მაკიაჟი ორსულისთვის

გააზიარე:

ხშირად გვესმის, რომ ორსულობა ქალს ამშვენებს. მართლაც ასეა, მაგრამ თუ ბუნებრივ სილამაზესთან ერთად მაკიაჟითაც გსურთ თავის მოწონება, რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.

ჩაიხედეთ მაკიაჟის ჩანთაში და შეამოწმეთ, ხომ არ შეიცავს თქვენი კოსმეტიკა ემბრიონის განვითარებისთვის მავნე ინგრედიენტებს. კანიდან კოსმეტიკის 60 პროცენტი შეიწოვება, ამიტომ ამ საპასუხისმგებლო პერიოდში მეტი სიფრთხილე გმართებთ. გაითვალისწინეთ: წარწერა “ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულიც” არ იძლევა გარანტიას, რომ ესა თუ ის პროდუქტი სრულიად უვნებელია.

წაიკითხეთ ანოტაცია. გახსოვდეთ, რომ მასში მოხენიებული პირველი სამი ნივთიერება ყველაზე აქტიურია და, უპირველეს ყოვლისა, მათ ავკარგიანობას მიაქციეთ ყურადღება. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მოკლეა ინგრედიენტების სია, მით ნაკლებია შანსი, კოსმეტიკურ პროდუქტს ზიანის მოტანა შეეძლოს, მაგრამ არც ესაა უდავო. თუ ანოტაციაში თქვენთვის უცხო ინგრედიენტებს წააწყდით, ნუ შეგეშინდებათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ მოიშველიოთ ინტერნეტი ან მათი უვნებლობა თქვენს მკურნალ ექიმთან გადაამოწმოთ, ჩვენ კი საქმის გასამარტივებლად გაგაცნობთ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც ორსულობისას, უმჯობესია, ერიდოთ.

ბაზა და ტონალური

ზოგი ქალი საერთოდ არ ხმარობს ტონალურს, ზოგისთვის კი ის ყოველდღიური მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია. ორსულობის დროს საკმაოდ ხშირია კანის პრობლემები. ერთ-ერთი მათგანია ორსულობის აკნე. ის არცთუ სასიამოვნო შესახედავია და გასაკვირი არ არის, რომ ორსული მის შენიღბვას ამჯობინებს, ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სწორედ ტონალურია.

რომელ კომპონენტებს უნდა ვერიდოთ ტონალურის შერჩევისას?

* პარაბენებს. ეს კონსერვანტები (პროპილპარაბენი, ბუტილპარაბენი, იზოპროპილპარაბენი, მეთილპარაბენი) გამოიყენება კოსმეტიკურ ნაწარმში ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად. პარაბენებს უკავშირებენ ბავშვის განვითარების, რეპროდუქციულ, ნევროლოგიურ და იმუნურ დარღვევებს.

* რეტინოლს. A ვიტამინის ეს ფორმა ხშირად შედის იმ ტონალური კრემების შემადგენლობაში, რომლებსაც ანტიასაკობრივი მოქმედება აქვს. ზოგიერთი კვლევა A ვიტამინის ჭარბ გამოყენებას უკავშირებს ადრეულ თვითნებურ აბორტს.

* სურნელოვან კომპონენტებს (Fragrances). ხშირად ამ უწყინარი სახელის ნიღაბქვეშ პოტენციურად საშიში ნივთიერებები იმალება. ესენია: ფტალატები, რომლებიც დაკავშირებულია მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დეფექტებთან; ოქტოქსინოლები, რომლებიც არღვევს ჰორმონალ ბალანსს; ციტრალი, ევგენოლი, კუმარინი და გერანიოლი, რომელთა მოხმარება ზრდის ალერგიისა და კონტაქტური დერმატიტის რისკს.

სად არის გამოსავალი?

გადადით BB და CC კრემებზე, რომლებსაც ტექსტურაც უფრო მსუბუქი აქვს და გაცილებით ნაკლებ ინგრედიენტსაც შეიცავს: მაშინ როდესაც კლასიკური ტონალურის შემადგენლობაში საშუალოდ 60 ინგრედიენტია, ეს კრემები მაქსიმუმ 40-ით შემოიფარგლება. რასაკვირველია, შეძენისას მათი შემადგენლობაც უნდა გადაამოწმოთ.

კონსილერი

კონსილერის წყალობით აღარ არის საჭირო მთელი სახის ტონალური კრემით დაფარვა – შესაძლებელია მხოლოდ დეფექტიანი უბნების შენიღბვა. რაც უფრო ნაკლებ კოსმეტიკას წაისვამთ, მით უფრო ნაკლები იქნება რისკი.

ტუჩსაცხი და რუჟი

ქალის კოსმეტიკური არსენალის ამ ორ აუცილებელ ელემენტზე უარის თქმა განსაკუთრებით ძნელია. ამას თქვენგან არც არავინ მოითხოვს, ოღონდ გულდასმით გაეცანით შემადგენლობას, რომ საშიში ინგრედიენტები არ გამოგეპაროთ.

* ერიდეთ კონსერვანტებს. ზოგიერთი სტაბილიზატორი, მათ შორის – ფენოქსიეთანოლი და ბენზილის ბენზოატი, ქალის რეპროდუქციული სისტემისა და ემბრიონისთვის უვნებელია, მაგრამ დიდი შანსია, გააუარესონ ორსულის ისედაც მგრძნობიარე კანის სტრუქტურა.

* ხელოვნური საღებავები. “კამპანია უსაფრთხო კოსმეტიკისთვის” გვამცნობს, რომ რამდენიმე ყველაზე პოპულარული ბრენდის ტუჩსაცხებში ტყვიის კვალი აღმოაჩინეს. FDA-ს ინფორმაციით, ტუჩის მაკიაჟის საშუალებებიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის რაოდენობა იმდენად მცირეა, ლაბორატორიულად მისი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ, ვინაიდან ტყვია იწვევს ნეიროტოქსიკურ ეფექტს, ნაყოფიერების პრობლემებს და ჰორმონულ ცვლილებებს, გონივრული იქნება, ორსულობის პერიოდში მაინც მასთან კონტაქტს ერიდოთ.

რისკის შესამცირებლად მოიძიეთ ხილის და არა ქიმიური პიგმენტებით დამზადებული ნაწარმი.

თვალის ჩრდილი და ტუში

ეს ორი პროდუქტი დანარჩენებზე ნაკლებ ადგილს იკავებს ყოველდღიურ მაკიაჟში, მაგრამ მათშიც მოიძებნება ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც უნდა ერიდოთ.

* ალუმინის ფხვნილი. შესაძლოა, თქვენს თვალის ჩრდილს ბზინვარებას სწორედ ეს კომპონენტი ანიჭებდეს. ალუმინის ფხვნილი კანში შეიწოვება და ნეიროტოქსიკურ ეფექტს და სასუნთქი სისტემის პრობლემებს იწვევს. მქრქალ თვალის ჩრდილებში ალუმინის ფხვნილი ნაკლებია.

* ტალკი. თავად ეს კომპონენტი უვნებელია. პრობლემა ის არის, რომ ტალკის საბადოები ხშირადაა დაბინძურებული აზბესტით – ცნობილი კანცეროგენით, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა თქვენს თვალის ჩრდილში აღმოჩნდეს.

* დიაზოლიდინილშარდოვანა. ამ ანტიმიკრობულ კონსერვანტს ტუშის წარმოებაში იყენებენ. ის გამოყოფს ფორმალდეჰიდს, რომელიც ძალზე მავნებელია, თანაც არამხოლოდ ორსულებისთვის.

ალტერნატიული ვარიანტია მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ტუში და ჩრდილები, ოღონდ წინასწარ შეამოწმეთ, ალერგია ხომ არ გაქვთ ამ მცენარეზე. თუ ამ მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, ნაწარმი თამამად გამოიყენეთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: