ხერხების ნაირგვარობამ?
თუ ჩამოთვლილ კითხვებს დადებითი პასუხი გაეცით და იქვე შეაგებეთ კონტრშეკითხვა: როგორ მოვიქცეთ, რომ უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ? – მაშინ სტატია თქვენთვისაა.
  სპეციალისტების მტკიცებით, ოჯახებს, რომლებსაც ერთზე მეტი შვილი ჰყავთ, აუცილებლად მოუწევთ ამ საკითხზე დაფიქრება და სწორი მიდგომის შემუშავება, რადგან ბავშვებს შორის კონკურენცია ბუნებრივი მოვლენაა, ემოციების სწორად წარმართვასა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე კი პასუხისმგებლობა მთლიანად უფროსებს ეკისრებათ. თავდაპირველად შევთანხმდეთ იმაზე, რომ უფროსი შვილების ამგვარი ქცევა არც ჭირვეულობაა და არც უზრდელობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მათი ცხოვრება პატარას გაჩენისთანავე ძირფესვიანად იცვლება და არცთუ უკეთესობისკენ. ოჯახში ახალი წევრის შემომატებისთანავე მათთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგება – მშობლები უფრო მეტ დროსა და ყურადღებას ახალშობილს უთმობენ, ახლობლებს საჩუქრები პატარასთვის მოაქვთ, უმცროს დაიკოზე ან ძამიკოზე ზრუნვას რატომღაც მშობლების გაღიზიანება და საყვედური მოსდევს (“ხელი არ მოჰკიდო, რამეს ატკენ!” “ხელში არ აიყვანო, დაგივარდება!” “ამ სათამაშოს ნუ აძლევ, პირში ჩაიდებს” და ა.შ). კარგი საქციელი კი, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩება და ბავშვებსაც სხვა რაღა დარჩენიათ – კუთვნილი ყურადღების დაბრუნებას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ, მავნებლობა, რამის გაფუჭება, ყვირილი და ისტერიკა კი ამის უტყუარი რეცეპტია. ისეც ხდება, რომ მშობლები უფროს შვილს იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე შეუძლია. ამ შემთხვევაში უმცროსზე ზრუნვა უფროსი ბავშვისთვის უსიამოვნო ვალდებულება უფროა, ვიდრე გულწრფელი სურვილი.
ვისაც უმართლებს, სხვის შეცდომებზე სწავლობს, ამიტომ ჩამოვთვლით შეცდომებს, რომლებსაც ამ რთულ და გარდაუვალ სიტუაციაში ყველაზე ხშირად უშვებენ მშობლები.
შეცდომა პირველი: ხშირად, როდესაც უფროს შვილს ოჯახის ახალი წევრის შესახვედრად ამზადებენ, მშობლები ცდილობენ დაუხატონ მას იდეალური პარტნიორი ერთობლივი თამაშებისთვის, გულითადი მეგობარი და თანამოაზრე. წარმოიდგინეთ ბავშვის იმედგაცრუება, როდესაც ამ საოცნებო პარტნიორის ნაცვლად მშობლები მას უმწეო და უსუსურ პაწაწა ადამიანს აცნობენ. ასე რომ არ მოხდეს, სასურველია, ბავშვის შემზადება უმცროსის დაბადებამდე დაიწყოთ. ორსულობის ხანგრძლივი პერიოდი ამისთვის ზედგამოჭრილია. უფრო მეტი დრო გაატარეთ უფროს შვილთან. ნუ შეუქმნით მცდარ წარმოდგენას ახალშობილზე! დაათვალიერებინეთ ფოტოები, გაიხსენეთ, როგორი ციცქნა და საყვარელი იყო თვითონ, როგორ ნელ-ნელა იზრდებოდა, სწავლობდა ცოცვას, სიარულს, ლაპარაკს. ახლა ეს ყველაფერი განმეორდება და დედასაც და უფროს შვილსაც ბევრი მოთმინება და მონდომება დასჭირდებათ. შეარჩიეთ დღის მონაკვეთი, რომელსაც ყოველდღე ბავშვთან ერთად გაატარებთ და შეეცადეთ, ეს დრო პატარას დაბადების შემდეგაც უფროსს დაუთმოთ. ასე მას სტაბილურობის განცდა შეუნარჩუნდება. ახალშობილის “გასაგონად” კი შეგიძლიათ ხმამაღლა განაცხადოთ: “ახლა მათეს (უფროსი შვილის) დროა, მას უნდა წავუკითხო (ვეთამაშო, ვამეცადინო...). შენთვის აღარ მცალია!”
შეცდომა მეორე: “ბავშვებს შორის ყურადღებისა და დროის თანაბრად განაწილება აუცილებელია”, – ასეთ რეკომენდაციას ხშირად მოისმენთ, მაგრამ უმეტესად, – და ეს მშობლების უმრავლესობამ კარგად უწყის, – ამის გაკეთება წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უფროსმა ბავშვმა თავი დაჩაგრულად ან ზედმეტად არასოდეს იგრძნოს. ხშირად მიმართეთ ალერსიანად, თბილად, გაეთამაშეთ და გაეხუმრეთ, შეაქეთ და ჩაეხუტეთ. გულწრფელად შესჩივლეთ, როგორი ძნელია უმწეო ახალშობილის მოვლა და რა კარგია, რომ ის უკვე ასეთი დიდი და დამოუკიდებელია, თანაც როგორ გეხმარებათ და ზრუნავს პატარაზე! მოიფიქრეთ და მოუყევით სხვადასხვა ამბავს ყოჩაღ და ბეჯით ბავშვზე, რომელსაც პაწაწა დაიკო ან ძამიკო ჰყავდა.
შეცდომა მესამე: “შენ უფროსი ხარ და მეტი მოგეთხოვება!” გახსოვთ ხუთი გოჭის ზღაპარი? ერთი თბილანა იყო, ერთი – მცივანა, ერთი – მშივანა, ერთი – ზარმაცა, ერთი – მაგარა... ხშირად ხდება, რომ ოჯახში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს უფროსები განსაზღვრულ როლებს გადაუნაწილებენ ხოლმე: დამჯერი და ცელქი, უჭმელი და დაუდგრომელი, დედიკოს სიხარული და მამას სიამაყე და ა.შ. ყველაზე უფროს შვილს კი, ძალაუნებურად, “უფროსობა” ერგება წილად. არადა ეს როლი საკმაოდ რთული მოსარგებია და ზედმეტ პასუხისმგებლობას ითხოვს სინამდვილეში ჯერ კიდევ პატარა ადამიანისგან. ჰოდა ბავშვებსაც სხვა აღარაფერი დარჩენიათ, იბრუნებენ თავიანთ წილ ბავშობას ცერა თითის წოვით, ისტერიკით, რთულ შემთხვევებში – ენურეზითაც. სწორედ ამ გზით ცდილობენ ისინი, მიაწვდინონ მშობლებს ხმა: “არა ვარ უფროსი! არც მეტი მომეთხოვება! მეც უნდა გამანებივროთ და ნუ მაიძულებთ იმის კეთებას, რაც არ მომწონს და არ მინდა!!!” ასეთ დროს, თუ მაინცდამაინც ხაზგასმულია პირველი შვილის “უფროსობა”, აუცილებლად შეახსენეთ მას, რომ უფროსს მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე პატარას: შეუძლია, მიირთვას ცივი ნაყინის და მეტი ტკბილეული, უფლება აქვს, ტელევიზორთან მეტი დრო გაატაროს, უმცროსივით ადრე კი არ იძინებს, არამედ თითქმის იმ დროს, როცა “სულ დიდები”. გარდა ამისა, შეეცადეთ, მისი თანდასწრებით ხშირად თქვათ, რომ მას არაჩვეულებრივი, ძალიან საყვარელი დაიკო ან ძამიკო ჰყავს (მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხვდებოდეს – პატარა ბაია დედიკოს და მამიკოს მეორე შვილი კი არ არის მხოლოდ, არამედ მისი დაც`ძმაც).
შეცდომა მეოთხე: “ეჭვიანობ, ესე იგი უზნეო და გულღრძო ხარ!” ეჭვიანობა და მეტოქეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის სავსებით ბუნებრივი რეაქციაა. მთავარი ამ შემთხვევაში ემოციების სწორად წარმართვაა. დატუქსვა და საყვედურები დაუშვებელია – ასე ბავშვი საკუთარი ემოციების დამალვას შეეჩვევა და ჩაიკეტება. ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ უფროსი შვილის განცდებს. ეჭვიანობის გამო უფროსმა შესაძლოა პატარას დაზიანებაც კი სცადოს. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებლად გამოუყავით უფროსს სახლში თუნდაც პატარა კუთხე; ნუ დართავთ პატარას ნებას, მის სათამაშოებსა და ნივთებს ხელი ახლოს. ფსიქოლოგები იმასაც კი გვირჩევენ, შვილების მოსაფერებლად ერთი და იგივე საალერსო სიტყვები არ გამოვიყენოთ. უფროსის გასაგონად “დატუქსეთ” უმცროსიც, თუ იგი მისი წყენის ან ტკივილის მიზეზი გახდა.
შეცდომა მეხუთე: ზოგჯერ ბავშვებს შორის კამათისა და კინკლაობის დროს ოჯახის წევრები “დამნაშავეს” ასაკობრივი ნიშნით გამოავლენენ ხოლმე: “უფროსი ხარ, ესე იგი შენ დააშავე, არ დაუთმე, არ დაინდე” და ა.შ., ან იწყებენ არაფრისმომცემ გამოძიებას – რომელმა დაიწყო ჩხუბი. პირველ შემთხვევაში, ცხადია, უფროსები უსამართლოდ იქცევიან, მეორე შემთხვევაში კი ბავშვებს დაბეზღებას ვასწავლით.
რასაკვირველია, არც პირველი და არც მეორე ვარიანტი ბავშვებს შორის დავისა და ჩხუბის აღსაკვეთად არ გამოდგება. თუ ბავშვებმა ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს, შეაჩერეთ ისინი, მაგრამ ნუ წაახალისებთ დაბეზღებისა და თავის მართლების მცდელობებს.
არასდროს დასაჯოთ ერთი მეორის თანდასწრებით და ერთმანეთისთვის ჭკუის სასწავლებლად; უმჯობესია, ორივე ჩხუბისთავი მოაკლდეს რაიმე მათთვის სასიამოვნო და სასურველ აქტივობას. არავითარ შემთხვევაში არ მიაყენოთ შეურაცხყოფა ბავშვებს, თორემ ისინი ერთმანეთის პატივისცემას ვერასდროს ისწავლიან. შემოიღეთ მკაცრი და შეუვალი კანონი – ხელით შეხება იკრძალება და ისჯება! დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად შეგიძლიათ წინასწარ შეათანხმოთ “სადამსჯელო სანქციებიც”.

დასასრულს, გვინდა კვალიფიციური ფსიქოლოგის რჩევებიც შემოგთვაზოთ.
კომენტარი ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგს, ქალბატონ ნანა ჟორდანიას ვთხოვეთ:
– პატარას დაბადებამდე 3-4 თვით ადრე საჭიროა უფროსი შვილის ან შვილების მომზადება ოჯახის ახალი წევრის შესახვედრად. ჩვენი დაკვირვებით, სწორედ ეს პერიოდია მიზანშეწონილი, რადგან მომავალი დის ან ძმის არსებობა უკვე ადვილად შესამჩნევი და ხელშესახებიცაა. ბავშვს ილუზიებს ნუ შეუქმნით, შეეცადეთ დაუხატოთ რეალურთან მიახლოებული სურათი და გულითადად სთხოვოთ დამხარება, რომელიც მართლა აუცილებელი იქნება თქვენთვის. გაგიკვირდებათ, რამდენი რამის გაკეთებას შეძლებენ თქვენი უფროსი შვილები, თუ საქმიანობას ანდობთ და დაანებებთ. მეტიც – ეს აუცილებელია, რათა ბავშვებმა იგრძნონ, რომ ისინი საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და დედიკოს შრომას უმსუბუქებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი უფროსებს დეკორატორებისა და დიზაინერების მოვალეობებს დააკისრებთ – მათთან ერთად შეარჩიეთ ახალშობილისთვის საჭირო ინვენტარი, ტანსაცმელი, მოაწყობინეთ და მოაწესრიგებინეთ ახალშობილის კუთხე. თუ პატარას დაბადება მოითხოვს უფროსის ჩვეული რეჟიმის ან პირობების შეცვლას (მაგალითად, სხვა საწოლში გადაწვენას, სხვა ოთახში გადაყვანას, სეირნობის გადადებას), აუცილებელია, ეს ცვლილებები მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მაინც განახორციელოთ. მზად იყავით აგრესიისა და ეჭვიანობისთვისაც და ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ ბავშვის მღელვარებას, მეტი ყურადღებითა და მზრუნველობით გადაფაროთ ეს ნეგატივი. თუ უმცროს ბავშვს “მემკვიდრეობად” უფროსის ნივთები ან ტანსაცმელი უნდა არგუნოთ, აუცილებლად ჰკითხეთ ნებართვა ძველ პატრონს. ასე ბავშვი გაზიარებასაც შეეგუება და იმასაც იგრძნობს, რომ ანგარიშს უწევენ. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ჩამოთვლილი რჩევები ზედმეტია და და-ძმებს შორის ურთიერთობა უამისოდაც მოგვარდება, ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც, მაგრამ, მერწმუნეთ, ამ წესების დაცვა საშუალებას მოგცემთ, დატკბეთ მოყვარული და ერმთანეთზე მზრუნველი ბავშვების აღზრდით და მათთან ურთიერთობით.

  ამრიგად, ეჭვიანობა და შვილებს შორის მეტოქეობა გარდაუვალი მოვლენაა ნებისმიერ ოჯახში, კონფლიქტებისა და ნეგატიური ურთიერთდამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანა კი მშობლების პირდაპირი მოვალეობა გახლავთ. მოყვარული და მომთმენი მშობლები აუცილებლად შეძლებენ ამ ვნებების დაოკებას და მართვას და პატარებს სირთულეების დაძლევაში დაეხმარებიან. სწორედ ასე გადაიქცევიან გუშინდელი მეტოქეები ძლიერ, ერთმანეთზე მზრუნველ და მეგობრულ თანამოაზრეებად – ერთ ძლიერ ოჯახად!

გააზიარე: