როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი - პორტატიული კონდიციონერი
გააზიარე:
ზაფხულის დღეებში, როცა სიცხე განსაზღვრულ ნიშნულს სცდება და არათუ მუშაობა, სუნთქვაც კი გვიჭირს, კონდიციონერი ჩვენს საუკეთესო მეგობრად იქცევა.
რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ კონდიციონერი? რა და რა ტიპისა არსებობს და რა ღირსება თუ ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს?
კონდიციონერის მთავარი ამოცანა ოთახის სასურველ ტემპერატურამდე გაგრილებაა, თუმცა თანამედროვე კონდიციონერებს გაცილებით მეტი შეუძლია: გაათბოს და გაფილტროს ოთახის ჰაერი, დაარეგულიროს ტენიანობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობაში ინფექციების გავრცელების რისკს.
კონდიციონერი სხვადასხვა ტიპისაა. ჩვენ ორ მათგანს გაგაცნობთ – პორტატიულს და კედელზე დასამაგრებელს, რომლებსაც ერთმანეთისგან დიზაინი, მონტაჟი, სიმძლავრე, ენერგიის მოხმარება და კომფორტის დონე განასხვავებს.
ამჯერად პორტატიულ კონდიციონერზე ვისაუბრებთ, კედელზე დასამაგრებელი მოწყობილობის მახასიათებლებს კი მომდევნო ნომრისთვის მოვიტოვებთ.
პორტატიული კონდიციონერი
პორტატიული კონდიციონერი ერთნაწილიანი მოწყობილობაა, რომელიც იატაკზე იდგმება. მას დამაგრება არ სჭირდება, რაც ძალიან პრაქტიკულია – ადვილად გადაიტანთ სხვა ოთახსა თუ სხვა სახლში.
მისი მუშაობის პრინციპი მარტივია. ეს პროცესი შეიძლება კომპრესორიანი მაცივრის მუშაობას შევადაროთ: კონდიციონერი ვენტილატორის საშუალებით იწოვს ოთახის ჰაერს, მაცივრის პრინციპით აგრილებს, გრილ ჰაერს ოთახში აბრუნებს, შთანთქმულ სითბოს კი სპეციალური რეზინის მილით გარეთ უშვებს. ეს ციკლი გრძელდება, ვიდრე ოთახში სასურველი ტემპერატურა არ მიიღწევა.
როგორც მიხვდით, რეზინის მილი გარეთ უნდა გადიოდეს, ამიტომ პორტატიულ კონდიციონერს ფანჯარასთან ან კართან უნდა შეურჩიოთ ადგილი.
ღირსებები
* მარტივი დასამონტაჟებელია, არ მოითხოვს ინტრიერის სტრუქტურულ ცვლილებებს.
* მობილურია, ადვილია მისი გადაადგილება.
* მრავალი მოდელი აღჭურვილია ჰაერის წმენდის ფუნქციით.
* შეძენაც და მონტაჟიც იაფია.
* აქვს ტაიმერი, ძილის რეჟიმი, დისტანციური მართვის რეჟიმი და სმარტფონის საშუალებით მართვის ფუნქცია, რაც მის მართვას აადვილებს.
ნაკლოვანებები
* ზედმეტად ხმაურიანია.
* არ არის გათვლილი ძალიან დიდი ფართობის ან რამდენიმე ოთახის გასაგრილებლად.
* სჭირდება ოთახში ადგილი.
* თუ რეზინის მილის გასასვლელი ჰერმეტულად არ არის დახურული, შესაძლოა, ოთახში თბილი ჰაერი შემოვიდეს, რაც ხელს შეუშლის გაგრილებას და გაზრდის ენერგიის მოხმარებას.
* გაგრილების პროცესში წარმოიქმნება კონდენსანტი, რომელიც სპეციალურ ავზში გროვდება. ეს უკანასკნელი დროდადრო უნდა დაიცალოს.
* მოითხოვს რეგულარულ მოვლას: წმენდას, ფილტრების ცვლას.
როგორ აგრილებს
პორტატიული კონდიციონერი კედელზე დასამონტაჟებელთან შედარებით ნაკლებეფექტურია. მას შეუძლია, 5-10 გრადუსით დასწიოს ოთახის ტემპერატურა, თუმცა შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სიმძლავრეა. რაც უფრო დაბალია სიმძლავრე, მით უფრო მცირეა ეფექტი.
მწარმოებლები სიმძლავრეს უმეტესად ბრიტანულ თერმულ ერთეულებში (BTU) უთითებენ.
არსებობს სპეციალური კალკულატორი, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გამოთვლის, რა სიმძლავრის კონდიციონერი დაგჭირდებათ.
სიმარტივისთვის, შეგიძლიათ, შემდეგი ფორმულებით ისარგებლოთ:
* კარგად იზოლირებული ოთახი, რომელსაც მზე პირდაპირ არ აცხუნებს: ოთახის ფართობი X 60
* კარგად იზოლირებული ოთახი, რომელსაც მზე პირდაპირ აცხუნებს: ოთახის ფართობი X 80
* ცუდად იზოლირებული ოთახი, რომელსაც მზე პირდაპირ არ აცხუნებს: ოთახის ფართობი X 80
* ცუდად იზოლირებული ოთახი, რომელსაც მზე პირდაპირ აცხუნებს: ოთახის ფართობი X 100
მაგალითად, ოთახისთვის, რომლის ფართობი 30 კვადრატული მეტრია, კარგად არის იზოლირებული და მზის სხივებიც თითქმის არ ხვდება, სულ მცირე, 1800 ვატი სიმძლავრის კონდიციონერი დაგჭირდებათ. ერთი BთU საათში 0,29371 ვატს შეესაბამება. 1,800`0.29371=6128.5. მაშასადამე, კონდიციონერს სჭირდება დაახლოებით 6100 BთU საათში.
სწორად შერჩეული სიმძლავრე მაქსიმალურ კომფორტს, ელექტროენერგიის მინიმალურ ხარჯვას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.
რა ახდენს გავლენას კონდიციონერის ეფექტურობაზე
* ოთახის ფართობი
* ადამიანების რაოდენობა – რაც უფრო მეტი ადამიანია ოთახში და რაც უფრო მეტხანს, მით უფრო იმატებს ტემპერატურა. შესაბამისად, მით უფრო მაღალი სიმძლავრის კონდიციონერია საჭირო. გამოთვლილ სიმძლავრეს თითო ადამიანზე დაახლოებით 200 ვატი უნდა დაემატოს.
* ელექტრომოწყობილობები – კომპიუტერი, ტელევიზორი, განათებაც კი. თუ ოთახში რამდენიმე ასეთი მოწყობილობაა, კონდიციონერიც უფრო მაღალი სიმძლავრისა უნდა შეარჩიოთ.
* ფანჯრების ან შემინული ადგილების ფართობი, ჭერის სიმაღლე და გარე კედლების პერიმეტრი – თუ შემინულ ადგილს დიდხანს ადგას მზე, ოთახში ტემპერატურა საგრძნობლად აიწევს. შესაძლოა, ჟალუზებმაც კი ვერ გიშველოთ. ამ დროს კვადრატულ მეტრზე +150 ვატი უნდა იანგარიშოთ.
* მაღალი ტენიანობა – ასეთ ადგილებში პორტატიული კონდიციონერი ნაკლებეფექტურია, რადგან არა მხოლოდ ტემპერატურის, არამედ ტენიანობის დასაწევადაც უწევს მუშაობა.
შერჩევისას გასათვალისწინებელია:
აღჭურვილობა
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ჰაერის ფილტრს. იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იცვლებოდეს. მნიშვნელოვანია კონდენსაციის შედეგად წარმოქმნილი წყლის კონტეინერის ზომაც – არ უნდა იყოს მეტისმეტად პატარა. სასურველია, კონდიციონერს ჰქონდეს სენსორი, რომელიც ავზის ავსებას გვამცნობს, რადგან თუ წყალი სისტემაში დაბრუნდა, ეს უკანასკნელი დაზიანდება.
ხმა
პორტატიული კონდიციონერების უმატესობა ხმამაღლა მუშაობს. კომფორტისთვის შეარჩიეთ მოდელი, რომლის ხმაურის დონე 50-55 დეციბელს არ აღემატება.
ენერგოეფექტურობა
კონდიციონერი ბევრ ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ენერგოეფექტურობის კლასს. ის ლათინური ანბანის ასოებით აღინიშნება – A-დან G-მდე. A (A+, A++) ყველაზე ეკონომიური ენერგოკლასის მაჩვენებელია, ყველაზე მაღალ ენერგომოხმარებას კი G ასო აღნიშნავს. რაც მეტი პლუსი ახლავს A-ს, მით ნაკლებ დენს ხარჯავს მოწყობილობა.
ზომა და წონა
რაც უფრო მსუბუქი და კომპაქტური იქნება პორტატიული კონდიციონერი, მით უფრო ადვილად გადააადგილებთ. ტრანსპორტირების გასამარტივებლად ზოგიერთი მოდელი ბორბლებითა და სახელურებით არის აღჭურვილი.
მონტაჟი
კონდიციონერმა ეფექტურად რომ იმუშაოს, სწორად უნდა დამონტაჟდეს, ამისთვის კი ყურადღებით უნდა გავეცნოთ მწარმოებლის ინსტრუქციას.
გთავაზობთ ზოგად რჩევებს კონდიციონერის ინსტალაციისთვის:
- შეძლებისდაგვარად შეურჩიეთ ისეთი ადგილი, რომ ოთახის სივრცის უდიდეს ნაწილს უბერავდეს და, იმავდროულად, გრილი ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ ხვდებოდეს ოთახში მყოფ ადამიანებს.
- ნუ დადგამთ სითბოს წყაროსთან: ღუმელთან, კომპიუტერთან, ტელევიზორთან ახლოს. არც მზის სხივები უნდა ეცემოდეს პირდაპირ.
- კედელსა და კონდიციონერს შორის, სულ მცირე, 20 სანტიმეტრი უნდა დარჩეს, ძლიერი კონდიცირების სისტემები კი უმჯობესია კედლიდან 30-40 სანტიმეტრით იყოს დაშორებული.
- მონტაჟი ხვრელის გაკეთებით დაიწყეთ. შეიძლება კედლის გაბურღვაც, თუმცა ფანჯრის მინის ამოჭრა უფრო მოხერხებულია. ზოგი მილს პირდაპირ ღია ფანჯარაში ყოფს, ღიობს კი სპეციალური ორგანული მინის ან პოლისტიროლის ლუქით ფარავს. ზოგიერთ მოდელს დასალუქი კომპლექტი ქარხნიდანვე მოჰყვება. საიზოლაციო ლენტი არაეფექტურია – თუ ღიობი სწორად არ დაილუქა, გარედან თბილი ჰაერი შემოვა და გაგრილების ეფექტი დაიკლებს.
- რაც უფრო მოკლეა ჰაერგამტარი მილი, მით უფრო ნაკლებ სითბოს გასცემს ის.
- როცა კონდიციონერს საბოლოოდ დაამონტაჟებთ, რამდენიმე საათის განმავლობაში ნუ ჩართავთ, რათა გამაგრილებელი ნივთიერება დამშვიდდეს, თორემ შესაძლოა კომპრესორი დააზიანოს.
- შესაძლოა, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგიწიოთ ტემპერატურის დარეგულირება, მაგალითად, დილით ნაკლები სიგრილე დაგჭირდეთ, ვიდრე შუადღისას.
მოვლა
კონდიციონერმა დიდხანს შეუფერხებლად რომ იმუშაოს, რეგულარულად უნდა წმინდოთ. კონდიციონერების უმეტესობა აღჭურვილია მტვრის ფილტრით, რომელიც ჰაერს ფილტრავს. ფილტრი რეგულარულად უნდა წმინდოთ მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, რადგან სხვადასხვა მოდელი სხვადასხვანაირ წმენდას ითხოვს. კონდიციონერის კორპუსი ოდნავ ნესტიანი, რბილი ქსოვილით გაწმინდეთ, ოღონდ დენის წყაროდან მისი გათიშვა არ დაგავიწყდეთ.
კონდიციონერს დროდადრო დეზინფექციაც უნდა ჩაუტაროთ, რომ შიგნით ბაქტერიები და სოკოები არ გამრავლდეს. შეგიძლიათ, ამისთვის გამოიყენოთ სპეციალური სადეზინფექციო სპრეი, რომლითაც სავენტილაციო სისტემებს წმენდენ. წმენდისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის მითითებები.
ჯილდა გაჩეჩილაძე