გიორგი ზუბადალაშვილი: ბრწყინვალე ქირურგი, რომელმაც სამშობლო ვერ დათმო

გააზიარე:

ყველა ადამიანის ცხოვრება თავისებურად საინტერესოა, მაგრამ ზოგიერთისა – განსაკუთრებით. გიორგი ზუბადალაშვილის შესახებ ბატონმა ხუტა პაჭკორიამ მიამბო, რომელიც გამორჩეული ექიმების შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს აგროვებს და ჟურნალისთვის ხშირად გვაწვდის საინტერესო მასალებს. ამ ისტორიით ძალიან დავინტერესდი, ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგის ქალიშვილს, ასევე ექიმ თამარ ზუბადალაშვილს ვესაუბრე, დიდი ქირურგის პიროვნებით ისე მოვიხიბლე, გარშემო ყველას მის შესახებ ვუყვები.

 

საოცნებო პროფესია

გიორგი ზუბადალაშვილი 1915 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ არბოშიკში დაიბადა (ჩვენს მკითხველს ეხსომება – ამავე სოფელშია დაბადებული ცნობილი თერაპევტი ალექსანდრე ალადაშვილიც). გიორგის მამას, პავლე, შეძლებული გლეხი იყო. ექვსი შვილიდან სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შერჩა. ბავშვებს დედა ნაადრევად წაართვა ტუბერკულოზმა. მათი გაზრდა ბებიამ ითავა.

გიორგი 12 წლისა იქნებოდა, თბილისს რომ მიაშურა და პროფტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა. გონიერი და შრომისმოყვარე ბავშვი დედის გარდაცვალების შემდეგ ექიმობაზე ოცნებობდა და ეს ოცნებაც აიხდინა – 1939 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. სიღნაღის ახლოს, სოფელ ტიბაანში, საექიმო უბნის გამგედ მუშაობდა, როცა საბჭოთა კავშირ–ფინეთის ომი დაიწყო. ახალგაზრდა ექიმი ჯარში გაიწვიეს, თუმცა ომი მანამდე დამთავრდა, სანამ მისი ნაწილი ფრონტამდე ჩააღწევდა.

ახალწვეულები ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე, ქალაქ გროდნოში გადაისროლეს. გიორგი მედსანნაწილის უფროსად დანიშნეს.

 

გერმანელების ტყვეობაში

მეორე მსოფლიო ომმა სწორედ იქ მოუსწრო. ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში  სამხედრო ნაწილი ალყაში აღმოჩნდა. შეტევას თითო–ოროლა კაცი გადაურჩა. გადარჩენილები ტყეში მიმოიფანტნენ. გიორგი და რამდენიმე ჯარისკაცი ხეტიალში მეტყევის ქოხს წაადგნენ. მეტყევემ გზააბნეულები შეიფარა, დააპურა... სული მოითქვეს და სხვა ნაწილის მოძებნა გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ აცადა – როგორც კი ტყიდან გამოვიდნენ, გერმანელები წაადგნენ თავზე... ყველა დიდ, დახურულ საბარგო მანქანაში შეყარეს. საბარგულის კარი რომ გააღეს, ჟრიამული ატყდა: „ნაშ დოქტორ პრიეხალ!“ თურმე ყველა გაქცეული დაეჭირათ...

ჯერ სულავკის ბანაკში ვიჯდა, მერე – ვუსტრავში. მძიმე იყო ტყვეების ცხოვრება. ამბობდა, პროფესიამ გადამარჩინაო - გერმანელები უფრთხილდებოდნენ ექიმებს, გიორგიც სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდა: მისი შხაპი არ იყო ყინულივით ცივი, პურის ულუფაც მეტი ჰქონდა, ის კი ავადმყოფებს უნაწილებდა.

ვერც თვითონ გადაურჩა მძიმე სნეულებას - ტიფი შეეყარა. ჯერ კიდევ ცოცხალი, მიცვალებულებთან ერთად დააგდეს, მაინც ვერ გადარჩებაო. ერთ ებრაელ ტყვეს შეეცოდა, მალულად წაათრია ბარაკში, მოუარა, მოასულიერა და გამოაკეთა.

 

ემიგრანტების მხარდაჭერა

იმ დღეებში ვუსტრავის ბანაკს საქართველოს გასაბჭოებისას გაქცეული ქართველი ემიგრანტები ესტუმრნენ. ქართველ ტყვეებს ეძებდნენ და, რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ. ჩამოამწკრივეს ქართველები. ჩამოიარეს ქალმა და მამაკაცმა. ქალი ქრისტინე (ბადუ) წულუკიძე აღმოჩნდა – თავადაც ექიმი, სოციალ-დემოკრატ მიხეილ წულუკიძის ცოლი, კაცი - გოგი მაღალაშვილი.

გიორგის რომ შეხედა, ქალი შეჩერდა და სახელი ჰკითხა. პასუხის გაგონებაზე ცრემლი მოადგა - თქვენხელა შვილი მყავს, თქვენი სეხნია, რაღაცით ჰგავხართო, და დაჰპირდა, ბანაკიდან აუცილებლად დაგიხსნითო.

გიორგის დიდი იმედი არ გასჩენია, მაგრამ ერთი კვირაც არ გასულიყო, რომ ბანაკის უფროსთან დაიბარეს. გოგი მაღალაშვილი ელოდა. ტანსაცმელი და საბუთები მისცეს და ბერლინში წაიყვანეს. იქ შეხვდა თავის მხსნელს - ბადუს, მისი შვილიც გაიცნო, გოგი წულუკიძე, იმხანად სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი.

აღმოჩნდა, რომ ბერლინელ ქართველებს გიორგი ორგანიზაცია "თეთრ გიორგიში" გაეწევრებინათ –სხვაგვარად ბანაკიდან ვერ დაიხსნიდნენ. ამ ორგანიზაციის წევრებს იმედი ჰქონდათ, გერმანელების დახმარებით დაამხობდნენ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას. გიორგი პოლიტიკისგან შორს იყო. ერთი-ორჯერ დაესწრო კრებას და მერე თავის საქმეში გადაეშვა, თუმცა მოგვიანებით "თეთრი გიორგის" წევრობა არასაიმედო პოლიტიკურ წარსულად ექცა...

 

ბერლინური კარიერა

ბადუ წულუკიძისა და ეკატერინე გაბაშვილის შვილის, რევაზ გაბაშვილის, რეკომენდაციით გიორგი ზუბადალაშვილმა ბერლინის პათანატომიის ინსტიტუტში, პროფესორ როსლესთან დაიწყო მუშაობა. თავი მალე გამოიჩინა, სრულყოფილად შეისწავლა გერმანული და მალე გერმანელ სტუდენტებს უტარებდა მეცადინეობებს.

ექვსი თვის თავზე გიორგი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში მიიწვიეს პროფესორ პაულ როსტოკის ასისტენტად. ხანდახან არც კი სჯეროდა, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ამაზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა.. არ იცოდა, მისი იძულებითი ემიგრაცია რამდენ ხანს გასტანდა, ამიტომ თავს არ ზოგავდა, დროს არ კარგავდა და სწავლობდა, სწავლობდა... უამრავ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში, ღრუბელივით ისრუტავდა ცოდნას. მართალია, ქირურგის ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ რთულ ოპერაციებს დამოუკიდებლადაც ანდობდნენ. გერმანელების თვალში კარგი ექიმის სახელი მოიხვეჭა, მაგრამ თავს მაინც უცხოდ გრძნობდა.

წლების შემდეგ ქალიშვილმა ჰკითხა: გერმანიაში რატომ არ დარჩიო? რომ დავრჩენილიყავი, ჯერ ერთი, შენ არ მეყოლებოდი, მეორე – რა დიდი წარმატებისთვისაც არ უნდა მიმეღწია, იქ ყოველთვის უცხო ვიქნებოდიო, - უპასუხა. ერთი შემთხვევაც გაიხსენა: ერთი პროფესორი დიდად კმაყოფილი დარჩენილა მისი მუშაობით და შეუქია, თან თავი სინანულით გადაუქნევია, აფსუს, გერმანელი რატომ არა ხარო. ახალგაზრდა გიორგის სისხლი აუდუღდა თურმე, პროფესორისკენ გაიწია. დროზე შეაჩერეს...

 

ომის შემდეგ

თავდაპირველად ქართველების ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მერე ექიმ დათიკო ჩხატარაშვილს შეუამხანაგდა. თანდათან განუყრელ მეგობრებად იქცნენ, ამბობდნენ, ვერაფერი დაგვაშორებსო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება...

გიორგის სამშობლოში ცოლი და პატარა გოგონა - ნანი დარჩა. საქართველოში ეგულებოდა და-ძმაც, ნათესავებიც... ერთი სული ჰქონდა, შინ როდის დაბრუნდებოდა. თუმცა ერთ გერმანელ ქალს ძალიან დაუახლოვდა. ქეთე ბარტსმა იცოდა, რომ მისი რჩეული გერმანიაში ვერ დარჩებოდა, მაგრამ საყვარელი მამკაცისგან შვილი მაინც გააჩინა. როლანდი 1944 წელს დაიბადა. წლინახევრისაც არ იყო, ომი რომ დამთავრდა. გიორგიმ პრესტიჟული სამსახური მიატოვა და სარეპატრიაციო ბანაკში გამოცხადდა. მეგობარი ეჩხუბებოდა თურმე, სად მიდიხარ, არ იცი, იქ რა გელისო? – მაგრამ ვერ გადააფიქრებინა. თავად დათიკომ გერმანელი ქალი შეირთო ცოლად, მერე ამერიკაში გადასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.

ბანაკში ექიმები სჭირდებოდათ და გიორგი იქვე დაიტოვეს. მოგვიანებით ოდერის ფრანკფურტში გადაიყვანეს ქირურგად. 1945 წლის მიწურულსღა დაბრუნდა საქართველოში, მომდევნო წლის იანვარში კი დააპატიმრეს.

ბერლინიდან ტაიგაში

სამხედრო ტრიბუნალმა, როგორც მოღალატეს, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ესეც არ აკმარეს – ცოლს მასთან განქორწინება აიძულეს...

გიორგი ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. ჯერ რიგით ექიმად მუშაობდა, მერე, როცა თავისუფალ დასახლებაში გადაიყვანეს, სადგურ ჩუნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე გახდა. ასეულობით კილომეტრის რადიუსში ის ერთადერთი ექიმი იყო, თუმცა ასს სჯობდა...

გავიდა წლები. ერთხელ ახალგაზრდა პაციენტს ოპერაცია დასჭირდა. ადა კოლოდინა უკრაინელი იყო. მანაც იგემა ტყვეობის სიმწარე, ბერლინის ერთერთ ქარხანაში ამუშავებდნნენ, ომის დამთავრების შემდეგ კი უკრაინისკენ მიმავალმა კოლოდინების ოჯახმა ჩეხოსლოვაკიაში, საკურორტო ქალაქ კარლოვი-ვარში იშოვა სამუშაო და იქვე დასახლდა. მეოცნებე, რომანტიკულმა, მუსიკაზე შეყვარებულმა გოგონამ გადაწყვიტა, ერთ უქმე დღეს კლასიკური მუსიკის აკვანი - ვენა მოენახულებინა. უკან დაბრუნებული, ერთმა მოშურნე ქალმა დაასმინა. ჯაშუშობა დასწამეს და გადაასახლეს. გადასახლებაში მშობლებიც გაჰყვნენ, მარტო არ გაუშვეს თავიანთი ნაზი გოგონა...

გიორგის და ადას ერთმანეთი შეუყვარდათ. მალე დაქორწინდნენ. გოგონა შეეძინათ. თამარი სამი თვის იყო, როცა ოჯახი გადასახლებიდან დაბრუნდა. ამჯერად გიორგი სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს.

 

დიდი ქირურგი

გიორგის თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს, სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ გაანაწილეს. იქ არცთუ სახარბიელო პირობები ჰქონდა და როცა რამდენიმე თვეში ბორჯომში გადასვლა შესთავაზეს, სიხარულით დათანხმდა. ერთხანს ოჯახი საავადმყოფოს პალატაში ცხოვრობდა... მერე ბორჯომში პირველი ორსადარბაზოიანი სახლი აშენდა და იქ მისცეს ბინა.

გიორგიმ აქაც მალე მოიხვეჭა სახელი. წუთით ვერ ნახავდნენ მოცლილს, დღედაღამ ფეხზე იყო. არ არსებობდა ქირურგიის დარგი, მას რომ არ ემუშაოს. ატარებდა გულმკერდის, მუცლის ღრუს, უროლოგიურ, გინეკოლოგიურ, ტრავმატოლოგიურ ოპერაციებს, მკურნალობდა მატარებელგადავლილ თუ ხერხით დასახიჩრებულ ადამიანებს, ტრეპანაციასაც კი აკეთებდა. მისი კოლეგები იხსენებდნენ: გვინახავს, როგორ მოუყვანიათ მძიმე პაციენტი ქალასშიდა ტრავმებით, რომელსაც ძვალი და ტვინი ერთმანეთში ჰქონდა არეული; თავიდან აუწყვია და გადაურჩენიაო.

ერთხელ თბილისადან ბორჯომში კომისია ჩავიდა ცნობილი ექიმის, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგის, ირაკლი მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით. სამედიცინო ოქმები რომ შეამოწმა, გაოცდნა, პირადად დაესწრო გიორგი ზუბადალაშვილის ოპერაციებს და სამინისტროში განაცხადა, ასეთი დიდი ქირურგი თბილისში გვჭირდებაო. მხარი აუბეს ეგნატე ფიფიამ, მიხეილ ჩაჩავამ, მაგრამ ბორჯომელები ამბოხდნენ და თავიანთი ექიმი არ გაუშვეს.

გიორგიმ ბევრი კარგი ქირურგი გაზარდა. საინტერესო სამეცნიერო ნაშრომებიც ჰქონდა, რომლებიც მუცლის ღრუს პათოლოგიებს ეძღვნებოდა. ბეჭდავდა სტატიებს როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო ჟურნალებში, მონაწილეობდა ქირურგთა ყველა საკავშირო ყრილობაში. საკანდიდატო დისერტაცია გასტროეიუნოპლასტიკის საკითხებზე დაიცვა, ბორჯომი-ლიკანის სანატორიუმში ძაღლებს უტარებდა ოპერაციებს, ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში პლასტმასის მოწყობილობებს ამზდებინებდა და კუჭში უდგამდა...

აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო საქართველოს დამსახურებული ექიმი, არაერთი საზოგადოების წევრი თუ თავმჯდომარე, მრავალი საპატიო სიგელისა და მედლის მფლობელი. ერთხანს ბორჯომის სახალხო უნივერსიტეტსაც კი ხელმძღვანელობდა.

 

გადამრჩენელი

ადამიანების დახმარება გიორგის საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. სადაც კი შეეძლო, გაჭირვებულს გვერდით ედგა.

ფიზიკოსი, პედაგოგი ვალიკო შონია პოლიტიკური სარჩულით დააპატიმრეს. დახვრეტა ან ციმბირში გადასახლება ემუქრებოდა. გიორგიმ ის ავჭალის ციხეში გაიცნო, ფერშლობა ასწავლა და დახვრეტას გადაარჩინა. შემდგომ ეს ადამიანი ზუგდიდის ტექნიკუმის დირექტორი იყო, 87 წლამდე იცოცხლა და სიკვდილამდე მადლიერებით იხსენიებდა თავის მხსნელს.

 

მუდმივი ზეწოლა და დიდი სიხარული

გერმანიიდან ახალჩამოსულ გიორგის წნეხში ატარებდნენ, გამოტყდი, რა დავალებით გამოგიშვესო. ვეღარ გაუძლო და მეტეხის ხიდი უნდა ამეფეთქებინაო, განუცხადა. რა თქმა უნდა, მიუხვდნენ ტყუილს და დასაჯეს.

არც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ასვენებდნენ, წამდაუწუმ იბარებდნენ სუკ-ში დაკითხვაზე... ნერვიულობდა, აღარ უნდა დამანებონ თავიო?

წლების შემდეგ თბილისში მისი ძველი მეგობარი, დათიკო ჩხატარაშვილი ჩამოვიდა. მეგობრებმა შეხვედრაც დათქვეს, მაგრამ უშიშროების სამსახურმა ნება არ მისცა... კიდევ ერთხელ დაიმდუღრა გიორგი...

სუკ-ში ერთ-ერთი ვიზიტი კი სულ სხვაგვარად წარიმართა...

ადა მოუთმენლად ელოდა თბილისიდან მომავალ მატარებელს, არ იცოდა, როგორ გუნებაზე იქნებოდა მეუღლე და მისი გახარებული სახე რომ დაინახა, სახტად დარჩა.

ჩვეულებისამებრ, გამოკითხვა დაუწყიათ, გაბრაზებულა გიორგი, მითხარით, რისთვის დამიბარეთო. ჰოდა, მათაც კონვერტი დაუდვიათ მისთვის წინ, რუსული წარწერით: "სსსრ, გრუზია, კახეწია, გიორგი ზუბადალაშვილი".

როლანდი წერდა: დედა მეუბნებოდა, რომ მფრინავი იყავი და დაიღუპე, ცოტა ხნის წინ გამიმხილა სიმართლე. თუ ცოცხალი ხარ, მინდა, გაგიცნოო.

ერთიანად აკანკალდა გიორგი.

უთხრეს, შენ ვერ წახვალ, მაგრამ მისი მოწვევა შეგიძლიაო.

 

მზრუნველი მამა

მოსკოვიდან ჩამოიყვანეს გიორგიმ და ადამ 16 წლის ბიჭი. მოატარეს კახეთი, ბორჯომი...

ორ წელიწადში ერთხელ მისცეს ჩამოსვლის უფლება. გიორგიმ გაიგო, რომ შვილს უმაღლესში ჩაბარების საშუალება არ ჰქონდა, უფლება მიიღო და კვარტალში ერთხელ გერმანიაში უგზავნიდა თანხას სწავლის დასაფინანსებლად.

ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი მამა იყო, სამივე შვილს მხარში ედგა. ნანის ახალგაზრდა მეუღლე რომ დაეღუპა, ცოტა ხნით გორშიც კი გადავიდა – თბილისთან ახლოს ვიქნები და უკეთ მივხედავო.

ეძნელებოდათ ბორჯომიდან მისი გაშვება. რაიკომის მდივანი დარჩენის სანცვლოდ რას აღარ სთავაზობდა, მაგრამ შვილს ვერ უღალატა. ნანი ფეხზე რომ დადგა, მერეღა დაბრუნდა უკან, რადგან ბორჯომი ძალიან უყვარდა. მთელი საბჭოთა კავშირიდან იქ უამრავი საინტერესო ადამიანი ჩადიოდა. მრავალი მათგანი გიორგის პაციენტი იყო. თვე არ გავიდოდა, ამანათი არ მიეღოთ. რას აღარ უგზავნიდნენ მადლიერი პაციენტები: სოკოს აცმებს, მურაბებს, კონსერვებს, ჩირს...

 

უკანასკნელი წლები

ასაკი რომ დაეტყო, გიორგიმ ქირურგობას თავი დაანება, თუმცა ადმინისტრაციულ სამუშაოზე უარი არ უთქვამს, მთავარი ექიმის მოადგილედ გადავიდა სამკურნალო დარგში.

1993 წლის იანვარში მეუღლე გარდაეცვალა. მძიმე წლები იდგა, არ იყო დენი, გაზი... როლანდისა და მისი მეუღლისგან სამძიმრის წერილი მიიღეს. შვილი სწერდა, ვიცი, თამრიკო არაფერს გაგიჭირვებს, მაგრამ თუ შეგიძლია და გინდა, ჩამოდი და დარჩენლი წლები ჩვენთან გაატარეო.

გიორგის როცა ჯანმრთელობა მოსდევდა, მაშინ არ დარჩენილა უცხო ქვეყანაში, ახლა სადღა წავიდოდა... დიდხანს აღარც უცოცხლია, მეუღლეზე დარდს გადაჰყვა იმავე წლის მიწურულს, 76 წლისა.

ბორჯომში კი დღესაც ახსოვთ დიდი ექიმი, რომლის მოურჩენელი ავადმყოფი არ არსებობდა. თბილად, თანაგრძნობით დაელაპარაკებოდა, ანუგეშებდა, მოეფერებოდა... არავინ იცოდა, რა ჰქონდა გადატანილი, რადგან სულსა და გულს საყვარელ საქმიანობაში აქსოვდა. საქმიანობაში, რომელმაც თავად ისიც გადაარჩინა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: