სიმართლე სანტას შესახებ
გააზიარე:
ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის. ყველა ოჯახს თავისი საახალწლო ტრადიცია აქვს: ზოგს წითელ სამოსში გამოწყობილი სანტა ესტუმრება ლაპლანდიიდან, ზოგს – ქართველი, თეთრი ნაბდით შემოსილი თოვლის ბაბუა. პატარები წერილებს სწერენ ამ ჯადოსნურ არსებებს და ცდილობენ, მთელი წელი კარგად მოიქცნენ, რათა ახალი წლის ღამეს სანუკვარი საჩუქრები მიიღონ.
ეს უწყინარი და კეთილი ზღაპარი ბავშვს ცხოვრებას ულამაზებს, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ის? როდის და როგორ უნდა შეიტყოს ბავშვმა სიმართლე? რომელია ამისთვის ყველაზე უმტკივნეულო გზა?
წარმოსახვა მნიშვნელოვანი უნარია. ის ეხმარება ბავშვს მოზღვავებულ გრძნობებთან გამკლავებაში, იმ ემოციების გამოხატვაში, რომლებსაც შესაძლოა სიტყვიერად ვერ გადმოსცემდეს. ისეთი დადებითი გმირის არსებობით, როგორიც თოვლის ბაბუაა, ბავშვი სწავლობს, რომ სიკეთე ფასდება, რომ ზოგიერთი საქციელი მისაღებია, ზოგიერთი კი მიუღებელი და ცდილობს, კარგად მოიქცეს.
თოვლის ბაბუის ავტორიტეტი მშობლებსაც გვეხმარება. მისი მეშვეობით შეგვიძლია წავახალისოთ ბავშვის კარგი საქციელი და მას სიკეთის მაგალითი მივცეთ. მაგალითად, ვუთხრათ, რომ თოვლის ბაბუა ყველასთვის საჩუქრების დარიგებას ვერ ახერხებს, ამიტომ ბავშვებმა თავადაც უნდა იზრუნონ ერთმანეთზე. იპოვეთ ხელმოკლე ოჯახები და თქვენს პატარასთან ერთად საჩუქრები გაუგზავნეთ, თან უთხარით ბავშვს, რომ წელს ფაქტობრივად ის იყო ამ ოჯახების სანტა. ეს მას ქველმოქმედებით მოგვრილ ბედნიერებას განაცდევინებს და მომავალშიც უბიძგებს სიკეთის კეთებისკენ.
არსებობს ოჯახები, სადაც მიაჩნიათ, რომ რომ არ არის საჭირო ილუზიებში ცხოვრება. ასეთ ოჯახებში ბავშვმა თავიდანვე იცის, რომ თოვლის ბაბუა გამოგონილი პერსონაჟია. თუ ასეთი მშობლების რიცხვს მიეკუთვნებით, გაითვალისწინეთ, რომ თუ სანტამ არა, თქვენ თვითონ უნდა დაასაჩუქროთ ბავშვი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. ერთია იმის ცოდნა, რომ მისი მეგობრების საყვარელი გმირი გამოგონილია და მეორეა უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ საახალწლოდ ყველა მისი მეგობარი მიიღებს საჩუქრებს, თვითონ კი უსაჩუქროდ დარჩება. ისიც გახსოვდეთ, რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვისთვის სიმართლის ცოდნა – საიდუმლოს შენახვა ზოგჯერ უფროსებსაც გვიჭირს, პატარებისთვის კი ეს მეტისმეტად დიდი ტვირთია. შესაძლოა, მეგობრებთან წამოსცდეს ან სულაც შეგნებულად უთხრას სიმართლე და უნებურად გული ატკინოს იმ ბავშვებს, რომლებსაც თოვლის ბაბუის არსებობის სჯერათ.
როდის უნდა დასრულდეს ჯადოსნობა
ყოველგვარი ჯადოსნობის შესახებ, სანტა იქნება ეს თუ კბილის ფერია, კითხვების გაჩენა ბავშვის ზრდა-განვითარების ნაწილია.
პირველი კითხვები სკოლაში მისვლის შემდეგ ჩნდება: პატარა ხვდება სოციუმში, სადაც მასზე უფროსი ასაკის ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და შესაძლოა, მათგანვე გაიგოს ან შემთხვევით მოჰკრას ყური, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს.
დააკვირდით, როგორ სვამს ბავშვი კითხვას: თოვლის ბაბუაზე მეტის გაგება უნდა თუ ეჭვი აქვს და მის გაქარწყლებას ან დადასტურებას ითხოვს.
თუ ის შეწუხებული გიყვებათ, რომ დიდმა ბავშვებმა ასე თქვეს და გეკითხებათ, ხომ მართლა არსებობს სანტა, ეს ნიშნავს, რომ პატარა ჯერ არ არის მზად სიმართლის მოსასმენად, მაგრამ დროა, ნიადაგი შეამზადოთ.
თუ გამომცდელი მზერით გეუბნებათ, ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობსო, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გარკვეულწილად მზადაა სიმართლის მოსასმენად და პროცესიც ნაკლებ მტკივნეული იქნება.
როგორ ვუთხრათ სიმართლე
საუკეთესო გზა ბავშვის ხასიათის, ტემპეამენტის, ემოციურობის მიხედვით უნდა მოძებნოთ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ სანტა`თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ტრადიცია მთელ მსოფლიოში ბავშვების მშობლებმა გააგრძელეს და ჯადოსნობა რომ არ დაკარგულიყო, პატარებს ისევ სანტას სახელით სჩუქნიან საჩუქრებს. ახლა ის უკვე დიდია და უნდა იცოდეს, რომ საჩუქრებს ისევ მიიღებს, უბრალოდ, ისინი მშობლებს მოაქვთ და არა თოვლის ბაბუას.
*შეგიძლიათ, მოუყვეთ წმინდა ნიკოლოზზე, რომლის ცხოვრებიდანაც იღებს სათავეს სანტა კლაუსის ისტორია.
*თუ მიგაჩნიათ, რომ გარდაცვალების ფენომენი ბავშვისთვის ძნელი აღსაქმელი იქნება, შეგიძლიათ, უბრალოდ უთხრათ, რომ მთელი მსოფლიოს მშობლები შეთანხმდით, წელიწადის ერთ ღამეს შვილებს ზეიმი მოუწყოთ და კარგი ქცევისთვის დაასაჩუქროთ. სანამ ბავშვები პატარები არიან, მათ გასახალისებლად საჩუქრების მოტანას თოვლის ბაბუას აბრალებთ, მაგრამ სინამდვილეში ამას მშობლები აკეთებთ.
შეგიძლიათ, ერთად უყუროთ მულტფილმს ან საოჯახო კომედიას სანტა კლაუსის შესახებ და დადებითი ემოციებით აივსოთ.
* შესაძლოა, გეგონოთ, რომ თქვენი შვილი მზად არის სიმართლის გასაგებად, მაგრამ შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდეს. ნუ მიუთითებთ ბავშვს, რა იგრძნოს, ადროვეთ და ტაქტიანად დაეხმარეთ ემოციებთან გამკლავებაში. ერთად უყურეთ ფილმებს სანტაზე, უთხარით, რომ ახლა მას აკისრია პასუხისმგებლობა, ეს დიდი, ჯადოსნური საიდუმლო თავისი პატარა და-ძმებისთვის შეინახოს.
* დაამკვიდრეთ ახალი საოჯახო ტრადიციები. მაგალითად, ითამაშეთ “საიდუმლო სანტა”. აიყოლიეთ მეგობრები და ყოველ ახალ წელს ერთმანეთი დაასაჩუქრეთ. ეს თამაში ახალ წელს ბავშვისთვის მართლაც დაუვიწყარ დღესასწაულად აქცევს.
ლიკა ქათამაძე