გიორგი მარუაშვილი – კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური პარაზიტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში
გააზიარე:
გამოჩენილი ადამიანების შვილები ხშირად მშობლების დიდების ჩრდილში იკარგებიან, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. დიდი მეცნიერისა და ექიმის მინა მარუაშვილის ვაჟი საქართველოში ერთ–ერთი პირველი პარაზიტოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი გახდა.
გიორგი მარუაშვილის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და დიდი ექიმის შვილიშვილს ნინო მარუაშვილს.
გიორგი მარუაშვილი1910 წლის 23 დეკემბერს ქარელში დაიბადა. მამამისი საქართველოში მალარიის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი მინა მარუაშვილი იყო. დედა, თამარ ოქროპირიძე, პედაგოგი, აქტიურად იყო ჩართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. გიორგი რომ დაიბადა, მინა ჯერ კიდევ ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. ახალბედა ექიმმა ვერც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იჯერა გული შვილის სიყვარულით – ჯერ ყვარლის, მერე კი ქვემო მაჩხაანის საექიმო პუნქტის გამგედ დანიშნეს და თავდაუზოგავად მუშაობდა.
1920 წელს მარუაშვილების ოჯახი თბილისში გადასახლდა.
საქართველოში მალარიის გავრცელების შემსწავლელ უამრავ ექსპედიციაში მონაწილეობის შემდეგ მინა მარუაშვილი მალარიასთან ბრძოლის თანამედროვე მეცნიერული მეთოდების გასაცნობად საზღვარგარეთ მიავლინეს. იმ დროს ის უკვე ტროპიკული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. მომდევნო წლების განმავლობაში მისი ნაშრომი "მალარია და მასთან ბრძოლის გეგმა საქართველოში" საფუძვლად დაედო მრავალი უწყების პრაქტიკულ საქმიანობას.
ალბათ, გასაკვირი იქნებოდა, დიდი ექიმის ვაჟს მედიცინა არ აერჩია.
ტრაგიკული დასაწყისი
თბილისის პირველი სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმისა და სამუსიკო სასწავლებლის დასრულების შემდეგ გიორგი მარუაშვილი უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა, როდესაც მამა გარდაეცვალა. თავს დატეხილი უბედურების მიუხედავად, მიზანდასახულმა ახალგაზრდამ დიდი ნებისყოფა გამოიჩინა და იმავე წელს ჩაირიცხა სასურველ ფაკულტეტზე.
გიორგი მონდომებით შეუდგა სწავლას. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტს, ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა სპირიდონ ვირსალაძემ, ალაზნის ექსპედიციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის მიზანი კახეთის მალარიოგენული სტატუსის შესწავლა იყო.
1930 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე ფაკულტეტი გამოეყო და ცალკე უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პირველმა რექტორმა გიორგი ვაწაძემ მესამე კურსის სტუდენტი გიორგი მარუაშვილი ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად გააფორმა. იმხანად კათედრას საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი ხელმძღვანელობდა. გიორგიმ ისე გამოიჩინა თავი, რომ ხელმძღვანელმა ის განათლების სახალხო კომისარიატის პედაგოგიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად მიიწვია. ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით შესრულებული ნაშრომი, "სასკოლო ასაკის ბავშვთა ფიზიკური მუშაობის უნარიანობის კვლევა", გიორგი მარუაშვილმა 1934 წელს გამოაქვეყნა.
გიორგი მარუაშვილი სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა ტროპიკულ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელის სიმონ კანდელაკის ლექციებს. პროფესორის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია ახალგაზრდა სტუდენტის ინტერესი ტროპიკული სნეულებების მიმართ და გიორგის თავისთან მუშაობა შესთავაზა. ივანე ბერიტაშვილისთვის უარის თქმა ადვილი არ იყო, მით უმეტეს, დიდი მეცნიერი არ სწყალობდა მათ, ვინც ფიზიოლოგიას თავს ანებებდა და სამუშაოდ სხვა კათედრაზე გადადიოდა, თუმცა გიორგი მარუაშვილის მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ ბერიტაშვილმა უარი ვეღარ უთხრა და საყვარელ მოსწავლეს პროფესიული გზა დაულოცა.
წარმატებისკენ მიმავალი გზა
ინსტიტუტში მუშაობის პირველივე წელს გიორგიმ ტროპიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სისხლის ცვლილებების შესწავლას მიჰყო ხელი, ამიტომ ჰემატოლოგიის განყოფილებაში ჩარიცხეს. 1940 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "პერნიციოზული ტიპის ანემია მალარიის დროს" და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის კლინიკური განყოფილებისა და მეზობლად მდებარე ყოფილი ყრუ-მუნჯთა სკოლის ბაზაზე გაიხსნა სამასსაწოლიანი საევაკუაციო ჰოსპიტალი. გიორგი მარუაშვილი ჯერ ჰოსპიტლის განყოფილების გამგედ დაინიშნა, მერე კი უფროსის მოადგილედ სამკურნალო დარგში, წამყვან თერაპევტად და სამხედრო– სამედიცინო კომისიის თავმჯდომარედ. დაწესებულების საქმიანობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა, რაშიც უდიდესი წვლილი გიორგი მარუაშვილს მიუძღოდა. ის თავს არ ზოგავდა დაჭრილთა გადასარჩენად, რისთვისაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა. უძილო ღამეების მიუხედავად, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ერთი დღითაც არ შეუწყვეტია. მეტიც – მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავა. მან დაამტკიცა აკრიქინის ეფექტურობა არა მარტო ჩრდილოეთის, არამედ სამხრეთის ჰავის პირობებშიც, სადაც მალარია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობდა.
ომის წლებში გიორგი მარუაშვილმა შეისწავლა ამებური დიზენტერია, დანერგა ამ დაავადების დიაგნოსტიკის ზუსტი კრიტერიუმები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
1944 წლის ნოემბერში ევაკოჰოსპიტლის რეორგანიზაცია ჩატარდა. რვა თვით ადრე მძიმე ავადმყოფობის გამო სიმონ კანდელაკს თანამდებობის დატოვება მოუხდა და სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად გიორგი მარუაშვილი დაინიშნა. ის თავიდანვე დიდი ენერგიით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. გამოცდილ სპეციალისტებთან: ნიკოლოზ კამალოვთან, ვასილ ვარაზთან, დავით სვანიძესთან ერთად გარს შემოიკრიბა ახალგაზრდა ექიმები, შექმნა თავისი გუნდი და ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური კვლევის მიმართულება მისცა, რამაც დაწესებულებას საქვეყნო აღიარება და ავტორიტეტი მოუტანა.
გიორგი მარუაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წერილში პროფესორი გიორგი გორდაძე წერდა: "ინსტიტუტის თანამშრომლებს გვაკვირვებდა ბატონი გიორგის უშრეტი ენერგია და უსაზღვრო ნიჭიერება. მალევე დავრწმუნდით, რომ საიმედო ხელში მოვხვდით, რის საფუძველსაც მისი პიროვნული თვისებები გვაძლევდა. მტკიცე, უკომპრომისო ხელმძღვანელი პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ თანამშრომლების მიმართ იმდენად მომთხოვნი გახლდათ, რომ უსათუოდ წავიდოდა წინ და კოლექტივსაც თან გაიყოლებდა".
ფართო ასპარეზი
ინსტიტუტში ინტენსიური საორგანიზაციო-მეთოდური მუშაობა დაიწყო. გიორგი მარუაშვილმა ფართოდ გაითქვა სახელი მსოფლიოს მეცნიერთა შორის. მისი მიღწევების წყალობით იზრდებოდა ინსტიტუტის პოპულარობაც და 1960 წლიდან კ. ვირსალაძის სახელობის ინსტიტუტი ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ბაზად ჩამოყალიბდა, რომელსაც უდიდესი წვლილი შეჰქონდა განვითარებადი ქვეყნების სამედიცინო ენტომოლოგთა მომზადებაში. წლების განმავლობაში თბილისში პარაზიტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე იმართებოდა მოძრავი სემინარები, სადაც საველე პირობებში ლექციებს გიორგი მარუაშვილი კითხულობდა. სემინარებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის გამოჩენილი სპეციალისტები ესწრებოდნენ. ამავე პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში მრავალმა უცხოელმა ექიმმა აიმაღლა კვალიფიკაცია.
პროფესორი გამბუზია
გიორგი მარუაშვილმა საქართველოში პირველმა აღწერა ადამიანის ტრიქინელოზი, სიყვითლის გარეშე მიმდინარე ლეპტოსპიროზი, ადამიანის ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტოზომატოზი და რამდენიმე სხვა ინფექციური დაავადება. პარაზიტოლოგიის საბჭოთა სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ევგენი პავლოვსკი, მარუაშვილს ღირსეულ თანამებრძოლად მიიჩნევდა – ქართველმა მეცნიერმა დიდი წვლილი შეიტანა არაერთ დაავადებასთან ბრძოლაში, აღმოაჩინა რა მათი ბუნებრივი კერები, გაშიფრა მათი ეპიდემიოლოგია და შეიმუშავა პრევენციული ღონისძიებები.
– ომის შემდეგ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მალარიასთან ბრძოლა გახდა. ამ მიზნით იმართებოდა რესპუბლიკური თათბირები, რომლებზეც მოხსენებით ბაბუა გამოდიოდა, – გვიყვება ქალბატონი ნინო. – განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა დიდი მშენებლობები. ბაბუას ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით 1944 წლიდან დეტალურად სწავლობდნენ ადგილებს და დასახლებულ პუნქტებს, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, მერე კი ამ მონაცემების საფუძველზე იგეგმებოდა და ტარდებოდა ღონისძიებები მალარიის პრევენციისთვის. ასე აშენდა უამრავი ქარხანა, კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური, ქალაქი რუსთავი, სამგორის სარწყავი სისტემა და სხვა.
მალარიის, მოსახლეობის ამ საუკუნოვანი მტრის ლიკვიდაცია საქართველოში ბაბუას ხელმძღვანელობით 1970 წელს დასრულდა, თუმცა პრევენციული ღონისძიებები შემდგომშიც აქტიურად ტარდებოდა. ბაბუა ამბობდა, საკმარისია, ყურადღება მოვადუნოთ, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილი შემთხვევების წყალობით მალარიის ეპიდემია ხელახლა იფეთქებსო. მისი ინიციატივით აიკრძალა მალარიის გადამტანების საწინააღმდეგოდ შხამქიმიკატების ავიამოფრქვევა, რაც შემდეგ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც დაინერგა.
გამორჩეული პედაგოგიური ნიჭი ჰქონდა. ინსტიტუტში მუშაობის მსურველებს თავად არჩევდა. როდესაც ახალ თანამშრომელს მიიღებდა, უმალვე ჩააბამდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. სტუდენტებმა და ახალგაზრდა თანამშრომლებმა პროფესორი გამბუზია შეარქვეს. გამბუზია თევზია, რომელიც მალარიის გადამტანი კოღოს მატლებს ანადგურებს. საქართველოში ეს თევზი 1925 წელს კუბიდან ექიმმა ნიკოლოზ რუხაძემ შემოიყვანა.
ოჯახი და უკანასკნელი წლები
გიორგი მარუაშვილი ხშირად ამბობდა, რომ ორ დიდ ოჯახს უძღვებოდა – მეორე ოჯახად ინსტიტუტი მიაჩნდა. მისი მეუღლე, ცნობილი ნევროლოგი ნორა მარუაშვილი, უამრავი სტუდენტის საყვარელი პედაგოგი გახლდათ. ექიმები იყვნენ მათი შვილებიც: ინგა – თერაპევტი, მერაბი – ნევროლოგი.
დრო ვერაფერს აკლებდა გიორგი მარუაშვილის შემართებას და პროფესიის სიყვარულს. სამოცდათვრამეტი წლისაც საკმაოდ ენერგიული და აქტიური იყო. სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც კი ვერ სწყდებოდა საქმეს და შუა აზიის რესპუბლიკებში მალარიის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად მოგზაურობდა.
მეცნიერი 1991 წლის 21 იანვარს, 80 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიორგი მარუაშვილის სახელი მიენიჭა.
სამეცნიერო მემკვიდრეობა
გიორგი მარუაშვილის ხელმძღვანელობით გამოქვეყნდა სპირიდონ ვირსალაძის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომების 31 ტომი და მეთოდური მითითებების 17 კრებული.
1955 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ვისცერული ლეიშმანიოზის ეპიდემიოლოგიური და კლინიკური თავისებურებები საქართველოში". 1960 წელს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.
სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობის კვალდაკვალ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1959-1962 წლებში ეკავა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობა.
გიორგი მარუაშვილმა დიდი ძალისხმევა შეალია მედიცინის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა პედიატრიის, უროლოგიისა და თერაპიის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტები და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რამდენიმე კათედრა. მასვე მიენიჭა ს. ვირსალაძის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წოდებაც როგორც თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგეს. იყო ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი მალარიოლოგი და პარაზიტოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონგრესში, სიმპოზიუმსა და კონფერენციაში, სადაც უცხოელი კოლეგები მის მოხსენებას მუდამ განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
გიორგი მარუაშვილის ინტერესი სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის თითქმის ყველა სფეროს გადასწვდა და მრავალ პრობლემურ საკითხს მოჰფინა ნათელი. გამოქვეყნებული აქვს 1300 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, მათგან 10 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20 სადოქტორო და 34 საკანდიდატო დისერტაცია.
წლების განმავლობაში გიორგი მარუაშვილი იყო ჯანდაცვის სამინისტროს ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" მთავარი რედაქტორი, მერე კი ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, დიდი და მცირე საკავშირო სამედიცინო ენციკლოპედიის ბიოლოგიის განყოფილების თანარედაქტორი, ჟურნალ "სამედიცინო პარაზიტოლოგიის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი.
მიუნხენის საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ 1962 წელს გამოშვებულ ცნობარში "ჭჰო’ს წჰო" გიორგი მარუაშვილის სახელი და გვარიც მოხვდა. უამრავი ჯილდოს მფლობელს, განსაკუთრებით ეამაყებოდა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი, რომლითაც სამამულო მედიცინის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დააჯილდოეს.
მარი მარღანია