ელიზბარ ელიზბარაშვილი: ქიმია ენაა, რომლითაც ბუნება გვესაუბრება

გააზიარე:

“ჩვენ გვგონია, რომ არსებობს ფერი; ჩვენ გვგონია, რომ არსებობს ტკბილი; ჩვენ გვგონია, რომ არსებობს მწარე. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ატომები და სიცარიელე”, – დემოკრიტეს ეს სიტყვები უძღვის წინ მის პორტფოლიოს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ვებსაიტზე. ატომები მისი კვლევის საგანიცაა. აი, სიცარიელისთვის კი მის ცხოვრებაში ადგილი არ რჩება – ამ უკანასკნელს ოჯახი, ინტერესების ფართო წრე, მრავალმხრივი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა ავსებს.

– სიტყვა "ბუნებისმეტყველება" ზედმიწევნით გადმოსცემს ქიმიის არსს, – ამბობს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი. მისი თქმით, ქიმია ენაა, რომლითაც ბუნება გვესაუბრება.

– თუ თაფლი გიყვარს, სკაშიც უნდა ჩაიხედო და ფუტკრების ცხოვრებას გაეცნო. თუ სამყარო გიყვარს, ატომებისა და მოლეკულების ცხოვრებაზეც უნდა გქონდეს წარმოდგენა... მიკრონაწილაკებიც ისეთივე მოწესრიგებულ "საზოგადოებას" ქმნიან, როგორიც ჩვენია, ამიტომ მათთან ურთიერთობა, მათი ქცევის შესწავლა ძალიან საინტერესოა. სულ სხვა თვალით უყურებ ყველაფერს, როცა ამ საოცარი სამყაროს ენა გესმის.

თავად ბატონ ელიზბარს ბუნების ენა მასწავლებლებმა შეაყვარეს: სკოლაში – ლენა მახარაშვილმა, ტექნიკურ უნივერსიტეტში – გოგი ჭირაქაძემ. გადაწყვიტა, ცხოვრება თვითონაც ქიმიის შესწავლისა და სწავლებისთვის მიეძღვნა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღემდე კითხულობს ლექციებს, კვლევით საქმიანობას კი აგრარულ უნივერსიტეტში ეწევა. ცდილობს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ისევე ძლიერ შეაყვაროს მოლეკულების სამყარო, როგორც თავის დროზე თვითონ შეიყვარა.

– როგორ ახერხებთ მოზარდების დაინტერესებას?

– უპირველეს ყოვლისა, მათ ქიმიის მნიშვნელობას ვუხსნი. საქმე ის არის, რომ სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს – ყველაფერი კანონზომიერია. დაბადება და სიკვდილი, შენება და ნგრევა, ცივილიზაციათა აღმოცენება-აღზევება და დაცემა-გადაშენება რაღაც კანონს ემორჩილება. ეს კანონები სამყაროს შექმნამდე არსებობდა და თვით სამყაროც ამ კანონებითაა შექმნილი. მეცნიერებისა თუ რელიგიის მიზანიც სწორედ ამ კანონზომიერებათა წვდომაა. ნიუტონმა, ფარადეიმ, ლავუაზიემ თავის დროზე აღმოაჩინეს "თავიანთი" კანონები და კაცობრიობას გააცნეს, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი ისეთი რამ ხდება ჩვენ გარშემო, რასაც ვერც ერთი ჩვენთვის ცნობილი კანონით ვერ ვხსნით.

ქიმიის კორიფეთა დამსახურებაა, რომ უამრავი უკურნებელი სენი დამარცხდა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა წინა საუკუნესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბევრს ქიმია დღესაც ჯოჯოხეთის მსახურად უფრო მიაჩნია, ვიდრე ადამიანისა; ჩვენს საზოგადოებაში “ბუნებრივი” უვნებლის სინონიმია, ხოლო “ქიმიური” – მავნებლისა.

მინდა, მოზარდებმა გაიზრონ ეს ყველაფერი, რომ ბუნების ენის შესწავლით დაინტერესდნენ და ქიმიის უსაზღვრო პოტენციალი კაცობრიობის სასიკეთოდ გამოიყენონ.

წარმატებული პროექტები

ელიზბარ ელიზბარაშვილი ქიმიაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს ნიჭიერ მოზარდებს, ამეცადინებს და საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაჰყავს:

– საერთაშორისო ოლიმპიადის პროგრამა რთულია. ამ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად მოსწავლემ ორ-სამწლიანი ინტენსიური კურსი უნდა გაიაროს. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელები – პედაგოგები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და სრულიად უსასყიდლოდ მუშაობენ ბავშვებთან. ყოფილა შემთხვევა, ოლიმპიური ნაკრების ოთხი წევრიდან ოთხივეს მიუღია მედალი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არც ისე ცოტაა, – ამბობს ბატონი ელიზბარი, თუმცა იქვე აზუსტებს, რომ წარმატების მთავარი პირობა მაინც ბავშვების მონდომება და სიბეჯითეა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი საქართველოს პროფესიულ ქიმიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაცია ერთგვარი მედიატორის როლს ასრულებს სკოლას, უმაღლეს სასწავლებელსა და დამქირავებელს შორის. მისი კიდევ ერთი მიზანი ქიმიის პოპულარიზაციაა. ამისთვის ასოციაცია რამდენიმე ათეულ პროგრამას ახორციელებს. ერთი მათგანია "შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას". ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სკოლებში პრეზენტაციებს მართავენ და ბავშვებს ქიმიკოსის პროფესიის პერსპექტივებს აცნობენ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გააზრებულად ირჩევენ ახალგაზრდები პროფესიას? ბევრი ხვდება იმ სფეროში, რომელიც მართლა აინტერესებს?

– არც ისე დიდი ხნის წინ ახალგაზრდების უმრავლესობა დინებას მიჰყვებოდა – იქით, სადაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების, სამეცნიერო ხარისხის მოპოვების და დასაქმების მეტ შანსს ხედავდა.

დღეს სხვა რეალობაა. ქიმიის საბაკალავრო პროგრამებს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს, თუმცა მე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან მეტი შეხება მაქვს, ასე რომ, პასუხს მათ მაგალითზე გაგცემთ: აბსოლუტური უმრავლესობა მოდის იმიტომ, რომ ქიმია აინტერესებს.

სტუდენტი თვითონ ირჩევს, ქიმიის რომელ დარგში უნდა საქმიანობა, ამ მიმართულებით ეძებს სამაგისტრო პროგრამას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პერსპექტივას. საბჭოთა განათლების სისტემაში ფესვგადგმული სტერეოტიპი, "მეცნიერება მეცნიერებისთვის", თანდათან ინგრევა. ვიმედოვნებ, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეებს ეს ახალგაზრდები აიღებენ ხელში, განათლების სისტემა კიდევ უფრო სწორი მიმართულებით იმუშავებს.

– მაინც რა პერსპექტივა არსებობს დღეს ქიმიკოსებისთვის საქართველოში?

– ქიმიური ტექნოლოგია დარგია, რომელსაც გეოგრაფიული საზღვრები, პრაქტიკულად, არ გააჩნია. ფართოა საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობაც. თუმცა არის ერთი "მაგრამ". წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ქიმიკოსებისთვის შრომის ბაზარი მწირია. საქართველო პატარა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, იმდენ სამუშაო ადგილს ვერ ქმნის, რამდენსაც დიდი და განვითარებული ქვეყნები, მაგრამ დღეს აქ ორასზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი საწარმოა, სადაც ქიმიკოსები სჭირდებათ. არის სურსათის, ლუდის, ღვინის, წყლის ლაბორატორიები, ცემენტის, სასუქების, მეტალების მწარმოებელი დიდი ქარხნები, კარგად არის განვითარებული ფარმაცევტული ინდუსტრია...

ფარმაცევტულ ინდუსტრიას, რომლის ერთ-ერთი ლიდერია "ავერსი“, ჩვენს პოტენციურ პარტნიორად და ქომაგად მოვიაზრებთ. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ერთობლივი პროექტები ამოქმედდება.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა

– 2016 წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში ჩატარდა. ის წინასწარ დაგეგმილი, დაფინანსებული და შეთანხმებული არ ყოფილა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა: პაკისტანმა, სადაც იმ წელს ოლიმპიური შეჯიბრება უნდა გამართულიყო, მოულოდნელად უარი განაცხადა მონაწილეთა მიღებაზე და მათი მასპინძლობა საქართველომ იკისრა, რითაც ოლიმპიურ კალენდარს თავიდან ააცილა სრული ქაოსი, ახალგაზრდებს კი – იმედგაცრუება.

ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. მოსამზადებლად საქართველოს სულ სამიოდე თვე ჰქონდა. ოლიმპიადის ორგანიზებაში ქიმიკოსთა ასოციაციასთან ერთად ჩართული იყვნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განათლების, ტურიზმის, საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები...

ეს იყო დიდი ზეიმი, რომელმაც უამრავი სიკეთე მოიტანა. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ჩამოვიდა ოთხმმოცდაოთხი ქვეყნის რვაასზე მეტი დელეგატი, სტუდენტებს შორის დამყარდა მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებენ.

– როგორ მოახერხეთ ამ კოლოსალური სამუშაოს სამ თვეში შესრულება? ასეთი დონის ღონისძიებებისთვის ხომ ქვეყნები სამი-ოთხი წლის განმავლობაში ემზადებიან...

– უპირველეს ყოვლისა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. აგრარულმა უნივერსიტეტმა დაგვითმო სივრცე, სადაც ყველა მონაწილის განთავსება შევძელით. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ადამიანური რესურსი გახლდათ – პრემიერ-მინისტრით დაწყებული, სტუდენტებით დამთავრებული, ყველა მობილიზებული იყო, რომ ოლიმპიადა სათანადოდ ჩაგვეტარებინა. დიდი მხარდაჭერა გვქონდა ოლიმპიადის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგანაც. დაუჯერებლად მოკლე დროში ყველა პრობლემა მოგვარდა და ოლიმპიადა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი.

დისტანციური სწავლება

ბატონ ელიზბარს პანდემიის გამო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანაზეც ვესაუბრეთ, დავინტერესდით, რა ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს, მისი თვალთახედვით, სწავლა-სწავლების ამ სტილს:

– თეორიული კურსის ფარგლებში დისტანციურ მეცადინეობას თავისი პლუსები აქვს. მაგალითად, ქიმიით დაინტერესებულ ნიჭიერ მოზარდებს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის აქამდე უმეტესად მხოლოდ თბილისის ფარგლებში ვეძებდით, რადგან მეცადინეობებზე დასასწრებად რეგიონებიდან მათი ჩამოყვანა ბევრ პრაქტიკულ და მატერიალურ პრობლემას უკავშირდებოდა. ახლა უკვე შეგვიძლია, დაინტერესებული მოსწავლეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოვიძიოთ და სასწავლო პროგრამები დისტანციურად ვმართოთ. თუმცა ეს ქიმიის სწავლების ერთი მხარეა. მეორეს, ექსპერიმენტულს, ონლაინ სწავლება ვერ შეცვლის. ეს პრობლემა არა მარტო ქიმიაში, არამედ მეცნიერების სხვა დარგებშიც მწვავედ დგას.

კიდევ ერთი პროფილი

ელიზბარ ელიზბარაშვილს ფართო საზოგადოება იცნობს როგორც შესანიშნავი სტატიების ავტორს, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების ცენტრის ინტერნეტგამოცემაში – გაზეთ "მასწავლებელში". ამ სტატიებშიც ქიმიას, მიკრონაწილაკების სამყაროს, მის ენას უტრიალებს. როგორც თავად გვითხრა, მისი ეს წამოწყებაც ქიმიის პოპულარიზაციას ემსახურება:

– არ მაქვს ილუზია, რომ ქიმიას ყველას შევაყვარებ. მხოლოდ ის მინდა, რომ ხალხს მისი არ ეშინოდეს. საზოგადოების უმეტეს ნაწილს ქიმია მიაჩნია საზარელ მონსტრად, რომელიც უამრავ ზიანს აყენებს ბუნებას და ადამიანს. სინამდვილეში პირიქითაა... ბლოგის წერაც უმთავრესად იმისთვის დავიწყე, რომ ფართო საზოგადოებისთვის მარტივი ენით ამეხსნა ეს ყველაფერი.

ეს ბლოგები სამ წიგნად გაერთიანდა, რომლებიც გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა: "ქიმია ყველასათვის“, "პატივისცემით ქიმიას" და "ქიმიური რე-აქციები“.

ოჯახი

ბატონი ელიზბარის მეუღლე პოეტი ნატო ინგოროყვაა. ნატო ჟურნალ "მასწავლებლის" მთავარი რედაქტორია და, ამასთან ერთად, რამდენიმე უნივერსიტეტში მედიაწიგნიერებას ასწავლის. ქალიშვილი, მარიამი, პროფესიით არქიტექტორ– დიზაინერია. ახლახან ბატონ ელიზბარს შვილიშვილი შეეძინა.

ოჯახზე საუბარი არ მოინდომა – პირადი იმიტომ ჰქვია, რომ პირადიაო, გვითხრა ფშაველი კაცის თავშეკავებით.

ფშავი შემთხვევით არ გვიხსენებია – ის ბატონი ელიზბარის მშობლიური კუთხეა და გამორჩეულად უყვარს. ამბობს, რომ ცდილობს, არ მოსწყდეს საკუთარ ფესვებს.

– საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მრავალფეროვანი. თითქმის ყველა კუთხე ფეხით მაქვს შემოვლილი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ახლობელი მაინც ფშავია, ჩემი მამა-პაპის საძვალე. მიყვარს მისი წყალ-ჭალა, მისი ჰაერი, მქუხარე არაგვი, აზვირთული მთები...

ფშავი თბილისიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ, ბუმბერაზ მთებსა და ხევებში შემალული, დღესაც უმეტესად ძველი ადათ-წესებით ცხოვრობს. ენაც კი საუკუნეების განმავლობაში თითქმის უცვლელად შემოინახა – ფშავური დიალექტი ყველაზე ახლოს დგას ძველ ქართულთან. დღემდე ცოცხალია კაფიაც – ფშავური კოლორიტის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი. აქაურების კრედო “სიფრთხილით ცხოვრებაა", რომ არაფერი შეეშალოთ და ვისიმე საკბილო არ გახდნენ. ამიტომაც დინჯად, ყოველი სიტყვის აწონ-დაწონით ფიხვნობენ. ნაბიჯსაც კი ფრთხილად დგამენ, ქვაზე ფეხი რომ არ დაუცდეთ და კაფიაში არ ამოყონ თავი...

და კიდევ – ჩემი კუთხის ხალხს თვითკრიტიკის გამორჩეული უნარი აქვსო, დასძინა ბატონმა ელიზბარმა და ამის დასტურად "თავის გალექსების" მაგალითებიც მოგვიყვანა. თავად მას მიაჩნია, რომ თვითკრიტიკა განვითარების საწინდარია, განვითარება კი – სიცოცხლის ბუნებრივი კანონზომიერება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: