ნონა გაფრინდაშვილი: არ ვიცი, მეტი რა უნდა მენატრა

გააზიარე:

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ტიტულს თექვსმეტი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ის პირველი ქალია, რომელმაც არა მხოლოდ ქალთა, არამედ ვაჟთა შორისაც მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. არის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, თერთმეტი გუნდური და ცხრა პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის თასის ორგზის მფლობელი. ჭადრაკის "ოსკარიც" პირველად მას გადაეცა. არ არსებობს მოჭადრაკის ტიტული, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს არ ჰქონდეს მიღებული.

1997 წელს ფიდეს კონგრესმა დააწესა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა.

ქალბატონი ნონა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია. სხვადასხვა დროს გახლდათ ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყველგან საჭიროა, მაგრამ სპორტში ხანგრძლივი წარმატებისთვის სპორტული ჟინი, ძლიერი ხასიათი და ნებისყოფაა აუცილებელიო, ამბობს:

– მწვერვალზე დიდხანს მომიწია ყოფნა. ტურნირებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ ფიზიკურ ამტანობას, არამედ ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც მოითხოვდა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ხანმოკლე შესვენებას ისევ დაძაბული თამაში მოჰყვებოდა ხოლმე, რასაც, ბუნებრივია, სპორტსმენი სტრესულ მდგომარეობამდე მიჰყავდა, თუმცა 82 წლის ვარ და ჯერ ძილის წამალიც კი არ დამილევია.

ქალბატონი ნონას ძლიერი ხასიათის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით.

რუსეთში სპორტული ფსიქოლოგიის პატრიარქად წოდებული რუდოლფ ზაგაინოვი, რომელიც ყველზე წარმატებულ საბჭოთა სპორტსმენებთან მუშაობდა, ქალბატონ ნონას შეხვედრია და დაუჩემებია, გინდა თუ არა, დასვენებაში დაგეხმარებიო. თავი რომ აღარ დაანება, ქალბატონი ნონა შეხვედრაზე დათანხმდა, თან ინტერესი კლავდა – რა მეთოდს ფლობს ასეთს, საკავშირო პოპულარობა რომ მოიპოვაო. პირველ სეანსზე ფსიქოლოგს სპორტსმენისთვის უთხოვია, ტახტზე წამოწექითო, თავად კი თურმე ოთახში დადიოდა და რაღაც სიტყვებს იმეორებდა. თავი ძლივს შევიკავე, ხმამაღლა რომ არ გამცინებოდაო, იხსენებს ქალბატონი ნონა. მეორე სეანსზე დაღლილ ზაგაინოვს თვითონვე ამოუშვია ხვრინვა.

დასვენებისა და ნერვული სისტემის აღდგენის საუკეთესო გზად ქალბატონ ნონას ფიზიკური დატვირთვა მიაჩნია. სპორტი ადრეული ბავშვობიდან მოსწონდა და თავადაც ყოველთვის აქტიურ ცხოვრების წესს მისდევდა:

– ჩემს ბავშვობაში თბილისში რომ ჩამოვდიოდი, ბიძას მივყავდი ხოლმე სტადიონზე. საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ცხენოსნები შემოდიოდნენ. ულამაზესი სანახაობა იყო. დღემდე სპორტის ამ სახეობის დიდი გულშემატკივარი ვარ.

როდესაც ჯერ კიდევ ზუგდიდში ცხოვრობდა, ქუჩა, სადაც ორსართულიანი ლამაზი სახლები იდგა, ბავშვების სათამაშო მოედნად იყო ქცეული. პატარა ნონა თანატოლ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. უმეტესად მეკარე იყო. შესანიშნავად თამაშობდა ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს.

ჭადრაკის დედოფალი

– მამამ პირველად რომ მოიტანა ჭადრაკი, თამაში ყურებით ვისწავლე. შინ ტურნირებს ვმართავდით. ოთხ უფროს ძმასა და მეზობლის ბავშვებს ტოლს არ ვუდებდი. 1953 წლის ზაფხულში ბათუმში მოსწავლეთა რესპუბლიკური ჩემპიონატი იმართებოდა. თითოეული მონაწილე რეგიონის გუნდის შემადგენლობაში სამი ვაჟი და ერთი გოგო უნდა ყოფილიყო. გაიგეს, რომ გაფრინდაშვილების ოჯახში იყო სასურველი კანდიდატი, თუმცა როგორ ვთამაშობდი, წარმოდგენა არ ჰქონდათ. მიმიწვიეს. თანატოლმა ბიჭებმა გზაშივე მოინდომეს ჩემი გაცნობა. პირველი ხელი რომ მოვიგე, ვაჰ, შენ თამაში გცოდნიაო — გაუკვირდათ. მოდი, კიდევ ვითამაშოთო და მეორეც მოვიგე.

ჩემპიონატზე გამიცნო ვახტანგ ქარსელაძემ, რომელიც პიონერთა სასახლეში ჭადრაკის გაყოფილებას ხელმძღვანელობდა. ჩემს მშობლებს შეუთვალა, ამ ბავშვს ნიჭი აქვს და თბილისში ჩამოვიდესო. ოჯახიდან ერთადერთი გოგოს გაშვება დედ-მამისთვის, რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, მაგრამ მშობლებმა ჩემს მომავალს დაბრკოლება არ შეუქმნეს.

არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია. წარმოიდგინეთ, ხუთი რძალი დედამთილს დედასავით რომ შეიყვარებს, როგორი ადამიანი უნდა ყოფილიყო დედაჩემი...

ცამეტი წლისა თბილისში ჩამოვედი. დეიდის ოჯახში ვცხოვრობდი. ერთ წელიწადში ქალთა ტურნირზე მეორე ადგილზე გავედი, 1956 წელს საქართველოს ჩემპიონატში გავიმარჯვე, შემდეგ თბილისში  საბჭოთა კავშირის ნახევარფინალი ჩატარდა, აქაც მოვიგე და  გავედი საბჭოთა კავშირის ფინალში. ასე დაიწყო ხანგრძლივი წარმატებული პერიოდი. ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

განსაკუთრებით რთული იყო ვაჟთა ტურნირები. საჭადრაკო პარტიები ხუთ-ხუთ საათს გრძელებოდა. ღამეებს ვათენებდით. ასაკითაც ყველაზე პატარა ვიყავი, თან ქალი... დანარჩენ მონაწილეებს სერიოზულ მოწინააღმდეგედ რომ მივეჩნიე, დიდი დატვირთვისთვის უნდა გამეძლო. თუმცა ჭადრაკის დაფა გადაშლილი ცხოვრებაა — შეცდომა არ უნდა დაუშვა, თორემ წაგებასთან შეგუება მოგიწევს.

ერთი წლის განმავლობაში ქალთა ჭადრაკის მიმართ ვაჟი მოჭადრაკეების დამოკიდებულება სრულიად შევცვალე და თავის რიგებში მიმიღეს როგორც  თანასწორი მეტოქე.

სპორტს დათმობა არ უყვარს

– ბაქოში, მამაკაცების ტურნირზე, მოვიდა კორესპონდენტი სპორტული აკადემიიდან და მონაწილეებს ტესტების შევსება გვთხოვა. ჩემი და მიხეილ ტალის პასუხები ერთმანეთს დაემთხვა – ორივემ ორი ყაიმის ნაცვლად ერთი წაგება და ერთი მოგება ავირჩიეთ. დიდოსტატების უმრავლესობა წაგების შემდეგ მზად იყო, ყაიმი გაეკეთებინა, მე კი წარუმატებელი პარტიის შემდეგ ერთი სული მქონდა, მაგიდასთან დავმჯდარიყავი მოსაგებად. ასეთი ხასიათი მაქვს — ჩქარა მინდა შეცდომის გამოსწორება.

ლეგენდარული სპორტსმენის წარმატებული კარიერა დღემდე გრძელდება – ვეტერანთა ტურნირების მუდმივი მონაწილე და ჩემპიონია:

– ვთამაშობ იმიტომ, რომ მსიამოვნებს და ამ დროს ჩემს სამყაროში ვარ. თუ რამეს ვაფუჭებ, ისევ მხოლოდ ჩემი შეცდომით. წელიწადში ორჯერ სიამოვნებით ვმონაწილეობ სენიორების ტურნირებში. სანამ ამის შესაძლებლობა მექნება, გავაგრძელებ თამაშს, რადგან ეს სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.

როცა აქტიურ სპორტს ჩამოვცილდი და ბევრი თავისუფალი დრო გამიჩნდა, მჯდომარე ცხოვრების წესმა მენჯ-ბარძაყის სახსრების პრობლემებამდე მიმიყვანა. ოპერაციის შემდეგ ისევ თავისუფლად დავდივარ.

წინათ საათობით შემეძლო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, დაღლას ვერ ვგრძნობდი. მიუხედავად ამისა, სიარული არ მიყვარდა. მაღაზიაში რომ შევიდოდი, მერე სადმე უნდა დავმჯდარიყავი, დამესვენა, ყავა დამელია... ვფიქრობ, შინ რაც უნდა ბევრი საქმე აკეთო, იფუსფუსო, სადილები ამზადო და სახლი ალაგო, ფიზიკურ აქტიურობას ეს ვერ შეცვლის. პასიური ცხოვრების წესი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

ქალბატონი ნონა შესანიშნავი კულინარია. გუნდში ერთადერთი ვიყავი, ვისაც სადილების კეთება შეეძლოო, ამბობს:

– არ მეზარებოდა, მიყვარდა კიდეც კერძების ჩემი გემოვნებით კეთება. აი, სახლის დალაგება უფრო მეძნელებოდა ხოლმე – ჩემი აღქმით, ეს საქმე სხვა ენერგიას და დამოკიდებულებას მოითხოვდა. დედა საოჯახო საქმეში სულ მეხმარებოდა, თუმცა თირკმელების ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ბოლო წლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირი სამედიცინო კონტროლი სჭირდებოდა. ბევრჯერ მომხდარა, რომ ტურნირზე წასასვლელი ბილეთი ხელში მჭერია და ბოლო წუთამდე არ მცოდნია, შევძლებდი თუ ვერა გამგზავრებას, დედის დატოვებას. ის კი უკანასკნელ ძალას მოიკრებდა, წამოდგებოდა და მეტყოდა, ახლა კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდეო.

მომავალი მეუღლე ლერი ჭიჭინაძე ნონა გაფრინდაშვილმა ბაქოში, ვაჟთა ტურნირზე გაიცნო. ექიმი და ჭადრაკის დიდი გულშემატკივარი, ველოსპორტით იყო გატაცებული. აზერბაიჯანში მუშობდა, შემდეგ თბილისში დაბრუნდა და მალევე იქორწინეს:

– როცა კაცს მსოფლიო ჩემპიონი მოჰყავს ცოლად, იცის, რომ მეუღლის რთულ გრაფიკთან, ტურნირებთან, ხანგრძლივ მოგზაურობებთან მოუწევს შეგუება... ლერის ეს ესმოდა და მეც მთელი ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.

ერთმა არაჟურნალისტმა მკითხა, რომ შეიძლებოდეს, რომელ ასაკში დაბრუნდებოდიო. მინდა, ეს ინტერვიუც ჩემი მაშინდელი პასუხით დავასრულო: წარსულში დაბრუნების სურვილი არ გამჩენია, რადგან ყველა ასაკში ვახერხებდი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. მქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობები, გულწრფელ სიყვარულს ვიღებდი მუდამ და არ ვიცი, მეტი რა უნდა მენატრა.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: