ჯანმრთელობა დაგებედოთ – 2
გააზიარე:
რა სარგებლობა მოაქვს ცოდნას
დავუშვათ, ავტომობილი ხელოსანს მიუყვანეთ, ის კი გეუბნებათ, რომ გადაცემათა კოლოფი ურევს, ხოლო საკისარი გამოსაცვლელია. აუცილებელი არ არის, გაიგოთ, რას ნიშნავს მისი სიტყვები – ხელოსანი თქვენი მანქანის შეკეთებას ისედაც მოახერხებს. აუცილებელი არ არის, მაგრამ მანქანის მფლობელთა უმრავლესობა მაინც მოისურვებს ტექნიკური დეტალების გარკვევას. ვიჩენთ კი ასეთსავე გულმოდგინებას, როცა საქმე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს – ჩვენს ჯანმრთელობას ეხება? იქნებ ვიჩენთ კიდეც, მაგრამ უმთავრესად ექიმის რეპუტაციის გაკითხვას ვჯერდებით: რა შთაბეჭდილება დარჩა მასთან მისულ ნათესავსა თუ მეზობელს, როგორ გადაარჩინა და განკურნა უმძიმესი (ჯერ კიდევ საკითხავია, არსებული თუ არარსებული) სენისგან... შესაძლოა, რამდენიმე ლათინური ტერმინიც დავიზეპიროთ – ეს ხომ ჩვენს დაავადებასაც და თვითონ ჩვენს პიროვნებასაც იდუმალ და უფრო ინტელექტუალურ ელფერს შესძენს. დაავადებისა და მკურნალობის არსის გაგება კი დღის წესრიგში არ დგას. არადა, ზემოთ ნახსენები გადაცემათა კოლოფისგან განსხვავებით, თქვენს ორგანიზმს ექიმი თქვენივე ძალისხმევისა და აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ “შეაკეთებს”.
სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, უფრო ადრეულ პერიოდზე რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე დიდ საფრთხეს მწვავე ინფექციური დაავადებები უქმნიდა. მათდამი მარტივი მიდგომა: ექიმთან მივედით, წამალი გამოგვიწერა, დავლიეთ და მოვრჩით, – მეტ-ნაკლებად გამართლებულია; ავადმყოფს შეუძლია, თავს ფუფუნების უფლება მისცეს და ინფექციის სახელიც კი არ დაიმახსოვროს. ქრონიკული პათოლოგიების დროს კი არა განკურნებას (ვინაიდან ეს შეუძლებელია), არამედ დაავადების მართვას ვისახავთ მიზნად. მართვას, რომელიც სიცოცხლეს, რამდენადაც შესაძლებელია, გაგვიხანგრძლივებს და მაქსიმალურად შეგვინარჩუნებს მის ხარისხს. ამისთვის კი წამლების სმა არ კმარა – ხშირად ცხოვრების წესის შეცვლა, ავადმყოფობაზე მისი მორგებაა საჭირო.
შეაფასე ჯანმრთელობის IQ
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდზე, რომელიც მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წიგნიერების განმარტებისას მკთხველებს მცირე ტესტს სთავაზობენ. მოდი, ჩვენც ვცადოთ:
თქვენი აზრით, რა საერთო აქვს ქვემოთ აღწერილ სამ სიტუაციას?
. შუახნის დიაბეტიანი ადვოკატი ცდილობს, სამსახურებრივი მივლინების დროს წამლის მიღების რეჟიმი დაგეგმოს.
. ხანდაზმულ ქალბატონს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, ვერ გადაუწყვეტია, დალიოს თუ არა ყავა, სანამ ლაბორატორიას მიაკითხავს ლიპიდური პროფილის შესამოწმებლად სისხლის ასაღებად.
. მარტოხელა დედა უბნის აფთიაქში ხუთი წლის ბავშვისთვის სიცხის დამწევს ეძებს.
ცხადია, სამივე შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავსა თუ ახლობლებზე, უფრო სწორად, საკუთარ თუ ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მაგრამ სრული პასუხი ასეთია: სამივე სიტუაციაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ წიგნიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თუ აღსადგენად.
წიგნიერება გულისხმობს, რამდენად კარგად შეუძლია პიროვნებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება, როგორ გაიგებს იგი ამ ინფორმაციას და რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი ჯანმრთელობის დასაცავად, მაგალითად, გაიზიარებს თუ არა ექიმის რჩევებს. თითქოსდა დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში, ინფორმაციის მოძიება ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც საპირისპიროზე მეტყველებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წიგნიერება ნიშნავს საკუთარი დაავადებისა თუ მდგომარეობის გაგებას და იმის გააზრებას, როგორ უნდა იცხოვროთ დღიდან დღემდე. მაგალითად, დიაბეტით დაავადებულმა ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შესანარჩუნებლად, გარდა წამლის მიღებისა, ერთსა და იმავე დროს კვებაა საჭირო; თუ საუზმობა ვერ მოახერხა და თვითმფრინავში მშიერი ავიდა, შესაძლოა თავბრუ დაეხვას და გონიც კი დაკარგოს.
წიგნიერება გულისხმობს გამოკვლევებისა და წამლის მიღების თაობაზე მითითებების გაგებასა და შესრულებას. ხანდაზმული ქალბატონისთვის მისთვის გასაგებ ენაზე რომ აეხსნათ, რომ ანალიზის ჩაბარებამდე 12 საათის განმავლობაში მხოლოდ წყლის დალევის უფლება აქვს, გაურკვევლობას თავიდან ავიცილებდით, ისევე როგორც ანალიზის მცდარ პასუხს და, შესაბამისად, არაადეკვატურ მკურნალობას.
ეტიკეტებისა და ინსტრუქციების უყურადღებოდ წაკითხვა, მით უფრო – წაუკითხაობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წიგნიერების კიდევ ერთი მოუგვარებელი მხარეა. მარტოხელა დედამ სიჩქარეში შესაძლოა ასპირინს სტაცოს ხელი. კიდევ არა უშავს, ინსტრუქცია შინ მაინც თუ წაიკითხა... ასპირინი საიმედო და არცთუ ძვირი სიცხის დამწევია, ოღონდ მხოლოდ მოზრდილებისთვის, პატარებისთვის კი სრულიადაც არ არის უსაფრთხო. 1986 წელს აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის სამინისტრომ მოითხოვა, ასპირინის შემცველი ყველა მედიკამენტის ეტიკეტზე გაკეთებულიყო წარწერა, რომ ბავშვებში მისმა მიღებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულება გამოიწვიოს. რაც ეს კანონი დაინერგა, მძიმე გართულებით, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემისა და ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ბავშვების გარდაცვალებამ იკლო. ამრიგად, ზოგადი წესი ასეთია: ვიდრე წამალს დალევდეთ ან ვინმეს დაალევინებდეთ, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
მაგრამ ინსტრუქციის კითხვა არ კმარა; აფთიაქის თაროებზე დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ძლიერი მედიკამენტი ჩნდება, უფრო და უფრო მგრძნობიარე სამედიცინო გამოკვლევებს იგონებენ. ინფორმაციის ამ ზღვაში სწორ გეზს მხოლოდ მედიცინის მუშაკების – ექიმების, ექთნების, ფარმაცევტების – დახმარებით თუ იპოვით. ამისთვის კი ორივე მხარემ ერთმანეთთან ერთ ენაზე საუბარი უნდა ვისწავლოთ.
ქვემოთ სწორედ ისეთ საკითხებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, მედიცინის მუშაკებთან ურთიერთობას რომ გაგიადვილებთ.
საერთო ენა
ქართველები, განურჩევლად პროფესიისა, თითქოს ერთ ენაზე – ქართულად ვლაპარაკობთ, ოღონდ... ნებისმიერ თემაზე, მედიცინის გარდა. როცა საქმე ამ უკანასკნელზე მიდგება, ექიმები ისე იწყებენ მეტყველებას, მათი მხოლოდ კოლეგებს ესმით, პაციენტები კი ხშირად თავს არც იწუხებენ, რომ მათთვის გაუგებარი საკითხების არსს ბოლომდე ჩასწვდნენ. განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემას დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება და უამრავი ლიტერატურაც იქმნება გზამკვლევად და ურთიერთობის გასაადვილებლად.
როგორ ვიპოვოთ საერთო ენა, რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას და რა მდგომარეობაა საქართველოში? ამ და სხვა საკითხებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქცევაზე ეპიდზედამხედველობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი მაია შიშნიაშვილი გვესაუბრება.
– ჯანმრთელობის საკითხებში მოსახლეობის განათლება – სამწუხაროდ, ინგლისური Health Education-ის უფრო მოხდენილი ქართული შესატყვისი ჯერჯერობით არ გვაქვს – ცალკე მეცნიერებაა. უფრო სწორად, მრავალი სხვა მეცნიერების – ფსიქოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, მედიცინის, ეკოლოგიის, პედაგოგიკის – გადაკვეთაზე აღმოცენებული ინტეგრირებული დისციპლინა. მისი მნიშვნელობა უფრო და უფრო აშკარა ხდება დღეს, როცა მეტისმეტად გახშირდა ქრონიკული დაავადებები – დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება თუ მართვა მკურნალობისა თუ პრევენციის პროცესში პაციენტების აქტიურ ჩართვას და მათ მიერ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ, რომ თამბაქოს წევა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია, თუ ადამიანმა თავად ვერ იგრძნო პასუხისმგებლობა და ვერ შეძლო საკუთარი ქცევის მართვა, მედიკოსები ვერაფერს ვუშველით.
– ალბათ, არც მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაა საკმარისი...
– რა თქმა უნდა. ჯანმრთელობის კუთხით განათლება რამდენიმე საფეხურისგან შედგება. მისი საბოლოო მიზანია ადამიანთა ქცევის შეცვლა, მათი დარწმუნება, რომ უფრო ჯანსაღი ქცევები აითვისონ. ეს იწყება მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით. მომდევნო საფეხურია დარწმუნება, რისთვისაც კიდევ მრავალი თეორიაა მოწოდებული: ჯერ – როგორ დავარწმუნოთ; თუ დავარწმუნეთ და გარემო ფაქტორების შეცვლაც მოხერხდა, ქცევის შეცვლაში როგორ დავეხმაროთ... ოღონდ თუ ინფორმაცია გასაგებ ენაზე არ მივაწოდეთ, მომდევნო საფეხურებზე მსჯელობაზე აზრი არ აქვს.
– ადვილად აღსაქმელი ინფორმაციის ნაკლებობა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა?
– ასეც ვერ ვიტყვით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სულ ახლახან გამოაქვეყნა გამოკვლევათა შედეგები, რომლებიც მოწმობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ სახით, როგორც მასმედიასა თუ სპეციალურ ბუკლეტებშია წარმოდგენილი, რიგითი ამერიკელისთვის ძნელი გასაგებია. ათიდან თითქმის ცხრას უჭირს გაიგოს საგანგებოდ მისთვის მიწოდებული ცნობა, ამის გამო კი შესაძლოა არ დაემორჩილონ ექიმის დანიშნულ მკურნალობას, გამოტოვონ უმნიშვნელოვანესი პროფილაქტიკური გამოკვლევები, არ სცადონ ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა... ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ვერ მართავენ ქრონიკულ მდგომარეობებს, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს ან არტერიულ ჰიპერტენზიას (წნევის მომატებას). აშშ-ში ხსენებულ ორგანიზაციას პრევენციის ეროვნული სტრატეგია და მოქმედების ეროვნული გეგმა აქვს შემუშავებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წიგნიერების გასაუმჯობესებლად.
საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. უამრავი რამ არის გასაკეთებელი როგორც პოპულაციურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პაციენტს არ ესმის, რას ეუბნება ექიმი და თუ ესმის, ბოლომდე არ სჯერა. ხშირად სამთავრობო სტრუქტურებსაც გვჭირს სათქმელის მოსახლეობამდე მიტანა. ორივე შემთხვევაში ენა უნდა იყოს მარტივი, ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად გასაგები, მათთვისაც კი, ვინც დილაუთენია მიდის ყანაში და საღამოს შინ დაბრუნებულს წიგნის გადაშლის არც თავი აქვს და არც საშუალება.
– მით უმეტეს, ჩვენთან ამ კუთხით არასოდეს არაფერი გაკეთებულა...
– ბოლო წლებში – მართლაც არაფერი. ამ საკითხს უკვე დიდი ხანია აღარ ექცევა ყურადღება. საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო ეწეოდა მოსახლეობის ერთგვარ სანიტარიულ განათლებას, იყვნენ სპეციალური მუშაკები, რომლებიც ატარებდნენ ლექციებს, ესაუბრებოდნენ ხალხს. სკოლებშიც იყო ამის მცდელობა, ჯანმრთელობის ზოგიერთი საკითხი სასკოლო პროგრამაშიც კი შედიოდა. გარდაქმნების პერიოდში, სანეპიდსადგურების ფუნქციათა მრავალჯერადი შეცვლა-შეკვეცის შედეგად, სანიტარიული განათლებაც შეწყდა. იმ მწირ ინფორმაციასაც, რომელიც ნაბეჭდი სახით ჯერ კიდევ მიეწოდებოდა მოსახლეობას, ქაოსური და არასისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს საქართველოში ჯანმრთელობის კუთხით განათლებისა თუ ქცევითი მეცნიერებების სულ რამდენიმე სპეციალისტია და ფაქტობრივად ყველას განათლება საზღვარგარეთ გვაქვს მიღებული.
– მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის საკითხებზე საგანმანათლებლო მასალის მომზადებას ალბათ თავისი წესები აქვს...
– სწორედ ასეა. უცხოეთში, როგორც გითხარით, ამ საკითხის ირგვლივ გამოკვლევებიც კი ტარდება. ამერიკაში მიღებულია, რომ მოსახლეობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სამედიცინო ლიტერატურა მეექვსეკლასელი მოსწავლისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს. ამაზე რთული ენით მიმართვა სასურველად არ მიიჩნევა, თუ ტექსტი მთელ მოსახლეობაზეა გათვლილი და არა რომელიმე სპეციფიკურ ინტელექტუალურ ჯგუფზე.
არსებობს უფრო კონკრეტული რჩევებიც იმის თაობაზე, რამდენი სიტყვა უნდა იყოს წინადადებაში, რა ზომისა უნდა იყოს შრიფტი, გვერდის რა ნაწილი უნდა ეკავოს ილუსტრაციას თუ უბრალოდ თავისუფალ სივრცეს, რომ ადრესატს არც ერთი სიტყვა არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ჩვენში ამ ტიპის გამოკვლევები საერთოდ არ ჩატარებულა, ამ პრობლემის მნიშვნელობაზე ჯერ არავის უფიქრია და თუ უფიქრია, მის აღმოსაფხვრელად რესურსიც არ იყო. ახლა და ახლა ვიწყებთ ამ კუთხით მუშაობას, მაგრამ ვიდრე შედეგები გვექნება, ვცდილობთ, მასალები ფოკუსჯგუფებში მაინც შევამოწმოთ, მოვსინჯოთ, როგორ ესმით, როგორ მოსწონთ, რამდენად აინტერესებთ. ალბათ ასე უნდა იქმნებოდეს ნებისმიერი საგანმანათლებლო მასალა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პრომოციას ეწევა. მიუხედავად ძალისხმევისა, ხანგრძლივი მსჯელობისა, ფოკუსჯგუფებში ჩატარებული კვლევებისა, მაინც გვეპარება უცხო ტერმინები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ხელშემწყობ კამპანიას ვგეგმავდით და როცა საუკეთესო სლოგანი გამოიკვეთა, აღმოჩნდა, რომ მასში ფიგურირებდა სიტყვა “სკრინინგი”. გასაგებია, რომ დედაქალაქის მოსახლეობას ეს სიტყვა უკვე კარგა ხანია ესმის, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რამდენად გასაგები იქნება ასეთი სლოგანი რეგიონების მოსახლეობისთვის... საბოლოოდ ის მაინც ქართული და ყველასთვის გასაგები “გამოკვლევებით” შევცვალეთ.
– ზემოთ ბრძანეთ, რომ მთელ მოსახლეობაზე გათვლილ აქტივობებთან ერთად მუშაობა ინდივიდუალურ დონეზეც არის საჭირო...
– გასაგებ ენაზე საუბარი მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს კი არა, არამედ ჯანდაცვის რგოლის თითოეულ მუშაკს ევალება. სხვაგვარად ჩვენი მესიჯები მოსახლეობამდე ვერ მიაღწევს. პროფილაქტიკური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებული ვიზიტის დროს პირველადი ჯანდაცვის ექიმი მოვალეა, პაციენტს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, როგორ უნდა მოიქცეს, რომელი ქცევა შეიცვალოს, რა მიირთვას და რა არა, რა ააცილებს თავიდან – დაავადებებს, რომლებიც ემუქრება ასაკის, სქესის, მემკვიდრეობითი მიდრეკილების, ცხოვრების წესის გამო. საბედნიეროდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობა უკვე დაიწყო. შარშან ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა და სულ რამდენიმე თვის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩვენი – ქცევაზე ეპიდზედამხედველობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის – განყოფილებაც დაარსდა. მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რგოლთანაც მიმდინარეობს და ძალიან კარგია, რომ ამ საკითხით თქვენც დაინტერესდით. მოგეხსენებათ, ჩვენს ძალისხმევასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობასაც გაუჩნდეს მოთხოვნილება, მეტი გაიგოს და მეტად იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა თუ აღდგენას ისახავს მიზნად.
დამიმტკიცე, რომ გენდო
ექიმისა უნდა გჯეროდეს... ეს ნივთის შეძენა როდია, პლუს-მინუსები მშვიდად რომ აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება თავად მიიღო – მიდიხარ, ანდობ საკუთარ ჯანმრთელობას, ბრმად ასრულებ მის დანიშნულებას და თუ ღმერთმა ინება, შედეგიც არ დააყოვნებს. სხვათა შორის, მსგავსი მიდგომა ექიმებს შორისაც საკმაოდ არის გავრცელებული. არადა ჩვენ ხომ სამკურნალოდ ფაქტებზე დამყარებულ ცოდნას მივმართავთ, სამეცნიერო დაწესებულებაში მივდივართ და არა, ვთქვათ, ასკლეპიოსის ტაძარში... თუმცა ფაქტი ყოველთვის არც ჯიუტია და არც აშკარა. მიუხედავად მთელი იმ ცოდნისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ რომ დააგროვა, ადამიანის ორგანიზმი კვლავაც გამოცანად რჩება. დანამდვილებით ვერავინ გეტყვით, მოსალოდნელ შედეგს გამოიღებს თუ არა სწორი მკურნალობა ან სავალალოდ დამთავრდება თუ არა არასწორი. ზოგჯერ პირიქითაც ხდება. ხომ გახსოვთ ლევ ტოლსტოი: “მიუხედავად დიდძალი აბისა, წვეთებისა და ფხვნილისა, მარტო ქილებმა და კოლოფებმაც კი ვრცელი კოლექცია რომ შეადგინეს, ახალგაზრდობამ მაინც თავისი გაიტანა და ნატაშამ გამოჯანმრთელება დაიწყო”. მაშ როგორ დავადგინოთ სწორისა და არასწორის კრიტერიუმები? არადა ისინი ნამდვილად გვჭირდება.
მოგეხსენებათ, მედიცინას ჯერ ინსტიტუტში სწავლობენ, სულ მცირე, შვიდი წელიწადი, მერე კი მთელი ცხოვრება. ინსტიტუტში იმდენ რამეს იგებ და იმახსოვრებ, სესიამდე თუ მიგყვა, დიდი შეღავათია. სახელმძღვანელოები და ცნობარები ხშირად მანამდე ძველდება, ვიდრე საღებავი შეაშრება ან მათზე აღზრდილი სტუდენტები უმაღლესს დაამთავრებენ. მეცნიერებს თუ ვერწმუნებით, დღეს არსებული სამედიცინო ცოდნის ნახევარი ათი წლის შემდეგ მოძველებული, მცდარი ან შეუსაბამო იქნება.
პრობლემის გადაჭრას კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით ცდილობდნენ, თუმცა ხუთ წელიწადში ერთხელ მოსმენილი რამდენიმე ლექცია დიდი სარგებლობის მომტანად ვერ ჩაითვლება, ამიტომ ცივილიზებული მსოფლიო უწყვეტ სამედიცინო განათლებაზეა გადასული. უნდა იკითხო, ეძებო, აანალიზო, განაზოგადო, მაგრამ როგორ? შეუძლებელია ექიმს მოსთხოვო, გაეცნოს ყოველწლიურად ორმოცი ათას ბიოსამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ ორ მილიონ სტატიას. ეს უბრალოდ არარეალურია; ის ხომ არამცთუ მკურნალობისთვის – ჭამისა და ძილისთვისაც კი ვეღარ მოიცლის.
პრობლემის მოგვარება მტკიცებულებზე დაფუძნებული მედიცინის ცენტრებმა იკისრეს – იქ მომუშავე ექსპერტთა ჯგუფები არსებული მონაცემების შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე რეკომენდაციებს, სისტემურ მიმოხილვებს, ანალიტიკურ გამოცემებს ბეჭდავენ.
რას გვეუბნება ფაქტები
დაავადების მიზეზის, განვითარების მექანიზმის, სამკურნალო საშუალებათა მოქმედების პრინციპის ცოდნა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად თითქოსდა საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ასეა მხოლოდ ერთი შეხედვით. მეცნიერებამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის, მათ შორის ისიც კი, რაც ჰგონია რომ იცის. კუჭის წყლულს გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენამდე რით აღარ მკურნალობდნენ – სოდით, ჟანგბადით, ძილით, კუჭის ამოკვეთით… ყველა მეთოდს თავის გასამართლებელი საკუთარი თეორია ჰქონდა: ნერვული, თვითმონელებისა… მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა კი თეორიასთან ერთად იმასაც იკვლევს, რამდენად ეფექტური და პაციენტისთვის სასარგებლოა ესა თუ ის ჩარევა, გვასწავლის, როგორ მოვძებნოთ ინფორმაციის ზღვაში სარწმუნო შედეგები და მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება სადღეისოდ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ვის არ გაუგონია, რომ ჩ ვიტამინი გრიპისა და გაციების უებარი წამალია. მოდი, გადავამოწმოთ: მსოფლიოს მრავალ კლინიკაში ათასობით პაციენტთა ერთ ნაწილს დავალევინოთ ჩ ვიტამინი, მეორეს – არა, მერე კი შედეგები ერთმანეთს შევადაროთ. ამის შემდეგ შეგვიძლია, რამდენიც გვინდა, იმდენი თეორია ვეძებოთ ფაქტების ასახსნელად, თვით ფაქტს კი ვერავინ შეცვლის. ოღონდ ფაქტი რომ უტყუარი იყოს, კვლევის შედეგზე გავლენის მომხდენი ყველა სხვა მიზეზი უნდა გამოირიცხოს. უწინარეს ყოვლისა, საკვლევი და საკონტროლო ჯგუფი დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ამას ყველაზე უკეთ შემთხვევითი შერჩევის (რანდომიზაციის) მეთოდი უზრუნველყოფს. პაციენტები ორ ჯგუფად კენჭისყრით გავყოთ (მადლობა ღმერთს, დღეს საამისოდ კომპიუტერული პროგრამები არსებობს და “ენკი-ბენკი” აღარ გვჭირდება). გარდა ამისა, მართლა წამლის ეფექტი რომ გავიგოთ და არა პაციენტის თვითშთაგონებისა, საკვლევმა პირმა არ უნდა იცოდეს, ძირითად ჯგუფში შედის თუ საკონტროლოში, ანუ საკვლევ ნივთიერებას იღებს თუ ცრუს. სწორედ ასე დაამტკიცეს, რომ ჩ ვიტამინის დალევის შემთხვევაში, ცნობილი ხუმრობისა არ იყოს, გრიპი ერთი კვირა გრძელდება, ხოლო დაულევლობის შემთხვევაში – შვიდი დღე.ამ ყველაფერს, რაც ზემოთ აღვწერეთ, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა ჰქვია და კვლევითი მეთოდების ოქროს სტანდარტად ითვლება. უკეთესი იქნება, თუ მსგავს კვლევებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩავატარებთ, ოღონდ წესების სრული დაცვით, მერე კი შედეგებს სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით ერთმანეთს შევადარებთ, თანაც არც კვლევების სანდოობისა და სიზუსტის შეფასება დაგვავიწყდება.
მედიცინა საკმაოდ კონსერვატიული მეცნიერებაა – ახალ მონაცემებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს და მხოლოდ მას შემდეგ იჯერებს, რაც ისინი დროის გამოცდას გაუძლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტული მკურნალობის მომსწრენი გავხდებოდით. თუმცა ზოგჯერ ასეთი მიდგომა პაციენტს უკეთესი შედეგის შანსს ართმევს. მაგალითად, 1972 წელს გამოქვეყნდა ერთი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც იმაზე მეტყველებდა, რომ თუ ნაადრევი მშობიარობის რისკის მქონე ორსულებს კორტიკოსტეროიდების (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების) ხანმოკლე კურსს დაუნიშნავდნენ, ახალშობილთა დღენაკლულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი შემცირდებოდა. მომდევნო 19 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი შედეგი გამოჩნდა, მაგრამ რაკი არავის გაუანალიზებია, რა მონაცემები არსებობდა საერთო ჯამში ამ საკითხის შესახებ, ექიმები ამ მიდგომას უეფექტოდ მიიჩნევდნენ და არ ნიშნავდნენ. 1991 წელს კი რვა კონტროლირებადი კვლევის შედეგი გააანალიზეს და აღმოჩნდა, რომ ასეთი თერაპია ახალშობილთა სიკვდილიანობას მართლაც ამცირებს, თანაც თითქმის 50%-ით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ხნის განმავლობაში ათეულობით ათასი ახალშობილი გარდაიცვალა იმის გამო, რომ დედას სათანადო მკურნალობა არ დაუნიშნეს. ამ შედეგების სქემატური გამოსახულება კოხრეინის თანამშრომლობის (ცოცჰრანე ცოლაბორატიონ) ლოგოტიპად იქცა. ეს მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის ყველაზე დიდი და ცნობილი ცენტრია და 90 ქვეყნის 15 000-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს. მათი ძალისხმევის შედეგად კი ექიმები, თუმცა რატომ მარტო ისინი – პაციენტები, იურისტები, პოლიტიკოსები, შემოწმებულ და სანდო ინფორმაციას იღებენ.
მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა არ არის
. ველოსიპედის თავიდან გამოგონება. ამ დარგის აღმოცენება ეპიდემიოლოგიის, ბიოსტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გაჩენამ გახადა შესაძლებელი. გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ექიმებს საუკეთესო ინფორმაციის მოსაძებნად არც საშუალებები ჰქონდათ და ზუსტად არც იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკისთვის ზუსტი ინფორმაცია.
. მედიცინის სამზარეულო წიგნად ქცევა. მედიცინა იღვწის, რათა ზუსტი მეცნიერება გახდეს, მაგრამ ვერასოდეს გახდება. ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის მზამზარეული რეცეპტი ვერასოდეს გვექნება. თუმცა უგუნურებაა ფაქტების სრული უგულებელყოფა და მხოლოდ ექიმის ინტუიციის იმედად დარჩენაც.
პირადად თქვენთვის
მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის ერთ-ერთი მიზანია, პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა ნდობასთან ერთად ფაქტებითაც გაამყაროს.
მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის მრავალი გაიდლაინი (ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საუკეთესო ტაქტიკა) არასპეციალისტებისთვისაც ხელმისაწვდომია. ამ საკითხებში გარკვევის შემდეგ შეძლებთ დასვათ უფრო გონივრული კითხვები, არ მოითხოვოთ ერთმნიშვნელოვანი პასუხები, აწონ-დაწონოთ არსებული მონაცემები. გაგება იმისა, რატომ გირჩევთ ექიმი ამა თუ იმ გამოკვლევასა თუ სამკურნალო მეთოდს სამედიცინო ლიტერატურიდან მტკიცებულებების მიხედვით, დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად, იდეალურ შემთხვევაში კი ექიმთან ერთად შეიმუშაოთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მტკიცებულებებზე დამყარებული საუკეთესო გეგმა.
წამალი, რომელიც წამალი არ არის
თუ მედიცინასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თვალს ადევნებთ, ალბათ სიტყვა “პლაცებოსთვისაც” მოგიკრავთ ყური. სამედიცინო კონტექსტში (ყოველ შემთხვევაში, დაწერილ-დოკუმეტური სახით) ეს ტერმინი სულ ორასიოდე წლის წინ გამოჩნდა. XIX საუკუნის დასაწყისში გამოცემული სამედიცინო ლექსიკონი მას განმარტავს როგორც წამალს, რომელიც პაციენტისთვის სარგებლობის მოტანაზე მეტად მისი გულის მოსაგებად არის გამიზნული. ეს – დოკუმენტურად, თორემ სათნომყოფელი ექიმები კაცობრიობას მთელი ისტორიის განმავლობაში არ მოჰკლებია. სოკრატეს მიაჩნდა, ბალახმა რომ იმოქმედოს, ექიმმა მას პირადი მომხიბვლელობის დიდი დოზა უნდა დაუმატოსო. მეტრ ამბრუაზ პარე წერდა, რომ მკურნალის ვალია, “ხანდახან განკურნოს, ხშირად ტკივილი შეუმსუბუქოს, მაგრამ ყოველთვის ანუგეშოს”. თომას ჯეფერსონი, როგორც თვითონ უწოდა, “ღვთისმოშიში ტყუილის“ აღწერისას შენიშნავდა: “ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექიმი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, მარწმუნებდა, ჩემი კარიერის განმავლობაში პურის აბები, შეფერილი წყლის წვეთები და დაფხვნილი თხილის ნაჭუჭი გაცილებით ხშირად დამინიშნავს, ვიდრე ყველა სხვა წამალი ერთად აღებულიო”. მეოცე საუკუნის დასაწყისში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი გამოჩენილი ექიმი იხსენებდა, რომ ყველა სხვა ექიმის მსგავსად, პლაცებოს გამოყენებას მასაც ასწავლიდნენ და სამედიცინო საზოგადოება ამას ისე უყურებდა, როგორც აუცილებელ ტყუილს, 1940 წელს კი ფარმაცევტულმა კომპანიებმა შაქრიანი აბების ცებოკალპისა და ობეკალპის (შეგიძლიათ, ინგლისური ვარიანტი ობეცალპ უკუღმა წაიკითხოთ და მისი შემადგენლობა გასაგები გახდება) გამოშვება დაიწყეს. პლაცებოს ჯადოსნური ძალის მეცნიერულ შესწავლას ერთ-ერთმა პირველმა ჰენრი ბიჩერმა მოკიდა ხელი. იდეა მეორე მსოფლიო ომის დროს გაუჩნდა, როდესაც ასეთ ამბავს შეესწრო: უწყვეტი დაბომბვის გამო ჰოსპიტალში ტკივილგამაყუჩებელი გაუთავდათ, ექთანმა კი მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს მარილიანი ხსნარის ინექცია გაუკეთა და თან წარბშეუხრელად დაამშვიდა, მორფინის ამხელა დოზა ტკივილს თვალის დახამხამებაში დაგიამებსო. წყლის ზემოქმედებამ გამოცდილი ანესთეზიოლოგი სახტად დატოვა – აშკარად თავჩენილი შოკის ნიშნები თვალსა და ხელს შუა გაქრა და ავადმყოფიც უეჭველ სიკვდილს გადაურჩა.
უკვე ომის შემდეგ ფენომენის დაწვრილებითმა შესწავლამ ცხადყო, რომ შაქრიანი აბები (უფრო სწორად, რწმენა, რომ წამალს იღებს) პაციენტთა 35%-ს რგებს. სამედიცინო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ წამლისა თუ სამკურნალო მეთოდის შედეგი მხოლოდ მისი დამსახურება არ არის და კლინიკური კვლევების ახალი მეთოდიც დაინერგა. სადღეისოდ ამ გამოცდის ჩაბარების გარეშე ვერც ერთი წამალი ვერ მოხვდება აფთიაქში (ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყანებში მაინც). გამოცდის დროს, გარდა ძირითადისა, იქმნება პლაცებოს ჯგუფიც, რომელიც, როგორც უკვე მიხვდით, შაქრის აბებს იღებს, ოღონდ არც ერთმა პაციენტმა არ იცის, რომელ ჯგუფს ეკუთვნის, შედეგად კი ექიმებს საშუალება ეძლევათ დაადგინონ, რა გავლენას ახდენს კონკრეტულ დაავადებაზე წამალი და არა მისი ძალის რწმენა. გაგიკვირდებათ და, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი გავიდა, ბიჩერის მიერ დადგენილი მაჩვენებელი არ შემცირებულა, თუმცა პაციენტები გაფრთხილებულნი არიან, რომ შეიძლება წამალს კი არა, ცრუ აბს სვამდნენ.
ტრადიცია გრძელდება
თუმცა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში პლაცებოს ადგილი ლეგალური ფუნქციით არ ამოიწურება. მართალია, “აბი გლუკოზის” დამნიშვნელ ექიმებს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ, როგორც უცხოელი მკვლევარები ამბობენ, ნაწილობრივი ან აქტიური პლაცებოები გახდა მოდური. ნიშნავენ ვიტამინებს, კვებით დანამატებს, სხვა მედიკამენტებს ძალიან დაბალი ან სრული დოზით, მაშინ როცა მოცემულ დაავადებაზე მათი ფიზიოლოგიური თუ ფარმაკოლოგიური (ყოველ შემთხვევაში, სასიკეთო) გავლენა ცნობილი არ არის. საზღვარგარეთული სტატისტიკით, 70-იან წლებში განვითარებულ ქვეყნებში დანიშნული წამლების 40% სწორედ ასეთ პლაცებოების წილად მოდიოდა. თანამედროვე ამერიკელ ექიმთა 45% აღიარებს, რომ პლაცებოს უნიშნავს, 8% კი იმასაც ამბობს, წლის განმავლობაში ასე ათჯერ მაინც მოვიქეციო. ნუ დავიწყებთ იმის ძიებას, სიმართლის რა ნაწილს აღიარებენ – ეს ციფრებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, დანიისა და შვედეთის ექიმებს შორის ჩატარებული გამოკითხვები კი ამტკიცებს, რომ საკითხი მხოლოდ ამერიკით არ შემოიფარგლება და პლაცებოს პრობლემა განვითარებულ დასავლეთშიც მწვავედ დგას. ჩვენთან მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც მივხვდებით: მსგავსი პრაქტიკა არც ჩვენი ექიმებისთვის არის უცხო. ამერიკელებს არც იმის გარკვევა დაზარებიათ, რატომ ნიშნავენ ექიმები პლაცებოს: აღელვებული პაციენტის დასამშვიდებლად, მისი დაჟინებული, თუმცა გაუმართლებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ტკივილის კონტროლისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ წუწუნი შეაწყვეტინონ. ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ამერიკელ მედიკოსთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტმა პლაცებოსთან ბრძოლა წამოიწყო. მათი აზრით, პლაცებო, თუნდაც კეთილშობილური მიზნით დანიშნული, პაციენტის მოტყუებაა, ეს კი ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას, პაციენტისა და ექიმის სწორ ურთიერთობას და შესაძლოა, პაციენტის ჯანმრთელობასაც კი მიაყენოს ზიანი. მაგალითად, შთაგონებად პაციენტს შესაძლოა პლაცებომ ტკივილი გაუქროს, მაგრამ მძიმე დაავადება შეუმჩნეველი დარჩეს და პირდაპირ მძიმე გართულებით იჩინოს თავი.
აქტიური პლაცებოების გამოყენება ცალკეულ პაციენტებთან ერთად მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობასაც უქადის ზიანს. მაგალითად, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების დანიშვნის გავრცელებულმა პრაქტიკამ ტუბერკულოზისა და ბაქტერიული მენინგიტის გამომწვევებს (და არამარტო მათ) ისეთი წამალგამძლეობა გამოუმუშავა, რომ მკურნალობა უფრო და უფრო რთული, ზოგჯერ კი შეუძლებელიც ხდება, უეფექტო წამლებში გადაყრილ ფულზე რომ არაფერი ვთქვათ...
იქნებ მაინც გვჭირდება წამალთან ერთად სიტყვაც რომ კურნავს, ეს კარგა ხანია აქსიომად მიიჩნევა, ამიტომ საკითხავია, პლაცებოს საწინააღმდეგო კამპანია მთავარ იარაღს ხომ არ წაართმევს ექიმებს და მხოლოდ წამლის ბიოლოგიური თვისებების იმედად ხომ არ დატოვებს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, პლაცებოს მაკურნებელი ძალა ტყუილის გარეშე შეგვენარჩუნებინა და, სხვათა შორის, ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ცოტა ხნის წინ ასეთი გამოკვლევა ჩატარდა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე 262 ადამიანი სამ ჯგუფად დაყვეს; მესამედს სთხოვეს, მკურნალობის დასაწყებად თავიანთ რიგს დალოდებოდნენ, დანარჩენებს კი ვითომდა პროცედურების ჩატარება დაუწყეს, ოღონდ ნახევარს გულგრილი ექიმები შეხვდა, ნახევარს კი თბილი და გულისხმიერი. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ პირველი ჯგუფის შედეგები ბევრით არაფრით განსხვავდებოდა მომლოდინეთა შედეგებისგან, მესამე ჯგუფში კი უკეთესობა 60%-მა იგრძნო (ამ სინდრომის სამკურნალოდ მოწოდებული თანამედროვე პრეპარატების შედეგიც დაახლოებით ასეთივეა), თანაც შედეგი “მკურნალობის” დამთავრებიდან 6 კვირის შემდეგაც შეინარჩუნეს. როგორც ჩანს, თავად აბის როლი პლაცებოს ეფექტში არც ისე დიდია.
ეს ყველაფერი საზღვარგარეთს ეხებოდა, სადაც პრობლემას არც ჩქმალავენ და მისი მოგვარების გზებსაც ეძებენ. ჩვენ საკმაოდ დიდი გზა ერთად გვაქვს გასავლელი, პირველ რიგში კი გარდაქმნა ჩვენსავე შეხედულებებს სჭირდება. უარი უნდა ვთქვათ ისეთი ექიმის ძებნაზე, თვალის ერთი შევლებით რომ დაგვისვამს დიაგნოზს, ხუთ წუთში უებარ წამალს გამოგვიწერს და ერთ დღეში მოგვარჩენს. ისიც უნდა გავიგოთ, რომ ზოგიერთი სიმპტომის სწრაფად გაქრობა ვერ ხერხდება და არც ყველა დაავადების მორჩენაა შესაძლებელი. სამედიცინო ინფორმაცია უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ასე რომ, არც თვითგანათლება გვაწყენს (ოღონდ ხარისხიანი და არა ზერელე და საეჭვო მასალებით). ამის შემდეგ კი მოძებნეთ ექიმი, რომელიც ყურადღებით მოგისმენთ, გაუგებარი ტერმინების გარეშე აგიხსნით თქვენს მდგომარეობას და მის შესახებ არსებულ სამედიცინო ცოდნას, დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სნეულებას და საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ, ანუ ყოველგვარი ტყუილის გარეშე აბი გლუკოზის ფილოსოფიის საუკეთესო ასპექტებს არ მოგაკლებთ.
კითხვები უდრის პასუხებს
ექიმთან დიალოგის პირველი ნაბიჯი კითხვების დასმაა. სპეციალისტები გვირჩევენ, კაბინეტი მანამდე არ დავტოვოთ, სანამ ამომწურავ და გასაგებ პასუხს არ მივიღებთ სამ მთავარ კითხვაზე:
- რა ჰქვია ჩემს დაავადებას?
- რა უნდა გავაკეთო?
- რა მოხდება, თუ ასე არ მოვიქეცი?
აი, კითხვა-პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი:
– რა ჰქვია ჩემს დაავადებას?
– მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
– რა უნდა გავაკეთო?
– უნდა მიიღოთ შაქრის დამწევი წამალი, გლუკომეტრით (სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც შეიძენთ) რეგულარულად იზომოთ სისხლში გლუკოზის დონე, დაიცვათ დიეტა და მეტად დაიტვირთოთ ფიზიკურად, თანაც არა მხოლოდ ერთი და ორი კვირის განმავლობაში, არამედ მთელი სიცოცხლე.
– რა მოხდება, თუ ასე არ მოვიქეცი?
– შაქრიანი დიაბეტი სერიოზული სამედიცინო პრობლემაა. თუ არ აკონტროლეთ, ის საგრძნობლად გაზრდის გულისა და სისხლძარღვების დაზიანების და მძიმე გართულებების (მაგალითად, ინსულტისა და ინფარქტის) ალბათობა, გამოიწვევს მხედველობის დაქვეითებას და, შესაძლოა, სრულ დაკარგვასაც კი, სიცოცხლის გადასარჩენად, გამორიცხული არ არის, კიდურების ამპუტაცია დაგჭირდეთ. და ეს მოსალოდნელი გართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია.
საკმაოდ გულახდილი პასუხია, არა? წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ექიმისგან ასეთი ინფორმაცია არ წამოიღეთ, წამალი მაშინ სვით, როცა გაგახსენდებათ, დიეტა ისეთი რთული მოგეჩვენათ, რომ საერთოდ არ დაიცავით, ფიზიკური დატვირთვა კი ფიტნესკლუბის ძვირადღირებულ აბონემენტთან დააკავშირეთ და საერთოდ უარი თქვით.
ამერიკელმა სპეციალისტებმა სხვადასხვა სიტუაციაში დასასმელი კითხვების სიაც მოგვიმზადეს:
დაავადების შესახებ:
. რა არის ჩემი დიაგნოზი?
. სხვა გამოკვლევებიც დამჭირდება?
. მკურნალობის რა ვარიანტები არსებობს?
. რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?
. რამდენ ხანში უნდა მივიღო გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ?
. რამდენი დამიჯდება მკურნალობა?
. რა მოხდება, თუ გადავწყვეტ, რომ არ ვიმკურნალო?
. რა მელის მომავალში (როგორია ჩემი დაავადების პროგნოზი)?
. დამჭირდება თუ არა სახლში სპეციალური დახმარება?
გამოკვლევის წინ:
. რა საჭიროა ეს გამოკვლევა?
. როგორ ტარდება იგი?
. რამდენად ზუსტ ინფორმაციას იძლევა?
. თუ არსებობს სხვა გზა ამ ინფორმაციის მისაღებად?
. როდის გავიგებ შედეგებს?
. რას გავიგებთ ამ შედეგებით?
. რა იქნება ამ გამოკვლევის შემდგომი ნაბიჯი?
წამლის დასანიშნად ან შესაცვლელად:
. რა ჰქვია ამ წამალს?
. რისთვის არის ის საჭირო?
. დღეში რამდენჯერ და რამდენი უნდა მივიღო?
. აქვს თუ არა მნიშვნელობა, ჭამის წინ დავლევ თუ ჭამის შემდეგ? (მაგალითად, რას ნიშნავს “დღეში სამჯერ” – დილით, შუადღისით და საღამოს თუ ყოველ 8 საათში ერთხელ?)
. თუ არსებობს იმავე ქიმიური შემადგენლობის სხვა წამალი, რომელიც უფრო ნაკლები ეღირება?
. რამდენი ხანი უნდა ვსვა (გავიკეთო) ეს წამალი?
. ხომ არ უნდა მოვერიდო რომელიმე საჭმელს, სასმელს ან საქმიანობას, სანამ ამ წამალს ვსვამ?
. როგორ მოვიქცე, თუ წამლის დალევა დამავიწყდა?
. როგორ მოვიქცე, თუ შემთხვევით საჭიროზე მეტი დავლიე?
. ხომ არ უნდა შევწყვიტო სხვა წამლების ან ვიტამინების სმა?
. ხომ არ გაქვთ ბროშურა ან სხვა წერილობითი ინფორმაცია, თან რომ გამატანოთ?
ოპერაციის წინ
. რა საჭიროა ოპერაცია?
. თუ არსებობს ამ დაავადების მკურნალობის სხვა მეთოდი?
. რა სახის ოპერაცია მჭირდება?
. აქამდე რამდენჯერ ჩაგიტარებიათ ეს ოპერაცია?
. გაუტკივარება დამჭირდება? რა სახის?
. რამდენ ხანს მომიწევს საავადმყოფოში დარჩენა?
. რამდენ ხანში დავუბრუნდები ცხოვრებას ჩვეულ რიტმს?
. რა მოხდება, თუ ოპერაცია გადავდე?
ძვირად ღირებული შეცდომები
ძნელია იფიქრო, რომ ექიმმა, შენი ან უახლოესი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რომ ანდე, შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ ასეც ხდება, თანაც არა მარტო ჩვენთან, არამედ ეკონომიკურად ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ამერიკული სტატისტიკით, სამედიცინო შეცდომებს ყოველწლიურად 98 000 კაცი ეწირება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: შეცდომაზე იურიდიული თუ მორალური პასუხისმგებლობა მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავის დასჯა შეცდომის სავალალო შედეგების აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, მკვდარს ვერ გააცოცხლებს. თქვენი როგორც პაციენტის გონივრულმა ქცევამ კი შეცდომის ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს. ამერიკაში გამოთვალეს, რომ პაციენტები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ თავიანთი დაავადების შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ექიმს და არც კითხვების დასმას ერიდებიან, გაცილებით იშვიათად ხდებიან შეცდომის მსხვერპლნი.
მოგეხსენებათ, წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზაშია. მეტსაც გეტყვით: ბევრისთვის უებარმა წნევის დამწევმა მედიკამენტმა ბრონქული ასთმით დაავადებულს შესაძლოა ავნოს, საყოველთაოდ ცნობილმა მედიკამენტმა ასპირინმა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა ტვინისა და ღვიძლის უმძიმესი დაზიანება გამოიწვიოს, კუჭის წყლულის დროს კი სისხლდენის პროვოცირება მოახდინოს. შეცდომები ოპერაციის დროსაც ხდება: თურმე შეიძლება, ჭიაყელა დანამატის ნაცვლად ნაღვლის ბუშტი ამოგაჭრან ან მარჯვენა მენისკის ნაცვლად მარცხენაზე გაგიკეთონ ოპერაცია. ამერიკული სახელმწიფო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ასეთი შეცდომები იშვიათია, მაგრამ რა იშვიათიც არ უნდა იყოს, მაინც საგანგაშოა და მათი თავიდან აცილების გზებს იგონებენ. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ქირურგმა, როცა ოპერაციამდე პაციენტს მოინახულებს, ხელი პირდაპირ ოპერაციისთვის გამიზნულ ადგილზე უნდა მოაწეროს. თუ შეეშალა, არაანესთეზირებული და, შესაბამისად, საღ გონებაზე მყოფი პაციენტი გააპროტესტებს და შეცდომასაც თავიდან ავიცილებთ. ცალკე საკითხია ჰოსპიტალური ინფექციები, უდიდეს სამედიცინო პრობლემად რომ იქცა და მათი თავიდან აცილება ძალიან ჭირს.
და მაინც, იმავე ამერიკული სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო შეცდომების 88% აფთიაქიდან სხვა წამლის ან სხვა დოზის წაღებასთან არის დაკავშირებული.
. ექიმთან საუბრისას არ გამოგრჩეთ არც ალერგია, არც რომელიმე სხვა დაავადება და არც ნებისმიერი წამალი, რომელსაც ამჟამად იღებთ. სთხოვეთ, მარტივი და გასაგები ენით აგიხსნათ თქვენი დაავადების არსი, თითოეული წამლის დოზირება, მიღების წესი და მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები.
. ყურადღებით წაიკითხეთ მისი დანიშნულება და თუ რამე ვერ გაიგეთ, განმარტება სთხოვეთ. თუ მის ხელნაწერს თქვენ ვერ არჩევთ, ადვილი შესაძლებელია, ეს ფარმაცევტსაც გაუჭირდეს.
. როდესაც აფთიაქში წამალს ყიდულობთ, გადაამოწმეთ, ემთხვევა თუ არა მისი სახელწოდება და დოზა ექიმის დანიშნულს. თუ წამლის შეცვლა გადაწყვიტეთ, დარწმუნდით, რომ აქტიური ნივთიერება და მისი დოზა ექიმის მიერ დანიშნულ და თქვენ მიერ შეძენილ წამალში ერთი და იგივეა. თუ ჯერადობის ან მიღების წესის შესახებ კითხვა მაინც დაგრჩათ, ფარმაცევტი სიამოვნებით დაგეხმარებათ.
. სანამ წამალს დალევთ ან ბავშვს დაალევინებთ, წესად აქციეთ ეტიკეტის წაკითხვა – წამალს ინსტრუქცია და ყველა სხვა ინფორმაცია პაციენტისთვის წასაკითხად მოჰყვება.
. საავადმყოფოში ყოფნისას დააკვირდით, ექიმი, ექთანი და სანიტარი თქვენთან მოსვლამდე ხელებს იბანენ თუ არა. თუ ეჭვი შეგეპარათ, ჰკითხეთ. ხელების ხშირი ბანა ჰოსპიტალური ინფექციის პრევენციის უმნიშვნელოვანესი გზაა.