სამედიცინო ტურიზმი – გლობალური ჯანდაცვა ანუ პაციენტები საზღვრებს გარეშე
გააზიარე:
დიდი ხანია, სამედიცინო ტურიზმი მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ტექნოლოგიების განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად დაახლოებით 14 მლნ ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო სერვისების მისაღებად მოგზაურობს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი – დარწმუნებული ვარ, ყველას გვყავს ერთი ისეთი ნაცნობი, რომელსაც დიაგნოსტიკის ან მკურნალობისთვის საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება.
სამედიცინო ტურიზმის გლობალურ და ადგილობრივ ტენდენციებზე სასაუბროდ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელს, სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტს პაატა რატიანს ვესტუმრეთ.
– ბატონო პაატა, რა არის სამედიცინო ტურიზმი და რა პოტენციალი აქვს ამ კუთხით საქართველოს?
– სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპი ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი.
სამედიცინო ტურიზმმა ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია წარმოშვა: თუ პაციენტი ჯანმრთელობის პრობლემას საკუთარ ქვეყანაში ვერ აგვარებს, მას შეუძლია, აირჩიოს სასურველი ქვეყანა, კლინიკა და ექიმი, რომელიც პაციენტს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს თანამედროვე მეთოდებით დიაგნოსტიკას და მკურნალობას. სამედიცინო ტურიზმი, თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში მედიცინის სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს. ეჭვგარეშეა, რომ მომავალში ტურიზმის ეს დარგი გლობალურ ჯანდაცვას მნიშვნელოვნად შეუცვლის სახეს.
სამედიცინო ტურიზმის მოტივები
– კლასიკური გაგებით, სამედიცინო ტურიზმი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ადამიანის უცხო ქვეყანაში გამგზავრებას გულისხმობს. როგორც წესი, პაციენტები ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიდან მაღალგანვითარებული ქვეყნების სამედიცინო ცენტრებში მიემგზავრებიან ისეთი სერვისისთვის, რომელიც მათ ქვეყანაში მიუწვდომელია. მაგალითად, საქართველოდან ხშირად მიდიან თურქეთში სამკურნალოდ, ასევე პოპულარულია ისრაელი, საფრანგეთი და გერმანია. თუმცა ისეც ხდება, რომ განვითარებული სახელმწიფოებიდანაც ჩადიან ე.წ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, რადგან ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოში ესა თუ ის სამედიცინო პროცედურა აკრძალული ან მეტისმეტად ძვირია. მაგალითად, კარდიოქირურგიული ოპერაცია აშშ-ში 200 000 დოლარამდე ღირს, მაშინ როდესაც ინდოეთში ანალოგიური სერვისის ღირებულება 25 000 დოლარია. საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მომსახურება ისრაელთან შედარებით 3-ჯერ, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 5-ჯერ და ამერიკასთან შედარებით 10-ჯერ იაფია.
– რა უწყობს ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას?
– სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე სამი ძირითადი ფაქტორი ახდენს გავლენას:
ფასი
– სამედიცინო ტურისტების 65% ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთისა და ავსტრიის მოქალაქეა. ამ და სხვა განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან სამედიცინო ტურისტები იმიტომ მიემგზავრებიან განვითარებად ქვეყნებში, რომ სამედიცინო მომსახურება იქ გაცილებით იაფია.
მაგალითად, გერმანიაში, სადაც საყოველთაო სოციალური დაზღვევა მოქმედებს, დაზღვევის საბაზისო პაკეტი ზოგიერთი სახის სამედიცინო მომსახურებას არ ფარავს. შესაბამისად, ეს სერვისები მათთვის ძვირია. აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 17% დაუზღვეველია. ამ ნაწილისთვის მიუწვდომელია ძვირად ღირებული სამედიცინო სერვისები. ზოგიერთ შემთხვევაში დაზღვევა არ ანაზღაურებს მძიმე ქრონიკული დაავადებების მკურნალობას.
თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, სინგაპური დიდი ხანია აღარ მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების რიცხვს, მაგრამ მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად იქ ყოველწლიურად ათასობით პაციენტი ჩადის და მილიონობით დოლარს ტოვებს, რადგან მაღალი ხარისხის მომსახურება გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე თავიანთ ქვეყნებში.
ხელმისაწვდომობა და ხარისხი
– როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში საჭირო სერვისი სათანადოდ არ არის განვითარებული ან საერთოდ არ არის დანერგილი, პაციენტები ამჯობინებენ, ისეთ ქვეყნებში ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება, სადაც, მიუხედავად სიძვირისა, მისი ხარისხი შედარებით მაღალია. ამ დროს სამედიცინო ტურიზმის მასპინძელი შეიძლება მაღალგანვითარებული ქვეყანა გახდეს. ბევრისთვის ამ სახის ტურიზმი მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების პრაქტიკულად ერთადერთი გზაა.
– რომელი ქვეყანა იზიდავს ყველაზე მეტ სამედიცინო ტურისტს?
– სამედიცინო ტურისტების რაოდენობით ლიდერობენ ინდოეთი, უნგრეთი, მექსიკა, სინგაპური, ტაილანდი, ბარბადოსი, ბრაზილია, ისრაელი, სამხრეთი კორეა და თურქეთი. ამ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მოწინავე ქვეყნებში.
სამედიცინო ტურიზმი და საქართველო
– სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად შემოსული ტურისტების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. დღეს საქართველო სამედიცინო ტურისტებს იმ ვიწროდ სპეციალიზებულ სერვისებს სთავაზობს, რომელთა ხარისხი ჩვენს ქვეყანაში სავსებით აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს და, იმავდროულად, შედარებით იაფიცაა. ასეთი მიმართულებებია, მაგალითად, სტომატოლოგია, ესთეტიკური მედიცინა (მათ შორის – თმის გადანერგვა), მხედველობის ლაზერული კორექცია, ფაგებით მკურნალობა (სამედიცინო ტურიზმის ექსკლუზიური სახეობა, ვინაიდან თბილისის ფაქტერიოფაგი ერთ-ერთი უნიკალური დაწესებულებაა მსოფლიოში), რეპროდუქციული მედიცინა (უშვილობის მკურნალობა, ინ-ვიტრო განაყოფიერება) და ე.წ. ველნეს (გამაჯანსაღებელი) პროცედურები. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია საკურორტო ზონებით. დღეისთვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლისთვის სხვადასხვა დაავადების სამკურნალო, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურების შეთავაზება შეუძლია. საქართველოში თავმოყრილია ყველა სამედიცინო პროფილის კურორტები მრავალფეროვანი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით – მინერალური წყლით, ტალახით, გამაჯანსაღებელი ჰავით – და შექმნილია ყოველგვარი პირობება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათი გამოყენებისთვის.
საქართველოში შესაძლებელია სამედიცინო ტურიზმის ისეთი სპეციფიკური სახეობების განვითარება, როგორიცაა დასვენება, მკურნალობა და გაჯანსაღება კლიმატურ (მთის, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველის) და ბალნეოლოგიურ კურორტებზე. ეს კურორტები ოდითგანვე წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ღირსებას. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილებად მთელ რეგიონში, ქართველი ექიმები კი დიდი ნდობით სარგებლობდნენ მეზობელ ქვეყნებში.
– რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს?
– დღესდღეობით სამედიცინო ტურისტები აზიის დაბალშემოსავლიანი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოდიან სამედიცინო სერვისების მისაღებად ისეთ დარგებში, როგორიც არის სტომატოლოგია, ესთეტიკური ქირურგია, კარდიოლოგია და რეპროდუქტოლოგია (უშვილობის მკურნალობა). ამ სერვისების ღირებულებით ქვეყანა კონკურენტუნარიანია, მაგალითად, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან შედარებით, თუმცა სამედიცინო ტურიზმის ქვეყნის სტატუსის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
ამჟამად ცალკეული კერძო კლინიკები მუშაობენ სამიზნე ქვეყნების მოძიებასა და იქიდან პაციენტების მოზიდვაზე, საქართველოში ჩამოსული სამედიცინო ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ეს პროცესი მთლიანად კლინიკებისა და საშუამავლო სააგენტოების აქტივობაზეა დამოკიდებული და სისტემურად არ იმართება, არ რეგულირდება.
პოტენციალი და მიზნები
– საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს როგორც საკუთრივ სამედიცინო, ისე მთლიანად ჯანმრთელობის (სამედიცინო და გამაჯანსაღებელი) ტურიზმის დარგში, თუმცა სამედიცინო ტურიზმის სფეროში არსებული ძლიერი კონკურენციის გამო ჩვენთვის უფრო რეალური და მოგებიანია, განვითარებული სამყაროს ქვეყნებს შევთავაზოთ ვიწრო, სპეციფიკური სპეციალიზაციის სერვისები გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად, რომლებსაც დიდი ინვესტიციები არ სჭირდება. ამ სერვისებზე დაბალი ფასების დაწესებით და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გადახდისუნარიან უცხოელ პაციენტებს მოვიზიდავთ. ამ კუთხით საქართველო აუცილებლად გახდება საინტერესო, თუნდაც რეგიონული მასშტაბით. ვფიქრობ, ამ პოტენციალის რეალიზებას ისიც გაგვიადვილებს, რომ ჩვენი ქვეყანა კულტურებისა და ცივილიზაციების გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. გარდა უშუალოდ სამედიცინო მომსახურებისა, შეგვიძლია, ტურისტებს მრავალი სხვა ტიპის მომსახურებაც შევთავაზოთ, ისე, რომ ერთმანეთს შეუთავსონ სამედიცინო პროცედურები და დასვენება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად უცხო ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს, როგორც წესი, თანხმლები პირებიც მიჰყვებიან. შესაბამისად, ამ მიზნით ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი ტურისტი. ამასთან, სამკურნალოდ ჩამოსულ ადამიანებს უფრო მეტხანს უხდებათ ქვეყანაში გაჩერება, ვიდრე, საზოგადოდ, ტურისტებს, ხოლო წელიწადის დროების ცვლა სამედიცინო ტურიზმზე გავლენას არ ახდენს.
– რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის?
– საუკეთესო მაგალითების შესწავლა გვაჩვენებს, რომ სამედიცინო ტურიზმის ქვეყანა რომ გავხდეთ, აუცილებელია პროცესში მთავრობის აქტიური ჩართვა, შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო სტრუქტურების ინტეგრირებული მუშაობა და სექტორის ხელშეწყობა.
როდესაც პაციენტი სამედიცინო ტურიზმისთვის ქვეყანას ირჩევს, უპირველეს ყოვლისა, ის ამ ქვეყნის სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო იმიჯს აქცევს ყურადღებას. მთელ მსოფლიოში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს სამედიცინო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერაში და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. თურქეთს ათწლეულები დასჭირდა, რომ თავისი ბრენდული მრავალპროფილური კლინიკები დაემკვიდრებინა რეგიონში, თუმცა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ეს ქვეყანა სამედიცინო ტურიზმის რეგიონულ ჰაბს წარმოადგენს.
საქართველოსთვის ძალიან კარგი მაგალითია ხორვატიის მოდელი: პანდემიის შემდეგ ქვეყანამ აქტიური და მიზანმიმართული სტრატეგია განახორციელა და დღეს ის ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ სამედიცინო ტურისტულ ლოკაციად არის მიჩნეული.
სამედიცინო ტურიზმი საქართველოში უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. მიზანშეწონილია ამ დარგის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების დანერგვა, სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ფორუმებში უფრო აქტიური მონაწილეობა, უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობით ერთობლივი სამედიცინო ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ არსებულ კერძო კლინიკებს სამედიცინო მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით.
სწორი პოზიციონირების პირობებში სამედიცინო ტურიზმს საკმაოდ ბევრი ტურისტის მოზიდვა შეუძლია, რაც, ვიმედოვნებ, ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდება.
***
საინტერესო ფაქტები
სამკურნალოდ საზღვარგარეთ მოგზაურობა არ არის ახალი ფენომენი. სამედიცინო ტურიზმის ისტორია რამდენიმე ათასეულ წელს მოიცავს. მისი ერთ-ერთი უძველესი მაგალითია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წელს შუმერების მიერ თერმული წყლების შემოგარენში გაშენებული სამკურნალო კურორტი, რომელსაც უამრავი მოგზაური სტუმრობდა. ინდუისტური სამკურნალო ტექნიკებიც – იოგა და აიურვედა – იზიდავდა ჯანმრთელობის აღდგენის მოსურნე ათასობით ადამიანს.
სამედიცინო ტურიზმის მაგალითებია იაპონელების მოგზაურობა სამკურნალო მიზნით ონსენის მინერალურ წყლებზე 1000 წლის განმავლობაში და პილიგრიმების მოგზაურობა საბერძნეთში, ეპიდურიაში. უფრო მეტიც – რომაული აბაზანებისა და კურორტების გამო ევროპა მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში სამედიცინო ტურიზმის ცენტრად იქცა. 1900 წელს აშშ და ევროპა გახდნენ ძირითადი მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრები, სადაც მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ ჩასვლა ჯანმრთელობის აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. საბჭოთა პერიოდში მრავალი ტურისტი სტუმრობდა საქართველოს უნიკალურ კურორტებს მინერალური წყლებით, ტალახით სამკურნალოდ და ა.შ.
მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, შეძლებული ადამიანები ნაკლებგანვითარებულიდან განვითარებულ ქვეყნებში მიემგზავრებიან უფრო მაღალი კვალიფიკაციის ექიმებთან და უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ.
მარი მარღანია