დერმაროლერი – ეფექტური გზა მკვრივი და გლუვი კანის შესანარჩუნებლად
გააზიარე:
მიკრონიდლინგი გამაახალგაზრდავებელი პროცედურაა, რომელიც კანს ამკვრივებს, სიმტკიცესა და ელასტიკურობას მატებს. დერმაროლერის წყალობით ამ პროცედურის ჩატარება უკვე შინაც შეგვიძლია.
რა არის და როგორ მოქმედებს დერმაროლერი?
რა არის
დერმაროლერი პატარა ხელსაწყოა, რომელიც ტარისა და წვრილი ნემსებით მოფენილი გოგრგოლაჭისგან შედგება. ნემსები ფოლადისა ან ტიტანისაა. მოკლე ნემსებს უმთავრესად სახისთვის იყენებენ, შედარებით გრძელს – დანარჩენი სხეულისთვის.
როგორ მოქმედებს
როცა დერმაროლერს მსუბუქი ზეწოლით კანის სასურველ უბნებზე ვაგორავებთ, ნემსები კანის ზედა ფენას ჩხვლეტს. ნაჩხვლეტები მალევე შუშდება. სამაგიეროდ, ამ გზით აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, ჩქარდება უჯრედების განახლების პროცესი, სტიმულირდება კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავას გამომუშავება. საბოლოოდ კანი უფრო გლუვი, მკვრივი და ელასტიკური ხდება, იღებს თანაბარ ფერს, ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს.
დერმაროლერით მიკრონიდლინგი ეფექტურია:
* სახეზე, განსაკუთრებით – თვალებისა და ტუჩების ირგვლივ, ასევე – ყელისა და დეკოლტეს მიდამოში ასაკთან დაკავშირებული ან გარემოს ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების დროს;
* აკნეს, დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების დროს;
* ფართო ფორების დროს;
* პიგმენტური და ასაკობრივი ლაქების დროს;
* თმის ცვენის დროს.
როგორ შევარჩიოთ
სხვადასხვა დანიშნულების დერმაროლერს სხვადასხვა სიგრძის ნემსები აქვს.
0,25-დან 0,3 მილიმეტრამდე: განკუთვნილია სახის მგრძნობიარე უბნებისთვის. რეკომენდებულია თვალებისა და ცხვირ-ტუჩის ირგვლივ წვრილი ნაოჭების არსებობისას. ამ ადგილებში კანი თხელია, ამიტომ ასეთი სიგრძის ნემსები სავსებით საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. მსუბუქად გამოხატული პიგმენტური ლაქებისა და თ-ზონაში მცირე ფორების სამკურნალოდ რეკომენდებულია 0,3 მმ-იანი ნემსები. პროცედურა არ იწვევს ტკივილს.
პროცედურების სიხშირე: კვირაში არა უმეტეს ორისა
0,5-დან 0,75 მილიმეტრამდე: გამოიყენება აკნეს მიერ დატოვებული მსუბუქი ნაწიბურების, ოდნავ ჩაღრმავებული ნაოჭების, თვალის ტომრების, მკვეთრად გამოხატული პიგმენტური ლაქების, ფართო ფორების, ფერიმჭამელების, თმის ცვენის დროს. შესაძლოა, სუსტი ჩხვლეტა იგრძნოთ შედარებით მგრძნობიარე უბნებზე.
პროცედურების სიხშირე: კვირაში არა უმეტეს ორისა
1 მილიმეტრი: ეფექტურია ღრმა ნაოჭების, დიდი ნაწიბურების, მცირე ზომის სტრიების დროს.
პროცედურების სიხშირე: კვირაში არა უმეტეს ორისა
1,5-დან 2 მილიმეტრამდე: რეკომენდებულია სხეულზე დიდი ნაწიბურების, მკვეთრად გამოხატული სტრიების და ე.წ. ფორთოხლის კანის (ცელულიტის) სამკურნალოდ.
პროცედურების სიხშირე: 3-4 კვირაში ერთხელ
ნემსების ტიპი და ოდენობა
დერმაროლერები ნემსების რაოდენობითაც განსხვავდება ერთმანეთისგან.
შედარებით მსუბუქი ვარიანტი, რომელსაც 180-მდე ნემსი აქვს, თვალების ირგვლივ არსებული მიდამოსთვის არის შესაფერისი.
კლასიკური დერმაროლერი აღჭურვილია 540 ნემსით. ის სახის, კისრის, დეკოლტეს, ასევე სხეულის სხვა ცალკეული უბნების დასამუშავებლად გამოიყენება.
600-ნემსიანი როლერი ზომითაც დიდია. ის რეკომენდებულია თავის კანის მასაჟისთვის, ასევე – ფართო ნაწიბურების, ცელულიტის დროს.
კიდევ უფრო დიდი ზომისაა 1200-ნემსიანი როლერი, რომელიც იდეალურია კანის ფართო უბნების დასამუშავებლად.
წახნაგოვანი ნემსები
ამ ტიპის ნემსების წვერები ისეა წამახული, რომ სამკუთხა პრიზმის ფორმა აქვს. ნემსები გორგოლაჭზე მჭიდროდ არის განლაგებული. ნაჩხვლეტები ხშირია და ზომიერად ღრმა. კანს მეტისმეტად არ აზიანებს, თუმცა შესაძლოა, ვერც მის ქვედა ფენებში კოლაგენის სინთეზის სტიმულირება მოახერხოს.
ცილინდრული ნემსები
ამ ტიპის მოდელში ნემსებს კონუსის ფორმა აქვს და ერთმანეთთან არც ისე ახლოს არის განლაგებული, ამიტომ ნაჩხვლეტები მეჩეხრია, მაგრამ ღრმა, რაც ხელს უწყობს კანის უფრო ღრმა ფენებში აქტიური ნივთიერებების შეღწევას.
როგორ ვიყენებთ
დერმოროლერს, უპირველეს ყოვლისა, დეზინფექცია უნდა ჩაუტაროთ (ყველაზე მოხერხებულია ამის გაკეთება სადეზინფექციო სპრეით). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჭუჭყიანმა ნემსმა შესაძლოა კანში მიკრობები შეიტანოს და ინფექცია გამოიწვიოს. როლერის გამოყენებამდე კარგად უნდა გავისუფთაოთ სახეც, ოღონდ ნაზად. მით უმეტეს არ შეიძლება აგრესიული პილინგის ჩატარება.
თუ კანზე C ვიტამინის (ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგოდ), ჰიალურონის მჟავას (ნაოჭების საწინააღმდეგოდ) ან ნიაცინამიდის (ფართო ფორების საწინააღმდეგოდ) შემცველ შრატს წაისვამთ, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებები როლერის მეშვეობით უფრო ღრმად შეაღწევს კანში და ეფექტიც უფრო ძლიერი იქნება.
როლერი კანზე ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ამოძრავეთ, ოღონდ მეტისმეტად ნუ დააწვებით. კანის თითოეულ უბანზე ათამდე გადასმა შეასრულეთ. პროცედურის შემდეგ კანი ინგრედიენტების 90 პროცენტს ითვისებს, ასე რომ, უხვად წაისვით დამატენიანებელი ან დამამშვიდებელი კრემი, 14-20 წუთის შემდეგ კი ნარჩენი ნაზად მოიცილეთ ხელსახოცით.
თანამოვლენები
პროცედურის შემდეგ კანის გაწითლება ნორმალურია. ეს რამდენიმე საათიდან ერთ-ორ დღემდე გრძელდება. იშვიათად შესაძლოა თან ახლდეს მცირე შეშუპება, რომელიც ასევე ერთ-ორ დღეში გაივლის. მოსალოდნელია სისხლჩაქცევებიც კანზე. სერიოზული საფრთხე არ არსებობს, არც მძიმე თანმხლები მოვლენები აღირიცხება, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია.
დერმაროლერის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, თუ გაქვთ ზედმეტად მგრძნობიარე კანი ან კანის დაავადება, მაგალითად, ნეიროდერმატიტი, ფსორიაზი ან სოკო.
უკუჩვენებაა სისხლის გამათხელებელი მედიკამენტებით (ასპირინი, იბუპროფენი) მკურნალობა, კანის მწვავე ინფექცია (ჰერპესი, მწვავე აკნე), დამწვრობა, ინფექციური დაავადება (ჰეპატიტი, შიდსი).
პროცედურის შემდეგ
პროცედურის შემდეგ 2-3 კვირა უნდა ერიდოთ მზეს და სოლარიუმს, რადგან ამ პერიოდში უფრო მაღალია ულტრაიისფერი სხივებით კანის დაზიანების რისკი. შინიდან გასვლისას დამუშავებულ უბნებზე აუცილებლად გადაისვით მზისგან დამცავი კრემი, რომლის შPF, სულ მცირე, 30-ია. ნურც საუნაში წახვალთ.
24-48 საათის განმავლობაში ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს, ნუ გაიწმენდთ კანს აგრესიული საშუალებებით.
პროცედურის ჩატარება უმჯობესია საღამოს, ძილის წინ, რომ ღამით კანმა დაისვენოს და აღდგეს.
პროცედურის შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ დერმოროლერი გამდინარე წყლით, პირსახოცზე დადეთ და კარგად გააშრეთ. ბოლოს სადეზინფექციო სპრეიც შეასხურეთ.
შედეგი
პროცედურის დასრულებისთანავე შეამჩნევთ, რომ კანი გამოცოცხლდა, საბოლოო შედეგი კი 6-12 კვირის შემდეგ გახდება აშკარა, რადგან კოლაგენისა და ელასტინის ფორმირებას გარკვეული ხანი სჭირდება. კანი თანდათან გამკვრივდება, წვრილი ნაოჭები გაქრება, ლაქები გაბაცდება, ნაწიბურები დარბილდება.
როდის შევცვალოთ
ხმარებისას ნემსები ბლაგვდება და ეფექტიანობას კარგავს. დერმაროლერი უმეტესად 10-15 გამოყენებას უძლებს, მერე კი უმჯობესია შეცვალოთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე