საქართველოს საავადმყოფოების მოკლე ისტორია

გააზიარე:

ქსენონებიდან მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებამდე 

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ მედიცინის აკვანიც არის. მედიცინის ისტორიის მკვლევარი, გერმანელი ექიმი და ბოტანიკოსი კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი (1766-1833), თავის ცნობილ ხუთტომიან სამედიცინო საისტორიო ნაშრომს კოლხური მედიცინით იწყებს და ამ ცოდნას Cura Mediana-ს ანუ მედეასებურ მკურნალობას უწოდებს.

როგორ ვითარდებოდა მედიცინა და სამკურნალო ტრადიციები და რა გზა გაიარეს სამედიცინო დაწესებულებებმა ეკლესია-მონატრებთან არსებული ქსენონებიდან თანამედროვე სამედიცინო ცენტრებამდე – ამის თაობაზე ინფორმაციის მოსაძიებლად ვესტუმრეთ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, სადაც საინტერესო ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა ინახება. მუზეუმი 1963 წელს ქართული მედიცინის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებლის მიხეილ შენგელიას ინიციატივით შეიქმნა. დღეს მას ბატონი მიხეილის ვაჟი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი რამაზ შენგელია განაგებს. შემონახული ისტორიული წყაროების შესახებ სწორედ ბატონი რამაზი გვესაუბრა.

საერო და ხალხური მედიცინის მაღალი დონის მიუხედავად, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამკურნალო მიმართულებით წამყვანი როლი მოირგო და საუკუნეების განმავლობაში სამღვდელოება არა მარტო სულის, არამედ ხორცის მკურნალადაც გვევლინებოდა.

სასნეულოები მონასტრის მშენებლობის გეგმაში წესდებით იყო გათვალისწინებული. დასტურდება საეკლესიო მედიცინის, სამედიცინო-კულტურული ცენტრებისა და საავადმყოფოების არსებობა ათონის ივერთა მონასტერში, საბაწმინდის ქართველთა ლავრაში, ტაო-კლარჯეთში.

არც გელათი ყოფილა გამონაკლისი. დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ მეფე ხშირად მიდიოდა ქსენონში და პირადად ნახულობდა ავადმყოფებს. ზოგს სალბუნს დაადებდა, ზოგს ტკბილ სიტყვას ეტყოდა...

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, მეექვსე სართულზე, პატარა ოთახია. მის  კედლებში გამოჭრილია ერთი და იმავე ზომის 265 ნიშა, რომლებშიც სამკურნალო საშუალებები ინახებოდა. აფთიაქთან ერთად ვარძიაში, სავარაუდოდ, საავადმყოფოც იყო.

სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილიღაა შემორჩენილი, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოში მაღალი სამედიცინო კულტურის არსებობის დასტურია.

XIX საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და სამედიცინო მომსახურება რუსულ ყაიდაზე გადაეწყო, თუმცა ქართველი საზოგადო მოღვაწეები ცდილობდნენ ეროვნული ინტერესების დაცვას და ეს მუხტი მედიცინის განვითარებაშიც ჩანდა.

იმ პერიოდის ყველაზე დიდი მოვლენა იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების დაფუძნება, რისი ერთ-ერთი ინიციატორიც გრიგოლ ორბელიანი გახლდათ. ორგანიზაციის წესდება 1864 წლის 5 აპრილს დამტკიცდა. მისი დამსახურებით გაიხსნა პირველი მასშტაბური სამედიცინო დაწესებულებები.

პირველი სამკურნალო სტაციონარული დაწესებულებები:

1808 წელს – პირველი სამხედრო ჰოსპიტალი რუსთაველის პროსპექტზე (1823 წელს ის ნავთლუღში გადაიტანეს);

1820 წელს – სამოქალაქო უწყების პირველი, 12 საწოლზე გათვლილი  საავადმყოფო ერეკლეს მოედანთან;

1867 წელს – სამკურნალო მოსიარულე ავადმყოფთათვის;

1868 წელს – მიხეილის საავადმყოფო 200 საწოლით;

1873 წელს – საბებიო ინსტიტუტი 43 სამშობიარო ადგილით და 16 გინეკოლოგიური საწოლით;

1889 წელს – რუსეთის იმპერიაში რიგით მეორე პასტერის სადგური;

1892 წელს – რკინიგზის თბილისის საავადმყოფო 50 საწოლით;

1890 წელს – ქალთა სიფილისური საავადმყოფო 30 საწოლზე სამხედრო უწყების ძველ ბარაკებში;

1891 წელს – ალექსანდრეს სახელობის საავადმყოფო 55 საწოლით ვენერული სენით დაავადებულთათვის კამოს ქუჩაზე;

1898 წელს წინანდლის ქუჩის ცხრა ნომერში – მწვავე გადამდებსენიანთა საავადმყოფო 20 საწოლით;

1909 წელს ამავე ტერიტორიაზე – ყოფილი არამიანცის საავადმყოფო, სამსართულიანი პირველი პავილიონი 90 თერაპიული და 58 ქირურგიული საწოლით, ხოლო 1913 წელს – სამსართულიანი მეორე ბავშვთა პავილიონი 67 თერაპიული და 34 ქირურგიული საწოლით, რისთვისაც ხარჯი ძმები ზუბალაშვილებმა გაიღეს;

1899 წელს – სულით ავადმყოფთა თავშესაფარი 50 საწოლით კოჯრის ქუჩაზე;

1906 წელს – სამშობიარო თავშესაფარი 15 საწოლით მეტეხის ქუჩაზე და თვალის სამკურნალო 35 საწოლით უსინათლოთა სკოლასთან.

საბჭოთა ეპოქის დადგომისთანავე სამედიცინო სერვისების მიწოდება ძირეულად შეიცვალა. საქართველოს მშრომელთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე 1970-იანი წლებისთვის უკვე 5239 სამედიცინო დაწესებულება იდგა.

საავადმყოფოთა უმრავლესობა სპეციალიზებული იყო: საქართველოში არსებული 650 საავადმყოფოდან 10 იყო ტუბერკულოზური, 8 – ინფექციური, 26 – ბავშვთა, 10 – ფსიქონევროლოგიური და ა. შ.

არამიანცის საავადმყოფო

საავადმყოფოს სახელწოდება უდიდესი მეცენატის მიქაელ არამიანცის სახელთან არის დაკავშირებული. 1902 წელს მან საკუთარი სახსრებით დაიწყო 75 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოს მშენებლობა, რომელშიც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხის – 100 000 მანეთის ინვესტიცია ჩადო. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. 1909 წლის ბოლოს გახსნილი საავადმყოფო არამიანცმა ქალაქს გადასცა, თუმცა დიდხანს საკუთარი სახსრებით ინახავდა. Iს თვითონ იხდიდა როგორც ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯს, ისე სამედიცინო პერსონალის ხელფასებსაც. საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველი რენტგენის აპარატიც, რომელიც არამიანცმა თავად ჩამოიტანა ევროპიდან. შემდგომში არამიანცის საავადმყოფოს ეწოდებოდა პირველი კლინიკური საავადმყოფო. ის მდებარეობდა ისანში და გათვალისწინებული იყო თბილისის შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის.

რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო

1820 წლის 30 აგვისტოს, ჩეხი ექიმის ივან პრიბილის ინიციატივით და პროექტით, საქართველოში აშენდა პირველი საქალაქო 12-საწოლიანი საავადმყოფო – ასეთია მიხეილის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, დღევანდელი აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის, წინარე ისტორია.

1820-დან 1868 წლამდე საავადმყოფომ მრავალჯერ იცვალა ადგილმდებარეობა. დაარსებიდან ცხრა წლის შემდეგ ის ქალაქგარეთ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანელების კოლონიაში არსებული ძაფსახვევი ქარხნის შენობაში გადავიდა. იქ საწოლთა რაოდენობა თავდაპირველად 35 იყო, ხოლო 1842 წლისთვის 50-მდე გაიზარდა. 1850 წელს საავადმყოფო ველიამინოვის ქუჩაზე (დღევანდელი შალვა დადიანის ქუჩა), ყოფილი აფთიაქის შენობაში გადაიტანეს, სადაც, უკვე 60-საწოლიანმა, ათი წელი იარსება. 1858 წელს სამკურნალო დაწესებულება გადადის ვერაზე, მოქალაქე სუმბათოვის მიერ ნაყიდ სახლში, სადაც მოხერხდა 70 საწოლზე გათვლილი საავადმყოფოს ამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა ხალხისთვის მოხერხებულ ადგილზე მდებარეობდა, ის მცირეფართობიანი იყო და ვერც ჰიგიენის მაღალი დონით დაიკვეხნიდა. 1868 წელს საავადმყოფომ დაასრულა 48-წლიანი მოგზაურობა და ყოფილ მიხეილის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი) ქალაქის ხელისუფლების მიერ ახლად აშენებულ, კეთილმოწყობილ 120-საწოლიან შენობაში გადაინაცვლა. 1873 წლისთვის ის უკვე 200-საწოლიანი გახდა. საავადმყოფოში ფუნქციობდა იმ დროისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება.

1874 წელს საავადმყოფოსთან გაიხსნა 45 მოსწავლეზე გათვლილი პირველი საფერშლო სკოლა, 1875 წელს – დებულებით გათვალისწინებული აფთიაქი.

1881 წლის 14 ოქტომბერს იმპერატორ ალექსანდრე პირველის ვაჟის, კავკასიის მეფისნაცვალის დაბადების დღის აღსანიშნავად საავადმყოფოს მიხეილის სახელი ეწოდა.

პირველი ნაბიჯი, რაც საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ჯანდაცვის კუთხით გადადგა, ის იყო, რომ საავადმყოფოს სახელწოდება შეუცვალა. 1918 წელს თბილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოს საქართველოს რესპუბლიკის მთავარი საავადმყოფო ეწოდა და სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავიდა. მოგვიანებით ის თსუ-ში დაარსებული სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკური კათედრების ბაზა გახდა.

1974 წელს საავადმყოფომ კვლავ შეიცვალა მისამართი და ვაჟა-ფშაველას 29-ში, ახალაშენებულ მრავალსართულიან შენობაში გადავიდა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა

სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი 1979 წელს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის თაოსნობით დაარსდა. იმ დროისთვის ეს დიდი სიახლე იყო, თანაც არამხოლოდ საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ცენტრის დამსახურებით საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა 65%-დან 5%-მდე შემცირდა. წარმატებული მუშაობისთვის ცენტრის დამაარსებლებმა 1984 წელს სახელმწიფო პრემია მიიღეს.

1987 წელს ცენტრი ყაზბეგის 16 ნომერში, საგანგებოდ მისთვის აშენებულ ხუთსართულიან შენობაში გადავიდა. 2009 წლის მიწურულს ის “ავერსმა” შეიძინა. მის რეაბილიტაციასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვაში ჰოლდინგმა რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია ჩადო და დღეს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამედიცინო ცენტრია, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წინამორბედი იყო საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1946 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი გახლდათ გამოჩენილი მეცნიერი, ქირურგი, საქართველოში მეცნიერული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე. ის უკვე ხანდაზმული ჩაუდგა სათავეში ინსტიტუტს და გარდაცვალებამდე, სულ ორიოდე წელიწადს უხელმძღვანელა.

1950 წელს ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩაიბარა მეცნიერმა, ქირურგმა, საზოგადო მოღვაწემ, აკადემიკოსმა კონსტანტინე ერისთავმა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის ორგანიზება და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის აშენება. თანამედროვეები ჰყვებოდნენ, როგორ შეიტანა ბატონმა კონსტანტინემ საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში განაცხადი ახალი ნაგებობის მშენებლობაზე. შვიდმილიონიანი პროექტი ორ ეგზემპლარად დაუბეჭდავს და, მინისტრის კაბინეტში შესულს, ხუმრობა-ხუმრობაში, მისთვის ორივეზე მოუწერინებია ხელი. შედეგად ორი ერთნაირი კორპუსი აშენდა, ჯამში – 14-მილიონიანი ინვესტიციით.

თავდაპირველად ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სამი განყოფილება: ექსპერიმენტული ქირურგიის, კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის. შემდეგ საქმიანობა გაფართოვდა და სამედიცინო დარგებისა და მიმართულებების ფართო სპექტრი მოიცვა.

ამ ცენტრის სახელს უკავშირდება ქირურგიული მკურნალობის არაერთი ნოვატორული და ექსპერიმენტული მეთოდის დანერგვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 1990-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების გამო მოიშალა კლინიკის ინფრასტრუქტურა, კადრები დაიქსაქსა. 2011 წელს, როდესაც ქირურგიის ინსტიტუტი პრაქტიკულად ვეღარ ფუნქციონირებდა, ის კომპანია “ ავერსმა” შეიძინა და უსწრაფესი ტემპით დაიწყო მისი აღდგენა-განახლება. კლინიკა აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით, დაემატა მრავალი მიმართულება და კვლავ ქართული მედიცინის ფლაგმანად იქცა. დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: