როგორ გავუმკლავდეთ ალებს
გააზიარე:
ალები ანუ წამოხურება ღამის ოფლიანობასთან ერთად მენოპაუზის ერთ–ერთი თავისებურებაა. ზოგს ისინი ისე ძლიერად აქვს გამოხატული, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმიდან აგდებს, ზოგს თითქმის არ აწუხებს, ზოგს კი საერთოდ არ უვლინდება.
სხვადასხვა ინტენსივობის ალებს ასიდან 85 ქალი მაინც უჩივის. რისი ბრალია მათი აღმოცენება და როგორ შეიძლება ალებით გამოწვეული უსიამოვნების შემსუბუქება?
ალების მიზეზად მიიჩნევა ესტროგენის დონის დაქვეითება, რომელიც ჯერ კიდევ მენოპაუზამდელ პერიოდში იწყება. დაუდგენელია, რა მექანიზმით იწვევს ალებს ჰორმონული ცვლილებები. კვლევების თანახმად, ეს მოვლენები ვითარდება, როდესაც ჰიპოთალამუსი, შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც სხეულის თერმოსტატის ფუნქციასაც ითავსებს, ესტროგენების რაოდენობის შემცირების გამო გაცილებით მგრძნობიარე ხდება სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ცვლილებების მიმართ. თუ ჰიპოთალამუსმა მიიჩნია, რომ სხეულს სცხელა, გასაგრილებლად პროცესების მთელ კასკადს რთავს.
ალები მხოლოდ მენოპაუზას არ ახასიათებს – შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მედიკამენტის თანმხლები ეფექტი, განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, ზოგიერთი ტიპის სიმსივნის ან კიბოს მკურნალობის ფონზე. ღამით განვითარებული ალები ღამის ოფლიანობას იწვევს.
მიჩნეულია, რომ ალების აღმოცენების ალბათობას ზრდის:
* მოწევა;
* სიმსუქნე;
* რასა – მენოპაუზის დროს ალებს ყველაზე ხშირად შავკანიანი ქალები უჩივიან, ყველაზე იშვიათად კი აზიელები.
ალების ეპიზოდი ერთ-ორ წუთს გასტანს, იშვიათად – ხუთ წუთამდეც. ეპიზოდების სიხშირე ინდივიდუალურია. უმეტესობას ისინი ყოველდღე აღენიშნება.
ალები საშუალოდ, შვიდ წელიწადზე მეტხანს გრძელდება, ზოგთან – ათ წელიწადზე მეტხანსაც კი. აფრიკული და ესპანური წარმოშობის ქალებს ალების პერიოდი თეთრებსა და აზიელებზე ხანგრძლივი აქვთ.
როგორ ვლინდება
- სხეულის ზედა ნაწილში სიმხურვალის უეცარი შეგრძნებით (ეს შეგრძნება ყველაზე ინტენსიურია სახეზე, კისერსა და გულმკერდზე);
- კანის გაწითლებით, ლაქებით;
- გულისცემის გახშირება
- ოფლის დასხმით, განსაკუთრებით – სხეულის ზედა ნაწილში;
- შეცივებით, თუ ალების განელებისას სხეულმა ზედმეტი სითბო დაკარგა;
- შფოთვის შეგრძნებით.
ალები შესაძლოა განვითარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ღამის ოფლიანობის გამო ქალს შესაძლოა ძილი გაუტყდეს, ხშირმა ოფლიანობამ კი ძილის ხანგრძლივი დარღვევა გამოიწვიოს.
რას აშავებს
ალებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალის ყოველდღიურ საქმიანობაზე და გააურესოს ცხოვრების ხარისხი, გამოიწვიოს ძილის ქრონიკული დარღვევა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ალები, შეიძლება მომატებული ჰქონდეთ გულის დაავადებების რისკი და ძვლოვანი მასის უფრო დიდი დანაკარგი, ვიდრე ქალებს, რომლებსაც ალები არ აქვთ.
თუ ალები გავლენას ახდენს ქალის ყოველდღიურ საქმიანობაზე ან ღამის ძილზე, სასურველია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობა. მკურნალობისთვის ძირითადად ჰორმონებს მიმართავენ (ჩანაცვლებითი თერაპია). თუ ალები ხელს არ უშლის ქალს ცხოვრებაში, მკურნალობა არაა საჭირო.
როგორ ვიქცევით
სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატებამაც კი შეიძლება ალები გამოიწვიოს, ამიტომ:
- ჩაიცვით ფენებად, რათა შეგეძლოთ რამის გახდა, როგორც კი ოდნავ დაგცხებათ;
- გამოაღეთ ფანჯრები, რათა ჰაერმა იმოძრაოს, ჩართეთ ვენტილატორი ან კონდიციონერი;
- დასწიეთ ოთახის ტემპერატურა;
- თან ატარეთ პორტატიული ვენტილატორი ან მარაო;
- მიიღეთ გრილი შხაპი დღის განმავლობაში და ძილის წინ.
თუ იგრძნობთ, რომ ალები გეწყებათ:
- დალიეთ რამე ცივი;
- მაჯები შეუშვირეთ ცივ გამდინარე წყალს – იქ ბევრი სისხლძარღვია და სწრაფად გაგრილდებით.
დააკვირდით რას ჭამთ. ალების ტრიგერად შესაძლოა იქცეს ცხელი ან ცხარე საჭმელი, კოფეინიანი, ალკოჰოლიანი სასმელი. ისწავლეთ თქვენი ტრიგერების ამოცნობა და მათთვის თავის არიდება.
არ მოწიოთ. ამით არა მხოლოდ ალებს, არამედ ინფარქტის, ინსულტისა და კიბოს განვითარების რისკსაც შეამცირებთ.
დაიკელით წონა. თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაკლებამ შესაძლოა ალები შეასუსტოს. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა რეგულარული ვარჯიშით და აქტიური ცხოვრების წესით.
მიმართეთ გონება-სხეულის თერაპიას – ფიქრებისა და ემოციების გავლენით ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მეთოდს. მსუბუქი ალები შესაძლოა მოხსნას მედიტაციამ, ნელმა, ღრმა სუნთქვამ, სტრესის მართვის ტექნიკებმა.
ალტერნატიული მედიცინა
ალების შემსუბუქებაში შესაძლოა დაგეხმაროთ:
* კოგნიტიურ–ბიჰევიორული თერაპია (CBT). ის, წესისამებრ, არ ამცირებს ალების სიხშირეს, მაგრამ შესაძლოა შეამციროს ამით გამოწვეული დისკომფორტი;
* ჰიპნოზი. კვლევები მოწმობს, რომ ჰიპნოზი ზოგჯერ ხელს უწყობს ალების გაიშვიათებას და შემსუბუქებას;
* მაინდფულნესზე დაფუძნებული მედიტაცია. ამ ტიპის მედიტაცია ყურადღებას გაგამახვილებინებთ იმაზე, რაც ხდება აქ და ამჟამად. ამან შესაძლოა შეამციროს ალების გავლენა თქვენს განწყობაზე;
* აკუპუნქტურა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, აკუპუნქტურაც ამცირებს ალების სიხშირეს და სიმწვავეს.
საკვები დანამატები
ბევრს სჯერა, რომ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები უვნებელია, თუმცა ყველა დანამატს შეიძლება ჰქონდეს პოტენციურად მავნე თანმხლები ეფექტები. გარდა ამისა, შესაძლოა, დანამატებმა ურთიერთქმედება მოახდინონ წამლებთან, რომლებსაც სხვა სამედიცინო მიზეზით იღებთ. ამიტომ აუცილებელია, დანამატების მიღებამდე ექიმთან ერთად გადახედოთ თქვენს დანიშნულებას.
მენოპაუზის სიმპტომების შესასუსტებლად იყენებენ:
* მცენარეულ ესტროგენებს. აზიელ ქალებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ სოიას, სხვებზე ნაკლებად აწუხებთ ალები და მენოპაუზის სხვა სიმპტომები. შესაძლოა, ეს მართლაც სოიის დამსახურება იყოს, რომელიც უხვად შეიცავს მცენარეულ ესტროგენებს, თუმცაღა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მცენარეული ესტროგენები არ აუმჯობესებს ან მხოლოდ მცირედით აუმჯობესებს მდგომარეობას. კვლევები ტარდება იმის დასადგენადაც, მოქმედებს თუ არაა სოიის სპეციფიკური კომპონენტი გენისტეინი ალებზე.
* შავ კოჰოშის, იმავე ციმიციფუგას. მისი ეფექტურობის კვლევის შედეგებიც არაერთგვაროვანია. იშვიათად შესაძლოა ზიანი მიაყენოს ღვიძლს.
* ჟენშენს. შეუძლია, გამოაკეთოს განწყობა და დაგეხმაროთ უძილობის დამარცხებაში, თუმცა არ ამცირებს ალებს.
* დონგ ქუაის (angelica sinensis), თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ის არ არის ეფექტური ალების დროს. აძლიერებს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების ეფექტი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.
* E ვიტამინს. E ვიტამინის დანამატებმა შესაძლოა შვება მოგგვაროთ ზომიერი ალების დროს, თუმცა დიდი დოზებით მიღებისას ზრდის სისხლდენის რისკს.
მკურნალობა
მედიკამენტური ესტროგენის მიღება ალების შემსუბუქების ყველაზე ეფექტური გზაა, მაგრამ რამდენადმე სარისკოც. სარგებელი რისკს გადააჭარბებს, თუ ქალი ესტროგენის მიღებას დაიწყებს მანამდე, სანამ ბოლო მენსტრუაციიდან 10 წელი გავა ან მანამდე, სანამ 60 წლის გახდება. შედარებით ნაკლებეფექტურია, მაგრამ მაინც შედეგიანი ანტიდეპრესანტები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები.
* ჰორმონოთერაპია – ძირითადი ჰორმონი, რომელიც ალების შესამცირებლად გამოიყენება, ესტროგენია. იმ ქალების უმეტესობისთვის, რომლებსაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო, მხოლოდ ესტროგენის მიღება შეიძლება, საშვილოსნოს მქონე ქალებმა კი მასთან ერთად პროგესტერონიც უნდა მიიღონ, რათა თავი დაიზღვიონ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) კიბოსგან. ვინც ორალურ პროგესტერონს ვერ იტანს, შესაძლოა, დაუნიშნონ ბაზედოქსიფენის პრეპარატი კონიუგირებული ესტროგენებით.
თუ ქალს ჰქონდა სარძევე ჯირკვლის ან ენდომეტრიუმის კიბო, გულის დაავადება, ინსულტი, თრომბოზი ან აქვს მათი განვითარების ალბათობა, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სწორი არჩევანია მისთვის ესტროგენული თერაპია.
* ანტიდეპრესანტები – პაროქსეტინი ერთადერთი არაჰორმონული პრეპარატია, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ალების სამკურნალოდ დაამტკიცა, თუმცა ექიმები სხვებსაც იყენებენ. ძლიერი ალების დროს ეს მედიკამენტები არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ჰორმონული თერაპია, მაგრამ შესაძლოა, გამოადგეთ ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჰორმონების მიღება.
* სხვა მედიკამენტები – ზოგ ქალს შვებას ჰგვრის კრუნჩხვის საწინააღმდეგო (გაბაპენტინი, პრეგაბალინი), ანტისპაზმური პრეპარატები (ოქსიბუტინინი), წნევის დამწევი (კლონიდინი) საშუალებები, ნეიროკინინ–3 (NK3) რეცეპტორების ანტაგონისტები (ფეზოლინენტანტი).
* ნერვის ბლოკირების პროცედურა – სხეულში შეჰყავთ საანესთეზიო საშუალება და კისრის ნერვულ განგლიას ბლოკავენ. ეს მეთოდი, წესისამებრ, ტკივილის სამართავად გამოიყენება, თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ეფექტურია ალების დროსაც.
გაითვალისწინეთ: ყველა მედიკამენტს აქვს უკუჩვენებები და თანმხლები ეფექტები, ამიტომ თვითნებურად, ექიმთან გასაუბრების გარეშე, არცერთი წამალი არ უნდა მიიღოთ.
მარი აშუღაშვილი