შეფერილი მზისგან დამცავის უპირატესობა
გააზიარე:
მზისგან დამცავის მნიშვნელობაზე უკვე ყველა დერმატოლოგი საუბრობს და რეკომენდებულია დღის რუტინაში მისი რეგულარულად ჩართვა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, - მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა.
თუ ტონალურს რეგულარულად მოიხმართ, დამატენიანებლის, მზისგან დამცავი საცხის და ზემოდან ტონალურის კომბინაცია შესაძლოა მეტისმეტად მძიმე იყოს ყოველდღიურად გამოსაყენებლად. ამ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივაა შეფერილი მზისგან დამცავი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ მზის მავნე გამოსხივებისგან იცავს კანს, აქვს ტონალურის მსგავსი ფერიც. ორის ნაცვლად ერთი პროდუქტი გეყოფათ და კანიც უკეთესად ისუნთქებს.
რა უპირატესობა აქვს შეფერილ მზისგან დამცავს?
როგორც უკვე ვთქვით, შეფერილ მზისგან დამცავებს, სტანდარტულისგან განსხვავებით, დამატებული აქვს ფერის ბაზა, რომელიც კანს ათანაბრებს. აღარ გჭირდებათ დამატებით ტონალურის წასმა და კანის დამძიმება. მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის – კანი მსუბუქადაა და უკეთესად სუნთქავს.
კიდევ ერთი უპირატესობა: შეფერილი მზისგან დამცავი კანს იცავს ხილული სინათლისგან.
ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებაც და ხილული სინათლეც ელექტრომაგნიტური სპექტრის ნაწილია. UV სამი სხვადასხვა სიგრძის ტალღებისგან შედგება: UVA-ს, UVB-სა და UVC-სგან. UVC-ს უდიდესწილად ოზონის შრე შეიწოვს, დედამიწს ზედაპირს კი აღწევს – და, მაშასადამე, კანზე ხვდება – UVA და UVB. მზის ამ სხივების მავნეობა მრავალი კვლევით არის დადასტურებული და უკავშირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კანის ნაადრევი დაბერება, ლაქები, ზედაპირული კაპილარების წარმოქმნა ან გამკვეთრება და გამწვავება, კანის კიბოს რისკი. ნაადრევ დაბერებაზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება UVA სხივებს, ხოლო მზით დამწვრობისა და კანის კიბოს რისკის მატებაზე პასუხისმგებელია UVB.
რაც შეეხება ხილულ სინათლეს, ეს არის ელექტრომაგნიტური სპექტრის ნაწილი, რომლის დანახვაც შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით. ხილული სინათლე მოდის მზიდან, ასევე – ხელოვნური წყაროებიდან, სოლარიუმიდან, ზოგიერთი სამედიცინო მოწყობილობიდან, ეკრანებიდან და ნათურებიდან. მას იყენებენ ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ზედაპირული სისხლძარღვების მოწვა, არასასურველი თმის მოცილება, აკნეს მკურნალობა, კანის კიბოსწინარე დაზიანებების მკურნალობა. ფოტოთერაპია გამოიყენება ფსორიაზის სამართავად.
თუმცა ხილული სინათლე უფრო ღრმად აღწევს კანში, ვიდრე ულტრაიისფერი და განსაზღვრულ პირობებში მავნე გავლენასაც ახდენს მასზე. მაგალითად:
ხილული სინათლე მონაწილეობს პიგმენტური ლაქების გაჩენასა და უკვე არსებული ჭარბი პიგმენტაციის გამწვავებაში.
კვლევები აჩვენებს, რომ ხილული სინათლე იწვევს უფრო შესამჩნევ, მდგრად ჰიპერპიგმენტაციას, ვიდრე მხოლოდ UVA, განსაკუთრებით - მუქ კანზე. ვარაუდობენ, რომ ლურჯი შუქი (მოწყობილობის ეკრანის გამოსხივება) უფრო მეტად ასტიმულირებს პიგმენტის წარმოებას, ვიდრე ხილული სინათლის სპექტრის სხვა სიგრძის ტალღა.
შეფერილი მზისგან დამცავები შეიცავს ფართო სპექტრის მინერალურ ფილტრებს, თუთიის ოქსიდს და ტიტანიუმის დიოქსიდს და დამატებით - რკინის ოქსიდებს. მათი ფერი იქმნება რკინის შავი, წითელი და ყვითელი ოქსიდების შერევით, რის შედეგადაც მიღებული ფერი ყოველგვარი ტონალობის კანს ესადაგება. არსებულ პიგმენტს შეუძლია, კანი ეფექტურად დაიცვას მზისა და მოწყობილობების ხილული გამოსხივებისგან.
შეფერილი მზისგან დამცავი როგორც ბაზის შემცვლელი
რა საჭიროა ბაზა?
ბაზა, იგივე პრაიმერი, არის კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც ტონალურის წასმამდე ვისვამთ კანზე, რათა მას ერთგვაროვანი ფერი მისცეს.
უპირველეს ყოვლისა, ბაზა ხელს უწყობს კანის მაკიაჟისთვის მომზადებას, ფარავს ფორებს, ათანაბრებს კანის სტრუქტურას, უზრუნველყოფს შემდგომი პროდუქტების სწორად გადანაწილებასა და მდგრადობას.
არსებობს რამდენიმე სახის კოსმეტიკური პრაიმერი: ე.წ. ტონალურის პრაიმერი, თვალის პრაიმერი, წამწამების პრაიმერი და ტუჩის პრაიმერი.
შეფერილი მზისგან დამცავი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტონალურის წინ წასასმელი ბაზის ნაცვლად. თუ მაინც აპირებთ ტონალურის წასმას, ბაზა მაინც დაგჭირდებათ, რათა სწორად გადანაწილდეს. ამ შემთხვევაში დამატენიანებელი, ბაზა, მზისგან დამცავი და ტონალური ნამდვილად ზედმეტი დატვირთვა გამოდის კანისთვის, ამიტომ შეგიძლიათ, ბაზის მაგივრად მსუბუქი შეფერილი მზისგან დამცავი გამოიყენოთ. ის კანის ფერს გაათანაბრებს და მზის მავნე გამოსხივებისგანაც დაიცავს, მერე კი შეგიძლიათ წაისვათ ტონალურიც.
როგორ შევარჩიოთ
შეფერილი მზისგან დამცავის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით, რამდენპროცენტიანი დაცვა აქვს და იმის მიხედვით, რა დონეზე გსურთ მზისგან კანის დაცვა, შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი.
გაითვალისწინეთ თქვენი კანის ფერიც, რადგან არსებობს დამცავები, რომლებიც ყოველგვარი ტიპისა და ტონალობის კანს ერგება და დამცავები, რომლებიც რამდენიმე ტონალობისა გამოდის, ყველა – თავ-თავისი ფერის კანისთვის.
როგორ გამოვიყენოთ
შეფერილი მზისგან დამცავი, შეგიძლიათ, როგორც თითებით, ისე სპონჟით (კოსმეტიკური ღრუბლით) წაისვათ. ვიზაჟისტები თითებით წასმას გვირჩევენ, რადგან ასე უფრო მალე შეიწოვება, თანაც სპონჟი ძალიან ბევრს იწოვს და კოსმეტიკური საშუალება მალე გაგითავდებათ.
დაიდეთ ცოტაოდენი პროდუქტი თითებზე და კარგად გადაინაწილეთ კანზე. მანამდე კანი კარგად დაიტენიანეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეფერილ მზისგან დამცავებს ძალიან კარგი დატენიანების უნარი აქვს და ბზინვარებას ანიჭებს კანს, პროდუქტის დატანამდე დამატენიანებელი კრემით კანის დაფარვა მაინც აუცილებელია. დაელოდეთ 1-2 წუთი, რომ შეშრეს. შემდგომ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ განაგრძოთ მაკიაჟი.
როგორ ავირჩიოთ
შეფერილი მზისგან დამცავების ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ:
•შემოწმებულია დერმატოლოგთა მიერ;
•არაკომედოგენურია (რაც ნიშნავს, რომ არ დაგიბლოკავთ ფორებს);
•ჰიპოალერგიულია;
•არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებს, ფტალატებს, ზეთებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
ლიკა ქათამაძე