სადამსჯელო ფსიქიატრია. საბჭოთა წარსულის შემზარავი ფურცლები
გააზიარე:
ფსიქიკურად დაავადებულთა დაუსჯელობის თაობაზე შეთანხმება ერთ-ერთი უდიდესი ეთიკური გარღვევაა კაცობრიობის ისტორიაში. შეუგნებელ, გაუცნობიერებელ მოქმედებას ჯერ კიდევ არისტოტელეს ეპოქაში მიჩნევდნენ დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად, ხოლო განმანათლებელთა ჰუმანისტური იდეებით ნასაზრდოებმა საფრანგეთის რევოლუციამ ერთ-ერთი ლიდერის, ექიმ ჟან პოლ მარატის პირით ეს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის ერთ-ერთ საბაზისო პრინციპად მიიღო.
გამოხდა ხანი და სხვა რევოლუციის შედეგად შობილმა დიქტატურამ იგივე პრინციპი წარმატებით გამოიყენა განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ.
საბჭოთა კავშირში სადამსჯელო ფსიქიატრიის არსებობა დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტების იმპერიად წოდებული ტოტალიტარული სახელმწიფო თითქმის სამი ათეული წელია დაიშალა და დისიდენტობა როგორც ფენომენი წარსულს ჩაბარდა, მოვლენათა და ღირებულებათა გადაფასება დღემდე გრძელდება. სადამსჯელო ფსიქიატრიის შესახებ იწერება წიგნები, ქვეყნდება პუბლიკაციები, იღებენ ფილმებს, ასე რომ, დაინტერესებული მკითხველი იოლად მოიძიებს ინფორმაციას, ჩვენ კი ფაქტების მცირე კომპილაციას შემოგთავაზებთ, როგორც შეხსენებას იმისა, რაც აღარ უნდა გამეორდეს.
ორმოციან წლებამდე, როცა ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი ედო, რეჟიმით უკმაყოფილოებს (ან მათ, ვისითაც თავად რეჟიმი იყო უკმაყოფილო), უბრალოდ ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ (რობერტ ვან ვორენი – ამ ფსევდონიმით წერს პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და უფლებადამცველი იოჰანეს ბაქსი, რომელიც, სხვათა შორის, თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორია; რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნში “დისიდენტებისა და შეშლილობის შესახებ. ლეონიდ ბრეჟნევის საბჭოთა კავშირიდან ვლადიმირ პუტინის საბჭოთა კავშირამდე” თავი მოუყარა 70-80-იან წლებში შეკრებილ მასალას, როცა ის, სრულიად ახალგაზრდა, დისიდენტებს უცხოეთთან კავშირის დამყარებაში ეხმარებოდა და აქტიურად აგროვებდა ინფორმაციას მათ შესახებ, ვისაც განსხვავებული აზროვნების გამო ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყვდევდნენ – იხსენებს, როგორ უამბო ერთმა საბჭოთა გენერალმა კიროვოგრადისა და ვინიცკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებს შორის გამართული სოციალისტური შეჯიბრების შესახებ, რომლის ამსახველი დოკუმენტებიც თავად ენახა ლენინის კაბინეტში. კიროვოგრადელი ჩეკისტები ამდენი და ამდენი “ჯაშუშის” დაჭერას გეგმავდნენ, ხოლო ვინიცკელი კოლეგები პირობას დებდნენ, რომ ათით მეტს დაიჭერდნენ). შესაბამისად, სადამსჯელო ფსიქიატრიის საჭიროება არ არსებობდა.
საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის ერთ-ერთი პირველი ცნობილი მსხვერპლი პოეტ სერგეი ესენინის ვაჟი იყო. ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი კურსდამთავრებული, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 1949 წელს დააკავეს “ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის” (“ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა” მეგობრებისა და თანამოაზრეების ვიწრო წრეში საბჭოთა ხელისუფლებისადმი ირონიული ლექსების კითხვით გამოიხატებოდა. დამსმენი ამ ვიწრო წრეშიც მოიძებნა). სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ის შეურაცხადად ცნო. ესენინ-ვოლპინი ლენინგრადის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც სოციალურად საშიში ელემენტი, გადაასახლეს.
სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას სიკვდილით დასჯის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას შეუერთდა და რეჟიმი შედარებით ლიბერალური გახდა, დისიდენტების წინააღმდეგ ფსიქიატრიის გამოყენებამ მასობრივი სახე მიიღო. ათასობით ადამიანი ხვდებოდა ფსიქიატრიულ კლინიკებში “დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის” დიაგნოზით, რომელიც ვ. პ. სერბსკის სასამართლო ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეი სნეჟინსკიმ, ფაქტობრივად, გამოიგონა. პოლიტიკურ საქმეებთან მისი მისადაგება ძალიან ადვილი იყო – აღწერილობის თანახმად, მკაფიო სიმპტომებს არ იწვევდა და ავტორიტეტული ფსიქიატრები ახერხებდნენ, არათუ ნევროზული მდგომარეობა ან უბრალო აღელვება, სახელმწიფო იდეოლოგიისგან მცირედი გადახრაც კი “დუნედ მიმდინარე შიზოფრენიისთვის” დაეკავშირებინათ.
დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ასოციაციის პრეზიდენტი იური სავენკო ამბობს, რომ 1989 წლიდან, როცა პოლიტიკური ძვრების შეუქცევადობა აშკარა გახდა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღრიცხვიდან მოხსნილ იქნა მილიონამდე ადამიანი, რომლებსაც მანამდე ფსიქიატრიული დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. თავად ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი კიდევ ორჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში დისიდენტური საქმიანობისთვის.
ლოზუნგად ქცეულმა ფრაზამ, რომ მხოლოდ შეშლილი თუ გაილაშქრებს სოციალისტური წყობის წინააღმდეგ (მისი ავტორობა ხრუშჩოვს მიეწერება), სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს ხელ-ფეხი გაუხსნა და, ფაქტობრივად, ლეგიტიმურობა მიანიჭა განსხვავებულად მოაზროვნეთა ფსიქიატრიულ კლინიკებში განწესებას. ერთი შეხედვით, ეს მართლაც უფრო მსუბუქი სასჯელი იყო, ვიდრე წლობით ბანაკში გამომწყვდევა; მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა სამუდამო სტიგმას, პროფესიული კარიერის დასასრულს და განუსაზღვრელი ვადით გამოკეტვას გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში, ფსიქიკურად დაავადებულების გვერდით (როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი ტატიანა ოსიპოვა ამბობს, ბანაკის პატიმარმა იცოდა, როდის გამოვიდოდა გარეთ, ხოლო საგიჟეთის პატიმარმა – არა).
საინტერესოა, რომ სისტემა ასე ექცეოდა არამხოლოდ მათ, ვინც “სოციალისტური წყობის წინააღმდეგ ილაშქრებდა”, არამედ მათაც, ვინც ხელისუფლების თვითნებობას ვერ ეგუებოდა და “ჰუმანისტური კომუნისტური იდეების” დასაცავად იმაღლებდა ხმას. ერთი მათგანი გახლდათ უკრაინელი გენერალი პიოტრ გრიგორენკო, თხემით ტერფამდე კომუნისტი, რომელმაც 1961 წელს, კონფერენციაზე, პარტიის პოლიტიკა გააკრიტიკა. ის მაშინვე განაწესეს სერბსკის ინსტიტუტში – საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის ცენტრალურ ორგანოში, და შეურაცხადად ცნეს. ამას შეეწირა გრიგორენკოს სამხედრო ჩინი და მომავალი – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს წოდება ჩამოართვეს და მიზერული პენსია დაუნიშნეს, რომელზეც გენერალმა თვითონვე თქვა უარი.
მოგვიანებით გრიგორენკო დისიდენტებს შეუერთდა.
სასამართლოს წინაშე წარდგა და ათწლიანი სასჯელი მოიხადა ფსიქიატრმა სემიონ გლუზმანმაც, რომელმაც პიოტრ გრიგორენკოს საქმის მასალები მოიპოვა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება სცადა.
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრილი ადამიანი იქცოდა ნივთად, რომელსაც შეიძლებოდა სურვილისამებრ მოჰქცეოდი. მიმოწერისა და ახლობლებთან შეხვედრის უფლებაც კი მთლიანად მკურნალი ექიმის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. წამებისა და არაადამიანური პირობების თაობაზე საჩივარი განიხილებოდა როგორც “დაავადების გამწვავება” და ისჯებოდა საწამებელი თერაპიის მორიგი კურსით. მაგალითად, სულფოზინის – გოგირდოვანი ხსნარის ინექციით, რომლის ხანგრძლივი გამოყენებას ინტენსიურ ტკივილებს, საძრაობის დაკარგვას და კუნთების ნეკროზს იწვევდა. ამჟამად დადასტურებულია, რომ შიზოფრენიის სამკურნალო ამ ტრადიციულ საშუალებას არავითარი თერაპიული ღირებულება არ გააჩნია (დასავლეთში ეს ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში აღიარეს). მისი ერთადერთი დანიშნულება მეამბოხეთა დასჯა იყო.
იყენებდნენ ატროპინს, რომელიც ადამიანს დელირიულ მდგომარეობაში აგდებდა.
კიდევ ერთი მეთოდი იყო ინსულინის ინექციები ჰიპოგლიკემიური კომის გამოსაწვევად.
პაციენტებს რეგულარულად აძლევდნენ ნეიროლეფსიურ საშუალებებს, რომლებიც უმძიმეს გვერდით ეფექტებს იწვევდა. ამ ეფექტების მაკორეგირებელი საშუალებები ან არ გაიცემოდა, ან პაციენტებს მათ ძალადობითა და მუქარით სძალავდა უმცროსი სამედიცინო პერსონალი – სანიტრები და ზედამხედველები, რომელთა უმრავლესობა ყოფილი სისხლის სამართლის პატიმარი იყო.
მიღებული მეთოდი იყო პაციენტების გახვევა: მათ მთელ ტანზე ახვევდნენ სველ ზეწარს, რომელიც გაშრობის კვალდაკვალ სხეულში ეჭდობოდა და ადამიანს აუტანელ ტკივილს აყენებდა.
ჩვეულებრივი ამბავი იყო საწოლზე მიბმაც – არათუ რამდენიმე საათით, არამედ რამდენიმე დღითაც კი, ისე მჭიდროდ, რომ ადამიანს კიდურები უსივდებოდა.
ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოწერის გადაწყვეტილებას კა-გე-ბე იღებდა. ამასთან, ბევრი დისიდენტი გაცილებით მეტ ხანს ატარებდა კლინიკაში, ვიდრე ბანაკში იმავე “დანაშაულის” გამო გასამართლებული პოლიტპატიმარი. ზოგიერთი მათგანის “მკურნალობის” საერთო ხანგრძლივობა ოც წელსაც კი აღწევდა.
ფსიქიატრიული კლინიკიდან ბევრი დისიდენტი მძიმედ ჯანმრთელობაშერყეული ბრუნდებოდა. ცნობილია სტაციონარში გარდაცვალების შემთხვევებიც (ჩვენს მკითხველს შესაძლოა გაახსენდეს ქართველი ჟურნალისტის ნაზი შამანაურის ისტორია, რომელიც მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკიდან სიკვდილის პირას მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია).
ლოგიკურია, რომ მაშინაც და შემდგომ წლებშიც დისიდენტები და მათი გუშლემატკივრები სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს “ფსიქიატრიულ ციხეებად” იხსენიებდნენ. ასეთი ხვედრის თავიდან ასაცილებლად მრავალი მათგანი, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, წინასწარ გადიოდა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. ასე მოიქცა, მაგალითად, დისიდენტი, ადამიანის უფლებათა დამცველი ტატიანა ველიკანოვა. მისი წინასწარი ექსპერტიზის შედეგები საიმედო ადგილას ინახებოდა. თუ ველიკანოვას პოლიტიკური აქტიურობისთვის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებდნენ, ექსპერტიზის შედეგები უნდა გაესაჯაროებინათ.
1971 წელს რუსმა მწერალმა, სადამსჯელო ფსიქიატრიის კიდევ ერთმა მსხვერპლმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ, მოახერხა, საზღვარგარეთ გაეგზავნა რამდენიმე პოლიტპატიმრის საქმე და იმ დისიდენტების მოგონებები, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით მკურნალობდნენ. მასალები ხელში ჩაუვარდა ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს პიტერ რედუეის, რომელიც იმ დროს საბჭოთა დისიდენტობის ისტორიით იყო დაინტერესებული. რედუეიმ ისინი ბრიტანელ ფსიქიატრებს გადასცა და მათი შესწავლა სთხოვა.
იმავე წლის სექტემბერში ჟურნალ “ტაიმსში” დაიბეჭდა 44 ავტორიტეტული დასავლელი ფსიქიატრის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომლის ავტორებიც ადასტურებდნენ, რომ მათ მიერ მიღებული დოკუმენტები არ შეიცავდა მონაცემებს, რომლებიც ამ ადამიანების ფსქიატრიულ დაწესებულებაში გაჩერებას გაამართლებდა.
პიტერ რედუეი იხსენებს, რომ ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციამ საბჭოთა კავშირის ფსიქიატრიული საზოგადოებაზე ზემოქმედება ასოციაციიდან გარიცხვის მუქარით სცადა, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ მუქარამ შედეგი არ გამოიღო.
1983 წელს, ვენის ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესის წინ, ასოციაციიდან საბჭოთა კავშირის გარიცხვის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის ფსიქიატრიულმა საზოგადოებამ დაასწრო და ასოციაცია თვითონვე დატოვა.
ქეთი ნიკოლეიშვილი