მოცვი – ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყარო
გააზიარე:
მოცვი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამორჩეული უნიკალური მცენარეა. მის ველურ წინაპარს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ სახალხო მკურნალები. მოცვის კულტივირება მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხერხდა. კულტივირებული სახეობა ველურ ნათესავებზე დიდი ზომისაა, უფრო ხორციანია და მოთეთრო რბილობი აქვს. გარდა ამისა, უფრო ტკბილი და ნაკლებად არომატულია, რაც მისი განსხვავებული შემადგენლობით აიხსნება.
კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება
მოცვის ველურ და კულტივირებულ სახეობებში წყლის შემცველობა დაახლოებით ერთნაირია – 85 პროცენტი. ორივე ღარიბია ცილით და მდიდარია ნახშირწყლებით. ოდნავ განსხვავებულია ნუტრიენტების შემცველობა. 100 გრამი ნედლი მოცვი 40-60 კილოკალორიას აწვდის ორგანიზმს და შეიცავს დაახლოებით:
85 გ წყალს;
7 გ ნახშირწყლებს;
5 გ ბოჭკოს;
1 გ ცილას;
1 გ ცხიმს;
გლიკემიური დატვირთვა
გლიკემიური დატვირთვა აჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს 100 გ საკვები სისხლში შაქრის დონეზე. მოცვის გლიკემიური დატვირთვა 1,5-ია (10-მდე ითვლება დაბალ მაჩვენებლად). მისი გავლენა უმნიშვნელოა, ამიტომ დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ადამიანს თამამად შეუძლია მისი ჭამა, ოღონდ ზომიერად.
ფრუქტოზის აუტანლობა
სხვა კენკრასთან, მაგალითად, მაყვალთან ან ჟოლოსთან შედარებით შაქრის მაღალი შემცველობის გამო მოცვმა შესაძლოა აწყინოს მას, ვისაც ფრუქტოზის აუტანლობა აქვს.
როგორც ვიცით, ფრუქტოზის აუტანლობის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფრუქტოზის შემცველობა, არამედ გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობაც. რაც უფრო მეტი გლუკოზაა საკვებში ფრუქტოზასთან ერთად, მით უკეთესად იტანს ამ საკვებს ორგანიზმი. მოცვი გაცილებით მეტ ფრუქტოზას შეიცავს, ვიდრე გლუკოზას, ამიტომ ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული. შეგიძლიათ, ცოტაოდენი მოსინჯოთ. თუ დისკომფორტი იგრძენით, ნუღა შეჭამთ.
ვიტამინოვანი და მინერალოვანი შემადგენლობა
200 გ კულტივირებული მოცვი C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს ფარავს, მაშინ როცა 200 გ ველური მოცვი ფარავს C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 60 პროცენტს, E ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 35 პროცენტს და K ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს.
ველური მოცვი მანგანუმის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ასტიმულირებს ხრტილისა და მალათაშუა დისკოს ქსოვილის წარმოქმნას და მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. მანგანუმის ყოველდღიური მოთხოვნილების დაახლოებით 25 პროცენტით დასაკმაყოფილებლად საკმარისია 100 გრამი ნედლი ველური კენკრა. ამ მინერალის იმავე ოდენობის მისაღებად სამჯერ მეტი კულტივირებული მოცვის ჭამა მოგიწევთ.
რატომ არის მოცვი ლურჯი
მოცვის საოცარი ფერი მცენარეული პიგმენტების – ანტოციანების დამსახურებაა. მოცვი ანტოციანების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა.
მოდენასა და რეჯო ემილიას უნივერსიტეტში (University of Modena and Reggio Emilia) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში შეგროვებული 100 გრამი ნედლი ველური მოცვი 582-დან 795 მილიგრამამდე ანტოციანებს შეიცავდა. შედარებისთვის, იმავე რაოდენობის ჟოლო დაახლოებით 365 მილიგრამს შეიცავს, ხოლო ალუბალი – დაახლოებით 122–ს.
სხვა კვლევებიც მოწმობს, რომ ველურ კენკრაში ანტოციანები გაცილებით მეტია, ვიდრე კულტივირებულში, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: ველური მოცვის კანიც და რბილობიც უფრო მკვეთრი ფერისაა. კულტივირებულ ჯიშებში ანტოციანები მხოლოდ კანშია.
ანტოციანების შემცველობა მხოლოდ მოცვის ჯიშზე კი არა, არამედ მოყვანის ადგილსა და პირობებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, ტემპერატურასა და სიმაღლეზე. ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ხარობს ბუჩქი, მით უფრო მდიდარია ანტოციანებით მისი ნაყოფი.
რა ევალება ანტოციანებს
ანტოციანები იცავს ნაყოფს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალებისგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პიგმენტები ადამიანის ორგანიზმშიც იმავე მოვალეობას ასრულებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტოციანები ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ეფექტურად მოქმედებს ანთების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის დაავადების, პარკინსონის და კიბოს წინააღმდეგ.
მოცვის ანტიოქსიდანტურ თვისებებს სხვა მცენარეულ ნივთიერებებსაც უნდა ვუმადლოდეთ. ესენია ქლოროგენის მჟავა, რესვერატროლი, კვერცეტინი, C და E ვიტამინები, რომლებიც ანტიოქსიდანტებივით მოქმედებს.
სამკურნალო თვისებები
მოცვს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური, ჰემოსტატიკური (სისხლდენის შემაჩერებელი), ანტიდიაბეტური თვისებები. მას აქტიურად იყენებენ ფიტოთერაპიაში. მცენარეულ სამკურნალო საშუალებათა კომიტეტის (EMA-ს – ევროპის მედიკამენტების სააგენტოს – სპეციალიზებული ორგანო) მიერ ნებადართულია მცენარეულ წამლებში მოცვის გამოყენება.
ანთების საწინააღმდეგოდ
2018 წელს ინდოეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოცვი ებრძვის ანთებით პროცესებს, თანაც ყოველგვარი თანმხლები ეფექტის გარეშე. ამ მიზნით მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში.
ანთებითი პროცესები, როგორც ვიცით, მრავალი დაავადების საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად, წამყვან როლს ასრულებს ათეროსკლეროზის და მეტაბოლური სინდრომის (მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მაღალი დონე, სისხლში ლიპიდების მაღალი დონე, სიმსუქნე) ჩამოყალიბებაში.
იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 30 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. ისინი ყოველდღე სვამდნენ 330 მლ მოცვის და ანტოციანებით მდიდარი სხვა ხილის წვენს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტოციანებით მდიდარი მოცვი იცავს ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისგან და დადებითად მოქმედებს ანთებით პარამეტრებზე.
იგივე შედეგი აჩვენა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ. მკვლევართა აზრით, ლურჯი მოცვის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს ანთებითი პროცესები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტის წყალობით მოცვს სარგებლობა მოაქვს ღრძილების ანთების დროს. ამ დასკვნამდე მივიდნენ კრისტიანშტადის უნივერსიტეტის მკვლევრები. კვლევის თანახმად, 250-500 გ მოცვის ყოველდღე მიღებამ მკვეთრად გააუმჯობესა ანთებითი ღრძილების მდგომარეობა.
დიაბეტის პრევენციისთვის
რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ მოცვის რეგულარულ მიღებას შეუძლია, შეამციროს დიაბეტის განვითარების რისკი.
მაგალითად, ფინელი მკვლევრები წერენ, რომ ანტოციანების მაღალი შემცველობის წყალობით მოცვი დადებით გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონესა და ინსულინის სეკრეციაზე.
დიაბეტით დაავადებულები ხშირად უარს ამბობენ ფრუქტოზით მდიდარ ხილსა და კენკრაზე. შვიდწლიანი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს შეცდომაა – მას, ვინც ზომიერად ჭამს ახალ ხილს, ნაკლებად ემუქრება დიაბეტით განპირობებული მეორეული დაავადებები.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის
პოლონეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მონაწილეებიც 6 კვირის განმავლობაში კვირაში სამჯერ იღებდნენ 150 გრამ მოცვს, აჩვენა, რომ მათ სისხლში მოიმატა მაღალი სიმკვრივის ანუ "კარგმა" ქოლესტეროლმა, ხოლო საერთო ქოლესტეროლის დონემ დაიკლო.
ლოძის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მოცვის ეს ეფექტი დამსახურებაა მასში შემავალი სასარგებლო მცენარეული ნივთიერებებისა, რომლებიც, ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნას, რითაც უდიდეს როლს ასრულებს ათეროსკლეროზისა და გულის შეტევის პრევენციაში.
ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მოცვს არტერიული წნევის დამწევი ეფექტიც აქვს.
ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, დავასკვნათ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკმა შესაძლოა დაიწიოს, თუ რეგულარულად მიიღებთ ანტოციანებით მდიდარ ხილს, განსაკუთრებით მოცვს, რომელიც ამ ნივთიერებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
აუმჯობესებს მეხსიერებას
იმავე ანტოციანების წყალობით მოცვი ძალიან სასარგებლოა დემენციის დროს. ცინცინატის უნივერსიტეტის აკადემიური ჯანმრთელობის ცენტრის მეცნიერთა აზრით, ის საუკეთესო არჩევანია, თუ მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესება გსურთ.
ელასტიკური და მკვრივი კანი
კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის შენარჩუნება ორგანიზმში ორ ცილას – კოლაგენსა და ელასტინს ევალება. მოცვში უხვად შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს ამ ორი ცილის სინთეზს და, იმავდროულად, აფერხებს მათ დაშლას, რითაც სიმკვრივეს უნარჩუნებს, დანაოჭებისა და ნაადრევი დაბერებისგან იცავს კანს.
ამასთან ერთად, მოცვი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და დიდი ხნით უზრუნველყოფს კუჭის სისავსის შეგრძნებას, რაც ბოჭკოს მაღალი შემცველობის დამსახურებაა.
მოცვის ჩირი
მოცვის ჩირი ტანინების მაღალი შემცველობის გამო საუკეთესო შინაური წამალია დიარეის დროს.
როგორ შევინახოთ
იყიდეთ მხოლოდ მკვრივი და ცინცხალი მოცვი, რადგან როცა დაკრეფილი დიდხანს აწყვია, მისი ზოგიერთი ძვირფასი ინგრედიენტი ნადგურდება. იგივე მოსდის თერმული დამუშავების დროსაც. აი, გამოშრობისას კი კენკრა სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს.
მოცვი კრეფისას ადვილად ზიანდება და შესაძლოა, მალევე დაიწყოს დაობება, მაცივარშიც კი, მაგრამ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ყიდვისას შესაძლოა ობი ვერც კი შეამჩნიოთ და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახალნაყიდი მოცვი მეორე დღეს დაობებული დახგვდათ.
მოცვი შეინახეთ არა უმეტეს ერთი-ორი დღისა, თანაც აუცილებლად მაცივარში. გარეცხეთ მხოლოდ ჭამის წინ.
შენახვის ვადას 6 თვემდე გაუხანგრძლივებთ, თუ გაყინავთ. ლანგარზე დაყარეთ, კარგად დააცალკევეთ და ისე შედგით საყინულეში, რომ სათითაოდ გაიყინოს, 2-3 საათის შემდეგ კი შესანახ პარკში ჩაყარეთ.
გაყინული მოცვი გამოგადგებათ სმუზის, ნაყინის, დესერტის, ნამცხვრის მოსამზადებლად.
როგორ დავჩიროთ
თუ სპეციალური ჩირის აპარატი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მოცვი ღუმელშიც გამოაშროთ.
ღუმელი 50 გრადუსამდე გაახურეთ. სასურველია, ჰქონდეს კონვექცია.
ღუმლის ტაფაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და ზედ გარეცხილი და კარგად გამშრალი მოცვი გაანაწილეთ. აშრეთ 3-5 საათის განმავლობაში. შრობის პროცესი დროდადრო შეამოწმეთ. უმჯობესია, ცოტა მეტხანს გააჩეროთ, ვიდრე ტენი შერჩეს და დაობდეს.
ჩირი გააგრილეთ, მინის ქილებში ჩაყარეთ და ჰერმეტულად დახუფეთ. რამდენიმე დღე თვალი ადევნეთ, რომ არ დაობდეს.
გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას ჩირი დაახლოებით 1 წელს გაძლებს.
სამზარეულოში
მოცვის ოდნავ მომჟავო არომატი ძალიან უხდება როგორც ტკბილ, ისე მარილიან კერძებს. მაგალითად, მოცვით კაზმავენ ბოსტნეულის სალათს, სენდვიჩს, მიუსლის, ამატებენ ნამცხვარს, ნაყინს, ბრინჯის პუდინგს. უხდება რძესა და რძის პროდუქტებს – იოგურტს, ხაჭოს.
კარგად დარბილებული მოცვისგან, შეგიძლიათ, ჯემი მოამზადოთ. ის დიდხანს ინახება. შაქრის ნაცვლად აგავის სიროფის გამოყენებას გირჩევთ. თუ ყოველ 500 გრამ მოცვზე 250 გრამ ვაშლის ქერქს და ნახევარი ლიმონის წვენს დაამატებთ, ჯემი კიდევ უფრო არომატული გამოვა.
ჯილდა გაჩეჩილაძე