პირველი ტესტი უნარებში
გააზიარე:
“ჩემი პაწია ისე ყოჩაღად დაცოცავს, მგონი, მალე ფეხსაც აიდგამს”. “ჩემი ნამცეცა კი უკვე რამდენიმესტროფიან ლექსებს ამბობს. მალე “ვეფხისტყაოსანზე” გადავალთ!” – ასეთ ფრაზებს ნაცნობებისგან (უცნობებისგანაც!) ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ. სინამდვილეში რა შეუძლიათ პატარებს? ფაქტობრივად ყველაფერი, თანაც ამ “ყველაფერს” ეტაპობრივად ამჟღავნებენ. ყოველი ახალი მოქმედება, ახალი სიტყვა მშობლებს ნამდვილ სასწაულად ეჩვენებათ და მზად არიან, ამაზე უსასრულოდ ილაპარაკონ.
ვიწყებთ ტიტინს
ზოგი ბავშვი ერთი წლის ასაკში “გამზრდელს” კითხულობს გამოთქმით და მერე მის შინაარსზე მსჯელობს, ზოგიერთი კი ორი წლისაც ძლივს ხვდება, რომ უამრავი სათქმელი დაუგროვდა და გამბედაობას იკრებს, რომ დედიკოსა და მამიკოს გაანდოს.
მეტყველების განვითარებას სამ ეტაპად ყოფენ.
მოსამზადებელი ანუ ღუღუნის პერიოდი 2-4 თვიდან იწყება. დადებით ემოციებს ბავშვი ბგერებით გამოხატავს, რომლებსაც არავითარი სასიგნალო დატვირთვა არ გააჩნია. 5 თვისთვის წარმოთქმული ბგერები უფრო და უფრო მრავალფეროვანი, უფრო და უფრო დიფერენცირებული ხდება, 7 თვისთვის კი პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.
სენსორული მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდი უკვე მეორე ეტაპია, რომელიც 7-8 თვიდან იწყება. ამ დროს ბავშვი ცალკეული სიტყვის მნიშვნელობის აღქმას იწყებს, აკავშირებს მათ კონკრეტულ საგნებთან, უყალიბდება რეაქციები კითხვებზე: “სად არის დედა? სად არის ცუგა?” წარმოთქვამს მარცვლებს და ცდილობს სიტყვების გამეორებას. წლისთვის მას უკვე ესმის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა, რაც მთავარია, ესმის ცნება “არ შეიძლება” :)
მომდევნო ეტაპზე მოტორული მეტყველება ყალიბდება. პირველ სიტყვებს, რომლებიც მარტივი მარცვლებისგან შედგება (მა-მა, დე-და, ბა-ბა), ბავშვი 10-11 თვის ასაკში წარმოთქვამს. გარდა ამისა, იცის, როგორ ყეფს ძაღლი: “ამ-ამ!” – და სხვა. წლისთვის ბავშვმა 10-12 სიტყვა იცის, 2,5 წლისთვის კი 30-40. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ფართოვდება ლაპარაკის გაგების უნარი. 1,5 წლის ბავშვს ესმის მთელი წინადადებები, სიამოვნებით ათვალიერებს ნახატებს, უსმენს უფროსების მონათხრობს, 2 წლისა ყურს უგდებს მარტივ ზღაპრებს, მოთხრობებს, წარმოთქვამს ორ-სამსიტყვიან წინადადებებს, ხოლო 2,5-3 წლისთვის – უკვე სამ-ოთხსიტყვიანსაც.
გაითვალისწინეთ: არ არის აუცილებელი, ბავშვი ამ ვადებში ჩაეტიოს. მეტყველების ჩამოყალიბების დრო უშუალოდ არ განსაზღვრავს ბავშვის ინტელექტს. როდის ამოიდგამს პატარა ენას, ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ გარემოზე, უფროსებთან კონტაქტსა და გენეტიკურ ფაქტორებზე. მაგალითად, გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.
ვსწავლობთ გარემოს
სინათლეს ბავშვი დაბადებისთანავე აღიქვამს. თუ სინათლის წყაროს თვალთან მივუტანთ, შევამჩნევთ, რომ თვალებს დახუჭავს და თავს მიაბრუნებს. მზერის პირველი ფიქსაციის ელემენტები ორი კვირის ასაკში ვლინდება. სამი კვირის-ერთი თვის ბავშვი მზერას აფიქსირებს და მოძრავ საგნებს მცირე ხნით
თვალსაც აყოლებს. ჩვილის თვალის კაკლის აგებულება ისეთია, რომ შორეულ საგნებს უფრო უკეთ ხედავს, ამიტომ მზერის ფიქსირებისთვის სათამაშო თვალებთან კი არ უნდა მივუტანოთ, არამედ 50-60 სმ-ზე დავიკავოთ.
2 თვის ბავშვი აქტიურად აფიქსირებს მოძრავ საგნებს და თვალსაც აყოლებს, 6 თვისა კი კარგად არჩევს როგორც დიდ, ასევე პატარა საგნებს, რეაგირებს მკვეთრ ფერებზე. 4 წლის ასაკში მხედველობის სიმახვილე ჩამოყალიბებულია, ბავშვი არჩევს როგორც ფერებს, ასევე ტონალობებს და აქვს დისტანციის აღქმის უნარი.
და კიდევ: დადგენილია, რომ ახალშობილს უკვე ესმის. ის სმენით გამღიზიანებლებზე შეკრთომით, ტირილით, მიმიკის შეცვლით რეაგირებს. ასე რომ, ჩვილის თანდასწრებით საიდუმლოს თქმას არ გირჩევთ :)
თვეები გადის...
და პაწია ახალ-ახალ უნარებს ავლენს. თუმცა მოდი, თავიდან დავიწყოთ.
ახალშობილი დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს, მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებს. საკმარისია, გავხსნათ, რომ ემბრიონის პოზას მიიღებს. მოძრაობები არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს – ხელ-ფეხს უაზროდ იქნევს. ვერც თავს იჭერს.
თუ დაჰკვირვებიხართ, შეამჩნევდით, რომ ახალშობილი ლოყაზე შეხებისას პირს აღებს, თავს აბრუნებს და როგორც კი დედიკო პირთან ძუძუს მიუტანს, ტუჩებს სტაცებს და აქტიურად იწყებს წოვას, ხოლო როცა მოშივდება, ხმამაღლა ტირის.
2-3 თვის ბავშვი ახალშობილზე გაცილებით აქტიურია, უფრო მეტხანს ღვიძავს (ჭამიდან ჭამამდე – 1-1,5 საათი), სათამაშოზე მზერას აფიქსირებს, თვალს აყოლებს და ამ დროს თავსაც აბრუნებს, რაც კისრის კუნთების შეუღლებულ მოძრაობაზე მიუთითებს. თავს კარგად იჭერს ვერტიკალურ მდგომარეობაში და მუცელზე წოლისას.
ოთხი თვისთვის ბავშვს თავი მყარად უჭირავს, მუცელზე წოლისას სწევს თავსა და მხრებს, ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, ბრუნდება სმენითი გამღიზიანებლისკენ, ცნობს ახლობლების ხმებს.
5-6 თვისთვის ბავშვი მეტად აქტიური და ხალისიანია. სიამოვნებით შედის კონტაქტში ახლობლებთან. უყალიბდება მიზანმიმართული მოძრაობები: სათამაშოსკენ ხელს იწვდის, იღებს, პირისკენ მიაქვს, უჭირავს ბოთლი. თამაშისას გამოსცემს ბგერებს, ცნობს ოჯახის წევრებს, ცდილობს იპოვოს დაკარგული (გადავარდნილი) სათამაშო, იწყებს ჯდომას, წამოწევისას თავი უკან არ რჩება, ხელში აყვანას ითხოვს, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავსა და მხრებს მაღლა სწევს, ბრუნდება ზურგიდან მუცელსა და გვერდზე.
7-8 თვისთვის ბავშვი დამოუკიდებლად, მყარად ზის, ინარჩუნებს წონასწორობას, დგება ოთხზე, ბრუნდება მუცლიდან ზურგზე, შეუძლია, ზურგზე მწოლიარე დამოუკიდებლად წამოჯდეს, ხელჩაჭიდებული დგას, სათამაშოები ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს, წარმოთქვამს მარცვლებს, ცდილობს უფროსების ყურადღების მიპყრობას, ცნობს უცხოს, თვალებით ეძებს საჭირო ნივთს, იჩენს ინტერესს უცხო საგნების მიმართ.
9-10 თვის ბავშვი ითხოვს კონტაქტს, იცის ცალკეული ნივთების სახელები, ასრულებს მარტივ დავალებებს, ამჟღავნებს თავის სურვილს, ბაძავს უფროსებს, აქტიურად და სწრაფად ხოხავს, ხელჩაჭიდებული დგას, დგება ოთხზე, შეუძლია პატარა ნივთების აღება ორი თითით, იღებს სათამაშოს ყუთიდან, აერთებს ცერს და საჩვენებელ თითს, ცდილობს კოვზით ჭამას, სვამს ჭიქიდან.
თვეები თვეებს მიჰყვება...
და პაწია უკვე იმდენ ცოდნას ამჟღავნებს, რომ მის შემხედვარე მშობლებს ლამის თავბრუ დაეხვეთ.
წლის ბავშვი დამოუკიდებლად დგას, დადის სხვისი დახმარებით, ზოგჯერ დაუხმარებლადაც, თუმცა ბარბაცებს, ხშირად ეცემა. ხელებით აქტიურად მანიპულირებს, ყრის სათამაშოებს, აჩვენებს სხეულის ნაწილებს, ესმის სიტყვების, ფრაზების მნიშვნელობა, კოვზს ხელში იჭერს და დამოუკიდელად ჭამას ცდილობს.
1,5 წლის ბავშვი თვითონ ჭამს (ყოველ შემთხვევაში, იმას, რასაც აკეთებს, ჭამაც შეიძლება ვუწოდოთ :)), კოვზს კარგად ხმარობს, ასრულებს დავალებებს, დარბის, ქოთანზე თვითონ ჯდება (თუ მივაჩვევთ, რაღა თქმა უნდა!)), იღებს და ისვრის ბურთს, ინტერესდება ზღაპრებით, მონაწილეობს მოყოლაში, იცის სხეულის ნაწილების, ნივთების, სურათებისა და ნახატების სახელები.
2-3 წლის ასაკში ბავშვი ძალზე კონტაქტური და მეგობრულია. აქტიურად შეიმეცნებს გარესამყაროს, სვამს კითხვებს, უფროსებს სათამაშოების, ტანსაცმლის დალაგებაში ეხმარება (თუმცა მათი არევა უფრო ეხერხება :)), მონაწილეობს ჩაცმის პროცესში, ნახატებზე ცხოველებს ცნობს და ასახელებს, იცის 2-3 ფერი, უსმენს ზღაპრებს, ხატავს, კარგად დარბის, ადის კიბეზე, იხრება და იღებს საგანს, ფეხს ურტყამს ბურთს, სწევს სახელურს და აღებს კარს, თამაშობს კუბიკებით, ზოგჯერ დამოუკიდებლად მიდის ტუალეტში, ხტუნავს ორ ფეხზე, თხოვნისას დადის ფეხის წვერებზე.
3-5 წლის ასაკში ბავშვი მეტყველებას ართულებს, აქვს მსჯელობის უნარი, სავსებით აღიქვამს საკუთარ “მეს” და ყალიბდება პიროვნებად, შეუძლია თავისი ფიქრების, აზრების გადმოცემა, გამუდმებით ლაპარაკობს (!), იცის საბავშვო ლექსები, ასახელებს ფერებს, ითვლის ათამდე, დამოუკიდებლად იცვამს, იხდის, კითხულობს უცხო სიტყვათა მნიშვნელობას.
ასეც ხდება
ერთი რამ დაგვავიწყდა: არ არის აუცილებელი, პაწიამ ახალი უნარ-ჩვევები დათქმულ დროს გამოამჟღავნოს. მცირედი ცდომილება სავსებით მისაღებია. მაგალითად, თუ 7 თვის ასაკში პაწია ონავარი დაჯდომას ვერ ახერხებს, ნუ დააძალებთ. შესაძლოა, დამოუკიდებლად წლამდე ვერც დასვათ. მოსაზრებაც კი არსებობს, რომ რაც უფრო გვიან შევაჩვევთ პატარას ჯდომა-დგომას ანუ რაც უფრო გვიან დავტვირთავთ ხერხემალს, მით უკეთესია.
საზოგადოდ, როდის დაიწყებს ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას, დგომას, ცოცვას. რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – მემკვიდრეობაზე, წონაზე, ტემპერამენტზე...
არიან პატარები, რომლებიც ცოცვის გარეშე, პირდაპირ იწყებენ სიარულს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მცოცავებს შორისაც არის განსხვავება: ზოგი თუ ოთხივე კიდურს იყენებს გადასაადგილებლად, ზოგი გვერდულად ხოხავს – ცალი ფეხი გაშლილი აქვს და მხოლოდ მეორე ფეხის მუხლს ეყრდნობა.
ასე რომ, რამდენი ბავშვიცაა, იმდენი “ნორმაა”. ამ ნორმიდან მკვეთრი გადახრა კი, გვერწმუნეთ, მშობლებს არამც და არამც არ გამოეპარებათ.